[ლალი როზომაშვილი. ”ვერსა”]
6 მაისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დატრიალებულ სისხლისღვრას ჩინოვნიკებიდან ერთადერთი წარმომადგენელი, სახალხო დამცველი ესწრებოდა. თუმცა, მომღერალ უცნობისგან განსხვავებით, სოზარ სუბარმა პოლიციის სამმართველოს ეზოში შესვლა ვერ შეძლო. რამდენად გამართლებული იყო მომიტინგეების სამმართველოს შენობასთან წასვლა? ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა? ამ და სხვა კითხვებზე ”ვერსია” სოზარ სუბარს ესაუბრა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 6 მაისს, საღამოს, მიტინგზე უცნობი მივიდა და დაკავებული ბიჭების გამოსახსნელად ხალხს პოლიციის სამმართველოსთან წასვლა შესთავაზა. მისი ასეთი განცხადება არ არის დანაშაული?- განცხადება დანაშაული არ არის, მაგრამ დაკავებულთა გამოსახსნელი ქმედება დანაშაულია. თუმცა, როდესაც იქ ხალხი მივიდა, მართალია, რამდენიმე ადამიანი ღობეზეც აცოცდა, მაგრამ გადახტომით, ერთადერთი გია გაჩეჩილაძე გადახტა, რომელსაც ხელში ის ქაღალდები ეჭირა, რომელზეც დაკავებული ბიჭების ჩვენებები იყო მათ წამებაზე. თავისთავად, მისი პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე გადასვლა დანაშაულია, სრული უფლება ჰქონდათ სამართალდამცველებს დაეკავებინათ, მაგრამ მისი სასტიკი ცემა, კანონის ფარგლებს სცილდება. რაც მის მიმართ მოხდა, ეს იყო ძალის არაადეკვატური გამოყენება, მის დაკავებასა და განეიტრალებას ორი ადამიანი სჭირდებოდა, მაგრამ პოლიციამ ის ფეხქვეშ გაიგდო და ხელკეტებით სცემა. სხვათაშორის, ამ ფაქტის მიუხედავად, ღობეზე სხვა არვინ გადასულა.
ყველაფრის შემდეგ, შსს აცხადებს, რომ 8 პოლიციელი დაშავდა. ცხადია, პოლიციას ძალის გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ თუ დასავლეთის ანალოგებს გადავხედავთ, მიტინგების დროს დაშავებულ პოლიციელთა რაოდენობა, დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობას გაცილებით აღემატება. იქ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, თავშეკავებული იყოს. ჩვენთან პირიქით ხდება. მართალია, საავადმყოფოებში რამდენიმე ათეული ადამიანი მიიყვანეს, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია, საავადმყოფოში ბევრი არ წასულა, მათ შორის, ჩემი სამი თანამშრომელი.
ჩემი პირველი მოადგილე, გიორგი ჩხეიძე იქ იყო პირველივე წუთიდან. მე და კიდევ ერთი თანამშრომელი მოგვიანებით მივედით. რა ხდებოდა, როცა მე მივედი? სამღვდელოება იყო ჩამდგარი მომიტინგეებსა და პოლიციას შორის და მიტინგი რამდენიმე მეტრით იყო დაცილებული პოლიციის ღობეს. ამის მიუხედავად, პოლიცია ქვებს ისროდა, რომელიც ერთ ქალბატონს თავში მოხვდა, მეორეს სახეში... ისროდნენ აგურის ნატეხებს, იგინებოდნენ, ზოგჯერ უმისამართოდ, ზოგჯერ გვარ-სახელებით - ნინო ბურჯანაძესა და ეკა ბესელიას უშვერად აგინებდნენ და იფურთხებოდნენ. გაჰყვიროდნენ ”მიშა”, ”მიშა”. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პარტიული პოლიციელები არიან.
ქვების სროლა მათ არცერთ კანონში არ უწერიათ. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ რეზინის ტყვიებს ისროდნენ თუ არა, რაც კანონის დარღვევაა, მაგრამ ქვის სროლა სად უწერიათ? სხვათაშორის, შს მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ გააკეთა განცხადება, რომ პოლიციას პერიმეტრი არ დაუტოვებიაო და ესაა ტყუილი – გზაზე ადამიანებს სასტიკად სცემდნენ და მათ სასულიერო პირები აშველებდნენ...
ვინ დაიწყო შეხლა-შემოხლა?- ეს შსს-მ დაიწყო იმით, რომ დააკავა სამი ადამიანი, რომელიც სასტიკად აწამა. საქმე ისაა, რომ ამ ინციდენტამდე დაკავებულები ჩემმა მოადგილემ და სხვა თანამშრომლებმა რამდენჯერმე მოინახულეს, მათ ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და ყვებოდნენ, როგორ აწამებდნენ და დასცინოდნენ პოლიციელები, როგორც ემუქრებოდნენ ორ მათგანს გაუპატიურებით. როცა პოლიცია ასე იქცევა, საზოგადოებას აღშფოთების უფლება აქვს! შეიძლება ვიკამათოთ, უცნობი იქ უნდა შემხტარიყო თუ არა, მაგრამ ასეთ წამებაზე საზოგადოება მთელ მსოფლიოში გამოვიდოდა და არა იმდენი, რაც თბილისში, ასი ათასობით. მე არ მეგონა, თუ ერთი სტუდენტი მაინც დარჩებოდა სახლში ასეთი ფაქტის შემდეგ და ეს იმიტომ, რომ პოლიციის ძალადობა საქართველოში უკვე კანონია.
მე პირველი ვიყავი, ვინც ნიკა ავალიანის გამო, დამნაშავეების დასჯა მოვითხოვე. თუმცა მანამდე იმასაც ვითხოვდი, პასუხი ეგო ყველა იმ დამნაშავეს, ვინც ჟურნალისტებს სცემა. კაკო ბობოხიძე რატომ არაა დაკავებული, რომელმაც ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სცემა? რატომ არ ზის ციხეში ისაკო ცქიფურიშვილი, რომელმაც რადიო ”ჰერეთის” ჟურნალისტს სცემა? ამის გამო, ის საპარლამენტო უმრავლესობის სიაში ჩასვეს. რა გამოდის? ერთი ჟურნალისტის ცემისთვის შვიდწლიანი სასჯელი უნდა იყოს, მეორე კი, მადლობის ნიშნად, საპარლამენტო სიაში ჩასვა? ამ ბიჭებს ხულიგნობის მუხლი წაუყენეს, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გამცემლიძის მკვლელს 2 წელი? გირგვლიანის მწამებლებს 6 წელი? გოგა ღურწკაიას, რომელმაც დეპუტატი ბეჟან გუნავა სასტიკად ცემა მხოლოდ 20-დღიანი პატიმრობა აკმარეს. ამ
ბიჭების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 30-დღიანი პატიმრობა და ჯარიმა გამოეყენებინათ. მითუმეტეს, ავალიანს დაზიანება არ მიუღია და აცხადებს, რომ ის არ ჩივის. კანონით, ცემის შედეგად თუ ვინმე მძიმე დაზიანებას იღებს, დამნაშავე პასუხს სისხლის სამართლის წესით აგებს, თუ მსუბუქი დაზიანება აქვს, ან საერთოდ არაფერი დაშავებია, ეს მაინც დანაშაულია, მაგრამ ეს კერძო ბრალდების საქმეა, ანუ ავალიანის გადასაწყვეტი იყო, იჩივლებდა თუ არა.
თქვენ რატომ არ შეგიშვეს პოლიციის შენობაში?- მე ეზოში დაკავებულების სანახავად არ შევდიოდი. მინდოდა, გია გაჩეჩილაძის ნახვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მას ეზოში ვიღაცები შეყვნენ. თუმცა გაირკვა, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ სხვა აღარვინ იყო.
ამდენი ხალხი დაშავდა, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა?- პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს და ამ კვირაში მე მასალებს გამოვაქვეყნებ.
მოქალაქეები არ არიან დამნაშავეები? ისინი არ ესროდნენ პოლიციას? მოქალაქეებმა არ გადაამეტეს?- შესაძლებელია, ისინი თავიდან ესროდნენ, მაგრამ როდესაც მე მივედი, იქ ორი საათი ვიყავი, მაგრამ მომიტინგეების მხრიდან არცერთი სროლა არ ყოფილა. ზოგადად, მოქალაქეები ძალას ვერ გადაამეტებენ, მათი მოვალეობაა, ძალა არ გამოიყენონ. მათგან განსხვავებით, პოლიციელები განუწყვეტლივ ისროდნენ.
მაინტერესებს, ამაზე პასუხი გავიგო დავით ბაქრაძისა და დავით დარჩიაშვილის მხრიდან ოღონდ, ეს უკანასკნელი ნუ იტყვის, რომ გამოძიება დაადგენს, ნუ ამოეფარება ამ ფრაზას, 25 წელი ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვიცი, რა შეხედულებები ჰქონდა. ამიხსნან, რას ნიშნავს როცა, პოლიცია ყვირის ”მიშა!” ”მიშა!” ანდა, ”ბადრის რა?” როდესაც შსს-ს საიტზე დევს მასალა, როგორ არიგებს ოპოზიცია ფულს, ან გვითხრან, რომ ეს დანაშაულია და ვინმე დასაჯონ, მაგრამ თუ არაა დანაშაული და უბრალოდ, ეს დისკრედიტაციისთვის უდევთ, მაშინ აგვიხსნან რატომ ერევა პოლიცია, როდის გახდა დისკრედიტაცია პოლიციის ფუნქცია? რატომ არ დევს შსს-ს საიტზე ვახტანგ ლაღიძის ცემა?
თქვენი მხრიდან რა გაგრძელება მოყვება მომხდარს?- საზოგადოებას გავაგებინებ, რა მოხდა 4 ნოემბერს. მე აღარაფრის მჯერა. რაც გუშინ მოხდა, ამაზე პასუხს არ ვთხოვ არც მერაბიშვილს, არც ვასილ სანოძეს და არც არავის. გუშინ, როდესაც მოქალაქეებს ქვები ხდებოდა თავში, ამას ისროდა დავით ბაქრაძე, გია არსენიშვილი, დავით დარჩიაშვილი... ადამიანები, რომლებიც გადაფარებულნი არიან ვასილ სანოძეს. მაინტერესებს, ბაქრაძემ მითხრას, ესეც წუწაობა? ბავშვური თამაშია?
მართალია, 6 მაისს მომხდარმა ინციდენტმა გადაფარა, მაგრამ არანაკლები ფაქტი მოხდა 5 მაისს. რა მოხდა თქვენი ინფორმაციით ჯარში?- როდესაც ქვეყანაში ამბოხება ხდება, ამის გადაფარვა წლის განმავლობაშიც კი ვერაფერმა უნდა შეძლოს. ეს ისეთი შემთხვევა, მთელი წელი ამაზე უნდა მსჯელობდეს საზოგადოება. თუმცა, 5 მაისს საღამოს ჯარის ამბავი აღარავის ახსოვდა რამდენიმე არხისა და რამდენიმე ექსპერტ-პოლიტიკოსის გარდა, რადგან გულთან ახლოს არვინ მიიტანა. მე არ ვიცი, რა ამბოხება მოხდა, მაგრამ როცა საზოგადოება ასე უნდობლად ეკიდება ასეთ თემას, შემაშფოთებელია.
შემაშფოთებელია ისიც, როდესაც პრეზიდენტი გამოდის და საჯაროდ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას, როცა ამბობს, ვიღაც-ვიღაცები თავისუფლად რატომ დადიოდნენო...
http://presa.ge/index.php?text=news&i=7547___________________________________________________________
პ.ს.
Люди не меняются, они лишь на время играют нужную роль, ради своих интересов.
ნუ უყიდით ბავშვებს, სათამაშო იარაღებს!!!
როცა წერთ ცოტა ტვინი დააყოლეთ, კლავიატურა თქვენი მონაა და ისეთ რამეს ნუ დაწერთ კლავიატურის მონები გახდეთ © შაბეშა
Still loving you...