http://presa.ge/index.php?text=news&i=6521რამდენიმე დღის წინ ოტობაიასა და განმუხურში მომხდარი ინციდენტი ქართველი სამართალდამცავების, ხელისუფლებისა და ჟურნალისტების მიერ, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთგვაროვნად შეფასდა. ყველა შემთხვევაში მომხდარი აფხაზური მხრიდან ომის პროვოცირებად და ეთნიკურ წმენდად მოინათლა, თუმცა მთავარ ”შემომქმედთა” - შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომლებისა და ქართული ტელეარხების მიერ რეგიონში საკუთარ კორესპონდენტებად წოდებული პირების მიერ შექმნილი ასეთი ”შედევრები” სამეგრელოს მოსახლეობამ ზუსტად ისე დაინახა და გაიგონა, როგორც წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი სცენარით ”სთავაზობდნენ”.
ტელეეთერით 27 თებერვალს ნანახი და გაგონილი კი გვატყობინებდა, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი ირაკლი ბიგვავა ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს, თუმცა გაქცევა და სამშვიდობოს გამოსვლა მან მაინც მოახერხა. ბიგვავას გაქცევით განრისხებულმა აფხაზმა ბოევიკებმა კი მოსახლეობა ააწიოკეს და 50-მდე ოჯახი სოფლიდან გააძევეს. აფხაზები ოტობაიელებს ხელშეუხებლობის და შინ დაბრუნების გარანტიას მხოლოდ მაშინ აძლევდნენ, თუ ბიგვავა საკუთარი ნებით ჩაბარდებოდა.
ტელეეთერით ისიც ჩანდა, თუ როგორ თბებოდნენ გამთენიისას ენგურის ნაპირებთან დანთებული კოცონის ირგვლივ საკუთარი კერიიდან გამოყრილი ადამიანები, თუმცა კომენტარი არცერთ მათგანს არ გაუკეთებია და როგორც გაირკვა, მათთან კამერით მიახლოების საშუალება ჟურნალისტებისთვისაც არ მიუციათ.
სამაგიეროდ, მათ გასაჭირზე კომენტარს განმუხურის რწმუნებული ჯონი მიშველია აკეთებდა და ამბობდა, რომ გამოძევებულ 100-მდე ადამიანს დახმარების ხელს ადგილობრივები გაუწვდიდნენ. კადრში ისიც კარგად ჩანდა, რომ მის უკან 100-მდე კი არა, მხოლოდ 50-მდე კაცი, თავის მიშველიათი, განმუხურელებით, გამოძევებულებით, რაიონის გამგებლით, გუბერნატორის მოადგილით, პოლიციითა და ევროკავშირის ჯგუფით იდგა.
არც ის მოხუცი ბაბუა, რომელმაც თურმე თავის დედაბერთან ერთად გაქცევა ძლივს მოასწრო, და რომელიც კადრში მწოლიარე მდგომარეობითა და კომენტარით გამოჩნდა, ნამდვილად არ იყო ოტობაიას მკვიდრი და მითუმეტეს გამოძევებული. იგი განმუხურის მკვიდრია.
კადრს მიღმა არსებული რეალური სურათი მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. საინტერესოდ აღწერენ ამ სურათს ის რესპოდენტებიც, რომლებსაც ვინაობის გამხელა და, მით უფრო, აუდიო-ვიდეო კამერების წინ პოზირება არ სურთ. უნიჭოდ გათამაშებული სცენების უნებლიე მონაწილეები ამბობენ, რომ ირაკლი ბიგვავა არა მარტო აფხაზური არმიის, არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალების დეზერტირიც იყო.
- ”ირაკლი ბიგვავა რომ ამბობდა ტელევიზიით, აფხაზები მდევნიდნენ და მათ არმიაში სამსახურს მაიძულებდნენო, ის რატომ არ თქვა, ორივე მხარის დეზერტირი როგორ აღმოჩნდა?! მე ვიცი, რომ ბიგვავა ”კოჯრის” ბატალიონში მსახურობდა და შემდეგ დეზერტირობისთვის იძებნებოდა. როგორც ვიცი, გაასამართლეს კიდეც, მაგრამ შემდეგ ქართულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდა და სპეცდავალებების შესრულებაც აიძულეს. ასე ”გაძვრა” აფხაზურ არმიაში ”აგენტი” ბიგვავა. თუმცა, იქიდან გაქცევა მალევე მოუხდა, რადგან აფხაზურმა სპეცსამსახურებმა მისი ორმაგი აგენტობა მოკლე დროში დაადასტურეს”.
- ”ბიგვავა ახლა რომ ამბობს, მთელი წელი ვემალებოდი აფხაზებს, მოსაკლავად დამსდევდნენო, თუ ასე იყო ოტობაიაში იმალებოდა?! იმ საღამოსაც, როცა ის დაიჭრა, ოტობაიაში, მისი მეგობრის, შონიას სახლში იყო. ბიგვავა ყვებოდა, თუ როგორ შემოვიდა ოთახში 3 ნიღბიანი პირი, როგორ გაიქცა ყველა და როგორ დაიჭირეს მხოლოდ ის. გამტაცებლები ტელეფონზე მეგრულად საუბრობდნენ და ვიღაცას არწმუნებდნენ, ისინი კი გაგვექცნენ, მაგრამ ერთი მაინც წამოვიყვანეთო. ბიგვავას თუ დავუჯერებთ, გაქცევა თურმე ამის შემდეგ სცადა...
აფხაზმა ბოევიკებმა იმ დღეს ირაკლი ბიგვავას დედა და ბიძა დაატყვევეს, მაგრამ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დედამისმა იმ დღეს დაჭრილი შვილი ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოშიც მოინახულა”.
- ”ჩემი ინფორმაციით ამ ყველაფრის უკან ”კუდ-ის” აფხაზეთის სამმართველოს უფროსი რომან შამათავა, სხვა თანამშრომლები - გია ბარამია, ზამო გაბედავა, ზურაბ ლოგუა და სხვები დგანან. ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ ეს უწყება ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. რა ტყუილებიც აფხაზეთთან დაკავშირებით ტელევიზიებით ვრცელდება, თითქმის ყველას ავტორი ეს ჯგუფი და ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სტაჟით ბევრ ჩინოსანს არ ჩამოუვარდებიან”.
- ”გეკითხებით, ამ ქვეყანას პატრონი მართლა არავინ ჰყავს? ამათ უყვართ ქვეყანა და სხვას არა?! ესენი აკეთებენ სწორედ მტრის საკეთებელს და არა ის, ვინც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულობებს გააპროტესტებს! ესენი დამაჯერებენ, რომ მშვიდობა და ქვეყნის ერთიანობა უნდათ?!”
დგანან თუ არა მართლაც ამ ყველაფრის უკან ჟურნალისტები და პოლიციელები, შესაძლოა ოდესმე გაირკვეს და პასუხიც ვინმემ აგოს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ”კუდი-ს” თანამშრომლების გვარებმა ქართულ მედიაში რამდენჯერმე უკვე გაიჟღერა.
პირველ რიგში ის 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის შემდეგაც სეპარატისტული მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ვლადიმერ არლანმა ქართველი ”კაგებეშნიკის” მობილური ტელეფონი სოხუმში ატრიალა და იმის მტკიცებას შეუდგა, რომ ქართულ სპეცსამსახურებს ”მესტო-ლეჟკა” სწორედ იმ ადგილზე ჰქონდათ, საიდანაც ხურჩის მიმართულებით სროლები ხორციელდებოდა.
სეპარატისტებმა მაშინ იქ აღმოჩენილი ტელეფონის მფლობელი, ”კუდი-ს” ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ზამო გაბედავაც დაასახელეს, რომელსაც ”წარმატებული” სპეცოპერაციის განხორციელების ადგილზე მობილური დარჩა. ტელეფონის ეკრანზე კი შემავალი და გამავალი ზარებით სეპარატისტებმა გაბედავას ”თანამზრახველები”, რომან შამათავა, გია ბარამია და ზურაბ ლოგუაც აღმოაჩინეს.
ამ ყველაფრის შემდეგ უფრო დამაჯერებლად ჩანს ვერსია რომელიც თავიდანვე არსებობდა განმუხურში პრეზიდენტის მიერ რუსების გაძევებაზე...
თქვენ რას ფიქრობთ?
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.