ბართოლომეოსი,
წყალობითა ღმრთისაითა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა
და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სრული სისავსისადმი
მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებასა შინა აღმდგარი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.უფლის მიერ საყვარელნო და სასურველნო ძმანო და შვილნო,
ქრისტე აღდგა!
XIX საუკუნეში კაცობრიობამ პირქუშად მოისმინა ტრაგიკული ფილოსოფოსის პირიდან, რომ „ღმერთი მოკვდა! ჩვენ ის მოვკალით. ჩვენ ყველა მისი მკვლელები ვართ. ღმერთი დარჩება მკვდრად. რაღა არიან აწი ეს ეკლესიები, თუ არა ღმრთის საფლავები და საფლავსზედა ნაგებობები?“ ხოლო რამდენი ათწლეულის შემდეგ, სხვა ფილოსოფოსის პირიდან კაცობრიობამ მოისმინა: „ღმერთი მოკვდა! ბატონებო, მე გაუწყებთ თქვენ ღმრთის სიკვდილს!“
ფილოსოფოს-ათეისტთა ამ განცხადებებმა შეარყიეს ადამიანთა ცნობიერება. და შფოთი გამეფდა არა მხოლოდ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, არამედ საღმრთისმეტყველო წრეებშიც, სადაც დაიწყეს საუბარი, ძირითადად დასავლეთში, „ღმრთის სიკვდილის თეოლოგიაზეც“.
ბუნებრივია ეკლესია არასდროს დაეჭვებულა, რომ ღმერთი მოკვდა. ეს მოხდა 33 წელს იერუსალიმში, გოლგოთაზე, იუდეის მმართველის პილატე პონტოელის დროს, მას შემდეგ, რაც მან დაითმინა გაუგონარი ტანჯვა, ჯვარცმულ იქნა, როგორც დამნაშავე და პარასკევს, დაახლოებით ცხრა საათზე თქვა „აღსრულებულ არს!“ და განუტევა სული! ეს უდავო ისტორიული რეალობაა. მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი მოკვდა „ყოველი“ ადამიანისათვის! მას შემდეგ, რაც მან მიიღო ჩვენი ყველაფერი: სხეული, სული, ნება, ენერგია, სიძნელე, ღელვა, ტკივილი, მწუხარება, ჭმუნვა, სიხარული... ყველაფერი ცოდვის გარდა, მან, საბოლოოდ, მიიღო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაც - სიკვდილი. ამისთვის მან აირჩია ყველაზე სატანჯველი და დამამცირებელი ფორმა სიკვდილისა - ჯვარზე სიკვდილი. აქამდე ჩვენ ვეთანხმებით ფილოსოფოსებს. ჩვენ თვით იმაშიც ვეთანხმებით მათ, რომ ეკლესიები, ტაძრები - ესაა „საფლავები“, „საფლავზედა ნაგებობები“ ღმრთისა! თუმცა...! ჩვენ ვიცით, განვიცდით და თაყვანს-ვცემთ გარდაცვლილ ღმერთს, რომელიც „იყავ მკუდარ ცხოვრებისმომცემელო“! ვნების პარასკევიდან ცოტა ხნის შემდეგ, დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, „დღესა ერთშაბათსა“, კვირას, აღესრულა ის, რისთვისაც მოხდა განხორციელება, ვნება, ჯვარი და ჯოჯოხეთში შთასვლა: საღმრთო გამოსყიდვა - აღდგომა...! ხოლო ეს, ანუ აღდგომა, ასევე არის უდავო ისტორიული რეალობა...! ამ რეალობას აქვს პირდაპირი და გამომხსნელობითი შედეგები ჩვენთვის. აღდგა ძე ღმრთისა! აღდგა ღმერთი თავისი ადამიანურობის ყველა ნაწილით: სხეულით, რომელიც მან შეიმოსა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის უხრწნელ სისხლთაგან, და თავისი წმინდა სულით. იგი აღდგა მკვდრეთით და „აღადგინა ყოველი ხალხი ადამის სახით, ვითარცა კაცთმოყვარე არს“! საფლავი იესოს, „ცარიელი საფლავი“ იოსებისა ცარიელად დარჩება მას უკუნისამდე. ნაცვლად მკვდართა საფლავისა, იგი იქცა ძეგლად სიკვდილის ძლევისა, წყაროდ ცხოვრებისა. აღმოხდა მზე სიმართლისა, „საფლავისაგან შუენიერისა“ და მოგვანიჭა ჩვენ ჩაუქრობელი ნათელი, მშვიდობა, სიხარული, მხნეობა და ცხოვრება საუკუნო! დიახ, ტაძრები ღმრთის „საფლავებია“! მაგრამ საფლავები ცარიელი, აღვსილი სინათლით, სავსენი „სიცოცხლის სურნელით“, გაზაფხულის პასექის არომატით, მშვენიერნი, სასურველნი, გამშვენებულნი დიდებული ზმირნითა და საგრძნობი იმედის ყვავილებით, საფლავები ცხოველსმყოფელი და სიცოცხლის მიმნიჭებელნი! ღმრთის სიკვდილმა შემუსრა ძალნი ჯოჯოხეთისანი; სიკვდილი გადაიქცა იმ მოვლენად, რომელსაც ადამიანი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადაჰყავს. ეკლესიები, ღმრთის „საფლავები“, ეს არის ფართოდ გაღებული ბჭენი ღმრთის სიყვარულისა, ეს არის დახშული კარები მისი ძის საქორწინო პალატისა, რომელიც „ვითარცა სიძეი გამოვიდა საფლავით“, ხოლო შემავალნი მას შინა მორწმუნენი „სიკვდილისა ვდღესასწაულობთ მოკუდინებასა, ჯოჯოხეთისა შემუსვრასა, სხუისა ცხოვრებისა საუკუნოისა დასაბამსა, და ძნობითა უგალობთ დასჯილსა მხოლოსა კურთხეულსა ღმერთსა მამათასა და უფროსად დიდებულსა“.
ამიტომ, კარგია, რომ მოკვდა ღმერთი, ვინაიდან მისი სიკვდილი იქცა ჩვენ სიცოცხლედ და აღდგომად! კარგია, რომ არსებობს ამდენი მისი „საფლავზედა ნაგებობები“ მსოფლიოში; ამდენი წმინდა ტაძარი, სადაც თავისუფლად შეუძლია შევიდეს ტანჯულ, დაღლილ და უნუგეშო ადამიანსა გათავისუფლდეს ტვირთისაგან თავისი ტკივლისა და აგონიისა, შიშისა და წყლულებისაგან, და „გამოხსნილ იქნეს“ თავისი სიკვდილისაგან! კარგია, რომ არსებობს ეკლესია ჯვარცმული, მომკვდარი, აღდგომილი და საუკუნოდ ცოცხალი ქრისტეს, სადაც ჩვენი დროისაგან გარიყული ადამიანი, მოტყუებული კერპებით, ყველა „მცირე ღმერთებისგან“, რომელთაც განძარცვეს მისი გული; მოტყუებული იდეოლოიით, ფილოსოფიით, მეტაფიზიკითა და ყველა სხვა „ცარიელი საცდურებისაგან“ ჩვენი დროის „ცრუ“ საუკუნისა, ჰპოვებს თავშესაფარს, ნუგეშსა და ცხონებას.
მსოფლიო საპატრიარქოდან, დედა ეკლესიიდან, რომელიც განიცდის სრული სისავსით ღმერთკაცის ვნებებს, ტკივილის, ჯვარსა და სიკვდილს, მაგრამ ამავე დროს აღდგომას, ვუგზავნი ჩვენი ეკლესიის ყველა შვილს გულითად სააღდგომო მილოცვასა და კურთხევას, და გეხვევით თქვენ მკვდრეთით აღმდგარი და მარადის ცოცხალი და ადამიანის სიცოცხლის მომნიჭებელი იესო ქრისტეს სიყვარული, რომელსა შვენის დიდება, სიმტკიცე, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ!
წმინდა პასექი 2009
† ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი
დაუცხრომელად თქვენთვის მლოცველი წინაშე აღდგომილი ქრისტესი. © Prezidenta. Georgian Translation