კოკოითი ქსნის ხეობაში ბავშვებს ფულს ურიგებს, ახალგორელები გვარებს ოსურად იკეთებენ[მარი ოთარაშვილი]
ახალგორელი ქართველები ფორმა N9-ის აღებისას, ქართულ გვარებს ოსურად იკეთებენ. როგორც ისინი “რეზონანსს” უცხადებენ, ამით ქართული ხელისუფლების რისხვის თავიდან აცილებას ცდილობენ. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თვალსაზრისით, ქართველების გაოსება სააკაშვილის პოლიტიკის სიბეცის ნაყოფია.
გუშინ პირველად, ახალგორის კლუბისა და პირველი საჯარო სკოლის შენობებზე გაჩნდა საარჩევნო პლაკატები წარწერით ოსურ ენაზე: “ყველანი არჩევნებზე!” თავად კოკოითი ამომრჩევლებს კლუბში შეხვდა და მათ პენსიებს, ხელფასებს, უსაფრთხო ცხოვრებას დაჰპირდა.
– “კოკოითი ახალგორში დილას, დაახლოებით 11 საათზე ჩამოვიდა. აქ, რაიონის კლუბში, 12 საათზე უნდა ყოფილიყო შეხვედრა, მაგრამ შუქები ჩაქრა და კოკოითის დაპირებები დაგვიანებით გენერატორების ხმაზე, 2 საათზე, დაიწყო. მანამდე კოკოითმა გამგეობასა და ქსნის ერისთავების მუზეუმში შეიარა. ბავშვებს ფული აჩუქა: 10’000 თუ 5’000 რუბლი, ზუსტად არ ვიცი. ვინც კი დაინახა ბავშვი, ყველას დაურიგა. მე არ მივსულვარ, რადგან მაგ დროს გაკვეთილები მქონდა. ისედაც, ამის სურვილიც არ მქონდა,” - უთხრა “რეზონანსს” სკოლის პედაგოგმა ქსნის ხეობიდან.
– “ჩემმა მოსწავლეებმა მომიტანეს ამბები. სანამ კოკოითი დაიწყებდა რამეს, ხალხმა მაშინვე აჯახა: ჩვენი პენსიები როდის იქნებაო. ერთ-ერთმა ქალმა შესჩივლა: ისეთი გაჭირვებული ვარ, მარილიც კი არ მაქვს სახლშიო. 3 თვის ხელფასი ჩამოიტანეს: სექტემბრის, ოქტომბრისა და აპრილის. დღეს ან ხვალ დაგვირიგებენ. გაგეცინებათ და, ბავშვებმა კოკოითზე ასეთი რამე მითხრეს: ისეთი ლამაზი იყოო, შავები ეცვა და ძალიან უხდებოდაო. ყველას ეუბნებოდა, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ვიქნები თქვენი უსაფრთხოების გარანტიო. ქართველებთან კარგი დამოკიდებულება ყოველთვის მინდოდა, ამაზე სააკაშვილთან არაერთხელ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ყოველთვის დაცინვით მეკიდებოდაო, უთქვამს. მოედნიდან კინო-თეატრამდე სულ სავსე იყო მისი დაცვითა და ომონით”.
პედაგოგის თქმით, სეპარატისტების ლიდერს ახალგორელებმა შეძლებისდაგვარად პომპეზური შეხვედრაც მოუწყეს და კარგადაც უმასპინძლეს:
– “სპეციალურად კოკოითისთვის გუშინ ნაყიდი ხარი დაკლეს. ქეიფი ჰქოდათ კულტურის ცენტრის პირდაპირ რომ არის ილურიძეების რესტორანი. რესტორნამდე აქაურ კაცებს ბილიარდიც ეთამაშა. საკმაოდ დიდი ამალა ჰყავდა, 100 კაცამდე. 25-ზე მეტი მანქანა დავთვალე. უმეტესობა დაცვა იყო და მათ შორის რამდენიმე მინისტრიც. მოჰყვნენ რუსებიც. კონოთეატრიდან მოედნამდე ისე იყო გზა ჩახერგილი, ძლივს გავძვერი.”
ახალგორში სადეპუტატოდ ამ დროისთვისაც სამი კანდიდატია ცნობილი: ადგილობრივი დეფაქტო გამგებლის, ანატოლი მარგიევის მოადგილე, ვლადიმერ გაბარაევი (პარტია “ედინსტვოდან”), ალექსანდრე (“პაკო”) ბარათაშვილი (“სახალხო პარტია”) და მერაბ ჩიგოევი (კომუნისტური პარტია). “პარლამენტის” არჩევნებში მონაწილეობს სოციალისტური პარტია “ფიდიბესტეც” იღებს, მაგრამ ამ პარტიას ახალგორში სადეპუტატო კანდიდატი არ ჰყავს;
– “ახალგორს ისევ ის კანდიდატები გვყვავს, რომლებიც გასულ კვირას იყვნენ: “ედინსტვოდან”, სახალხო და კომუნისტური პარტიებიდან. პაკო ბარათაშვილი ცხინვალშია და ამ დღეებში ჩამოდის. რას იზამს, არ ვიცით. ჩიგოევი კი საერთოდ არ ჩანს, არ გვინახავს”, - ამბობს ახალგორელი ქართველი მამაკაცი.
როგორც ქსნის ხეობელები იუწყებიან, საარჩევნო ფორმა N9-ის ასაღებად მისული ქართველები გვარს ოსურად იკეთებენ:
– “ფორმაზე რიგები ახლაც დგას. ხალხი ვინც ამას იღებს, გვარების შეცვლასაც ითხოვს, რომ ქართული ხელისუფლების რეპრესიების მსხვერპლნი არ გახდნენ. მაგალითად, გათენაშვილები გათენოვის გვარს იღებენ, ამირანაშვილები - ამირანოვის, მღებრიშვილები ითხოვენ, რომ მღებროვებად ჩაეწერონ... ანუ ეს უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ, რადგან, მოგეხსენებათ, ქართული ბლოკ-საგუშაგო დაინტერესდა იმ გვარებით, ვინც ამ ფორმას იღებს”.
ახალგორის ქართული გამგებლობის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომ ფორმა 9-ის აღებაზე ლოიალური დამოკიდებულება აქვთ, ადგილბრივები სიცრუეს უწოდებენ.
– “ტყუილია, თითქოს ქართული ადმინისტრაცია არ კრძალავს ამ ფორმების აღებას. გუშინ ჩოჩელი წეროვანში ჩატარებულ კრებაზე ბოლო ხმაზე ყვიროდა: ჩაალაგეთ, რაც ჩამოათრიეთ, და უკან წადითო. ერთმა გოგომ ჰკითხა კიდეც: კი მაგრამ, იქ როგორ ვიცხოვროთო.ჩოჩელმა უთხრა: ხმა ჩაიკმინდე, გამომიხვედი ნასწავლიო. ამ შეკრებაზე ახალგორიდან იყვნენ მანჯიკაშვილები, ბაქაქურები, მახარაშვილები, გათენაშვილები... სახელებს შეგნებულად არ გეტყვით. დაუკავშირდით რომელიმე მათგანს და ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ. ამიტომაც იღებენ ოსური გვარებით ქართველები ფორმა 9-ს. ფაქტია, რომ დღეს ეს ფორმა 3’000-მდე ახალგორელს აქვს. დაბელები თვითონ მივიდნენ ასაღებად, სოფლებში კი დაიარეს. ცეზარმა ისიც თქვა: 3’000-მა როგორ აიღო, როცა ქსნის ხეობაში სულ 2’000-მდეკაცი ცხოვრობსო. კი მაგრამ, სააკაშვილის საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნებზე რომ აღწერეს აქაური მოსახლეობა, 6’000 აღმოჩნდა და ახლა ამბობენ, 2’000-მდე კაცი ცხოვრობსო?! როგორც ჩანს, ვისაც როგორც უნდა, ისე ბერავს ამ ციფრებს,” - აცხადებს ახალგორელი მამაკაცი.
“რეზონანსი” ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
– “დიახ, ვესწრებოდი წეროვანში ჩოჩელის მიერ ჩატარებულ კრებას და მართლაც გააკეთა ის განცხადებები, რაზეც თქვენ მეკითხებით. დანარჩენს, ძალიან გთხოვთ, ნუ მკითხავთ. ისდაც უბედურ დღეში ვართ და ეს უბედურება გვაკმარეთ,” - განაცხადა ლ.მ.-მ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჩოჩელის მიერ 25 მაისს ჩატარებულ კრებაზე ახალგორელებმა თავად უამბეს:
– “ჩოჩელმა ახალგორელებს წეროვანში ჩატარებულ კრებაზე კი არ მოსთხოვა, ეგ ფორმა არ აიღოთო, დაემუქრა კიდეც: აიღებთ და აქეთ გადმოსულები არ გნახოთო. ეს ჩოჩელმა რომ თქვა, თვითონ ამ კრების დამსწრეებმა მითხრეს. ვთხოვ ყველა ამ ადამიანს, ხმამაღლა განაცხადონ ამაზე, რადგან ჩოჩელი ამ განცხადებების შემდეგ არის დამნაშავე. ის გუბერნატორი კი არ უნდა იყოს, ციხეში უნდა იჯდეს. როგორ შეიძლება შენსავე მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიებზე გადაადგილებას უკრძალავდე?!
– “სხვათა შორის, ჩოჩელი კარგად მახსოვს 2003 წლამდე, როცა სააკაშვილთან ერთად დავდიოდი საარჩევნო კამპანიის დროს შიდა ქართლში, ჩოჩელიც იყო და ფიცხელაურიც. მაშინ სააკაშვილი არ შეუშვეს ახალგორში და წინასაარჩევნო კამპანია სხვა სოფელში ჩავატარეთ. სააკაშვილს ერთი ქალი დაჰყვებოდა (თუ არ ვცდები -გვარად ჩოხელი), რომელმაც სააკაშვილს ჩოჩელსა და ფიცხელაურზე რაღაცებს მოუყვა. სააკაშვილმა ჩოჩელს მთელი ხალხის წინაშე (რომელიღაც სოფლის კლუბში ვიყავით შეკრებილნი) დაუყვირა: ლუდის ქარხნით რომ გაქვს გასიებული ეგ თავი და ჯიბეები და შენ კიდევ (ფიცხელაურს მიმართ) ორჯონიკიძეში (ასე ახსენა ვლადიკავკაზი) რომ გაქვს ნაყიდი ლომონოსოვის უნივერსიტეტის დიპლომი, კარგად ვიცი, რომ თქვენი ადგილი ციხეშიაო. ჩემს თვალწინ დაემუქრა ჩოჩელსაც და ფიცხელაურსაც. დღეს კი ორივე სააკაშვილის გვერდითაა და მის საქმეს აკეთებენ. ესენი დღეს ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ამბობენ და ქართველ ხალხს საკუთარ სახლში მისვლას უკრძალავენ. ამ სიბეცესა და ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას როდის მოეღება ბოლო, არ ვიცი”.
“რეზონანსი” პერმანენტულად ცდილობდა მცხეთა-თიანეთის გუბერნატორთან დაკავშირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, კომენტარის ჩაწერა მისგან ვერ მოხერხდა. რედაქცია მოხარული იქნება, თუ გუბერნატორი თავად შეეცდება დაკავშირებას აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=7885რა კომენტარი უნდა გავაკეთო?
ქაქში ვართ...
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...