Knijkina
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 161565
რეგისტრ.: 13-February 13
|
#38504164 · 25 Oct 2013, 20:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკვირაო ბაზარი
გაუმართავთ ცხოველებს საკვირაო ბაზარი, მოაგორეს ციყვებმა, წაბლი უზარმაზარი. მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს, რკოს ასაღებს მელია, ზღარბის მარწყვის მურაბა, მართლაც გემრიელია. ტურა აქებს ჟოლოს ჯემს, ჭარხალს ყიდის კურდღელი, დათვმა თაფლის ჭამისგან, აიტკია მუცელი. ყველაფერი გაყიდეს, ყველა ბედნიერია, ცხოველების ნაშრომი, მართლაც გემრიელია. * * * დათვის საიდუმლო
დათვი კურდღელს ეუბნება: -საიდუმლო უნდა განდო, ჩემს ბუნაგში ისე დაცხა, ქურქი უნდა გავიხადო.
-ეგ ქურქი რომ დაგეკარგოს, ხომ დარჩები შიშველიო, მთელი ტყე რომ შენ დაგცინებს, მერე ვეღარ გიშველიო. * * * ზაფხულის სურათი
ზაფხულია გვირილებმა გაახილეს თვალი, ხიდან ლოყებდაბრაწული იღიმება მსხალი, ისე ცხელა მდინარეში, სულ დამშრალა წყალი ჭიანჭველა მზეს ეძახის, არის შენი ბრალი! * * * ცელქი გოჭები
ჩაწოლილან ტალახში, თემო პაპას გოჭები, ახლა თქვენ რომ გაცივდეთ, მერე ვეღარ მორჩებით.
დაგჭირდებათ მალამო, აბები და ნემსები, თბილი შალის წინდები და არყის კომპრესები.
აგტკივდებათ ყელი და დაგეწყებათ ხველება, გაბრაზდება დედიკო, აღარ მოგეფერებათ.
სჯობს ახლა დამიჯეროთ, აღარ ჩაწვეთ გუბეში, მურაბიან ვაფლს გაჭმევთ, შემწვარს ჰაერღუმელში. * * * ჩემი ცხენი
ჩემი პაპას შავი წინდა, ძველი ჩვრებით გამოვტენე, ძაფით პირი მოვუქარგე, თვალად ღილი დავაკერე, ტანად ჯოხი დავუმაგრე, მხიარულად გავაჭენე, თამაშით რომ დავიღალე, აივანზე გავაჩერე. * * * ჭრიჭინების ოინი
დილა გათენებულა, კარგი დარი დამდგარა, თვალებს იფშვნეტს ბურდღუნით, გიო ადრე ამდგარა, ღამე არ დამაძინა, მომღერალმა ჭრიჭინამ, იმღერა და იმღერა, ეზო ააჭრიჭინა. * * * მსუნაგი ფისო
ჩემი ცელქი ფისუნია, სახლში შემოიპარა, გამიტეხა ფინჯანი და რძე სულ დამიღვარა,
მერე ახტა თაროზე, მოიპარა კარაქი, რამდენი არ ვეხვეწე, არ მიბრუნებს არაფრით. * * * აქლემის გასაჭირი
მთელი წლის სარჩო კუზებში დაიმარაგა აქლემმა, ისე დამძიმდა კუზები, სხეულს ვეღარ მიათრევდა. იფიქრა მოდი დავწვები, ნეტა მომშივდეს მალეო, დამსუბუქდება კუზები, გზას გავაგრძელებ ხვალეო. ასეთი მძიმე სხეულით, ვეღარ გავივლი წყალშიო, აი რა მიყო სიხარბემ, დამაგვიანდა სახლშიო. * * * ჟირაფი და მზე
ზაფხულია ძლიერ ცხელა ჩრდილში იმალება ყველა, გრძელკისერა ჟირაფი კი, დასეირნობს ნელა-ნელა. თაგვი სოროს ანიავებს, მდინარეში წვება მელა, სპილო ჟირაფს ეკითხება, ნუთუ შენ კი არა გცხელა? მე ხომ გრძელი კისერი მაქვს და ხანდახან როცა მცხელა, თეთრ ღრუბელში თავს შევყოფ და გავგრილდები ნელა-ნელა. * * * *** დარი დარი, დარი დარი შემოვაღე სკოლის კარი, შემოვუსხდით მერხებს ყველა, აწკრიალდა ცოდნის ზარი, მერხზე დამხვდა დედაენა, ყველასათვის საფიცარი, აი ია, აი თათი, აი ჩემი საკითხავი, მიყვარს წიგნი, სწავლა, სკოლა, მასზე კარგი არა არის, მშობლიური ანაბანა, არის მართლაც საოცარი, დარი დარი, დარი დარი, დაირეკა სკოლის ზარი, კართან დედა მელოდება, ამაყი და მომღიმარი! * * * კესოს გამოცანა
მომისმინე ჩემო კესო, გამოცანას გეტყვი ერთსო, შინაური ცხოველია, კრუტუნებს და კნავის ბევრსო, კარაქი და ყველი უყვარს, ეშინიათ თაგუნებსო, შენ თუ ამას გამოიცნობ, გაჭმევ თხილს და კანფეტებსო. * * * მხიარული ცხოველები
შემომსხდარან კარუსელზე, დათვი, მელა,ლომი, სპილო, მელა სპილოს ეუბნება: -იცოდე არ შემარცხვინო,
მაქედან არ გადმოვარდე, ეგ ხორთუმი არ იტკინო, საფულე არ დაგეკარგოს, მერე მე არ მაძებნინო. * * * ჭიანჭველა
პაწაწინა მწერია, ღამით სულ არ იძინებს, მხოლოდ მაშინ ისვენებს, თუ ეზოში იწვიმებს.
დიდ ტვირთს ისე დაათრევს, გგონიათ ემძიმება? ისეთი შავტუხაა, ყველას გაგეცინებათ. * * * ელენე და პეპელა
პეპლებს დასდევს მთელი დღე, ელენიკო ჭკვიანი, გოგო არის პატარა, ცელქი წითელთმიანი. დაიჭირე პეპელა? -ეკითხება ბებია, ჩემო ბებო დაჭერა სულ არ გამჭირვებია, მაგრამ მერე გავუშვი, შემეცოდა საწყალი, მოკვდებოდა ბადეში, ხომ ვარ ბებო მართალი? -კი, ბებიკოს სიცოცხლე, კარგი გოგო ყოფილხარ, აგერ შენი პეპელა, ისევ შენთან მოფრინდა. -ამ ჩვენს ლამაზ ბუნებას, ძლიერ გავუფრთხილდები, ეკოლოგი გამოვალ, ბებო, ამას გპირდები. * * * ზღარბი
ზღარბი ზაგუ ტყის დარაჯი, რა კაცური კაცია, არის დინჯი, მოხდენილი ეკლის ქურქი აცვია. შეგროვილ წაბლს, მსხალს და ვაშლებს, მუხის სკივრში ინახავს, მე ასეთი გამრჯე ზღარბი მეორე არ მინახავს. დადის ნელა, მოხდენილად, ყველაფერს აკვირდება, ახალი წლის სტუმრებს თურმე თხილით უმასპინძლდება. * * * შემოდგომა
შემოსულა შემოდგომა, ბროწეულს კრეფს ლალი, ხიდან ხეზე უკითხავად დანავარდობს ქარი.
თემო პაპას დიდ აუზში, ჩაუსხია წყალი, ქარო, ფეხი თუ დაგიცდა, ვაი შენი ბრალი. * * * ბატის ჭუკი საქათმეში
ერთხელ ბებომ გაზაფხულზე, კრუხს დაუდო ბატის კვერცხი, ერთი ბატიც გვეყოლება, ამ ჩვენს ლამაზ საქათმეში.
სამ კვირაში გამოჩეკა, კრუხმა თავის წიწილები, ერთი ჭუკი გაერია, რომ გენახათ იცინებდით.
ქათმებმა რომ დაინახეს, მობაჯბაჯე ბატის ჭუკი, თქვეს: მახინჯი გამოსულა, შეეცოდათ დედა კრუხი.
ბატმა ყიყინი დაიწყო, მოდით, ნახეთ მეზობლებო, მამალიც კი შეაშინა, თავში იშენს ხელებს ბებო.
რა კარგია უბნის ბავშვებს, გასართობი გამოუჩნდათ, ბებოს ახალ ბატის ჭუკზე, ლაპარაკობს მთელი ქუჩა.
* * * ციყვი
ფუმფულაა და ლამაზი, უყვარს სოკო, კენკრა, თხილი, ზამთრის საკვებს იმარაგებს, ფუღურო აქვს სავსე ხილით.
ღამით გარეთ არ გამოდის, ფრთხილია და ძალზე სწრაფი, თუ გირჩები შემოაკლდა ხიდან ხეზე მარჯვედ დარბის.
მაიკოს დარიგება
-დილით ადრე უნდა ადგე, შეეგებო ალიონს, დაიბანო ხელი, პირი, ჭიქა წყალი დალიო. ივარჯიშო და კაკაოს, მიაყოლო ბლინები, გადახედო გაზეთებს და გაიხეხო კბილები. ასე გულდასმით არიგებს საკუთარ ძმას მაიკო -დამიჯერე არავის ყავს შენისთანა დაიკო.
თხილის ქურდი
სხვენში თაგვი დავლურს უვლის, რა აცეკვებს ნეტავ? ბევრი თხილი მოაგროვა, გაახარა დედა. ეს ამბავი თხილის პატრონს არ გაუხარდება, ზურიკელამ თუ გაიგო, ძლიერ გაბრაზდება.
* * * ზებრას იუბილე
დაპატიჟა ცხოველები, იუბილეს იხდის ზებრა, ზღარბმა ზაგუმ მოიტანა, შუშხუნების მთელი შეკვრა.
მელიამ თქვა მე ვიმღერებ, გავაოცებ ყველა სტუმარს, ღვეზელების გამოცხობა, დაავალა ზებრამ ტურას.
ციყვმა თხილი მოიტანა, დათვმა თაფლით სავსე კასრი, ვირმა გოგრა მოაგორა, მაჩვმა ტყემალი და ვაშლი.
გააჩაღეს ქეიფობა, თამადად ჰყავთ რუხი მგელი, მგელმა ზებრა ადღეგრძელა, სიმღერით და ლხენა-ლხენით.
ცეკვავენ და იცინიან, ტლინკებს იქნევს ლაღად ვირი, ტკბილეულის ჭამისაგან წამოსტკივდა ჟირაფს კბილი.
თაგვმა იმდენი იცინა, მაგიდიდან გადავარდა, მაჩვს ცეკვის დროს ფეხსაცმელი, ბნელ სოროში ჩაუვარდა.
ლიმონათს სვამს სირაქლემა, ღვეზელებს ჭამს ხარბად ტურა, მელამ სიმღერა დაიწყო, ჰარალე და სისატურა.
ტორტის გაჭრის დრო მოვიდა, ზებრამ სანთლებს შეუბერა, ულოცავენ, უმღერიან, მხიარულობს ირგვლივ ყველა. მე ასეთი იუბილე, ცხოვრებაში არ მინახავს, მგელი ზებრას ეცეკვება, ვირი ზურგზე ისვამს კატას.
მელა ამბობს მუდამ ასე, მეგობრულად ვიყოთ ყველა, ჩვენი ტყიდან სულ ისმოდეს, მხიარული დელი-დელა.
მსუნაგი ბელის ამბავი
იყო და ნეტავ რა იყო, ამბავი არის ნამდვილი, ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა, ფრინველი, მწერი, ნადირი.
ცნობა გავრცელდა უბანში, დათვმა დაკარგა ბელია, ასეთი ცუდი ამბავი, ჯერ ყურს არ მოუსმენია.
თაგუნას გაჰკიდებია, თურმე ეს ჩვენი პატარა, მარტორქის შეშინებია, მუხის ხმელ ხეზე ამძვრალა.
ხის ფუღუროში ყოფილა, ფუტკრის სკა სავსე თაფლითა, ბელს გული უჯერებია, ტკბილი ნუგბარის ჭამითა.
მსუნაგი ბელის ამბავი, ქვეყანას მოსდო კოდალამ, დათვებსაც გააგებინა, ყველა მუხასთან შეყარა.
ისე გამოძღა პატარა, ხიდან ვერ ჩამოდიოდა, მამა მაშველებს იხმობდა, დედა მოთქმითა ტიროდა.
მოფრინდა მამა ფუტკარი, ცრემლად იღვრება ბელიო, გამოგიჭირე მსუნაგო, ვეღარსად გამექცევიო.
ჟირაფმა ძლიერ იმარჯვა და მოიღერა ყელიო, კისერზე სწრაფად შეისვა და ძირს ჩამოსვა ბელიო.
ბელმა შეჰფიცა დედიკოს აღარსად გავიპარები, ისე ვარ შეშინებული, სკას აღარ გავეკარები.
ხომ მოგიყევით ბავშვებო, მსუნაგი ბელის ამბავი, ქატო იქ, ფქვილი აქაო, ასე მთავრდება ზღაპარი.
ჩემი ლიმონათი
მოვაგროვე ლიმონი, ზუსტად ათი ცალი, გამოვწურე წვენი და დავამატე წყალი, თეთრი შაქრის ნატეხი, ჩავუმატე ათი, მოდით ყველამ გასინჯეთ, ჩემი ლიმონათი.
საკვირაო ბაზარი
გაუმართავთ ცხოველებს საკვირაო ბაზარი, მოაგორეს ციყვებმა, წაბლი უზარმაზარი. მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს, რკოს ასაღებს მელია, ზღარბის მარწყვის მურაბა, მართლაც გემრიელია. ტურა აქებს ჟოლოს ჯემს, ჭარხალს ყიდის კურდღელი, დათვმა თაფლის ჭამისგან, აიტკია მუცელი. ყველაფერი გაყიდეს, ყველა ბედნიერია, ცხოველების ნაშრომი, მართლაც გემრიელია.
|