ElGeorgia
Ancient user

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10496
წევრი No.: 6204
რეგისტრ.: 30-August 04
|
#17861883 · 8 Feb 2010, 04:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ბოლო ნოველა- "სათამაშოების ყუთი". ვისაც სურვილი გექნებათ შეაფასეთ.
სათამაშოების ყუთი ფართო თაროზე სათმაშოების ყუთი იდო. ყუთში ძაღლი–სათამაშო და გოგონა–სათამაშო ეწყო. ვინ იცის, უკვე რამდენი წელი იყო გასული, რაც ისინი ერთად იყვნენ ყუთში. ძაღლი ყავისფერი იყო და ჭკვიანი, სევდიანი თვალები ჰქონდა როგორც ყველა ძაღლს. გოგონა კი შავთმიანი იყო და როგორც ყველა გოგო... არა, როგორც ყველა კი არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ცოტა სევდიანი იყო. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ცხოველს ძალიან უყვარდა თავისი პატრონი, გოგონასაც ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი. ხანდახან საღამოობით... თუმცა მათ არ იცოდნენ, როდის იყო საღამო და როდის დილა, რადგან ყუთის კედლებს გარეთ რა ხდებოდა არ იცოდნენ და არც არასოდეს გაეხედათ ოდესმე. იმას ვამბობდი, რომ ხანდახან გოგონა და მისი ძაღლი ძირს დაჯდებოდნენ ხოლმე, პატრონი ძაღლს თავზე ეფერებოდა და მოსწონდა, მის ჭკვიან, სევდიან თვალებში ყურება. ამ სამყაროში არაფერია უცვლელი და მნიშვნელოვანი ცვლილებები სათამაშოების ყუთშიც ხდებოდა ხოლმე. რამდენიმე წელიწადში ერთხელ სათამაშოების ზედამხედველი მოდიოდა, მათ გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და რათომღაც სხვა ყუთში აწყობდა. შუშით დაკვირვების შემდეგ სათამაშოს ხელს შეავლებდა, ხის საჭრელი დანით ფიგურებს უფრო გამოკვეთავდა, ხან ფუნჯით უფრო ლამაზ ფერებში შეღბავდა და სხვა ყუთში დებდა. ზოგჯერ კი დაკვირვების შემდეგ კი სხვა ყუთში დებდა. ზოგჯერ კი დაკვირვების შემდეგ ამიოხრებდა, სათამაშოს იგივე ყუთში დააბრუნებდა და რამდენიმე წლით მიდიოდა. ამჯერად მისი მოსვლის დროც დადგა... როცა ძაღლს და გოგონას ეძინათ, ყუთს თავი ფრთხილად ახადა, სახელოები აიკეცა, სათვალე მოირგო და ძაღლი-სათამაშოს დათვალიერება დაიწყო. ხელში რამდენჯერმე შეატრიალა, გაიღიმა და მის გალამაზებას შეუდგა. ხის საჭრელი დანით თვალის უპეები უფრო გამოუკვეთა, ფუნჯით უფრო ღია ფერებში შეუღება და ერთი საფეხურით ზედა თაროზე მოთავსებულ ყუთში ჩადო. შემდეგ შავთმიანი თოჯინა ამოიღო, ხელში შეათვალიერა, ამოიოხრა და იგივე ყუთში დააბრუნა. სანამ ყუთებს სახურავებს დააფარებდა, სათამაშოებს ჯადოსნური ფუნჯი გადაუსვა და მთელი მეხსიერება წაუშალა– მათ ერთად გატარებული დრო უკვე აღარასოდეს გაახსენდებოდათ. წლების განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ხელის ერთი მოსმით გაასუფთავა. შემდეგ ყუთებს სახურავები დააფარა და გატრიალდა. რამდენიმე საათის შემდეგ ძაღლმა გაიღვიძა და თვალები გაახილა. მის წინ ქერათმიანი გოგონა–სათამაშო იჯდა და თავი მუხლებზე ედო. ცოტა ხანს უცქირა, შემდეგ ახლოს მივიდა და ხელზე ცხვირი მიადო. გოგონამ ხელზე შეხება იგრძნო და გაეღვიძა, ცხოველს თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა და ჭკვიან, სევდიან თვალებში ჩახედა. ძაღლს გული უცნაურად შეუთრთოლდა– გოგონა–სათამაშოს ცისფერი თვალები ჰქონდა. თავი მაინც მორჩილად მიუშვირა, რადგან ყველა ძაღლს უყვარს ადამიანი და ყველას სჭირდება მოფერება. გული მაინც რატომღაც უცნაურად უცემდა, თუმცაღა არ ახსოვდა, რა ფერის თმა და თვალები ჰქონდა მის წინა პატრონს, რადგან სათამაშოების ზედამხედველმა მეხსიერება წაუშალა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, ქერათმიანი გოგონა–სათამაშო ძაღლს ეთამაშებოდა ხოლმე, თავზე ეფერებოდა და ყუტში სეირნობდნენ. ისიც მორჩილად უყურებდა ღრმა, ცისფერ თვალებში და მზად იყო ყველა მისი სურვილი შეესრულებინა. გული კი მაინც უცნაურად უცემდა და რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ რისი– ზუსტად არ იცოდა. ბოლოს დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა გოგონას ამაზე დალაპარაკებოდა. მეორე დღეს, როდესაც გოგონამ მოსაფერებლად თავზე ხელი დაადო, მოულოდნელად დენნაკრავივიტ შეხტა, ისე რომ თვითონაც გაუკვირდა, რადგან მანამდე ასეთი რამ არასდროს მოსვლია. ის მიხვდა, რომ უკვე საუბრის დრო დამდგარიყო, უნდა ეთქვა ის, რაც გონებაში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. –იცი, რაღაც უნდა გითხრა... შენთან ყოფნის დროს სხვანაირი შეგრძნებები მეუფლება. მოფერებითაც კი სხვანაირად მეფერები. გოგონას ლურჯ თვალებში გაკვირვებამ გამოიხედა. –როგორ სხვანაირად? განა ეს ჩვენ არ ვიყავით, გუშინ, გუშინწინ და ერთი წლის წინაც? ადრე ასეთი რამ არასდროს მოგსვლია. –კი, მართალია. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ... მე ძალიან კარგი ყნოსვა მაქვს... სუნიც თითქოს ისეთივე გაქვს... მაგრამ რაღაცნაირი სხვანაირი შეგრძნება მრჩება... გოგონა–თოჯინამ წყენისგან თავი დახარა და გატრიალდა. ყუთის მოპირდაპირე კედელთან დაჯდა, თავი მუხლებზე დაიდო და ძაღლზე ბრაზმა მოიცვა. ძაღლიც გატრიალდა ყუთის ყველაზე ბნელი, შორეული კუთხისკენ. სიბნელეში დაწვა და თავი წინა თათებზე დაიდო. თვალებზე ცრემლი მოერია, სველ თვალებში ყუთის მოპირდაპირე კედელი და ძირს მჯდარი ქერათმიანი გოგონა–თოჯინა ირეკლებოდა. კიდევ რამდენიმე საათი ისე გავიდა, რომ მათ ადგილი არ შეუცვლიათ. ყუთის გარეთ უკვე ღამდე დამდგარიყო. გოგონა კვლავ ძაღლზე იყო გაბრაზებული. ძაღლს კი გული სევდით ჰქონდა შებოჭილი, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. ღია ფრად შეღებილი თვალები, სათამაშოების ზედამხედველმა რომ შეუღება, სულ მთლად ჩაშავებოდა. ცოტა ხანში გოგონას ჩაეძინა. ცოტა ხანში გოგონას ჩაეძინა. ძაღლს სევდა კიდევ უფრო მოემატა და ყმუილი დაიწყო, ისე, რომ არც შეშინებია თუ ეს მის მეგობარს გააღვიძებდა. თუმცა კი არასდროს მოესმინა, ზუსტად ისე ყმუოდა ზემოთ თავაწეული, როგორც სათამაშო მგლებმა იციან ხოლმე. უცებ ყუთის სახურავი გამოძრავდა და აიხადა. ძაღლი შიშისგან გაჩუმდა, რადგან ასეთი რამ მანამდე არასდროს ენახა და მიხვდა– ეს ღამე განსაკუთრებული იყო. სათამაშოების ზედამხედველმა ყუთში უკმაყოფილოდ ჩაიხედა. –რატომ ყმუიხარ? მშვიდი ძილი დამირღვიე. ახლავე გაჩუმდი, თორემ სხვა ძაღლებსაც გააღვიძებ. ყველამ თუ მე დამიწყეთ ყეფა, აბა ამით რა გამოვა? ძაღლი ისედაც ჩუმად იყო და შიშნარევი თვალებით უყურებდა მაღლა სახეს. ბოლოს ჰკითხა: –შენ ვინ ხარ? –მე სათამაშოების ზედამხედველი ვარ.– ის ძაღლს ზემოდან უყურებდა და უცებ რაღაც შეამჩნია, სათვალე გაიკეთა უკეთესად რომ დაენახა– ძაღლს თვალის უპეები მთლიანად, დრუნცი კი ნახევრად ჩაშავებოდა.– რატომ გაქვს თვალები ჩაშავებული?– მან თავი უფრო ახლოს მიიტანა ყუთთან და დაინახა, რომ ძაღლს დრუნჩი მთლიანად სველი ჰქონდა.– აჰ, მთელი ღამე გიტირია. რატომ ტიროდი? ძაღლი–სათამაშო ქვემოდან უყურებდა და ინსტიქტურად ხვდებოდამ რომ მისი დახმარება მხოლოდ ამ უცნაურ არსებას შეეძლო, რომელიც მანამდე არასდროს ენახა; ყუთის ზემოდან რომ იყურებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ყოვლისშემძლე იყო. ... და გადაწყვიტა ყველაფერი გულწრფელად ეთქვა. –დამაბრუნე ჩემს ძველ პატრონთან... ძალიან გთხოვ... ქერათმიანი თოჯინა კარგი მეგობარია, მაგრამ ის არ არის ჩემი ნამდვილი პატრონი. –საიდან იცი, რომ მანამდე სხვა პატრონი გყავდა? ეს ხომ შენთვის არავის უთქვამს. სათამაშოების ზედამხედველი მის მოტყუებას არ ცდილობდა, უბრალოდ სიმართლეს არ ეუბნებოდა. –ვგრძნობ, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი მაკლია. ძილის დროს ნახევარი გული რომ ამოგჭრან და გაღვიძებულს არ გითხრან, განა ვერ მიხვდები, რომ ნახევარი გული აღარ გაქვს? სათამაშოების ზედამხედველი გაკვირვებული დაჰყურებდა. მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ძაღლს თუ გახსენებია თავისი ძველი პატრონი, ეს სათამაშოც ერთერთი მათგანი იყო. –შენს პატრონთან დაბრუნებას ვერ შეძლებ, ის სხვა ყუთში ცხოვრობს, სხვა ძაღლთან ერთად. –მე კარგი სმენა მაქვს, ჩემს ყუთის კედელს ყური რომ მივადო, მის ხმას ვერ გავიგონებ? –ეს შეუძლებელია, მისი ყუთი ერთი თაროთი დაბლა დევს. ახლა კი დაიძინე. დილიტ როცა გაიღვიძებ, ჩვენი საუბარი როგორც სიზმარი ისე გაგახსენდება, ან შეიძლება არც გაგახსენდეს... სათამაშოების ზედამხედველმა ყუთს სახურავი დააფარა და აღარ ისურვა საუბრის გაგრძელება ერთ უბრალო, მაგრამ სხვებისგან გამორჩეულ სათამაშოსთან.
რამდენიმე საათის შემდეგ ძაღლს გაეღვიძა. წინ გაიხედა, ქერათმიანი გოგონა ყუთის კედლის შუაში იწვა და ეძინა. „საინტერესოა, რატომ სძინავს ყოველთვის შუაში, არ მახსოვს რომ ოდესმე კუთხეში დაეძინა“– გაიფიქრა ძაღლმა–სათამაშომ. უცებ ღამის სიზმარი და უცნაურ არსებასთან საუბარი გაახსენდა. წარბები შეიკრა და ისიც გაახსენდა, რომ გოგონა–სათამაშო მასზე ნაწყენი იყო. ფეხზე ადგა და მასთან ახლოს მივიდა. მძინარეს დააკვირდა და თავი ცოტა დამნაშავედ იგრძნო. გოგონა ისეთი იყო, რომ მასთან თამაშზე უარსე არცერთი ძაღლი არ იტყოდა, ბედნიერი იქნებოდა მისი პატრონობით, მაგრამ ის უკვე ამას ვეღარასდროს შეძლებდა. გოგონასთვის გული რომ არ ეტკინა, გადაწყვიტა ისე მოქცეულიყო, როგორც ერთი კვირის წინ, ერთი თვის წინ და ერთი წლის წინ იქცეოდა... ყოველ შემთხვევაში გოგონას ეგონა ასე. მის ნამდვილ პატრონზე სიზმარში გაგონილი სიტყვები გულზე ეკლად ესობოდა, რადგან მხოლოდ ძაღლები ურევენ სიზმარსა და რეალობას ერთმანეთში. გოგონასთან ახლოს მივიდა და ხელზე სველი დრუნჩი მიადო. მას გაეღვიძა და სიცილიტ თავზე მიეფერა. ცისფერი თვალებით სახეში შეხედა და ცხოველს უთხრა: “ისევ შემირიგდი ხომ?“ ძაღლმა თვალები დახუჭა და თავი ცოტა ხნით ისევ ბედნიერად იგრძნო. ისინი მთელი დღე ყუთში სეირნობდნენ და თამაშობდნენ. ძაღლი არაფერს იმჩნევდა, რადგან ეს დღე ქერათმიან გოგონასთან გატარებული უკანასკნელი დღე უნდა ყოფილიყო, ღამით კი ყუთიდან გაპარვას აპირებდა. როდესაც გარეთ დაღამდა და სათამაშოები დაიღალნენ, გოგონა ძირს ჩამოჯდა, მისი საყვარელი ცხოველი კი ფეხებთან მიუწვა. ამბობენ, რომ ძაღლებს ადამიანებთან ახლოს ყოფნა ყველაზე მეტად ღამით სჭირდებათ ხოლმე. რატომ? ეს არავინ იცის. დაღლილ გოგონას მალე ჩაეძინა. ძაღლი ნელა წამოდგა და ყუთის ყველაზე ბნელ და შორეულ კუთხეში მივიდა. ადრე ეგონა, რომ კედელს იქით აღარაფერი იყო, მაგრამ მან ხომ თავისი თვალით ნახა, როგორ იხდებოდა ყუთის სახურავი? ესე იგი აქედან გაღწევაც შესაძლებელი ყოფილა. კედელს ჯერ ერთი თათი დაუსვა ფრთხილად, შემდეგ მეორე, შემდეგ უფრო სწრაფად უსმევდა მაგრამ არაფერი გამოვიდა, ძვრაც ვერ უყო. კედელს მიღმა უცნაური ხმა შემოესმა, თუმცა დახშულად ესმოდა, კარგად დააკვირდა და სიტყვები გაარჩია– მიხვდა რომ ხმა მას ეკითხებოდა. –გარეთ გამოსვლა გსურს?– ჰკითხა ხმამ. –კი... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. შენ ვინ ხარ? –მე ბუ ვარ. –მე ძალიან კარგი მხედველობა მაქვს... თუმცა კი ვერ გხედავ. გარედან ჩაცინების მხა გაისმა. –იმიტომ, რომ კედელს გარეთ ვარ. კედელზე აფხაკუნებ, თან ძაღლის ხმა გაქვს, როგორც ყველა ძაღლი, ცოტა გულუბრყვილო ყოფილხარ. –დამეხმარე გარეთ გამოსვლაში. –თვალები დახუჭე, მთელი გულით მოინდომე და შეძლებ. ძაღლმა თვალები დახუჭა და ძალიან მოისურვა კედელს გარეთ აღმოჩენილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან გული სევდით ჰქონდა სავსე. –არ გამომდის, გული სევდით მაქვს სავსე. –შეეცადე გული დაიცალო, ამით მონდომებას ადგილს გაუნთავისუფლებ, შემდეგ კი მთელი არსებით მოინდომო გარეთ გამოსვლა. გარეთ ხომ სწორედ იმიტომ გინდა გამოსვლა, რომ სევდის მიზეზს მიაგნო. ძაღლი სწორედ ისე მოიქცა, როგორც ბუმ ურჩია, ცოტა ხნით დაივიწყა შავთმიანი თოჯინა და ძალიან, ძალიან მოისურვა ყუთის გარეთ აღმოჩენილიყო. უცებ ხმა გარკვევით მოესმა, ისეთი დახშული აღარ იყო, როგორც ცოტა ხნის წინ. –ახლა კი ძალიან ფრთხილად გაახილე თვალები, თორემ ახალი გარემო თვალს მოგჭრის. ძაღლმა ფრთხილად გაახილა თვალები და მის წინ ბუ დაინახა. ფრინველს დიდი წარბები ჰქონდა და მას უყურებდა. წინ, თაროზე სათამაშოს უამრავი ყუთები ელაგა. გვერდით გაიხედა და თავბრუ დაესხა– ზედ თაროს კიდესთან იდგნენ. ბუმ ფრთა შეაშველა რომ არ გადავარდნილიყო. –ხომ გითხარი ფრთხილად მეთქი. ყუთიდან ძალიან ცოტა ახერხებს გამოსვლას, მათი უმეტესობა კი თაროდან ვარდება ხოლმე. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ფეხებსაც მოიტეხავ და თან სათამაშოების ცალკე ყუთში ჩაგსვავენ, სადაც მხოლოდ ფეხმოტეხილი სათამაშოები ცხოვრობენ. ძაღლმა უკან გაიხედა, ყუთის კედელში გამოსასვლელი იყო გაჭრილი რომელიც თანდათან იკეტებოდა. ბუმ შეატყო გაკვირვება. –ამ გამოსასვლელის გამოყენება მხოლოდ შენ შეგიძლია, სხვა ვერავინ გამოვა, ყველამ თავისით უნდა გაჭრას. შემდეგ ჰკითხა, რისთვის გამოვიდა გარეთ და ვის ან რას ეძებდა. „ათასნაირი სათამაშო არსებობს,– უთხრა ბუმ.– ყველა სხვადასხვა რამეს ეძებს, მაგრამ უმეტესობას მაინც ის აინტერესებს, თუ ვინ აკეთებს სათამაშოებს.“ ძაღლმა გულწრფელად მოუყვა შავთმიანი გოგონას ამბავი და დახმარება სთხოვა. ბუ შეპირდა რომ დაეხმარებოდა. ძაღლი და ბუ გზას გაუდგნენ, რადგან ქვედა თარომდე, სადაც შავთმიანი გოგონას ყუთი იდო, შორი გზა იყო. მთელი დღე იარეს, შეღამებისას კი ერთ ადგილს დაიძინეს, რათა დილით გზა ისევ გაეგრძელებინათ. ძაღლს ძილსი გაახსენდა, როგორ უთხრა სათამაშოების ზედამხედველმა: „ის ახლა სხვა ყუთში ცხოვრობს, სხვა ძაღლთან ერთადო.“ ესიზმრა, თითქოს უკვე მისული იყო შავთმიანი თოჯინას ყუთში და დაინახა, რომ მას სხვა, წითელბეწვიანი ძაღლი ჰყავდა და მას ეთამაშებოდა. უცებ მოუნდა კბილებით სცემოდა და ეჩვენებინა, რომ გოგონა მისი პატრონი იყო. შემდეგ შეეშინდა, რომ გოგონა მას ვეღარ იცნობდა. „რომ ვეღარ მიცნოს?“– ფიქრობდა ძილში ძაღლი.– მასაც ხომ ისევედავავიწყდებოდი, როგორც მე მყავდა დავიწყებული, ვიდრე ყველაფერს გავიხსენებდი. მივალ, თვალებში ჩავხედავ და ყველაფერი გაახსენდება. შეუძლებელია ორმა სათამაშომ დიდხანს ითამაშოს ერთად, თვალებში ჩახედონ ერთმანეთს და არ გაახსენდეთ, თუნდაც დიდი ხნის მერე!“ ეს სათამაშოების ზედამხედველმაც კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ ანაწილებდა სათამაშოებს სხვადასხვა ყუთში.
დასასრული
This post has been edited by ElGeorgia on 8 Feb 2010, 04:13
|