ჯვაროსანი
Casus belli

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1914
წევრი No.: 87765
რეგისტრ.: 30-March 09
|
#14117602 · 3 Jun 2009, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ძაღლი მიაკვდა მაგ მოსკოვს"
საუბარი პაპის აღმოსავლური ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან, არქიმანდრიტ რობერტ ტაფტთან.
2004 წლის 16-20 თებერვალს, ქ. მოსკოვში, კარდინალი ვალტერ კასპერი, პაპის ქრისტიანული ერთობის მხარდამჭერი საბჭოს პრეზიდენტი, თავისი ვიზიტის დროს გეგმავდა პატრიარქ ალექსი მეორესთან შეხვედრას. ამას წინ უძღოდა ლიტურგიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის დიალოგის მონაწილისა და კათოლიკურ ეკლესიაში მართლმადიდებლობის საკითხთა გამოჩენილი ექსპერტის, არქიმანდრიტ რობერტ ტაფტის მიერ სააგენტო “National Catholic Reporter”-სათვის მიცემული ინტერვიუ. ესაუბრა ჯონ ლ. ალლენი. რობერტ ტაფტი დაიბადა 1932 წელს ქალაქ პროვიდენსში, აშშ. Mმისი პაპა უილიამ ტაფტი ამერიკის პრეზიდენტი იყო (1909-1913). რ. ტაფტი სწავლობდა ბოსტონისა და ნიუ-იორკის ფორდჰამის უნივერსიტეტებში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა რომში, პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში. 1949 წელს იგი იესოს საზოგადოების (იეზუიტები) წევრი გახდა, ხოლო 1963 წელს აღმოსავლურ-კათოლიკური წესის მღვდლად აკურთხეს. 1979 წლიდან ლიტურგიკის პროფესორია პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში და მსოფლიოს თითქმის 20 ქვეყანაში კითხულობდა ლექციებს. რ. ტაფტი 640 სამეცნიერო მონოგრაფიის, მათ შორის 14 წიგნის ავტორია. აღსანიშნავია მისი “ჟამნობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში” (1986). რედაქტორობს პერიოდულ გამოცემებს: “Orientalia Christiana Anacleta”, “Anaphorae Orientales”, “ქრისტიანული აღმოსავლეთი” და სხვ. Gგარდა ამისა ის არის ბიზანტინისტიკის კვლევის ცენტრ “დამბარტონ ოუქსის” უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ა.შ.
როგორია თქვენი შეხედულება უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაფუძნების დაკავშირებით?
როდესაც მოცემული აღმოსავლურ-კათოლიკური ეკლესია ძლიერდება, მტკიცდება და ერთიანდება, ეს ბუნებრივი ნაბიჯია. უფრო მეტიც, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა და თანაც კანონიკური ნორმებით, მაგალითად: ბულგარეთში მრევლი ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც ცდილობდა მათთვის ბერძნული ღვთისმსახურების თავს მოხვევას. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ბულგარულმა ეკლესიამ არ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, განაცხადა რა საკუთარი საპატრიარქოს დაფუძნების შესახებ. კონსტანტინოპოლი უარყოფდა მას მანამ, სანამ ნათელი არ გახდა ამ უარყოფის უპერსპექტივობა და მანაც ცნო ბულგარეთის საპატრიარქოს სტატუსი. გულახდილად რომ ვთქვათ, მე ყოველთვის ვურჩევდი უკრაინელ მორწმუნეებს ამ მაგალითისთვის მიბაძვას, კერძოდ: შეექმნათ საპატრიარქო და ეარსებათ მის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ ეპისკოპატის ერთსულოვნების შემთხვევაში.
სრულდება თუ არა ეს პირობა?
დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს თანხმობას. საფრთხე კი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მოიძებნება ამის თუნდაც ორი მოწინააღმდეგე, მაშინ რომი განაცხადებს ეპისკოპოსთა შორის უთანხხმოებისა და საპატრიარქოს ცნობაზე უარის შესახებ. როგორც ვამბობდი, საჭიროა გადაიდგას ორი ნაბიჯი. პირველ რიგში, აუცილებელია საპატრიარქოს დაფუძნების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება. შემდეგ, საჭიროა რომისთვის მისი აღიარების მოთხოვნა. თუკი ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, არ უნდა იქნას მიღებული საფოსტო გზავნილები, რომლებიც არ არის საპატრიარქოს მისამართზე გამოგზავნილი. მართლა არ უნდა იქნას მიღებული ისინი და არა მხოლოდ თავი მოაჩვენონ, რომ არ იღებენ მათ. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა გამოგზავნა კიევის არქიეპისკოპოსის სახელზე წერილი? ის კი არ არსებობს. არსებობს კიევის პატრიარქი. საჭიროა წერილის უკან გაგზავნა წარწერით: “ადრესატი უცნობია.”
რატომ უნდა შეიქმნას საპატრიარქო კიევში და არა ლვოვში, სადაც ტრადიციულად ძლიერი იყო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია?
აუცილებელია ერთი რამის გაგება. ყოველი ადამიანი, ვინც თუნდაც ცოტათი მაინც იცნობს ისტორიას, აღიარებს კიევს, “კიევის რუსეთს” აღმოსავლეთ სლავების (ბელორუსების, რუსებისა და უკრაინელების) ქრისტიანობის ცენტრად. ამ ერთაგან რომელიმესთვის კიევისგან მოწყვეტის მოთხოვნა იგივეა, რაც ქრისტიანებისთვის იერუსალიმის იუდეველთათვის გადაცემის მოთხოვნა. ეს უბრალოდ შეუსაბამოა... უფრო მეტიც, იყო დრო, როცა მთელი დასავლეთ უკრაინა კავშირში იყო როომთან და იერარქის რეზიდენციაც განთავსებული იყო კიევში. არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ უკრაინაში არ იყო კათოლიკე ეპისკოპოსი, კიევის მიტროპოლიტი. თუმცა, ეს საკითხი ვერ გადაწყდება მხოლოდ ისტორიიდან გამომდინარე. ისტორია მხოლოდ გვასწავლის, მაგრამ არ ადგენს ნორმებს. კიევი უკრაინისთვის იგივეა, რაც პარიზი საფრანგეთისთვის. ლვოვი, უდაოდ, მშვენიერი ქალაქი და თავისებური “წყნარი ყურეა”. ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის შესახებ, რომლის საზღვრები გასცდა ძველი გალიციის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთ უკრაინის ფარგლებს. ახლა მორწმუნეთა ნახვა შეგიძლიათ ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ კიევი არის ეკლესიის გული, ბერძენ-კათოლიკეებს შეხვდებით არა მარტო აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ მთელ რუსეთში, მაგ: ყაზახეთში. ამ ხალხს აქვს უფლება იქონიოს თავისი აღმსარებლობა. უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, ქვეყნის როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ რეგიონებში, ყველაზე მრავალრიცხოვანი იყოს. ამ გარემოებაზე კი არ საუბრობენ. თუკი შეეკითხებით უკრაინელ მორწმუნეებს, რამდენად დიდია მათი ეკლესია, გიპასუხებენ: “ჩვენ გვაქვს 310 სამრევლო”. კითხვაზე, თუ რამდენი ადამიანი დადის ეკლესიაში, გიპასუხებენ: “არ არის ცნობილი”. “აღმოსავლური სტატისტიკა”-ეს არის ოქსიუმორონი. უკრაინელ კათოლიკეებს ახასიათებთ ის, რომ ისინი ესწრებიან ღვთისმსახურებებს და მტკიცედ იცავენ თავიანთ რწმენას. რატომ განიცადა ასე მწვავედ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კათოლიკური ეკლესიისთვის გარკვეული დათმობები? სწორედ აქ იყო ის მომთხოვნი, რადგან საქმე ეხებოდა მის ფინანსურ წყაროებს. სცადეთ მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, დასავლეთ უკრაინიდან რამდენი ღვთიმსახური იქნა ხელდასხმული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე. რა თქმა უნდა, ამ რიცხვისა და მართლმადიდებლური მოსახლეობის რიცხოვნობის თანაფარდობა საკმაოდ არაპროპორციულია. სხვათა შორის, თითქმის ყველა დღევანდელი უკრაინელი მართლმადიდებლი არის კათოლიკე, რომელიც იძულებული გახდა გადასულიყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ამა თუ იმ მიზეზის გამო დარჩა იქ.
მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ესოდენ ფაქიზი პრობლემის გარდა, უკრაინაში საპატრიარქოს დაფუძნებასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა სხვა რაიმე საწინააღმდეგო?
მადლობა ღმერთს, არ მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა არ შეეხება იმას, რომმა რის საფუძველზე უნდა დააფუძნოს აღმოსავლეთში საპატრიარქო. ზოგადად, ამბობენ, რომ პაპმა უკრაინელ მორწმუნეებს განუცხადა, თუ ისინი შეძლებენ კარდინალ ვალტერ კასპერის დარწმუნებას, ეს იქნება პონტიფიკის თანხმობის ტოლფასი. ცხადია, კასპერი აპირებს მოწინააღმდეგეთა მხარის დაჭერას, ის ვალდებულიცაა ასე მოიქცეს. მას დავალებული ჰქონდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობის მოწესრიგება და არა მისი დარღვევა. ჩემი სიმპათია მისკენაა მიმართული. კასპერი არ მოქმედებს თავისი სურვილისა და შეხედულებების თანახმად. ის აკეთებს თავის საქმეს.
არის თუ არა შინაგანი მიზეზი, რის საფუძველზეც კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია უარი თქვას საპატრიარქოს შექმნის მხარდაჭერაზე?
თქვენ, ალბათ, ხუმრობთ... ჩვენ გვაქვს კოპტური (კათოლიკური) ეკლესიის საპატრიარქო, რომლის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ ამ ოთახში მოთავსება. ნუ მაცინებთ, ღვთის გულისათვის. შეიძლება ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა.
კონკრეტულად, უკრაინული საპატრიარქოს იდეასთან დაკავშირებით, რამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღელვარება?
თვით სხვა ეკლესიების არსებობის ფაქტიც იწვევს მართლმადიდებელთა მღელვარებას. ისინი ამ ადამიანებს განიხილავენ თავიანთ საკუთრებად, რომელიც მათთვის წართმეულ იქნა ბრძოლით, ხრიკებითა და ძალით და მართალნიც არიან. თუმცა, მათ არ ძალუძთ იმის გაგება, რომ შეუძლებელია ამ გზით ისტორიის ნგრევა. წარმოიდგინეთ, თქვენ წახვედით საბერძნეთში დასასვენებლად. უცებ, ვიღაც სულელი თქვენსკენ იშვერს თითს და აცხადებს, რომ იბრძოდით მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. დასავლეთში მცხოვრებთა უმრავლესობამ არც იცის, რა ლაშქრობა იყო ეს და მათ არც სჭირდებათ ამის ცოდნა. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ისტორიას ისე ექცევიან, თითქოს გუშინ მომხდარიყოს რაიმე მოვლენა. ნება მომეცით, კლასიკური მაგალითისთვის, მოვიყვანო ანგლიკანური ეკლესია. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ჰენრი მერვემ იმისთვის მიმართა პლებისციტს, რომ გაეგო, სურდათ თუ არა ინგლისის კათოლიკეებს რომის გავლენისგან გათავისუფლება? არა, ერთ მშვენიერ დღეს, მათ გაიღვიძეს როგორც არაკათოლიკეებმა. თუმცა, ეს მოხდა 500 წლის წინ. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია შევიდეს ინგლისის ტერიტორიაზე და აიძულოს მოსახლეობა დაუბრუნდეს მას. ახლა მსგავსი სიტუაციაა უკრაინაში. ბერძენ-კათოლიკეები ეკუთვნოდნენ კათოლიკურ ეკლესიას 1596 წლიდან. ისინი არ აპირებენ აღნიშნული კონფესიის მიტოვებას. მართლმადიდებლები სთავაზობენ შემდეგს: აღმოსავლეთელ კათოლიკეებს მოუწევთ “თავისუფალი არჩევანის” გაკეთება: ან უნდა შეუერთდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას ან ლათინურ ეკლესიას. არ შეიძლება ამ არჩევანის სერიოზულად აღქმა. ეს იგივეა, რაც აფრო-ამერიკელებს ჯორჯიის შტატიდან შესთავაზო “თავისუფალი არჩევანი”: ან საცხოვრებლად გაემგზავრონ ალბანეთში ან უგანდაში. სავსებით შესაძლებელია, რომ მათ მოუნდებათ იქ დარჩენა, სადაც დაიბადნენ, მშვენიერ აშშ-ში. სიტყვა “თავისუფალი არჩევანი” ჟღერს როგორც დაცინვა.
მაგრამ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს, რომ 1596 წლის უნია ლიკვიდირებულ იქნა 1946 წელს...
ყველამ იცის, რა კომედიაც იყო ეს. ასევე, თვით ენკავედემ, ამ აქტის ორგანიზატორმაც კი გამოამჟღავნა თავისი გეგმები პრესაში. ცნობილია, რომ ყველა კათოლიკე ეპისკოპოსი დააპატიმრეს. ამდენად, შეეძლო სინოდს მათ გარეშე არსებობა? ის ორი თუ სამი ეპისკოპოსი, რომლებიც იქნენ ხელდასხმულნი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არ იყვნენ კათოლიკე ღვთისმსახურნი. შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ კანონიკური წესით სინოდის მოწვევა. ამ გარემოების შესახებ ყველასთვის ცნობილია.
სინამდვილეში, რაში მდგომარეობს პრობლემის არსი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?
ის თვლის, რომ მის მფლობელობაშია ყოფილი კიევის რუსეთის მთელი ტერიტორია, მათ შორის, უკრაინის, მოსკოვისა და ნოვგოროდის მიწები – მისი სამი ისტორიული ცენტრი. მსგავსად, შესაძლებელი იყო პაპის იურისდიქციის გავრცელება იტალიის მთელ ტერიტორიაზე.
სხვა სიტყვებით, მართლმადიდებელნი ერიდებიან დომინოს ეფექტს?
აღნიშნულის ანალიზისთვის, რაციონალური მიდგომის მცდელობა ნიშნავს იმას, რომ ვერ გაიგო, რას წარმოადგენს აღმოსავლეთი. ჩავთვალოთ, რომ თქვენ გადმოხვედით ატლანტიკის ოკეანის ევროპის სანაპიროზე. რაც უფრო მეტს ივლით სამხრეთით ან აღმოსავლეთით, უფრო მეტად უარესდება ყოველივე, სამზარეულოს გამოკლებით. ნელ-ნელა ქრება ლოგიკა და რაციონალურობა, საბოლოოდ კი, ყველაფერი სრულდება ისტერიით და ემოციურობით. ამის გარჩევა უშედეგო შრომაა. ასევე, კათოლიკური ეკლესია არასდროს შეეცდება მართლმადიდებლური ეკლესიის დარწმუნებას უკრაინული ბერძნულ-კათოლიკური საპატრიარქოს ცნობასთან დაკავშირებით? არა, მე არც კი ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. და საერთოდაც, ძაღლი მიაკვდა მაგ მოსკოვს!
კარდინალი ვალტერ კასპერი ჩამოდის 16 თებერვალს. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ემზადება კიდეც ამ საკითხის განსახილველად. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უშედეგო ჩანაფიქრია?
არა, რადგან კარდინალი კასპერი გონიერი ხელმძღვანელია. არსებობს ორი ტიპის ინფორმაცია: ის, რაც დევს ოფიციალურ განცხადებებსა და პრესაში და ის, რაც განიხილება ისეთ რაციონალურ პირებთან პირად ურთიერთობაში, როგორიცაა მიტროპოლიტი კირილე გუნდიაევი (მეორე პირი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიაში). ის გონიერია, განათლებული და არა არის კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგეთა რიგებიდან. ის უბრალოდ იძულებულია დროდადრო, გარკვეული ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულებები. ხედავთ, აუცილებელია იმის გაგება, რომ ბევრი რამ, რასაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურნი ახორციელებენ, არის მათი ბოდვითი ილუზიების შედეგი. არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რომ პატრიარქი და სინოდი შეინარჩუნებენ მუდმივ კონტროლს ეკლესიასა და იერარქიაზე იმავე სახით, როგორც ამას აკეთებს პაპი კათოლიკურ ეკლესიაში. მოსკოვის პატრიარქი არ არის რომის პაპი.
რეალურად, რას უნდა ითვალისწინებდეს კარდინალი კასპერი?
უნდა იმოქმედოს იგივე გულწრფელობით, როგორითაც არის აღსავსე “Civilta Cattolica”-ში გამოქვეყნებული მისი ცნობილი სტატია. ის დაიწერა იმ დროს, როდესაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აპროტესტებდა კათოლიკური ეპარქიების დაარსებას რუსეთში, ეს სწორი გზაა. რუსეთის ევროპულ ნაწილში ცხოვრობს 300 000-ზე მეტი კათოლიკე, მათ შორის, 65 000 მოსკოვშია. აბსურდულია იმის მტკიცება, რომ აქ კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს უფლება დააფუძნოს თავისი ეპარქია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ნიშნავს თავის მიტროპოლიტს იქ, სადაც მას უნდა. მაგალითისთვის ავიღოთ ავსტრია. კათოლიკური ეპარქია არსებობდა ვენაში პირველი ათასწლეულიდან მოყოლებული, ხოლო რუსული მართლმადიდებლური ეკლესია კი ნიშნავს თავის მიტროპოლიტს წოდებით არა “ვენაში”, არამედ “ვენის”. ასეთი იყო მისი ტიტული. ეს მაშინ, როცა მთელ ავსტრიაში ვერ მოიძებნება თუნდაც 5000 მართლმადიდებლი. მოდით, გულახდილად ვისაუბროთ. ითვლება თუ არა მოსკოვი მართლმადიდებელთა კანონიკურ ტერიტორიად? უდაოდ, დიახ. ასეთ შემთხვევაში, ვის კანონიკურ ტერიტორიას წარმოადგენს ვენა? მართლმადიდებლებს მოჰყავთ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ კი გვჯერა პრინციპის: “ერთი ეპისკოპოსი-ერთი ქალაქში.” როგორ ფიქრობთ, რამდენი მართლმადიდებელი ეპისკოპოსია ნიუ-იორკში? ღვთის გულისთვის! პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არავის აქვს მსგავსი ფორმით ურთიერთობა მართლმადიდებლებთან, რადგან არ იციან, რომ ის, რაც ჩემთვისაა ცნობილი. კათოლიკეებს ესმით ყოველივე და ფიქრობენ: “და მაინც, როგორი საშინელები ვართ ჩვენ”... ნუ მაცინებთ.
მაშ, რისი რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს კარდინალ კასპერს?
ის, რისი იმედიც მას უნდა ჰქონდეს, ეს არის დიალოგის განახლება. ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია მისი მხრიდან, არის დაარწმუნოს მოსკოვი იმაში, რომ კათოლიკური ეკლესია რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას განიხილავს როგორც მოძმე ეკლესიას. ჩვენც აქ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ დავიცვათ კათოლიკეები და არ ვაპირებთ მათ შიდა საქმეებში ჩარევას. ამის შესახებ ითქვა მრავალჯერ. ბოლო დროს, მიტროპოლიტი კირილე ახორციელებდა იმედისმომცემ ქმედებებს. მისი სიტყვებით, დიალოგი არ შეწყვეტილა, ეს მართალია, ჯერ შენარჩუნებულია ოფიციალური შეთანხმება ეკლესიებს შორის დისტანციის შესახებ. ამასთანავე, ორივე მხარის ღვთისმსახურების შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არღვევენ დადგენილ წესებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელ მღვდლებს შორის არაიან პირები, რომლებსაც კათოლიკეები თავიანთ სარწმუნოებაზე გადაჰყავთ. მართლმადიდებლებმა დააფუძნეს თავიანთი სამრევლო პალერმოში. ყველა რუსი პალერმოდან შეიძლება ტელეფონის ერთ ჯიხურში მოათავსო. და ვინ არის მღვდელი? მართლმადიდებლად მოქცეული კათოლიკე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, “მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალმა” საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს იყო ნაბიჯი “სიცილიის ბიზანტიური მემკვიდრეობის აღდგენისთვის!” აი, კიდევ ფაქტები: ბერძნული მონასტერი კალაბრიაში, ასევე, ახდენს კათოლიკეების მართლმადიდებლობაში გადაყვანას. საეკლესიო კანონების ინტერპრეტირება ყველგან თავისუფლად ხდება. ამასთან, კასპერი არ აპირებს მართლმადიდებელთა დაყოლიებას.
მისი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დარტყმა შეამსუბუქოს, ასე არ არის?
დიახ. ვთვლი, რომ კასპერმა უნდა აცნობოს რუს მართლმადიდებლებს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ჩვენ გვჭირდება ისინი? პასუხი ასეთია: არა. ყველაფერი მარტივია.
როგორ გგონიათ, მათთვის ეს ცნობილია?
ალბათ, არა, რადგან ისინი თვლიან, რომ აკონტროლებენ სიტუაციას რუსეთში და იციან, რომ ქვეყანაში ასეულობით ათასი კათოლიკეა. ღუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საკმაოდ რთულია რეალობის გაცნობიერება. სინამდვილეში, ისინი ვერ იგებენ ისტორიის გაკვეთილებს. მაგალითად, დღევანდელ ციმბირში მრავალი კათოლიკეა. როგორ მოხვდნენ ისინი იქ? ისინი გადაჰყავდათ სატვირთო ვაგონებით, აი, როგორ. მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. უფრო მეტიც, ომის დაწყებამდე, ციმბირის მოსახლეობის 20 % შეადგენდნენ კათოლიკეები. იყო თუ არა კათოლიკური ეპარქიები რუსეთში რევოლუციამდე? რა თქმა უნდა, იყო. მე ვსაუბრობ ნამდვილ ეპარქიებზე და არა ფიქტიურ “სამოციქულო ადმინისტრატურებზე”. ნამდვილი ეპარქიები არსებობდა. თუკი, დღეს, კათოლიკე ეპისკოპოსები გამოჩნდნენ იმ რეგიონებში, სადაც რევოლუციამდე არ იყვნენ, მხოლოდ ერთი მიზეზით, რომელიც უკვე აღვნიშნე. ხალხი გადაასახლეს სატვირთო ვაგონებით. რომის პაპს არ გაუყრია ისინი იქ. მართლმაიდიებლებს არ შეუძლიათ რეალობის აღქმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს წინასწარი სქემა “კრიზისი-შერიგება-კრიზისი” კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ჩვენ განწირულნი ვართ ამ სქემის გასამეორებლად?
ვფიქრობ, რომ ასეა. გარკვეულწილად, ეს მართლია, რადგან ვცხოვრობთ, თავისუფალ სამყაროში და არც ერთ ხელისუფლებას სინამდვილეში არ შეუძლია მთლიანად თავისი ხალხის კონტროლი. თუკი ასე მოხდება და “კათოლიკე ნეოკატეხუმენების” ბრბო გამოჩნდება რომელიმე რუსულ ქალაქში, მოაწყობს არეულობებს, ვინ გააკონტროლებს მათ? ნაწილობრივ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პაპები არ აკონტროლებენ რიგ ახალ მიმდინარეობებს კათოლიკურ ეკლესიაში. ზოგადად, ეს მხოლოდ სტიმულს აძლებს მათ განვითარებას. ამგვარ პრობლემებს რუსეთშიარც იეზუიტები და არც ფრანცისკელები არ ქმნიან. პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთში რეაგირებენ არა იმდენად ჩვენს ქმედებებზე, როგორც ასეთი, არამედ რამდენად შეუძლია აღნიშნულ ქმედებებს სტაბილურობაზე გავლენის მოხდენა. არსებითად, რუსულ მართლმადიდებლურ იერარქიაში არის სამი ჯგუფი. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ნამდვილი შეურაცხადები, უფრო სწორად ფანატიკოსები. ისინი, რომლებიც პუტინს წმინდანად მოიხსენიებენ და ა.შ. შემდეგ ისინი, ვინც, მიტროპოლიტ კირილეს მსგავსად, მზად არიან ურთიერთობისთვის. საკმაოდ განათლებულნი, მხარს უჭერებ ეკუმენურ იდეებს. და ბოლოს, არსებობს საშუალო ფენა-კონსერვატორები, რომლებიცმაინცდამაინც ბოლომდე არ დაიცავენ თავის პოზიციებს.... ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის მიტროპოლიტი კირილე, ძალიან პატარაა. პატრიარქი კი ჟონგლიორია, რომელიც ცდილობს ყველა ბურთის ჰაერში გაჩერებას.
ვატიკანის მეორე შეკრების შემდეგ, ეკუმენური მოძრაობის ერთ-ერთი მიზანთაგანია სტრუქტურული ერთიანობის მიღწევა. ეს აუხდენელი ოცნებაა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში?
არა, არ არის სწორი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა იგულისხმება მასში. ეკუმენიზმის ერთადერთი შესაძლო მიზანია კანონიკური ურთიერთობა. წარსული შეხედულებები იმის შესახე, რომ ეკლესია იწყება ღმერთიდან, რომელსაც იერარქიის მიხედვით, მოსდევს რომის პაპი და ა.შ. მოძველდა. ის, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, არის მოძმე ეკლესიები. აი, რა იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხეთქილებამდე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რომს შეეძლო გამოეთქვა თავისი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ან ნიკომედიის მიტროპოლიტი? რა თქმა უნდა, არა. ისინი იყვნენ ეპისკოპოსები იქ, ისევე როგორც ჩვენები-აქ. ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: “გამარჯობა – გამარჯობა. შენ ეპისკოპოსი ხარ? –მეც. როგორ მიდის საქმეები?” ისინი ურთიერთობდნენ. საუბარი არ არის იმაზე, რომ რომი უბრძანებს მათ, როგორ მოიქცნენ.
როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ კანონიკურ ურთიერთობას?
პირველ რიგში, ნათელი უნდა გახდეს, რომ ეს არის ყველაფერი, რის მიღწევასაც ვცდილობთ.
როდის შევძლებთ ამის მიღწევას?
არ ვიცი. ალბათ, მე ვერ მოვესწრები ამას. ვთვლი, რომ უნდა გავიდეს კიდევ რამდენიმე ასწლეული.
თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ცენტრალურ პრობლემად რჩება პაპის საკითხი?
რა თქმა უნდა. ის, რადაც ჩვენ გარდავქმენით პაპობა, უბრალოდ სასაცილოა. არც ახალი აღთქმა, არც რაიმე წყარო არ ამართლებს იმას, რაც შევქმენით პაპისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მჯერა მისი მსახურების. არ არსებობს რამე მიზეზი, რომლის მიხედვითაც, რომის პაპმა უნდა დანიშნოს პეორიის ეპისკოპოსი. სხვა სიტყვებით, ჩვენ ნამდვილად ვსაჭიროებთ ხელისუფლების გადანაწილებას, დეცენტრალიზაციას. კათოლიკური ეკლესია იმდენად გაფართოვდა, რომ წარმოიშვა ისეთივე სინოდალური სტრუქტურის აუცილებლობა, როგორიც არის აღმოსავლეთში. აშშ-ს კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია უნდა გახდეს თავისებური სინოდი. მათ უფლება უნდა მიეცეთ აირჩიონ ეპისკოპოსები. რომს შეიძლება დარჩეს ვეტოს უფლება. სხვათა შორის, ეს ვერ გახდება იმის გარანტია, რომ ეპისკოპატი უკეთესი იქნება. წარმოდგენა იმაზე, რომ ადგილობრივი სასულიერო ხელმძღვანელობის მიერ არჩეული კადრები იქნება უკეთესი, ვიდრე რომის კანდიდატურები, არის გაუგებრობა. აღმოსავლური ქრისტიანობის სპეციალისტებს ეს კარგად ესმით. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანებშიში ეპისკოპოსებს დაინახავს არა იმდენად რომი, რამდენადაც მორწმუნე ერი. საკუთარი ტანსაცმელი სხეულთან უფრო ახლოსაა. რომის პაპს შეეძლება განაცხადოს: “არ მოგწონთ ნიუ-იორკის ეპისკოპოსი? მაგრამ ის ხომ ჩემი დანიშნული არაა”.
თუკი გავითვალისწინებთ ყველა სირთულეს, ხომ არ იქმნება საფუძველი იმისა, რომ საერთოდ დავივიწყოთ დიალოგი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან?
კათოლიკური ეკლესია არასდროს უწოდებს ორგანიზაციას ეკლესიას, თუ მასში არ არის ეპისკოპატი. რეალურად, კათოლიკური ეკლესიის შემდგომ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის უმსხვილესი ეკლესია მსოფლიოში. მისი უგულებელყოფა იგიევა, რაც აშშ-ს მიდგომა ჩინეთის მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ქვეყანაში არის მილიარდამდე მოსახლეობა, თუმცა აშშ-ში თვლიდნენ, რომ ის საერთოდ არ არსებობს. განა შეიძლება ასეთი ბრიყვული მოქცევა? ამასთან, ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას მოსკოვთან და ასევე, მეორე მხარემაც უნდა გადმოდგას ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა მოსწონს მას ეს თუ არა.
თქვენი აზრით, ეს არის “რთული სიყვარული”?
სწორედ რომ ასეა. ასეთ პრობლემას წააწყდა პაპის ქრისტიანული ერთიანობის ხელშემწყობი საბჭო კარდინალ ვილენბრადსის დროს.. როდესაც რუსი მართლმადიდებლები აცხადებდნენ უსაფუძვლო პრეტენზიებს, საბჭოს სამდივნო ცდილობდა კულუარულად ეპასუხა და სააშკარაოზე არ გამოეტანა.. ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს მათ საფუძველს აძლევს იმისთვის, რომ შეეძლონ წყლიდან მშრალად ამოსვლა. ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. არ შეგვიძლია ჩვენი ეპისკოპოსის მოსკოვში დანიშვნა? ვნახოთ: ბრიუსელში არის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, რომ აღარაფერი ვთქვათ ლონდონსა და პარიზზე. ბოლო დრომდე ოქსფორდში იყო სამი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. ოქსფორდის ყველა მართლმადიდებლის მოთავსება შეიძლება ერთ სატელეფონო ჯიხურში! საჭიროა აქტიური რეაგირება მსაგვს აბსურდებზე.
რუსულიდან თარგმნა ნინო მთვარელიშვილმა.
This post has been edited by მნათეუსი on 4 Jun 2009, 02:31
--------------------
Bis vincit qui se vincit in victoria
|