საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთიდან მას ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთიდან – გარდაბნის, ჩრდილოეთიდან – თიანეთის, ახმეტის და თელავის, აღმოსავლეთიდან კი – გურჯაანის მუნიციპალიტეტი. 1933 წლამდე მუნიციპალიტეტი იწოდებოდა როგორც გარეკახეთის რაიონი. დამოუკიდებელი რაიონის სტატუსით სარგებლობს 1930 წლიდან.
ამჟამად მისი ფართობია 1555,63 კვ.კმ . მის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი (ქალაქი საგარეჯო რაიონის ჩამოყალიბებიდან მისი ადმინისტრაციული ცენტრია, თუმცა ქალაქის სტატუსი მას 1962 წელს მიენიჭა) და 42 სოფელი.



მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება, როგორც მთიანი, ისე ვაკე რელიეფი. ჩრდილოეთი ნაწილი უკავია ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთას. მთლიანად გომბორის ქედი ოროგრაფიულად კავკასიონის მთიან სისტემას მიეკუთვნება და მისი განუყოფელი ნაწილია. იგი წარმოდგენილია კარგად გამოხატული საშუალომთიანი მთა-ხეობათა რელიეფის ტიპით, 1991 მ აბსოლუტური სიმაღლით (მ.ცივი-1991 მ) დიდ სიღრმეზე (500-დან 1000 მ-მდე) დანაწევრებით.

ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი ივრის ზეგანზეა გაშლილი, რომელიც ძირითადად აგებულია ნეოგენური და მეოთხეული პერიოდის ნალექი ქანებით. მდინარე ივრის გასწვრივ საგარეჯოსა და კაჭრეთს შორის გადაჭიმულია ფართო ტექტონიკური დეპრესია, რომელშიც წიწმატიანისა და კაჭრეთის აკუმულაციური ვაკეებია. მათ ერთმანეთისაგან ყოფს მთა საყარაულო (594 მ). ვაკეები არის სამხრეთითაც: უდაბნოს, აჯის და ა.შ. ზეგანზე დაბალი ანტიკლინური სერებია: ნატახტარი, გორი, საქარა, ყარანლიქდარი, თეთრი უდაბნო და იალა-ჯიხი. აქვე გაბნეულია დაბალი მთები: ნატახტარი (967 მ), დემურდაღი (991 მ), ქვაკაცა (861 მ), ტინიანი (764 მ), ნაომარი (972 მ), აქლემის გორა (964 მ) დათვისსერი (583 მ), თეთელი (770 მ) და ა.შ.

ივრის ზეგანზე ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული ნალექების ორი მინიმუმით წელიდადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°-12°, იანვრის -1,1°-იდან 0,1° მდე. აბსოლუტურ მინიმუმი -26°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 39°. ნალექები 700-860 მმ წელიდადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში. გომბორის ქედის მთისწინეთში და ქვემო კალთებზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. გომბორის ქედის თხემზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული.
მდინარეთა ქსელს რაიონში ქმნის მდინარე იორი და მისი შენაკადები.


მათგან გამოსარჩევია მარცხენა შენაკადები: ვაშლიანი, გომბორი, ლაფიანხევი, კალოთხევი, თვალთხევი, ჩაილური და ა.შ. აღსანიშნავია რომ მუდმივწყლიანი მხოლოდ ვაშლიანი და გომბორია, დანარჩენები კი - დროებითი მდინარეებია. ლაფიანხევი (წყალდიდობისას მოაქვს ბევრი ტალახი და რიყნარი მასალა) და თვალთხევი სელური თვისებისაა. აქ წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია. იგი უკავშირდება ძლიერ წვიმებს და მთებში თოვლის დნობას. მდ.ივრიდან გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი.
ივრის ზეგანზე ბევრი პატარა ტბაა: ქაჩალტბა, სახარე ტბა, კუპატაძის ტბა, ჯიქურების ტბა და ა.შ. აღსანიშნავია რომ ყველა მათგანი მლაშეა და შეიცავს დიდ რაოდენობით გლაუბერის მარილს. ტბებიდან ზოგიერთი ზაფხულში შრება. რაიონის ტერიტორიაზე გვხვდება ასევე მლაშე წყაროებიც.
კლიმატური პირობების შესაბამისად ჰიდროგრაფიული ქსელი მეჩხერია. მას ქმნის, როგორც უკვე აღინიშნა უმთავრესად პერიოდული მდინარეები, რომელთათვისაც ნიშანდობლივია არამუდმივი ჩამონადენი, ისინი მხოლოდ უხვი ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის დროს ივსებიან წყლით და რამდენადაც წვიმებს აქ ხშირად თავსხმის ხასიათი აქვთ, ეს მდინარეები უეცარი წყალმოვარდნით ხასიათდებიან.
გომბორის ქედის ტყეებში ბინადრობენ შველი და მურა დათვი. თითქმის ყველგან გვხვდება კურდღელი, მგელი, მაჩვი, კვერნა, მელა, ტურა, დედოფალა; მცირე რაოდენობით არის ლელიანის კატა და ზოლებიანი აფთარი. ორნითოფაუნას ქმნიან ხოხობი, გარეული მტრედი, მწყერი, კაჭკაჭი, კვირიონი, ყვავი და სხვ. მდინარე იორში მოიპოვება ქაშაპი, მტკვრის ტობი, გველანა, ფრიტა, ხრამული, მურწა და სხვა სახეობის თევზი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მცენარეული საფარით მდიდარი და მრავალფეროვანია, ივრის ზეგანზე გავრცელებულია უროიანი და ვაციწვერიანი სტეპი, დიდ ფართობზეა ჯაგეკლიანი სტეპის ფრაგმენტები. ივრისპირეთში შემორჩენილია ჭალის ტყე, ჭალის ვერხვით, ჭალის მუხით, თელით, წნორით და ა.შ.
რაიონში იშვიათია ქსეროფიტები, გომბორის ქედის მთისწინეთში არის მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანი სტეპი, მთის ქვემო კალთები დაფარულია მუხნარ-რცხილნარით, ზემო ნაწილში წიფლნარით, რომელსაც ურევია ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა. ქედის სამხრეთ ექსპოზიციის კალთებზე აქა-იქ არის მთის ფიჭვნარი, მას ვრცელი ტერიტორია უკავია მარიამჯვარის ნაკრძალში (1033 ჰა). ასევე რაიონში არის ჭალის ტყის ივრის ნაკრძალიც. გომბორის ქედის მაღალ ადგილებში გავრცელებულია მეორადი სუბალპური მდელოები. ზემოთ აღნიშნული სტეპებისა და ტყესტეპების მცენარეულობა გამოიყენება საზამთრო საძოვრებისა და სათიბების სახით, ხოლო სუბალპური მდელოები კი საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენენ.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ივრის ხეობასა და გომბორის ქედის მთისწინეთში. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზ.დ. 400-800 მ ფარგლებში. უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმთავრესად ქართველები ცხოვრობენ (65%), არიან ასევე აზერბაიჯანელები (32%), რუსები და ოსები. აზერბაიჯანელები დასახლებულები არიან სოფელ იორმუღანლოში, დუზაგრამაში, პალდოში, თულარში, ლამბალოში, წიწმატიანში, ქეშალოში, კაზლარში.
ღირშესანიშნაობები:დავით გარეჯი:დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი.
დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“).
XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.
გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.
გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.
XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.
XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.
1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.
XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები.
XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.


უჯარმა: უჯარმა მდებარეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე. მის ნანგრევებს დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.
ციხე მდებარეობდა მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე. კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი მიუვალ პიტალო კლდეს წარმოადგენს. სწორედ აქაა განლაგებული ციტადელი.
ფეოდალიზმის ჩასახვის პერიოდში საქართველოში რამდენიმე ქალაქი გაჩნდა. მათ რიცხვს ეკუთვნის უჯარმაც. მატიანეთა ცნობებით, უჯარმა წარმოშობილა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს. ,,ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“.
IV საუკუნეში მირიან მეფეს თავისი ძის, რევისათვის მიუცია საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, ხოლო რეზიდენციად - უჯარმა.
ქალაქი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია ვახტანგ გორგასალმა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ჯუანშერი წერს: ,,ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა“ მემატიანე მართალი იყო, როდესაც ამბობდა, ვახტანგმა იქ ,,უზომო“ შენობები ააგოო. მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფეს იმედი ჰქონია ამ ნაგებობებისა. სპარსთა მეფის ხოსროს მოახლოებისას ვახტანგს კათალიკოსისათვის უთქვამს: ,,დადეგ ეკლესიასა... რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცნი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. იქიდან წასულმა ვახტანგ მეფემ გმირული ბრძოლით ისახელა თავი, მაგრამ მოღალატისაგან მუხანათურად ნასროლმა ისარმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა, ვეღარ განიკურნა და ,,აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა“ მის მიერ აგებულ უჯარმაშივე. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. ეს ითქმის უმეფობის ხანაზედაც. მაგალითად, VI საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ახლად გამარჯვებული ფეოდალური წყობილების დროს გუარამ კურაპალატი განაგებდა, მას კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ბაკურ მეფის შვილებისათვის მიუცია.
დღეს არსებულ ნანგრევებში ქალაქის ქვედა გალავნისაგან აშკარად გამოიყოფა ციტადელი, რომელსაც გრძელი მრავალგვერდას ფორმა აქვს. მისი გალავანი, რომელიც კოშკებითაა გამაგრებული, მთის რელიეფს მიჰყვება, რათა მტერს ნაკლები ფეხის მოსაკიდი ჰქონოდა. ციტადელის შიგნით იდგა მცირე ზომის კარის ეკლესია, ორსართულიანი სასახლე, წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ჩრდილო ფერდობზე, ციტადელიდან მდინარის ნაპირამდე, ქალაქის ტერიტორია ოთხკუთხედად იყო შემოფარგლული კედლებით. გალავნის კუთხეებში და საპასუხისმგებლო ადგილებზე კოშკებია ჩარიგებული. ციხის კედლები ყრუა. ასევე ყრუკედლებიანია კოშკებიც. როგორც ეტყობა, თავდაცვა მაღალი გალავნის ქონგურებიანი საბრძოლო ბილიკიდან და კოშკების ბანებიდან ხდებოდა. კოშკები ორი ან სამსართულიანია. მათ კარები და დიდი ხალვათი ფანჯრები მხოლოდ ეზოსკენ აქვთ მოწყობილი
ქალაქის ჭიშკარი ციხის დასაელეთ ნაწილში მდებარე კოშკში იყო დატანებული. დამხმარე კარები უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთითაც. ქალაქის წყლით მომარაგება შედარებით ადვილად ხდებოდა, რადგან ციხე მდინარის ნაპირთან მდებარეობდა. მდინარისპირა გალავნის შუაში მდგარ კოშკს კარი აქვს დატანებული წყალზე ჩასასვლელად. მდინარესა და კოშკს შორის არსებული მცირე მანძილიც საგანგებო კედლებით იყო დაცული. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ ციხეს ჰქონოდა საკუთარი წყალსადენი კარგი სასმელი წყლით.
არქიტექტურული თვალსაზრისით უჯარმის ციხე იშვიათი გემოვნებითაა ნაგები. გალავანი და კოშკები კარგი პროპორციებითაა შერწყმული. მთლიანად ანსამბლს მონოლითური სახე აქვს.
არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X საუკუნის დასაწყისში იგი მოქმედებდა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, მაგრამ ციხედ აღარ ყოფილა გამოსარჩევი. იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმა მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა. მაგალითად, როდესაც 914 წელს მოსულა არაბთა ამირა ბულ-კასიმი, იგი დიდი ჯარით უპირველეს ყოვლისა უჯარმას შემოდგომია. ციხეს, თურმე, მხოლოდ სამასი კაცი იცავდა. ცხადია, მეომართა ასეთი მცირე რაზმი ვერას გახდებოდა არაბთა დიდძალი ჯარის წინაადმდეგ, მიუხედავად ამისა, წინაადმდეგობა რამდენიმე დღეს გაგრძელებულა. როდესაც დარწმუნებულან, რომ მაშველი არსაიდან მოდიოდა, ერთ ღამეს მეციხოვნეებს თვითონ დაუცლიათ ციხე. მტერსაც არ დაუყოვნებია: ციხეში შესულა და მისი კედლები დაურღვევია. მიუხედავად ამისა, ციხე მალე ისევ აღუდგენიათ და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში მას მაინც საკმაო წონა ჰქონია. კახეთის ქორეპისკოპოსის ძმამ იგი აფხაზთა მეფეს, გიორგის, გადასცა.
მომდევნო საუკუნეებში უჯარმა ქვეყნის ცხოვრებაში უკვე ნაკლებად ღებულობს მონაწილეობას და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე მასშტაბის დასახლებული პუნქტი.
ხაშმის სამება: ან კაწარეთის სამება - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
მანავის ციხე: მანავის ციხე – ციხესიმაგრე გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. ვახუშტის განმარტებით:
„„ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი“.“
ამ ცნობის მიხედვით, უკვე XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში მანავის ციხე, დანგრეული ყოფილა.
ციხის მშენებლებს მეტად მარჯვე ადგილი შეურჩევიათ: ამ ადგილას ხეობაც შედარებით გაშლილია და ანსამბლსაც მაღალი მთები აკრავს. ციხე აღუმართავთ წამოწეული მთის ყველაზე მაღალ წვერზე. დღეისათვის იგი ისეა დანგრეული, რომ თავდაპირველი სახის აღდგენა მხოლოდ მიახლოებით თუ შეიძლება. ზოგადი ნიშნებით ციხის ძველი ფენა X–XI საუკუნეებით თარიღდება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებით.
მიუხედავად მაღალი მდებარეობისა ციხე მიუდგომელი არაა. ბუნებრივად ყველაზე მეტად დაცულ მხარეს დასავლეთი წარმოადგენს. დანარჩენი მხარეებიდან დაცვა ძირითადად კედლებს ეკისრებოდა.
სიმაგრეს ჰქონია ციტადელიც. მას მაღალი ადგილი ეკავა, ქვედა ციხე კი მასზე აღმოსავლეთიდან ყოფილა მიდგმული. ქვედა ციხე ციტადელს თითქმის ორჯერ აღემატება. ვახუშტის ცნობით, აქ ერთ ხანს მეფის რეზიდენცია ყოფილა და ამ რეზიდენციის მთავარი ნაგებობები სწორედ შიდა ციხეში იყო. ციხეში მთავარი შესასვლელი მდებარეობდა ქვედა ციხის ჩრდილო კედლის შუაში. აქ მდგარა კოშკი, რომლის ქვეშაც ყოფილა კამაროვანი გასასვლელი. ციხეებში ასეთ გადაწყვეტას XVII საუკუნეზე ადრე არ ვხვდებით. შესასვლელის დამცველი კოშკი დღეს უკვე მთლიანად დანგრეულია: ციტადელში შესასვლელი აღმოსავლეთის კედელში, ქვედა გალავნის ჭიშკრის მახლობლად ყოფილა. ამ შესასვლელის კედლები მონგრეულია და მისი ზომები და ფორმები არ ირკვევა.
ციტადელი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია. მისი სიგრძე (ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით) თითქმის ორჯერ აღმატება სიგანეს. გარე კედლებიდან უკეთაა შემორჩენილი დასავლეთის და ჩრდილოეთის, დანარჩენისაგან მხოლოდ კვალიღა ირკვევა. ჩრდილოეთის გალავნის შუაში მოზრდილი სამსართულიანი სახლი მდგარა. მისგან დარჩენილია 6-7 მეტრის სიგრძის კედელი. მესამე სართულის კედლიდან მხოლოდ ქვედა ნაწილია შერჩენილი. შენობის გარე კედელი ყრუა. აქვე, პირველი სართულის ქვეშ ჩადგმული ყოფილა მცირე ზომის სწორკუთხა წყალსაცავი, რომელსაც კამაროვანი გადახურვა აქვს.
ამ შენობის აღმოსავლეთით ჩანს დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები. მისი გეგმა თითქმის კვადრატულია. ქვედა სართული დაფარულია ნანგრევებით. მეორე სართულს აქვს კარი ეზოს მხარეს და სარკმელი კარის პირდაპირ. კარის მარჯვნივ, კუთხეში, პატარა ნიშებია. მესამე სართულის კედლის ფრაგმენტებში რაიმე დეტალი უკვე აღარ გაირჩევა. ციტადელის სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლები ნახევარწრიული ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. როგორც ეტყობა, კოშკები ამ მხარეებზე არ მდგარა. ციხის გალავნის ზედა ნაწილი, ისე როგორც სხვაგან, აქაც არაა შერჩენილი, ამიტომ თავდაცვითი ელემენტების სისტემის გარკვევა ძნელდება.
შიდა ციხის დასავლეთ გალავნისგან სამხრეთის ბოლოღაა დარჩენილი. აქაც, კუთხეში მოზრდილი კოშკოვანი სახლი მდგარა. მისი გეგმა არ იკითხება, რადგან სამი კედელი დანგრეულია, ქვედა ნაწილი კი ნანგრევებშია ჩაფლული. მეოთხე, დასავლეთის კედელზე სამი სართულის კვალი ჩანს. იგი სიმაღლით 8 მეტრს აღემატება. პირველ სართულს მაღალი და განიერი სარკმელი აქვს, მეორე სართული კი ამ მხარეს ყრუა. მესამე სართულს მცირე ზომის სათვალთვალო ხვრელი აქვს დატანებული. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ამ მხრიდან შენობისათვის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში დიდი ბურჯი მიუდგამთ, დასავლეთის მთელ სიგრძეზე კი კედელი მიუშენებიათ, რომელსაც პირველი სართულის სარკმელი სანახევროდ დაუფარავს. ციტადელის შუაში ჯგუფად დგას მცირე ზომის სამი ეკლესია. მათგან ყველაზე ადრეულია ჩრდილოეთით მდგარი. მის შიდა კედლებს მოხატვის კვალი არ ეტყობა, ფასადები კი კარგად თლილი შირიმის ქვითაა შემოსილი.
იმის გამო, რომ ციხე მთის წვერზე დგას და აქ წყალს წყალსადენით ვერ ამოიყვანდნენ, სავარაუდოა, რომ ციხის წყლით მომარაგება ან მოზიდვით ხდებოდა, ან წვიმის წყლის დაგროვებით.
ვახუშტის ცნობით, მანავის ციხეში თავისი რეზიდენცია გადმოაქვს კახეთის მეფეს დავით II (1703-1722). ცხადია იგი გამოიყენებდა ადრეული ციხის ნანგრევებს. სამწუხაროდ, მის მიერ აგებული სასახლის ფრაგმენტები სრულად ვერ დგინდება.
ნინოწმინდის კომპლექსი: ნინოწმინდა, გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში.
ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს.
ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოტახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა - რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით.
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსისშვილი და სხვა.
იორის აღკვეთილი: 1965 წელს შეიქმა იორის სატყეო მეურნეობა, რომლის ბაზაზე სასარგებლო სანადირო ფაუნის გამრავლების და განსახლების მიზნით 1996 წელს დაარსდა იორის აღკვეთილი. აღკვეთილის ფართობი 1336 ჰექტარია. ის თბილისიდან 140 კმ არის დაშორებული.
აღკვეთილი აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში მდებარეობს, ქალაქ საგარეჯოსთან ახლოს. მისი მიმდებარე სოფლის სამეურნეო სავარგულები, რომლებიც მდინარე იორის წყლით ირწყვება, გამოირჩევა ვენახების, ზვრების და ყურძნის ჯიშების სიმრავლით.
საგარეჯოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენაა გაკეთებული, მათ შორის გათხრილია ბრინჯაოს ხანის სამარხები, ნაპოვნია წინა ქრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები, მდიდარი კერამიკული მასალა.
აღკვეთილის სიახლოვეს შუა საუკუნეების ორი მნიშვნელოვანი
ძეგლი მდებარეობს: მეთორმეტე საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც დღესაც მოქმედია და გიორგიწმინდის იმავე პერიოდის ეკლესია.
ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მისდევს
მეღვინეობას. განვითარებულია აგრეთვე მეხილეობა,
მებოსტნეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობა. საგარეჯოს
რაიონი, ისევე როგორც მთლიანად კახეთი, გასაოცარი მრავალხმიანი სიმღერებითაა განთქმული.
მარიამჯვარის ნაკრძალი: მარიამჯვრის ნაკრძალი თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (1040 ჰა). ეს გარე კახეთია- ვენახების, ზვრების და ყურძნის ჯიშებით გამორჩეული ბარაქიანი მხარე. ნაკრძალიდან, ისევე როგორც მთელი ცივ-გომბორის ქედიდან გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოსჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები, უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრებად ვარგისი, მაგრამ ძალიან თავისებური სილამაზის
მქონე ივრის ზეგანი. ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაა მეთორმეტე საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის უნიკალური გურჯაანის ორგუმბათოვანი
ბაზილიკა. სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე სოფლებში შემორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის ქვის სახლები, ძველი მარნები და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშები. საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი ძველი სამარხები, წინა ქრისტიანული და შუა საუკუნეების
ნაგებობათა ნაშთები, ძველი ქვევრები და სხვადასხვა პერიოდის კერამიკული მასალა. კახეთის მოსახლეობა ოდით - განვე მისდევდა სოფლის მეურნეობას და მეტადრე მევენახეობას. ადგილობრივთა ეთნო გრა -
ფიულ ყოფაში მრავალხმიანი ხალხური სიმღერები და ვაზისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალებია შემონახული.
1959 წელს მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს კავკასიური რელიქტის, კავკასიური ფიჭვის კერის
დაცვა-შენახვა და მასზე მეცნიერული კვლევის წარმოება იყო.