
1922 წელს ჯო ოლივერმა ახალგაზრდა ლუი რომ მიიწვია ჩიკაგოში თავის დასტაში დასაკრავად, სწორედ მაშინ დაიწყო ეპოქა დიდი - ეპოქა რომელსაც ამერიკელმა მწერალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა ჯაზის ეპოქა უწოდა!
ლუი არმსტრონგი დაიბადა 1901 წლის 4 აგვისტოს, ნიუ ორლეანში, ღარიბ ოჯახში. თავდაპირველად კორნეტზე დაკვრა ისწავლა ნიუ-ორლეანის მიუსაფართა სახლში ფერადკანიანთათვის, სადაც ის რამდენჯერმე იქნა გაგზავნილი ქუჩის მოხეტიალე ბავშვებთან აკიდების გამო და განსაკუთრებით კი ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში დამბაჩის გასროლის გამო დაკავების შემდეგ. ის ხშირად დაჰყვებოდა ქალაქის სასულიერო ორკესტრის აღლუმებს და ყოველ შესაძლებლობას იყენებდა ძველი მუსიკოსებისთვის მოესმინა.
კარგი და ცუდი მუსიკის გარჩევა ძალიან ადრე ისწავლა. მოგვიანებით ამბობდა, - ჩემი ქუჩის კუთხეში ცნობილი ბარი - "ფანკი ბატი" იყო, რომელშიც ბადი ბოლდენი უკრავდა; ამ კაცს დიდ მუსიკოსად მიიჩნევდნენ, მე კი არ მომწონდა და მიმაჩნდა, რომ ძალიან ძლიერად უბერავდა ინსტრუმენტში; ვფიქრობ, სწორედ ამის გამო გაგიჟდა ბოლოსო! - სარკასტულად ასკვნიდა არმსტრონგი. სამაგიეროდ, ბავშვობიდანვე აღმერთებდა ჯო ოლივერს, "კინგად" ("მეფე") წოდებულს, რომელმაც გაუკაფა კიდეც პირველი ბილიკი მწვერვალისაკენ, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იყო...
მანამდე კი იყო არასრულწლოვანთა ციხე და, როგორც ბედის ყველა ნებიერასათვის, გამართლებული ანდაზა: "ზოგი ჭირი მარგებელია"
არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა.
ყველგან, თვით "რკინის ფარდით" დახურულ საბჭოთა კავშირშიც კი იცოდნენ, ვინ იყო ლუი არმსტრონგი და უსმენდნენ მის "Hello, Dolly"-ს; ყველგან, თვით ბნელეთის საუფლოში - საბჭოთა კავშირშიც კი წერდნენ ჟურნალ-გაზეთები მასზე და 1971 წელს, ცნობილი "კრემლის კარის ჟურნალისტი" მელორ სტურუაც გულაჩუყებული ამცნობდა მკითხველს მისი ბოლო კონცერტის შესახებ: "საჩმო ძლივს დადიოდა სცენაზე, მომსახურე პერსონალი ეხმარებოდა... ინსტრუმენტი ისე ეკავა, როგორც ბებერ რაინდს - მახვილი, რომელიც მას უფრო დასაყრდნობად სჭირდება, ვიდრე გამოსაყენებლად..."
ლუი არმსტრონგმა ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა ჯაზში ჯაზ-სოლისტის ამპლუის შემოტანით, რამაც გასაქანი მისცა ინდივიდუალიზმს.
როგორც ვირტუოზ მესაყვირეს მას ქონდა ექსტრაორდინალური ნიჭი იმპროვიზაციისა. ამას თან ერთვოდა უნიკალური ხმის ტემბრი და ვოკალური იმპროვიზაციის არაჩვეულებრივი უნარი.
ლუი 1971 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით 69 წლის ასაკში.
მოგვიანებით ალბუმებსაც ავტვირთავ