#13843813 · 14 May 2009, 18:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, თბილისში პერმანენტულად მიმდინარეობს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრებები და მანიფესტაციები.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად:
"კანონით გათვალისწინებულია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება".
"გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების შესახებ შეტანილ უნდა იქნას ადგილობრივი მმართველობის ორგანოში მის მოწყობამდე არა უგვიანეს 5 დღისა".
"საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:
ა) აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას";
გაფრთხილების მიღებისას თქვენთვის ცნობილი გახლდათ ის გარემოება, რომ აქციის მონაწილეთა მიერ გაგრძელდებოდა კოსტავას ქუჩისა (საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ არსებული მონაკვეთი) და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩების (ლეონიძე, ტაბიძე, ლესელიძე) საკნებით გადაკეტვა.
ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ სათანადო კომპეტენციით აღჭურვილ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და არ იყენებთ შესაძლებლობას, კანონით მონიჭებული უფლების შესაბამისად, გასცეთ რეკომენდაცია შეკრების ან მანიფესტაციის ადგილის შეცვლის თაობაზე, ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან აქციის მონაწილეთა ქმედება აღიქმება, როგორც კანონიერი და საზოგადოებრივ წესრიგთან შესაბამისი.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება, როგორც გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი და სხვათა უფლებები.
მოგმართავთ, შეაფასოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და კანონის საფუძველზე გასცეთ შესაბამისი რეკომენდაცია შეკრების ან მანიფესტაციის ადგილისა და დროის შეცვლის თაობაზე.
|