http://presa.ge/index.php?text=news&i=6318ესეც ტექსტი
ჯაშუშური რომანების ფრანგი ავტორი რუსეთის ქართველ აგენტებს ამხელს
სიახლე — თავფურცელი
15:35 24.02.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[კახა კაციტაძე]
ფრანგი ჟერარ დე ვილიე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია იმათ შორის, ვინც პოლიტიკური დეტექტივის, ჯაშუშური რომანების და ჟურნალისტური გამოძიების მიჯნაზე მუშაობს.
არისტოკრატული წარმოშობის ამ ფრანგი მწერლის ნაწარმოებების საერთო ტირაჟი 200 მილიონს აღემატება. ზოგიერთი ცნობით, ვილიე არის ჟან-პოლ ბელმონდოს და ჟაკლინ ბისეს მონაწილეობით შექმნილი ფილმის ”შესანიშნავის” პერსონაჟის პროტოტიპი - მწერლისა, რომელიც ჯაშუშურ რომანებს წერს.
ჟერარ დე ვილიე თავს სპეციალიზებულ (ჯაშუშობის თემაზე მომუშავე) ჟურნალისტ-გამომძიებლად მიიჩნევს, რომლის ყველა წიგნის სიუჟეტური ქარგა რეალურ ფაქტებზე, რეალურ მოვლენებზეა აგებული, თუმცა თავის ნაწარმოებებში ხშირად უწევს ერთგვარი მხატვრული ბელეტრისტიკის შეტანა. ეს წესი დე ვილიემ არც თავის 176-ე წიგნში დაარღვია, რომელსაც ”თბილისური გაზაფხული” ჰქვია და რომელსიც ავტორი აგვისტოს მოვლენებს ეხება.
ამასთან, ავტორი აშკარად მხატვრულ ბელეტრისტიკაზე გადადის, როდესაც ”ოლიგარქ ბადრიზე” საუბრობს, მაგრამ სხვა შემთხვევებში წინასწარხაზგასმული მომენტების გარდა ის დაჟინებით უსვავს ხაზს, რომ მას ხელთ უეჭველი ინფორ,მაცია და ფაქტები აქვს, იმის მიუხედავად, რომ თავად წიგნს ”რომანი” ანუ მხატვრული ჟანრის ქმნილება ეწოდება.
ათიოდე დღის წინ ფრანგმა ჟურნალისტმას ინტერვიუ მისცა ”ეხოს მოსკვის”. ინტერვიუს ”თბილისურ გაზაფხულეც” და ხუთღიან ომზეც ლაპარაკობს (ინტერვიუს სრული ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრუნულ მისამართზე
http://www.echo.msk.ru/programs/beseda/572398-echo/).
ვილიეს მტკიცებით, პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში მოქმედებდა ფსბ-ს აგენტი, რომელმაც შექმნა ორ ოს მესაზღვრეს შორის საუბრის ფალსიფიცირებული ჩანაწერი. ლაპარაკია შსს-ს ხელთ არსებულ ცნობილ ჩანაწერზე, სადაც ოსების მობილური ტელეფონებით ნასაუბრალი თითქოსდა ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯავშანსატანკო ნაწილებმა მასობრივად გადმოლახეს როკის გვირაბი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ჩანაწერმა ომის დამთავრებიდან საკმაო ხნის შემდეგ იწყო ფიგურირება, რასაც შსს იმით ხსნიდა, რომ საუბრის აუდიოჩანაწერის მოძიება 6’000 ფაილამდე გადასინჯვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. რატომ მოხვდა უპირველესი მტკიცებულობის მქონე ჩანაწერი არაფრის მაქნის 6’000 ფაილს შორის, ამას შსს არ განმარტავს.
დე ვილიეს მტკიცებით ხსენებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიკაციაა, რომელიც ფსბ-ზე მომუშავე საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს, რათა სააკაშვილი, გამომდინარე მისი ფიცხი ხასიათიდან, დაერწმუნებინათ სასწრაფოდ დაეწყო საბრძოლო მოქმედება (ხაზს ვუსვავ რომ დე ვილიეს ნაწარმოების შინაარს უცვლელად გადმოვცემ).
სააკაშვილმა დაუჯერა პროვოკაციულ ჩანაფიქრს და საბრძოლო მოქმედების დაწყების ბრძანება გასცა, რამეთუ გადაწყვიტა, რომ რუსულმა ტანკებმა მართლაც გადმოლახეს როკის გვირაბი. პროვოკაცია შედგა. ამ დროს, რომანის თანახმად, მსხვილი ლონდონელი ბიზნესმენი სახელად ბადრი ემზადება საქართველოში ჩამოსვლისა და ხელისუფლების ხელში ასაღებად. მაგრამ რუსები რატომღაც თბილისთან ჩერდებიან (ასე ვთქვათ, ”ორჭოსანთან უხვევენ”), სააკაშვილს არავინ ამხობს, ხოლო ბადრის ვიღაც (გაუგებარია - როგორ) კლავს.
აქ ავტორის ფანტაზია, მართლაც ღრუბლებს სწვდება, იმის გათვალისწინებით, რომ ”ლონდონელი ოლიგარქი ბადრი” (ცხადია, რომ აქ ბადრი პატარკაციშვილი იგულისხმება) ომამდე დიდი ხნით ადრე დაიღუპა.
რადიო ”ეხო მოსკვისათვის” მიცემულ ინტერვიუში ვილიე ამტკიცებს, რომ ორი ოსის საუბრის ჩანაწერის არსებობა სააკაშვილმა ვილიეს თურმე სარკოზისთან შემდგარი პრეს-კონფერენციის შემდეგ მოუთხრო. ვილიეს მიხედვით, სარკოზის ორიოდ სიტყვა უთქვამს და შეხვედრა დაუტოვებია, რის შემდეგაც, ვილიეს თქმით, სააკაშვილს უკვე სარკოზის გარეშე ესაუბრა. ერთი სიტყვით, ვილიეს თქმით, ამ ჩანაწერის შესახებ მას სააკაშვილის მეორე პრეს-კონფერენციიდან შეუტყია. შემდეგ ვილიე სიტყვა-სიტყვით შემდეგს ამბობს:
- ”მან (სააკაშვილმა. კ.კ.) განმარტა, რომ აქვს დოკუმენტი (იგულისხმება ოსების მოსმენის ჩანაწერი. კ.კ.), რომელიც დაასაბუთებს, რომ იგი (სააკაშვილი) კანონიერად იცავდა თავს, ვინაიდან გააჩნია ასეთი ჩანაწერი. ის ტყუის. და ის ტყუის ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მე ველაპარაკე ამერიკელებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამის მსგავსი არაფერი დაუფიქსირებიათ. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ თუ ამერიკელებმა არაფერი ასეთი არ დააფიქსირეს, ასეთი ლაპარაკი ბუნებაში არ შემდგარა. უბრალოდ სააკაშვილი ძალიან სპონტანურია, ის ძალიან სწრაფად მოქმედებს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ბრწყინვალე კაცია, დიდი პოლიტიკოსი. მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ძალიან განმაცვიფრა.
”ის, რასაკვირველია, ლაპარაკობს რუსულად, მისი გარემოცვაც ლაპარაკობს რუსულად, მაგრამ როგორც ამერიკის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი ამტკიცებს, მათ სრულიად არაფერი არ ესმით რუსული მენტალობისა. როდესაც ველაპარაკე მის ბევრ დაახლოებულ პირს, მივხვდი, რომ სააკაშვილს გულწრფელად სჯეროდა, რომ რუსები არ ჩაერეოდნენ. ანუ, სააკაშვილის გეგმა ძალიან მარტივი იყო: აეღო ცხინვალი და შემდეგ შეენარჩუნებინა იგი იმდენ ხანს, რომ მოესწრო გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვა, რათა განეცხადებია, რომ ჩვენ ქართველებმა დავიკავეთ ჩვენი კანონიერად კუთვნილი ტერიტორია. და, რასაკვირველია, ამ დროს სააკაშვილს პირველ რიგში ამერიკელების იმედი ჰქონდა.
”მაგრამ, აქ ვერ გაითვალა ორი მომენტი. ჯერ ერთი, რუსეთი სწორედ ამას ელოდა. ვლადიმირ ვლადიმიროჩი წესიერი კაცი რომ იყოს, სააკაშვილს ძეგლს დაუდგავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩუქებისათვის და იმისთვის, რომ 48 საათში გვირაბის გავლით 20’000 ჯარისკაცი შეაყვანინა.
”ამერიკელებიც ელოდნენ ამას. მე საუბარი მქონდა ამერიკის ელჩთნ, ბატონ ტაფტთან. მან დაურეკა სააკაშვილს და სიტყვა-სიტყვით უთხრა: ”ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ შეტევის დაწყების გეგმა, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ თქვენთან არ ვიქნებით და აშშ-სგან არავითარ დახმარებას არ მიიღებთ. სამი საათის შემდეგ სააკაშვილმა ცხინვალზე შეტევა დაიწყო”.
მკითხველს ბოდიშს მოვუხდი ესოდენ გრძელი ციტატის მოყვანისათვის, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ამას, რამეთუ ციტატიდან ცალსახად დასტურდება.
ძირითადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გადაწყდა იარაღის გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, უფრო მეტად კი - უბრალო სიყალბეა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკელებს აქვთ სატელეფონო და სხვა სახის ელექტრონული საუბრების გლობალური მოსმენის სპეცსამსახური ”ეროვნული უშიშროების სააგენტო”, რომელიც გასაიდუმლოების ხარისხით და თანამშრომელთა ოდენობით ბევრად აღემატება ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს. ამ უწყებას ყოველთვის გააჩნდა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც დასტურდება ”ცივი ომის” პერიოდში ამ სპეცსამსახურის ხელმძღვანელის, სხვათა შორის საქართველოს დიდი მეგობრისა და გულშემატკივრის, გენერალ ოდომის მემუარებით (განსხვავებით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან, რომლის თნამშრომლები სამოქალაქო მოხელეებთან არიან გატოლებულნი). ”ეროვნული უშიშროების სააგენტო” გასამხედროებული უწყებაა სამხედრო წოდებებით.
ცნობილია, რომ ეროვნული უშუშროების საააგენტოში მრავლად არიან რუსულისა და ქართულის მცოდნეები. მათ არც ოსურის მცოდნის მოძებნა გაუჭირდებოდათ. ცხადია, აგვისტოს კრიზისის წინამდებარე პერიოდში რადიო და სატელეფონო სიხშირეები ამერიკელთა მუდმივ კონტროლქვეშ იმყოფებოდა და თუ მათ დაასკვნეს, რომ ეს საუბარი ნაყალბევია, ასეც იქნებოდა (აღარფერს ვიტყვით იმაზე, რომ ამერიკული თანამგზავრები როკის სიახლოვეს რუსების ძალების თავმოყრას არ აფიქსირებდნენ). ამ ყველაფრის გამო ამერიკელებისთვის საჭიროგახდა ელჩ ტეფტის პირით იმის გაცხადება, რომ საქართველო აშშ-დან არავითარ მხარდაჭერას არ მიიღებდა.
დე ვილიეს ინტერვიუდან თითქმის უკვე ათი დღე გავიდა და ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ტეფტი უბრალო უარყოფას მაინც გააკეთებდა. მაშასადამე მან მართლაც გააფრთხილა სააკაშვილი, რომ ამერიკელთა მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა. და რა ხდება? ამ გაფრთხილებიდან სამ საათში სააკაშვილი ცხინვალის საარტილერიო დაბომბვას იწყებს. ანუ, მან უბრალოდ ”გადააგდო” ამერიკელები. ამ ფონზე გასაგებია, რატომ ურჩევდა მოტყუებული ბუში სარკოზის თბილისში არ ჩასულიყო და სააკაშვილი არ გადაერჩინა.
ამერიკელების ნების წინააღმდეგ ასეთი ღია წასვლა ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა. მაშასადამე, იყო ვიღაც (ან ვიღაცეები) სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში, რომელმაც იგი რუსეთის ჩაურევლობაში დაარწმუნა და თანაც ფალსიფიცირებული საუბარიც მოასმენინა, რათა პროვოკაციაში ჩაეთრია (რაც, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ ხსნის სააკაშვილის პირადი პასუხისმგებლობის საკითხს).
ვინ იყვნენ ეს პირები, რასაკვირველია, უცნობია, თუმცა მრავლისმეტყველია ის, რომ ჩანაწერი პრეზიდენტთან შსს-ს ხაზით მოხვდა. ყოველ შემთხვევაში დე ვილიეს ეჭვი არ ეპარება შსს-ში ფსბ-ს აგენტურის არსებობაში.
პრინციპში, ვილიე არაფერ ისეთს არ ამბობს, რაც ვარაუდის სახით არ გამოთქმულიყო ჩვენს მედიაში, თუმცა მას ბევრად არგუმენტირებული ფაქტუალური ბაზა გააჩნია.
This post has been edited by mamalo on 24 Feb 2009, 17:35