http://www.ambebi.ge/politika/3378-qsaakas...amarjvebaq.htmlერთხელ მიშამ დამირეკა, ნეტავ, შენი თანამდებობა მომცაო..."
"ყველა სიახლე" კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა და ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პოლიტიკური პროცესების შეფასება სთხოვა. ბატონი სულხანი ხალხის პროტესტს გერმანიიდან უერთდება და იმედოვნებს, რომ 9 აპრილის აქციები მშვიდობიანად დასრულდება.
- ბატონო სულხან, საქართველოში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ფონია, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, საინტერესოა, როგორ ხედავთ მოვლენებს გერმანიიდან?
- საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან ჩანს, როგორც ძალიან წინააღმდეგობრივი. დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ხელისუფლება ცდილობს, დეზინფორმაციის პირობებში ამყოფოს საქართველოთი დაინტერესებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. იმდენად თვალში საცემია ხელისუფლეფბის თავხედური მცდელობა, მოატყუოს საზოგადოება, რომ შავს პირდაპირ ასაღებენ თეთრად. მიუხედავად ხელისუფლების პიარმაქინაციებისა, გამოვრიცხავ, რომ პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რადგან საქართველოს მოსახლეობა ერთ მხარეზეა, მეორე მხარეს კი საქართველოს დამნაშავე ხელისუფლება დგას. ზოგიერთი უცხოელი ჟურნალისტისგან ვიცი, რომ არა მარტო ფულს ხარჯავენ მათთვის სასარგებლო პიარკამპანიაში, არამედ ყველა დიპლომატიურ კორპუსს დავალებული აქვს, საქართველოს შესახებ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში თქვას რაღაც.
- ხელისუფლების პიარტექნოლოგიები საზოგადოებისთვის, ასე თუ ისე, ცნობილია, მოდი, 9 აპრილის თემას დავუბრუნდეთ...
- ხელისუფლების მიერ პიარტექნოლოგიების მეთოდები ყველასთვის ცნობილია და ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, 9 აპრილის წინ ამ ტექნოლოგიების გამოყენება გაათკეცდა. პირველივე კომენტარებში ხელისუფლება მოუწოდებდა ოპოზიციას არა დიალოგისკენ, არამედ ერთმნიშვნელოვნად გმობდა აქციას. უცხოურ პრესაში თქვენ ნახავთ ქართველი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებიც იმოწმებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ თურმე, ახლა ულტიმატუმის დრო არ არის და ჩვენ ულტიმატუმის ენაზე არავის დაველაპარაკებითო. დიალოგის უარყოფა, კარის გაჯახუნება ამ ხელისუფლების პიარტექნოლოგიების ნაწილი იყო მანამდე, ვიდრე მათ სერიოზულად არ გაუჭირდათ. ამ ხელისუფლების ბინძურ მეთოდებზე ერთ ზუსტ ინფორმაციას გაგაცნობთ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისას სააკაშვილი და მისი "პიარშჩიკები" განიხილავდნენ ტერაქტის სცენარსაც. უნდა მოეწყოთ მიხეილ სააკაშვილზე ტერაქტი, მაშინ, როდესაც მასთან ერთად სანდრა რულოვსიც იქნებოდა. სააკაშვილი მზად იყო, სანდრა მომკვდარიყო, ოღონდ მას გარანტირებული ჰქონოდა გამარჯვება. მეტი რა გითხრათ ამ ხელისუფლების ავაზაკობაზე?! სააკაშვილი არის ავანტიურისტი, მზად არის, გაწიროს ყველა და ყველაფერი, ოღონდ თანამდებობა და ძალაუფლება შეინარჩუნოს.
- ბატონო სულხან, რასაც თქვენ ბრძანებთ, სერიოზული ბრალდებაა...
- ოდესმე რამე დაუსაბუთებლად მითქვამს?! საკმაოდ სანდო წყაროზე დაყრდნობით ვაკეთებ ამ განცხადებას. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ყოველთვის ვაგებ პასუხს თითოეულ სიტყვაზე. ამის მერე შეიძლება დაისვას კითხვა - მოვლენათა როგორ განვითარებას შეიძლება მოველოდე 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ?! ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი ცხოვრების წესს, ბოლოს და ბოლოს, მე და სააკაშვილი ერთად ვმუშაობდით იუსტიციის საბჭოში და კარგად ვიცი, რაზე არიან ეს ადამიანები წამსვლელნი. ამიტომაც შეფასებებისას თავს უფლებას ვაძლევ, ავუხსნა ჩემს კოლეგებს, ვინ არიან ეს ადამიანები.
- ვიდრე დაგაპატიმრებდნენ, მანამდეც ამბობდით, რომ ბევრი რამის თქმა შეგეძლოთ, ახლაც სათქმელს ბოლომდე არ ამბობთ, რატომ?
- ეს არასწორია. რა მასალებიც მქონდა, პერიოდულად ქვეყნდებოდა და ისინი კონტროლის პალატაშიც ინახება. ნამდვილად არ გვეკუთვნის ეს საყვედური არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს კონტროლის პალატიდან. რადგან ჩემი დაპატიმრება პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე მოხდა და ეს აშკარად ჩანდა, გაჩნდა ეჭვი, თითქოს, უკვე გამოქვეყნებულის გარდა, კიდევ უნდა ყოფილიყო სხვა მასალები. ყველა ის მასალა, რომელზეც ინფორმირებულია საზოგადოება, გამოქვეყნებულია პრესაშიც და გაშუქებულია ტელევიზიებითაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმხანად სააკაშვილი შევარდნაძის ოპოზიციაში იყო, მაინც ახერხებდა დაებლოკა ამ ინფორმაციის გაშუქება. უცხო არავისთვის არის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობისას მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ფული - 160 ათასი ლარი გადარიცხულიყო "ნაციონალური მოძრაობის" დროშების დასამზადებლად. რამდენიმე ათასი ლარი გადარიცხა კახა შენგელიას კერძო უმაღლესი სასწავლებლის დასაფინანსებლად. იუსტიციის მინისტრობისას მან ამ უწყების ბუღალტერიას განუცხადა, თითქოს თვეში 36 ათასი ლარის ღირებულების სატელეფონო საუბარს აწარმოებდა, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია. მისი მანქანა და პირადი მძღოლი ყოველდღიურად ასობით ლიტრ საწვავს ხარჯავდნენ. საზღვარგარეთ დაჰყავდა ჟურნალისტები და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მათი ცხოვრება. ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ გაფლანგვებისა, რასაც ეს ადამიანი ეწეოდა. იცით, რატომ მაწამეს?
- რატომ?
- ჩემგან ითხოვდნენ ერთადერთ რამეს, უნდა "მეღიარებინა", რომ თურმე, კონტროლის პალატა მუშაობდა შევარდნაძის დავალებით და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ვქმნიდი პოლიტიკური შინაარსის მასალებს. ამაზე რომ დავთანხმებულიყავი, მპირდებოდნენ, რომ საერთოდ გამათავისუფლებდნენ პატიმრობიდან. ამიტომ დაადგნენ ამ გზას, რადგან სხვა საშუალება იმ დოკუმენტების გადაკეთებისა და გაქრობისა არ არსებობდა, მაგრამ ეს მასალები ჯერ კიდევ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებია - სასამართლო წესით ისინი დღემდე არ არის გაუქმებული. ამ დოკუმენტების საფუძველზე ხელისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისგება დაეკისრება. როგორც აღვნიშნე, ეს მცირე ჩამონათვალია. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს ასეთი წარსული აქვს, სამეურნეო სამსახურის შეცდომებიც რომ იყოს, მაინც არ ჩაითვლება ღირსეულ კანდიდატად. ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით შეცდომა, რომ ასეთი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანს დავუჭირეთ მხარი. ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის დღიდან არც ერთი მაღალჩინოსნის კორუფციული საქმიანობის შესახებ აღძრული საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. თურმე, ორადორ კაცს დაუქცევია ეს ქვეყანა - სულხან მოლაშვილსა და დავით მირცხულავას. მაგრამ სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და არავითარ შემთხვევაში სარჩელის გამოტანას არ ვაპირებთ.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე ზეწოლა სწორედ ამ მოთხოვნით ხდებოდა?
- დიახ, საქართველოში ჩემი არყოფნის მიზეზიც ეს არის!
- რატომ ხართ ასეთი საშიში ხელისუფლებისთვის?
- რამდენიმე კონკრეტული მიზეზის გამო: სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას, არასდროს ვეპუებოდი მის არამართლზომიერ გამოხდომებს და გადაწყვეტილებებს. "ვარდების რევოლუციის" წინადღეებში ჩემთან სააკაშვილის დავალებით მოვიდა ოქრუაშვილი და მითხრა, შევარდნაძეს თუ გადაუდგები, არათუ თანამდებობას შეგინარჩუნებთ, არამედ შენს დაწინაურებაზეც ვიფიქრებთო. ერთხელ, მიშამ, მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, დამირეკა და მითხრა: ნეტავ, შენი თანამდებობა მომცა, 6 თვეში პრეზიდენტი გავხდებოდიო... ერთსაც გეტყვით, მიშამ საკუთარ შვილს გამოსჭრა ყელი და მაგისგან კარგს როგორ შეიძლება მოელოდეს ვინმე?!
- რას გულისხმობთ?
- მიხეილ სააკაშვილმა თავისი შვილის კლასელებისა და პარალელური კლასელების 15 თუ 17 მშობელი დაიჭირა. მაშინ ეს ბავშვები მოკლე შარვლებით დარბოდნენ, მაგრამ კაცობაში რომ შევლენ, რა პასუხს გასცემს ედუარდ სააკაშვილი თავის თანაკლასელებს მამამისის არაკაცობაზე?! საკუთარ ოჯახს არ ინდობს და ხალხს დაინდობს?! ისევ 9 აპრილის თემას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისგან არ არის გამორიცხული არც პროვოკაცია და არც ხალხის დარბევა, მაგრამ ეს მიშას კრახის დასაწყისი იქნება.
- ბატონო სულხან, ალბათ, გაქვთ სურვილი, რომ ახლა თბილისში იყოთ...
- მიტინგებზე ყოფნა არასდროს მხიბლავდა, თუმცა ახლა სიამოვნებით დავდგებოდი თანამოქალაქეების, ქართველი ხალხის გვერდით და მეც მათთან ერთად ვეტყოდი სააკაშვილს: მიშა, წადი! იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ამ სახადს ქვეყანა საბოლოოდ მოიხდის. ბოლოს და ბოლოს, თუ ხელისუფლება ხალხის დარბევას და პროვოკაციებს არ გეგმავს, რა გახდა, აქციების დროს რუსთაველის გამზირზე მთლიანად იყოს ვიდეოფიცირებული ყველა შესასვლელი და დამონტაჟდეს მეტალოდეტექტორები! ბუში რომ ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ ხომ კარგად იმუშავა ამ მექანიზმმა?! თუ ვინმე იარაღით მივა, მაშინვე უნდა გამოვლინდეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია ის თუ - სპეცსამსახურების თანამშრომელი, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან ის პროვოკაციისთვის ემზადება. იმედია, ეს აქციები ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, მე კი მათ პროტესტს გერმანიიდან ვუერთდები...
მაია მარგველანი
”ყველა სიახლე”
ელფოსტა
დედა შვილს არ აიყვანს ხელში.....
ბიჯოოოოოოოოოოოოო
ვისაც არ უყვარს - არც ენატრება. ვისაც არ ენატრება, არც არასოდეს ყვარებია და არც არავის ელოდება.