Perpetuum_Mobile_Project
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1101
წევრი No.: 73389
რეგისტრ.: 4-November 08
|
#12723722 · 24 Feb 2009, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
XXI საუკუნის პირველმა ათეულმა(“წმინდა სამსჯავროს” სურნელი მეცა საიდანღაც, რატომღაც..) წელიწადმა ისე ჩქარა ჩაგვირბინა, რომ ალბათ, პირველად ამ წინადადების წაკითხვისას დაფიქრდი და გაიაზრე ეს მკითხველო. თუმც რა გასაკვირია.. ამდენ საზრუნავში ჩაფლულს არც მოგვეთხოვება, დროის მსვლელობისთვის ყურის დაგდება ისე, რომ ასეთი მცირე რამ თვალთახედვის არეში მოგვხვდეს. მოხვედრით კი იმდენი გვხვდება, თანაც ყოველდღე.. სანუკვარ ფერად ყუთს დიდი მოწიწებით ჩავრთავთ დაღლილნი და ნეტარ სახეებზე აღბეჭდილი უნდოობით შევყურებთ როგორ მიცოცავს ციფერბლატზე დიდი ისარი ახალი საათისკენ.. სიმართლე რომ ვთქვათ ვიცით რასაც გვეტყვიან, გვეტყვიან, რომ ომი მოვიგეთ, რომ კიდევ ერთი ქართული დელეგაცია მიემგზავრება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა რუსეთს “დისკომფორტი” შეუქმნას, გვეტყვიან კიდევ მრავალ ასეთს და ჩვენც მიღებულ ემოციებს სწრაფადვე გადმოვანთხევთ ერთ დროს ჩვენს მშველელად, მესიად მიჩნეულ პიროვნებაზე და ამ დროს სულაც არ გაგვახსედნება, რომ თუ ხმამაღლა არა, გულში მაინც გვიყვირსკანდირია ოდესღაც მისი “სანუკვარი” სახელი. ამ რიტუალის შესრულების შემდეგ კი კმაყოფილნი ავდგებით და უკეთესი მომავლის იმედით აღვსილნი ძილს მივცემთ დამძიმებულ თავებს. უკეთესი მომავლისთვის კი ყველანი აქეთ-იქით ვაცეცებთ თვალებს: ზოგნი ოკეანის გაღმა ვეძებთ მშველელს, ზოგნიც “მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენ-გადმოფრენის ნოსტალგიით აღვივსეთ”, ზოგნი ღვთის იმედით ვსასოობთ და სულაც არ გვახსოვს: “რა ქნას მარტო ღვთის წყალობამ, თუ კაცი მას არ უვლის, არ ჰპატორნობს. რა წყალობის მოცემაც შეიძლებოდა ღმერთმა უკვე გაიღო ჩვენზე და გვითხრა, დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამო”
საიდან..
ჰო, მართლაც საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან მოდის? ან სად მიდის? (არა, სილამაზე არა მკითხველო, თუმც შეიძლება ზოგისთვის კიდევაც..) ალბათ იქიდან, რომ, როცა ამერიკაში ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ აღდგა, და წარმმართველ მოტივად მშვიდობა და თავისუფლება აირჩია, ქართველ ახალგაზრდებს რადიოს რუსი დიქტორის “ტკბილი” ხმით უთენდებოდათ დილა. უზრუნველობაში ჩაფლული მათი მშობლები კი სულაც არ გრძნობდნენ მონობის მძიმე უღელს, ალბათ იმიტომ, რომ “ტკბილი” ხმა, ტკბილად ჰქონდათ ქცეული. ანდა რატომ არ ექნებოდათ ?! ისინი ხომ მთელს საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდრულად ცხოვრობდნენ. ამის მეტი რა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის? არც ის სარწმუნოება ახსოვდათ მაინცდამაინც ახლა რომ “გამოფხიზლდენ” და დიდად იწამეს. თუმცა ამაზე შემდგომ მკითხველო.. მოკლედ საბჭოთა დოგმების გარდა არც არაფერი ახსოვდათ.. რა საჭირო იყო რომ ? ვაზ-24 ხომ მართლაც ისეთი მანქანაა, რომ მასში ჩაჯდომა ერსაც დაგავიწყებს და ბერსაც, წარსულსაც და მომავალსაც. რა საჭირო იყო ეროვნული იდეალების გულით ტარება, როცა სამსახურში “შაბიამნის პარტიას იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებოდათ” და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ჰქონდათ თავიანთი კოლოსალური შრომით. (ახლა კი “დამსახურების” მიხედვით გაზრდილ პენსიას იღებენ უკმაყოფილონი.) თუ კი ქართული ღირსების ნატამალი კიდევ არსებობდა, XX საუკუნეში ყველგან მისწვდა ჩრჩილი, ის ჩრჩილი რომელსაც ასე უფრთხოდა ილია.. უზრუნველობას დაჩვეული ქართველები კი ახლაც სხვას შეჰყურებენ ხელებში საშველად. არავის არ უნდა გააცნობიეროს რომ 70 წლიან უზრუნველ ცხოვრებას მონობაში, აუცილებლად მოჰყვება უდიდესი სასჯელი.. არ შეიძლება ღვთისგან ბოძებული თავისუფლების განღებისას ერი კმაყოფილი იყოს, არ შეიძლება ამ დროს უზრუნველად ცხოვრობდეს ქვეყანა. ჩვენ კი ყოვლისშემძლე ქართველებმა ესეც შევძელით. ახლა კი გვიკვირს რით დავიმსახურეთ ეს სასჯელი.. და ვერც ვხვდებით, რომ ეს “სასჯელი” გზაა, რითაც შეგვიძლია “ერთ დიდ ცეცხლად შევკრათ, თუ რამ ნაკვერჩხალი დაგვრჩენია გულებში”. ახლაც სხვამ გვინდა გვიშველოს. ხან ვისში ვხედავთ მესიას ხან ვისში. ჩვენგან მიჩნეული ზე-ადამიანი კი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე და ჩვენ ყველას ტვირთის ზიდვას რომ ვერ შეძლებს, სწრაფად ავიცრუებთ ხოლმე გულს მასზე. ახალი საპრეზიდენტო კანდიდატმესია რომ აღარ ჩანს გარკვევით, ბევრმა სხვა მხარეს დაიწყო ყურება და ორასწლოვანი შესვენების შემდეგ მონარქიის აღდგენა განუზრახავთ. არაფერი დასაძრახი ამ შეხედულებაში არაა, სანამ არგუმენტებს მოისმენ. ქართველი კაცის დღევანდელი არგუმენტი კი ისეთივეა როგორიც XIX საუკუნეში თერგდალეულების ამათვალწუნებელთა არგუმენტი იყო. მონარქიას მხარს უჭერენ იმიტომ, რომ პატრიარქმა თქვა ასე. ადამიანმა ვისი სიტყვაც ობიექტურ ჭეშმარიტებად მიუჩნევია ქართველ ერს, ადამიანი, რომლის მრევლსაც დაავიწყდა, რომ მათი წინამძღოლი ადამიანია.. და ვაი, თუ ვერც ამ ადამიანმა შეძლო მთელი საქართველოს საზიდი ტვირთის ზიდვა.. ქართული ფანატიზმი კი დღითი-დღე ემსგავსება ინკვიზიციის დროინდელ ესპანეთის ფანატიზმს, ანდა შორს რომ არ წავიდეთ, ახლობელს - ირანულს. ქართველები კარგავენ იმ საუნჯეს, რაც ღმერთს უბოძებია მათთვის, - თავისუფალ აზროვნებას და მას ცვლიან ადამიანთა მიერ შექმნილ დოგმებზე. “ქრისტე ქვეყანას დოგმების წინააღმდეგ საბრძოლველად მოევლინა და მისმა მიმდევრებმა კი ახალი დოგმები განამწესესო” წერდა ქარჩხაძე და სწორედაც წერდა. ამ “ახალ დოგმებზე” ვცვლით ქართველნი იმას, რაც თვით უზენაესმა გვიბოძა. საქართველოში სამღვდელოება გა-ზე-ვდა. ვერავინ ბედავს ქართულ სამღვდელოებაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკს, იმის თქმას, რომ დღეს მღვდლების საკმაო ნაწილი გაუნათლებელია, რომ ისეთივე მანკიერებებითაა შეპყრობილი, როგორითაც დანარჩენი საზოგადოება – “უბრალო მოკვდავნი”. სასულიერო სემინარიაში ერთი შეხედვაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ დაინახო რა თაობა აპირებს მღვდლობას, მაგრამ ამის დანახვა არავის უნდა იმიტომ, რომ ეს თუ გააცნობიერა ადამიანმა, მაშინ სამღვდელოების სიტყვის ბრმად, ფანატურად მინდობა გაჭირდება, ქართველებს კი არ უნდათ დაკარგონ ეს თვალდახუჭული მდგომარეობა, იციან, რომ თავს იტყუებენ, მაგრამ ურჩევნიათ ასე გაგრძელდეს, ვიდრე თვალი გაახილონ და თვითონ გაანძრიონ ხელი “ღვთის წყალობის მოსარწყავად, მოსავლელად, საპატრონოდ.” ქართველ კაცს მღვდლის სიტყვა ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და საკუთარ აზრს ნებით თუ უნებლიეთ მისას ამთხვევს. სამღვდელოების შესახებ კრიტიკული საუბარი, კი ისეთ მკრეხელობად ითვლება, როგორადაც XVI საუკუნის ევროპაში ერესი მიაჩნდათ და იქნებ მრავალმა ამ წერილის უხეირო დამწერსაც დასწამოს ცილი საზეო მკრეხელობაში.. ასე შეიქმნა ახალი დოგმათა სისტემა. საბჭოთა წესებს დაჩვეულმა ქართველებმა ვერ შეძლეს განწესების გარეშე არსებობა და ისევე ჩაანაცვლეს საბჭოთა დოგმები ახალი, ფანატური დოგმატით, როგორც საბჭოური ჩაენაცვლა ქრისტიანულს რუსეთში. ქართველი ისე გაზარმაცდა, რომ მის მაგივრად სხვამ უნდა რომ იაზროვნოს, თორემ რა იქნებოდა დასაძრახი მონარქიის მხარდაჭერის არგუმენტად ნიცშეს კონსერვატორიზმი რომ მოეყვანათ, რომ ჩასძიებოდნენ, ემსჯელათ ამაზე, ეაზროვნათ...
ეს წერილი კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული შეხედულებების წინააღმდეგ არ საუბრობს, ეს წერილი შეხედულების, მოსაზრების უქონლობაზე გოდებს და მხოლოდ აზროვნებისკენ მოწოდებას შეიცავს მკითხველო, რადგან აზროვნებით იწყება ყველაფერი, აზროვნებით იწყება ერის აღმასვლა. “მომავლის წყვდიადი კი, რომელიც შობს და ანსახიერებს თვით დროს,” თავის ჭაობში ჩათრევით გვემუქრება და ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. ილია კი ალბათ დღესაც დაწერდა: რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!
წერილს აშკარად აკლია მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლა, ასე რომ ველი თქვენს მოსაზრებებს მომხმარებელნო * * * up ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
This post has been edited by Perpetuum_Mobile_Project on 24 Feb 2009, 16:29
|