..................................................................................
ჩემპიონი - 2 (1998, 1999)ეროვნება - ფინელიჩატარებული რბოლები - 165გამარჯვებები - 20პოული - 26მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა - ერჩივნა მის სარბოლ ნიჭს ელაპარაკა მის მაგივრად და ეს ნიჭი ნამდვილად ბევრს ლაპარაკობდა ფინელზე, რომელსაც ყოველთვის უსწრაფესად დაჰყავდა ბოლიდი. ყველას მოსწონდა ეს წყნარი ხასიათის ვარსკვლავი და ყველა აფასებდა მამ ამაცი ადამიანის მიერ მიღწეულ წარმატებებს, რომელიც კინაღამ დაიღუპა, სანამ სარბოლ მწვერვალებამდე ავიდოდა. რამდენადაც სწრაფი იყო, იმდენად სტაბილური - მან ჩატარებული რბოლების ნახევარზე მეტში მოახერხა ქულების დაგროვება და ოცჯერ ავიდა პოდიუმის უმაღლეს სადეხურზე. 11-წლიან პერიოდში, როდესაც ის და მიხაელ შუმახერი გამოდიოდნენ, მხოლოდ მიხაელმა მიაღწია მეტს და ამბობდა კიდეც, რომ ყველაზე დიდ პატივს სწორედ მიკა ჰაკინენს სცემდა.
1968 წლის 28 სექტემბერს მიკა პაული ჰაკინენის დაბადებიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ მისთვის მშობლებმა კარტინგის ბოლიდი დაიქირავეს, სახლის მახლობლად მდებარე ტრასაზე საცდელად. მიკამ ბოლიდი პირველივე წრეზე დაამტვრია, თუმცა თვითონ ტრავმა არ მიუღია. მისი პირველი სარბოლო გამოცდილებაც მამის სახის გამომეტყველება გახდა იმ მომენტში. ამ შემთხვევის მიუხედავად, მიკა მშობლებს არ ეშვებოდა, სანამ ჰარიმ (მოკლეტალღოვანი რადიო ოპერატორი და ტაქსის მძღოლი) და აილამ (მდივანი) მას საკუთარი კარტი არ უყიდეს. მიკა თანდათან უკეთეს და უკეთეს შედეგებს აჩვენებდა და ამან თითქმის მთელი ოჯახი სარბოლო საქმისაკენ მიიზიდა - მისი და ნინაც კი. ისინი რბოლებზე მიკროავტობუსით დადიოდნენ და მათ მიერ შექმნილ გუნდში ასპარეზობდნენ. იმის მიუხედავად, რომ მიკას სწავლას "საქმე" ერჩივნა, მან საშუალო სკოლა დაასრულა, სანამ მეტალის დამამუშავებელ კურსებზე ჩაეწერებოდა, თუმცა მალე ეს საქმიანობა მიატოვა სარბოლო კარიერის გასაგრძელებლად და 1986 წლისათვის კარტინგში ხუთგზის ჩემპიონი იყო და თანამემამულე კეკე როსბერგის (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1-ში) პროტეჟე გახდა. ისინი ფინელებისათვის დამახასიათებელ ადგილას, საუნაში შეხვდნენ ერთმანეთს და იქიდან მოყოლებული როსბერგი მისი მენეჯერი გახდა, რათა მოეგვარებინა ურთიერთობა სპონსორებთან რომლებიც მიკას თავის "flat out" (მაქსიმუმზე) (ორი ფინელის საყვარელი გამონათქვამი) გამოვლენაში დაეხმარნენ ფორმულას დაბალ, ახალგაზრდულ კლასებში.
ახალმა "მფრინავმა ფინელმა" სკანდინავიის ფორმულა "ფორდის" სამი ტიტული, ოპელ ლოტუსის ევროსერიები და ბრიტანეთის ფორმულა 3-ის ჩემპიონობა მოიგო, რის შემდეგაც ფორმულა 1-ის გუნდ "ლოტუსში" აღმოჩნდა 1990 წელს. მართალია, "ლოტუსი" დაღმავალ პერიოდში იმყოფებოდა, მაგრამ მიკას აშკარა ნიჭი ყველამ შენიშნა და მასზე მოთხოვნაც დიდი იყო. 1993-ში ის "მაკლარენის" შეფმა რონ დენისმა გადაიყვანა (და შემდგომში მშობელივით უვლიდა) ტესტ-პილოტად და ამასთანავე აირტონ სენასა და მარიო ანდრეტისაგან გამოცდილების მისაღებად. როდესაც ამ უკანასკნელმა სეზონის დასრულებამდე სამი რბოლით ადრე ფორმულა 1 დატოვა, მიკა სუპერვარსკვლავი სენას გუნდელი გახდა და სენსაციურად დაამარცხა ის პორტუგალიის ეტაპის კვალიფიკაციაზე. სენას უილიამსში გადასვლის (სადაც ის მოგვიანებით დაიღუპა) შედეგად მიკა "მაკლარენის" წამყვანი პილოტი გახდა, თუმცა ჯერ კიდევ გააჩნდა დასახვეწი მხარეები - ჰოკენჰაიმზე ის პირველ წრეზე მომხდარ ავარიაში (სადაც ათამდე ბოლიდი მოხვდა) დამნაშავედ ცნეს და ერთ-რბოლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს.
მისი კარიერის უმძიმესი ავარია არა მისი ბრალი, არამედ გარემოებების ფატალური დამთხვევა იყო - 1995 წლის სეზონი საკმაოდ იმედისმომცემი ჩანდა - მიკას ანგარიშზე შვიდი პოდიუმი იყო - თუმცა ადელაიდაში ეს ყველაფერი კატასტროფულად დასრულდა - თავისუფალ ვარჯიშებზე ტრასაზე დარჩენილმა მცირე ნამტვრევებმა მისი საბურავი გახვრიტა და მიკას ბოლიდი კედლისაკენ წარმოუდგენელი სისწრაფით გაისროლა. სასწრაფო დახმარების გუნდი მაშინვე მიიჭრა მის დასახმარებლად - მიკას პირიდან უხვი რაოდენობის სისხლი მოსდიოდა და ჟანგბადის ნაკლებობისაგან გალურჯებული იყო. ექიმებმა FIA-ს სამედიცინო დელეგატის, პროგესორი სიდ უოტკინსის ხელმძღვანელობით, სასწრაფო ტრაქეოტომია ჩაატარეს, როდესაც მის ყელში მილი ჩასვეს, რათა მიკას სუნთქვა შესძლებოდა, ამის შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბეწვზე ეკიდა. აღქმის უნარის დაბრუნების შემდეგ მიკამ მის გარშემო მყოფი სახეები იცნო, რომელთა შორის მისი მეგობარი გოგონა ერიაც იყო, რომელიც მას ამის შემდეგ დამდგარ რთულ პერიოდში უვლიდა ექიმებთან ერთად.
მიკამ ნელ-ნელა აღიდგინა ფიზიკური კონდიციები თავის მონაკოს სახლში, სადაც, როგორც ხუმრობდა, მის კუ კაროლინაზე მეტ ხანს ეძინა. თუმცა გარკვეული ფუნქციების აღდგენა მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც საუბრის ნელი მანერა დარჩა. რბოლებში დაბრუნების თაობაზე მისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელი იყო. "შიშის დამარცხება მხოლოდ პირდაპირი შეტევით შეიძლება, ასე რომ კვლავ მაქსიმუმზე უნდა გამოვსულიყავი", იხსენებდა მოგვიანებით. 1996 წლის დასაწყისში მოწყობილ პირად ტესტირებაზე ის ისევ ისეთი სწრაფი იყო, როგორც ყოველთვის.
"მფრინავი ფინელს" ამ სისწრაფის გამარჯვებებში გადატანა აკლდა. როდესაც ეს გამარჯვება მოვიდა (1997 წლის ბოლო რბოლაზე, ხერესში), მისი შეფასება რთული იყო, რადგან მისმა თანაგუნდელმა დევიდ კულჰარდმაც და უკვე თითქმის ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმაც მას გზა დაუთმეს პირველი პოზიციისაკენ. მეორე გმარჯვება 1998 წლის გახსნით ბოლაზე ასევე კულჰარდის მიერ რბოლამდე მიცემული პირობის შედეგი იყო. ამის შემდეგ კი ჰაკინენს უკვე ვერაფერი აჩერებდა, თუმცა მიხაელ შუმახერი მათ მიერ ბრძოლაში გატარებულ სეზონში ბევრს ეცადა. საბოლოოდ მიკამ 16 რბოლიდან ნახევარი მოიგო (შუმახერმა ექვსი) და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა.
შემდეგ სეზონში ტიტულის დაცვის საქმე მიკას შუმახერის გამოთიშვით (ფეხის მოტეხვის გამო) გაუიოლდა და მიკამ საბოლოოდ "ფერარის" ედი ირვაინი დაამარცხა მეორე ტიტულის მოსაპოვებლად. თუმცა ამ სეზონში ერთი უჩვეულო მომენტს მაინც ჰქონდა ადგილი - მონცაზე ლიდერობისას მიკამ მოსახვევში არასწორი გადაცემა აარჩია და მოსრიალდა. ბოლიდიდან გადმოსვლის შემდეგ იგი ღობეს გადაახტა, იქვე ხეებთან დაჯდა და ატირდა. ეს საკვირველი სანახავი იყო უემოციო ფინელისაგან.
სინამდვილეში, მიკა მგრძნობიარე ადამიანი იყო, რომელიც ხშირად ღრმა ფიქრებში იყო, თუმცა ამას არ ამხელდა. მონცას შემთხვევაზე მან განაცხადა: "ორი აზრი არ არის, ფორმულა ერთი გონებრივი ბრძოლაა. ხანდახან იმდენად დაძაბული ფიქრი გიწევთ, რომ ყურებიდან ბოლი გამოგდით, გონების სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება აუცილებელია, თორემ თქვენივე ბოლიდი გაგასწრებთ."
ის გამარჯვებებს აგრძელებდა, ოთხჯერ 2000 წელს და ორჯერ შემდეგ სეზონში, როდესაც ის და ერია პატარა ჰუგო ჰაკინენის მშობლები გახდნენ. მამის როლმა მიკა ამ სპორტის ხიფათზე დააფიქრა და მას ამის გამო ხანდახან იმ სისწრაფის შენარჩუნება უჭირდა, რომელმაც ის საქვეყნოდ ცნობილი გახადა. 2001 წლის ბოლოს, რომელიც მისი მეცხრე წელი იყო "მაკლარენში", მან ერთწლიანი პაუზის შესახებ გამოაცხადა, თუმცა შემდეგ აღარც დაბრუნებულა ფორმულა ერთში, სადაც ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მაქსიმუმზე დაჰყავდა, ძალიან აკლდა ყველას.
©Faskunjii
.............................................................................................