ბორის ნემცოვი - თუ კრიზისი წელიწადნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, პუტინის რეჟიმი ვერ გაუძლებს
პუტინის ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი, ოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარნოსტ“-ის თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი სოჭის მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ნემცოვის სპეციალურმა გამოკვლევამ პუტინის მიერ „გაზპრომის“ თანხების მისაკუთრეების სქემების შესახებ, რუსულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
კრემლის მიერ „მემარჯვენე ძალთა კავშირის~ დაშლის შემდეგ, ნემცოვმა სხვა მისი ყოფილი თანამოაზრეებისგან განსხვავებით პოლიტიკაში მონაწილეობისთვის კრემლის პირობები არ მიიღო და დამოუკიდებლად დაიწყო მედვედევ-პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა.
რუსეთში არსებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ქალაქ სოჭის მერობის კანდიდატს ბორის ნემცოვს ესაუბრა.
_ ბატონო ბორის, თქვენი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე ბევრი ვარაუდობდა, რომ თქვენი გზა კრემლისკენ ან მოსკოვის `თეთრი სახლისკენ~ უნდა ყოფილიყო. რატომ გადაწყვიტეთ სოჭის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
_ სოჭის მცხოვრებლებმა თხოვნით მომმართეს მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში და მეც დავთანხმდი. სიმართლე გითხრად, სოჭელების თხოვნა ჩემთვის მოულედნოლობა იყო, მაგრამ გადავწყვიტე ხალხისთვის უარი არ მეთქვა. კარგად ვიცი პუტინის რუსეთში არჩევნების არსიც და ფასიც, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა მაინც გადავწყვიტე.
ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა ვებრძოლო რუსეთში არსებულ საარჩევნო სისტემას, კორუფციას, სოჭელი ჩინოვნიკების ქედმაღლობას, რომლებიც კრემლთან ძალიან დაახლოებულნი არიან. ვგრძნობ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის და კრემლისთვის მე სოჭის მერობის ყველაზე უხერხული კანდიდატი ვარ.
სოჭი დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად უამრავი პრობლემები აწუხებთ სოჭელებს. მათ უკანონოდ ასახლებელ, ავიწროებენ, გარდა ამისა ნადგურდება ნაკრძალები და უამრავი ეკოლოგიური პრობლემებია. მიუხედავად ამისა თავისი მნიშვნელობით სოჭი რუსეთის მეორე ქალაქია. უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ქალაქის მასშტაბებში არაა. სოჭაში დღეს საფუძველი ეყრება რუსეთის დემოკრატიული პერსპექტივას. სოჭი არა მარტო კრასნოდარის მხარის ერთ-ერთი ქალაქია, ახლა სწორედ მასზე გადის თანამდროვე რუსეთის პერსპექტივის გზა.
_ როგორ შეაფასებდით რუსეთში Dდღეს არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას და თქვენი აზრით რამდენად შეძლებს მედვედევ-პუტინის ტანდემი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას და ხელისუფლების შენარჩუნებას?
_ რუსეთი ეკონომიკურ კრიზისს იმაზე გაცილებით მეტად განიცდის, ვიდრე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები. პირველ რიგში ასე იმიტომ ხდება, რომ რუსეთისთვის სამარცხვინოდ, იგი ნედლეულის მწარმოებელ ქვეყნად იქცა. სხვათა შორის პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი მსოფლიოსათვის ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნად კიდევ უფრო მეტად იქცა.
რუსეთის 2008 წლის ბიუჯეტის 65% დამოკიდებული იყო გაზისა და ნავთობის ექსპორტზე. ენერგომატარებლებზე ფასის 4-ჯერ შემცირება ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა რუსეთის ეკონომიკისთვის. პუტინის რუსეთი ეკონომიკურ კრიზისს მოუმზადებელი იმის გამო შეხვდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ხელისუფლების მიერაა მონოპოლიზირებული და კორუმპირებულია. რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი 10%-ით შემცირდა, ხელისუფლებას სოციალური ფონდის მიმართ დიდი დავალიანება დაუგროვდა, ვალები დაუგროვდათ `გაზპრომსა~ და `როსტნეფტს~ და კრემლის მიერ კონტროლირებად სხვა ეკონომიკურ სტრუქტურებს.
ჩემი პროგნოზი ასეთია _ თუ კრიზისი წელიწადნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, ექსპერტები თვლიან რომ ეს კრიზისი გრძელვადიანია, პუტინის რეჟიმი ვერ გაუძლებს და ქვეყანა იძულებული იქნება შეიცვალოს. რუსეთში საპროტესტო ტალღა იზრდება, სოციალური დაძაბულობა მატულობს რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, აღმოსავლეთ ციმბირში, წლის ბოლოსათვის რუსეთში 10 მილიონ ადამიანზე მეტი უმუშევარი იქნება, ამას ემატება რუბლის ინფლიაცია. ამ ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდა ფასი მოემატებინა გაზზე და ნავთობზე.
ნათელია, რომ რუსეთი ვარდნის, სოციალური პროტესტების რეჟიმში შედის და უდავოა, რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
_ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. როგორ აფასებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივას?
_ ვთვლი, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მედვედევისა და პუტინის ყველაზე გრძელვადიანი და მამაცური შეცდომა იყო. საქმე იმაში სულაც არ არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუასა და ხამასის გარდა არავის უღიარებია. ეს გადაწყვეტილება თავად რუსეთისათვის აღმოჩნდება ნაღმი. დღეისათვის მედვედევ-პუტინის რეჟიმი ჩრდილოეთ კაკკასიის რესპუბლიკებს _ დაღესტანს, ყაბარდო-ბალკარეთს, ჩეჩნეთს ფულით აკავებს. ისინი 90%-ით მოსკოვის დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ფინანსები აკლდება, რეგიონები მოსკოვისაგან წელს 45 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებს მიიღებენ.
ნათელია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობები გაჩნდება. კადიროველების გარდა სხვებიც იტყვიან - რითი ვართ ჩვენ აფხაზებზე ან სამხრეთ ოსეთელ ოსებზე ნაკლები, ჩვენც გვინდა დამოუკიდებლობაო. ამიტომ ვამბობ, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის დიდი შეცდომა იყო.
რუსეთს ეკონომიკირი კრიზისის ვითარებაში მოუწევს ამ ტერიტორიების დაფინანსება და გამოკვება და ეს მაშინ, როცა მას ქვეყნის შიგნით უამრავი პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ამ აღიარებით რუსეთი მთელ მსოფლიოსთან, განსაკუთრებით ევროპასთან და აშშ-სთან კონფრონტაციაში შევიდა. ჩვენ საერთოდაც და განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს ყველასთან კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს. და ბოლოს, მოძმე ქართველი ხალხი მტერი აღმოჩნდა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით ჩვენს ხალხებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა. სააკაშვილიც კარგი ვინმეა, მაგრამ რუსულ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კოშმარად გადაქცევაც, არასწორია.
რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მე მოსკოვსა და თბილისში არაპოპულარული მოსაზრება მაქვს. არ ვიცი დაბეჭდავთ თუ არა და ღირს თუ არა თქმა, მაგრამ მე მაინც ვიტყვი _ ვიდრე სააკაშვილი და პუტინი პოლიტიკიდან არ წავლენ, ჩვენ არც მოსვენება არ გვექნება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანებს ერთად, არა თუ რაიმეს გაკეთება, ერთმანეთთან ნორმალურად ურთიერთობა და საუბარიც არ შეუძლიათ. ვიდრე მოსკოვსა და თბილისს შორის არ იქნება მინიმალური ნდობა, პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება.
ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ფართომაშტაბიანი, გრძელვადიანი ანტირუსული აქცია იყო.
_ ბატონო ბორის, მას შემდეგ რაც თქვენ სოჭის მერის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეთ, თქვენ აქტიურად ხვდებით სოჭელებს და მოძრაობთ სოჭის შემოგარენში, სოჭიდან კი რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე არც ისე დიდი მანძილია. . . თუ ხართ საქმის კურსში რა ხდება რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე?
_ ჯერ საზღვრამდე არ ჩავსულვარ. რამდენადაც სოჭში აფხაზეთიდან ჩამოსულებიდან ვიცი, რომლებიც სოჭში საყიდლებზე ჩამოდიან, საზღვარზე რაიმე კატასტრიფული არაფერი ხდება. ადამიანები საზღვარს პასპორტებით გადაკვეთენ, სოჭში აფხაზეთიდან გადმოსულებსაც და იქედან დევნილებსაც ბევრს ვხვდები, რაიმე სერიოზული რომ იყოს, გარწმუნებთ მეცოდინებოდა. სრული შთაბეჭდილება და ინფორმაცია მას შემდეგ მექნება, როცა საზღვართან თავად გავალ, გპირდებით ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებ და მოგახსენებთ.
_ ინტერვიუსთვის მადლობას გიხდით და არჩევნებში წარმატებებს გისურვებთ!
_ მადლობა. არჩევნებში გამარჯვება შეიძლება თუ ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში გატარებაში ხელი არ შემიშალა. ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ რეგისტრაციაში გავტარდი, მე არჩევნების მოგება შემიძლია. პუტინის ხელისუფლებისაგან გამორიცხული არაფერია, ასე რომ ვნახოთ რა იქნება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/15359.htmlიქნებ, არ ტყუის და არ აჭარბებს ეს კაცი, ა?
მაშვინ...