დღევანდელი ფორუმის სტუმარი გახლდათ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, არშემდგარი მხატვრისა და არქიტექტორის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორის - თენგიზ კიტოვანის განცხადებით შეშინებული მოქალაქე
გაზაფხულ შერმადინი.ქალბატონი გაზაფხულ შერმადინი იმდენად შეშფოთებულია "რუსული ფაქტორის" არსებობით, რომ გადაწყვიტა ფორუმის მკითხველს საკუთარი აზრები გააცნოს.
ბ.ჯ. ქალბატონო გაზაფხულ შერმადინო, ხომ არ უტრირებთ?
გაზაფხულ შერმადინი - მე მეუბნებით ამას? არ უნდა ვიყო შეშფოთებული? კიდევ ომი გვინდა ჩვენ? ნავთის რიგები და უპურობა რომ მახსენდება დედიკო, კიდე ეგ გვინდა ჩვენ? არა ბატონო არ გვინდა კიტოვანი!
ბ.ჯ. - საპატიო პოზიციაა. მაგრამ ნავთის რიგი და კიტოვანის სახე.. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ მოგონილი პიარ ნაბიჯია?
გაზაფხულ შერმადინი - რა ნაბიჯია?
ბ.ჯ. - ჰმ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ
ვარდების რევოლუციამდე, 2003 წლის სექტემბეში შევარდნაძის პირველმა არხმა გაუშვა იგივე თენგიზ კიტოვანის ინტერვიუ და პარალელურად სამოქალაქო ომის კადრები, სადაც თენგიზ კიტოვანი ასევე "გვაიმედებდა", რომ შევარდნაძე უნდა წავიდეს და მე მალე ჩამოვალ და წესრიგს დავამყარებო.გ.შ. - მერე?
ბ.ჯ. მერე და ჯანდაბა თქვენ! რა ვერ გაიგეთ? ეს პიარია, პი ა რი!
გ.შ. - მე არ ვიცი რა არის პიარი, მაგრამ პურის რიგში მე არ ჩავდგები. მოვკვდები და არ ჩავდგები! ისე მეზიზღება კიტოვანი, რომ არ წავალ იმ მიტინგზე. არა და მორჩა!
ბ.ჯ. - კი ბატონო, ნუ წახვალთ, მე არ მოგიწოდებთ, რომ წახვიდეთ,, მაგრამ მინდა კარგად ამიხსნათ, რისი გეშინიათ?
გ.შ. - კიტოვანის მეშინია და ჯაბასი კიდეც! ჯაბა იოსელიანმა მოსპო ეს ქვეყანა. ეგ გვინდა კიდევ? ჭკვიანი ბიჭი მგონიხარ დედიკო.
ბ.ჯ. - მე ჯაბა იოსელიანს მივცემ ხმას.
გ.შ. - გაგიჟდით სულ ყველანი ხომ? არ გახსოვს, ქუჩაში ვერ გადიოდა კაცი. შენ ეტყობა პატარა იყავი. რა დროს სააკაშვილის გადადგომაა, ვერ ხედავ რუსეთი კბილებს ილესავს, სადაცაა მოგვადგება კარზე.
ბ.ჯ. - ჰო, მაგრამ 2013 წელს რუსეთი აღარ მოგვადგება? თუ წავა სადმე სხვაგან?
გ.შ. - 2013 წელს რუსეთი დაიშლება! გაიგეთ ეს!
ბ.ჯ. - აა-ა ეგ არ ვიცოდი. 2013 წელს რომ ავირჩიო ჯაბა იოსელიანი შეიძლება? მანამდე არა?
გ.შ. - ბატონო ბ., მაგ შაყირობას მოეშვით ძალიან გთხოვთ, შეშინებულია ხალხი, აღარ უნდა კიტოვანი და სამხედრო გადატრიალება.
ბ.ჯ. - რამე კურიოზს ხომ არ მოგიყვებით?
გ.შ. - დიდი სიამოვნებით დედიკო. ომის დროა და პურის რიგში ვდგავარ. ღამეა, ასე ორი საათი და მოვიდა პური. და უკვე გაყინული ვარ და იყვირა ხალხმა პური მოვიდაო და უცებ ჩამეძინა (იცინის) პური ვერ შემხვდა, მაგრამ კარგად გამოვიძინე.
ბ.ჯ. - დიდი მადლობა, ნუ ღელავთ ქალბატონო გაზაფხულ შერმადინო. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
გ.შ. - შენ გაიხარე დედიკო!

შერმადინი

პირველი არხი 2003 - რუსთავი 2 - 2009

რუსეთი დაიშლება 2013 წელს

პურის რიგის პარანოია