საქართველო კვლავ სახიფათო კონფრონტაციისკენ მიდის, რომელიც სიტუაციას არამხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ კავკასიაში დაძაბავს, - წერს საქართველოში მიმდინარე მოველენებთან დაკავშირებით გამოცემა „Publico“, რომელის ქართულ თარგმანს „Foreignpress“ აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, მოლაპარაკებები მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის ჩაიშალა და საქართველოს პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები პირობას დებენ, რომ სააკაშვილის გადაყენებისთვის საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებენ.
„ოპოზიცია პირობას დებს, რომ ქვეყნის ყველა საკომუნიკაციო გზის ბლოკირებას მოახდენს, რითაც სააკაშვილს იზოლაციაში მოაქცევს და მას გადადგომას აიძულებს. მაგრამ დაუშვებს კი საქართველოს პრეზიდენტი მოვლენების ამგვარ განვითარებას? ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, დიდი ალბათობა არსებობს, რომ დავა ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზრდება. წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიცია შეძლებს სააკაშვილის მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი მეთოდებით გადაყენებას და მერე რა მოხდება? თოთხმეტი თუ ჩვიდმეტი მოქმედი ოპოზიციური პარტია თამაშის ახალი წესების დამკვიდრებას დაიწყებს, განსხვავებულს იმ წესებისგან, რომელთა მიხედვითაც, დღევანდელი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ტარდება? თუ ეს მოჯადოებული წრე მუდმივად იარსებებს?“, - კითხულობს სტატიის ავტორი ჟოზე მილიაზეში.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობა სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები არიან და ბევრ შეცდომასა და, ზოგ შემთხვევაში, დანაშაულებებზეც კი, რომლებშიც პრეზიდენტს დებენ ბრალს, თავადაც აგებენ პასუხს.
„როგორია რუსეთის როლი ამ პროცესში? კრემლი სააკაშვილის დაცემით კმაყოფილი დარჩება, მით უფრო თუკი ეს განსაკუთრებულად დამამცირებელ ფორმებში მოხდება, მაგრამ ოპოზიციის სახით ის დიალოგისთვის მარტივ პარტნიორს ვერ მიიღებს, რადგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფა მათთვისაც მიუღებელია, ისინი რუსეთის საგარეო პოლიტიკას კავკასიაში მკაცრად აკრიტიკებენ..... ახლა ვაშინგტონი და ბრიუსელი “აჯანყებული ქუჩის” შედეგებს მიიღებენ, თუკი ის არჩეული პრეზიდენტის დამხობით დასრულდება?“, - წერს „Publico“.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1გერმანული გამოცემა „Suddeutshe Zeitung“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „ქართული ვნებები“. სტატიის ქართულ ვერსიას „Foreignpress“ ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია სამშენებლო მოედანია. იატაკები - კრატერებია, ტერიტორიაზე ცემენტის ტომრები აწყვია, მაგრამ სახურავზე ოქროსფერი გუმბათი ელავს. სწორედ ასე წარმოაჩენს სააკაშვილი მის მოღვაწეობას: დემოკრატიას ჯერ კიდევ ხვრელები აქვს და პერიოდულად დენთის სუნიც ასდის, მაგრამ თუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე თავს დაანებებენ, ის გაბრწყინებულ ქვეყანას დატოვებს“, - წერს გამოცემა
აქვე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია საქართველოს, სამართლებრივი სახელმწიფოს თვალსაზრისით, ნანგრევებად აღიქვამს. ის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს და ამის დემონსტრირებას ხან იუმორით, ხან მასობრივი გამოსვლებით ახდენს; ხშირად ათობით ათას ადამიანს კრებს, მაგრამ რეალურ წარმატებას ჯერ ვერ აღწევს და ეს უკვე პრობლემა ხდება.
„არც ერთი პოსტსაბჭოთა საზოგადოება პოლიტიკურად ისეთი ემოციური და პოლარიზებული არ არის, როგორიც - ქართული. ამ გმინვაში ისეთი ზომიერი ხმები იკარგება, როგორიც არის გაერო-ში ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია, რომელიც ოპოზციის ლიდერებში დიპლომატიურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. თვეების განმავლობაში ქვეყანა საკუთარი თავის ირგვლივ ტრიალებს და ამაში უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს. სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა სასწორზე ყველაფერი დადეს. მათ არასდროს ჰქონიათ სააკაშვილის გადადგომის ალტერნატიული პოლიტიკური გეგმა - ხანდახან მომდევნო საათებზე გათვლილი სტრატეგიაც კი. ასეთი ოპონენტების მოლაპარაკება სააკაშვილთან აბსურდულად გამოიყურება“, - წერს „Suddeutshe Zeitung“.
მასალაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში რევოლუციების, ომებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, უკეთესი იქნებოდა, თუ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩებოდა და საქართველოში ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად მოხდება. ეს კარგი იქნება პირველ რიგში საქართველოსთვის.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1