პრესის დამონების მორიგი მცდელობა?!
საიდან დაიწყო ყველაფერი?
სანამ გაჭრით, ბევრჯერ გაზომეთ
თბილისის ქუჩებში ახალ საგაზეთო ჯიხურებს დგამენ. ეს სიახლე, ალბათ, დიდ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. კერძოდ, გამომცემლებისათვის და პრესის გამავრცელებელი კომპანიებისთვის უცნობია (რეალურად), ახალი ჯიხურებით რომელი კომპანია შემოდის ბაზარზე ან როდის, სად და როგორ ჩატარდა ტენდერი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საგაზეთო ჯიხურების განთავსებაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თუ ბიზნესმენის ვინაობის გარკვევასაც გულგრილად დაელოდებოდა კაცი, რომ არა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი, - დღეისათვის პრესის გამავრცელებელ სხვა ყველა კომპანიას ჯიხურების განთავსების ვადა ამოწურული აქვს ან უახლოეს ხანში ეწურებათ, მერია კი გაუგებარი მიზეზით უარს ამბობს ვადის გაგრძელებაზე. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი\, რომ ხელისუფლება ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ბაზარზე თავისი კონტროლირებადი კომპანიის შემოყვანასა და გაბატონებას ცდილობს. ეჭვს აძლიერებს მერიის კულუარებიდან გამოჟონილი ხმაც იმის თაობაზე, რომ ტენდერი საერთოდაც არ ჩატარებულა. ამასთან, საქართველოს პარლამენტში 2008 წლის ბოლოს საშემოდგომო სესიებზე ორი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი «გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ». მისი მესამედ მიღებისა და დამტკიცების შემდეგ ხელ-ფეხი შეეკვრებათ პრესის გავრცელების ბაზარზე რამდენიმე კომპანიასთან ერთად მოქმედ ასეულობით ფიზიკურ პირს, რომლებიც ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს ქმნიან, მოქალაქეები კი ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობენ ჟურნალ-გაზეთებს.
პრესის მუშაკები შიშობენ, რომ ეს კანონი პრესის «მოსარჯულებელი» გეგმის ერთი ნაწილია და ხელისუფლება აპირებს ამ სფეროს მონოპოლიზებას. ის კი თამაშის წესებს უკარნახებს თავისუფალ ბეჭდვით გამოცემებს. მაგალითად, პრესის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად მონოპოლისტს შეუძლია მოითხოვოს არარეალურად მაღალი ფასი, ხელოვნურად შეზღუდოს რომელიმე გამოცემის რეალიზაცია და სხვ., რითაც საფრთხე შეექმნება დამოუკიდებელ პრესას. ამჟამად თავისუფალი პრესის გამომცემელთა უდიდესმა ნაწილმა უარი თქვა ამ ახალ გავრცელების ქსელში საკუთარი ჟურნალ=-გაზეთების შეტანაზე - მინიმუმ მანამდე, სანამ არ გაირკვევა, რა მოტივი ამოძრავებს ხელისუფლებას და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვა თავისუფალი პრესის ამ გადაწყვეტილებას: ახალი ჯიხურების ქსელის მესვეურები ახლომახლო არსებულ (ჯერ კიდევ არსებულ. - ავტ.) სტელაჟებსა თუ სტენდებზე ყიდულობენ ჟურნალ-გაზეთებს, მიაქვთ თავიანთ ქსელში და იმავე ფასში ყიდიან(?!). ვფიქრობ, მკითხველისთვის ყველაფერი ნათელია. ამით ეჭვი, რომ პრესის გავრცელების ახალი ქსელი არა ბიზნეს, არამედ პოლიტიკური პროექტია, უფრო სარწმუნო ხდება.
საიდან დაიწყო ყველაფერი?
ჯერ იყო და პრეზიდენტმა სახელმწიფო ორგანიზაციებს აუკრძალა ჟურნალ-გაზეთების გამოწერა. მერე ქართული პრესა «წყალს გაატანა», ქართული ჟურნალ-გაზეთების წასაკითხად დროს როგორ დავკარგავო. ახლა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ისევ მოუბრუნდა გული ქართულ პრესაზე, მაგრამ ფაქტები კვლავაც თავისუფალი სიტყვის შევიწროებისა და ჩახშობის სურვილზე მიუთითებს. 2007 წლის ივნისის დამდეგს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, საგაზეთო ჯიხურები ქუჩებს აუშნოებსო და ამიტომაც სასწრაფოდ მოითხოვა მათი აღება. განკარგულების გაცემა და შესრულება ერთი იყო. დედაქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან საგაზეთო ჯიხურები და სტელაჟები გააქრეს ან ჩიხებში ისე შეყუჟეს, იოლად არავის მოხვედროდა თვალში. არადა ფაქტია, რაც უფრო მეტ ადგილზე და რაც უფრო თვალში საცემად დგას საგაზეთო სტენდი, მით მეტი ადამიანი ყიდულობს პრესას. გასაკვირი იყო მერის განცხადება, თითქოს დასავლეთის ქვეყნებში ცენტრალურ ქუჩებზე პრესის ჯიხურები არსად დგას. როგორც ჩანს, ბატონ მერსა და სახელმწიფო მოხელეებს დასავლეთის ქვეყნების დიდი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში ფეხით არასოდეს გაუვლიათ, ან ჰგონიათ, მათ გარდა უცხოეთში არავინ დადის და ასეთ უარგუმენტო მტკიცებულებას იოლად დავუჯერებთ. პარიზში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან საგაზეთო ჯიხურებისა და სტელაჟების მთელი წყება დგას.
პრესის გავრცელების მრავალფეროვანი საშუალებები: ჯიხურები, სტელაჟები, ავტომატები და ა.შ. გამოყენებულია გერმანიასა და ავსტრიაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე (ევროპას რომ თავი დავანებოთ), თითქმის ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ ჟურნალ-გაზეთებით აჭრელებულ სტელაჟებსა და კოხტა ჯიხურებს, გაზეთის შეძენა სპეციალურად ამისთვის დადგმულ ავტომატებშიც შეიძლება.
ძნელი წარმოსადგენია, დემოკრატიულ დასავლეთში ვინმეს თვალში ეჩხირებოდეს პრესის გამავრცელებელი სხვადასხვა საშუალება. იმავე მანჰეტენზე, «გრანდ ცენტრალის», მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია სავსეა პრესის გამავრცელებელი ჯიხურებითა და სტელაჟებით. სტელაჟებს დაუბრკოლებლად დააგორებენ ქუჩაში. ადგილმდებარეობას იმის მიხედვით უცვლიან, საითაც უფრო მეტი მყიდველი ეგულებათ. ამიტომაც ჩვენი დიდმოხელეების განცხადებამ, პრესის გამავრცელებელი ჯიხურები და სტელაჟები თბილისს აუშნოებსო, მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება პრესის გავრცელების შეზღუდვას ცდილობდა.
იმ დროს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ავალიანმა «კვირის პალიტრასთან» საუბარში კატეგორიულად განაცხადა: - არავითარი წნეხი პრესაზე, მხოლოდ და მხოლოდ ქუჩებში არსებულ ქაოსს ვაწესრიგებთ, თანაც ამას ჯიხურებისა და სტელაჟების მეპატრონეებთან შეთანხმებით ვაკეთებთო. შეთანხმება კი ასეთი გაფრთხილებით გამოიხატებოდა, - თუ ჯიხურებს თვითონ არ აიღებთ, ჩვენ დავანგრევთო...
ამხელა მითქმა-მოთქმა ხომ არ ატყდებოდა, ჯიხურების განთავსებაზე ტენდერი სახალხოდ რომ გამოგეცხადებინათ და სხვებისთვისაც მიგეცათ მასში მონაწილეობის მიღების საშუალება?! თუ მართლა ბეჭდვითი მედიის «მორჯულების» სურვილი არა, აბა, რა განაპირობებს ასეთ უადგილო «კონფიდენციალობას?» კიდევ ერთხელ გვიჩნდება კითხვა, თუ მაინცდამაინც ის ძველი ჯიხურები აუშნოებდნენ თბილისს, უკეთესის შესაქმნელად კონკურსი რატომ არ გამოაცხადეთ? დედაქალაქის მთავრობა პირობებს წამოყენებდა, კონკურსში მონაწილეობას მიიღებდნენ პრესის გამავრცელებელი სამსახურები და ეს საკითხი ხმაურის და დავიდარაბის გარეშე მოგვარდებოდა. სულაც საზოგადოების წევრები შეგერჩიათ ჟიურის წევრებად და მათ გადაეწყვიტათ, რა მოუხდებოდა თბილისს, ეს ქალაქი ხომ ყველასია და არა მხოლოდ თანამდებობებზე დროებით მყოფი მოხელეებისა?! ნუთუ არ შეიძლებოდა ყველაფერი ისევე მოგვარებულიყო, როგორც ჩვენთვის სანიმუშო დასავლეთში ხდება, სადაც ჩვენი ამერიკელი კოლეგების განცხადებით, მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბებოდა, თუ ხელისუფლება მოინდომებდა პრესის შევიწროებას. როგორც «ვაშინგტონ პოსტის» კორესპონდენტი ბილ ტომასი ამბობს: «იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალ-გაზეთების სტენდების განთავსების საკითხს კანონი უსამართლოდ მიუდგება, საქმე უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი გახდება პრესის თავისუფლების შევიწროების მოტივით».
ჩვენი დასავლელი კოლეგების განმარტებით, თუ ამერიკის დიდ ქალაქებში ვინმე შეეცდება პრესის გამავრცელებელი საშუალებების შემცირებას ან აღებას, ამას მოჰყვება როგორც გამომცემლობების, ასევე საზოგადოების მწვავე რეაქცია. ეს ხომ გამომცემლობების გაკოტრებას გამოიწვევს? ეს კი არავის მოსწონს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ღირებულებაა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართველი საზოგადოების შეფასებით, ბოლო წლებში დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყველაზე მეტად ბეჭდვითმა მედიამ შეძლო. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ელექტრონული მედიასაშუალებების უმთავრესი ნაწილის შემდეგ თავისუფალი პრესის მოსათვინიერებლადაც მოიცალა, რისთვისაც კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო. რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლების აშკარა აკრძალვა ან ცენზურა ყველასთვის თვალში საცემი იქნებოდა, მათ შAორის, დასავლეთისთვისაც, ამიტომ, როგორც ჩანს, უფრო შეფარული «მოშთობის» მეთოდი იქნა შერჩეული პრესასთან საბრძოლველად. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკა, სამწუხაროდ, მართლაც ძალიან აღიზიანებს, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონის, რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი თუ სახელმწიფო ინტერესების დაზარალება!
P.S. გულმა არ მომითმინა და შევეცადე როგორმე დამედგინა ახალი ჯიხურების «წარმომავლობა». გადავწყვიტე ერთ-ერთი ახალი ჯიხურის გამყიდველს გავსაუბრებოდი, რადგან, ხშირ შემთხვევაში (ჭორის დონეზე მაინც) მათგან უფრო მეტის გაგება შეიძლება, ვიდრე ჩინოსნებისგან.
თვალში საცემი იყო ჟურნალ-გაზეთების სიმცირე. ამიტომაც ერთი შეხედვით სიგარეტის და «ჟუვაჩკების» სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტს უფრო ჰგავდა ახალი ჯიხური.
- ცოტა ჟურნალ-გაზეთები გაქვთ. ალბათ ძირითადად უფრო სხვა რამით ვაჭრობთ-მეთქი. - ჩავეძიე ქალს.
- მალე ყველა ჟურნალ-გაზეთი გვექნება.
- ვინ არის ჯიხურის მეპატრონე?
- აბა, რა ვიცი.
- როგორ, არ იცით თქვენი უფროსი ვინ არის, ან რომელ კომპანიაში მუშაობთ?
- მუშაობის დაწყება ხომ არ გაინტერესებს? თუ გინდა გაგირკვევ, ვის უნდა სთხოვო დასაქმება. მალე თბილისში პრესა მხოლოდ ასეთ ჯიხურებში გაიყიდება და ალბათ ერთი ადგილი შენთვისაც გამოინახებაო, - «დამაიმედა» გამყიდველმა...
აჰა, გასაგებია!
http://www.kvirispalitra.ge/palitra/htm/po...zogadoeba-2.htm