რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ „LIFE.RU“ იუწყება.
ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, „სახელგანთქმულ არმიას“ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა იმის გამო უბრძანეს, რომ „სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია დესტაბილიზაციის ზღვარზეა“. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ 58-ე არმიის ქვედანაყოფები ჩრდლოეთ კავკასიაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მათ შორის უშუალოდ ცხინვალშია განთავსებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დამატებით რამდენიმე ნაწილი ვლადიკავკაზიდან შეემატა. რუსულ არმიაში „LIFE.RU“-ს წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთს არ სურს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის სასაზღვრო რაიონებზე აისახოს.
საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ე.წ. საზღვარსა და ცხინვალში გაძლიერებულია პოსტები. დღესვე ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული ნაწილების სამხედრო სწავლება გაიმართა. დამატებითი ძალებია შეყვანილი აფხაზეთშიც.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1