ყურადღება!
გამოცხადდა ჩვენი ტრადიციული კონკურსი პროზაში
ლილე 85
იპ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის აღმოსავლეთით - III ფაზა“ ფარგლებში, ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკთან“ თანამშრომლობით,
აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლილე 2025“ !
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2025 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, საკონკურსო ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com გამოაგზავნოთ:
1.მხოლოდ ერთი, გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები “ვორდის“ ფორმატით, ფონტი “სილფაენის“ გამოყენებით, ფონტის ზომა 11.
გამოუქვეყნებლად ითვლება ნაწარმოები, რომელიც არ არის და არ ყოფილა გამოქვეყნებული, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე, ინტერნეტ სივრცეში.
2. ავტორის გვარი, სახელი ( ან ფსევდონიმი ) და ნიკი “ურაკპარაკზე“.
3. საკონტაქტო ინფორმაცია ( მოქმედი მეილი და/ან ტელეფონი ).
4. ასევე, შეავსონ მოკლე კითხვარი, რომელსაც დამატებით მივაწვდით.
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის ყველა წესს, რაც ამ განცხადებაშია ჩამოყალიბებული.
ნაწარმოების მიღების დამადასტურებელი წერილი ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არმიღების შემთხვევაში, გთხოვთ, დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ლიტპორტალ “ურაკპარაკი“-ს წევრებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობის მსურველი არ არის საიტ “ურაკპარაკი“-ს წევრი, უბრალოდ საჭიროა დარეგისტრირდეთ.
პორტალზე მენიუში ირჩევთ პუნქტს “რეგისტრაცია“ და მიყვებით ინსტრუქციებს
ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში, მოგვწერეთ საკონკურსო ელექტრონულ ფოსტაზე.
კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე ზომის მოთხრობა, ორიგინალური ან კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. „რემეიქი“ ).
ტექსტი შეიძლება შექმნილი იყოს ნებისმიერ თემაზე და ასევე, უნდა ითვალისწინებდეს კონკურსის სპონსორის მოთხოვნებს.
ლილე 2025-ის დევიზია:
“ევროპა - ეს არის ცნობიერების ფორმა და არა გეოგრაფია“
მერაბ მამარდაშვილი
კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
* ბუნებრივი გარემოსთვის უსაფრთხო ენერგორესურსები და ტექნოლოგიები (განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა), როგორც კლიმატის ცვლილების პროცესის შენელების/შეჩერების საშუალება;
* კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი (გვალვა, წყალდიდობა, მეწყერები და ა.შ..) მედეგობის გაზრდა;
* ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა, რაც თითოეული მოქალაქისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგორესურსებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ამავე კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად, საქართველოს თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ვალდებულებების გაძლიერებისთვის . მსგავსი ინიციატივები, მათ შორის ლიტერატურული კონკურსები, ემსახურება საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდას, რაც მოქალაქეების ამ პროცესებში ჩართულობის წინაპირობას ქმნის.
მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სხვადასხვა საწვავის, განსაკუთრებით კი წიაღისეული საწვავის ჭარბი მოხმარება. ატმოსფეროში ნამწვი აირების რაოდენობის ზრდა კი იწვევს ე.წ. “სათბურის ეფექტს” და საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას. რაც, წყლის წრებრუნვის საუკუნეებით დამყარებული ციკლის ცვლილებას განაპირობებს.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანებზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს — ფიზიკური ჯანმრთელობიდან დაწყებული, ეკონომიკურ მდგომარეობამდე და სოციალურ სტაბილურობამდე. აი, რამდენიმე ძირითადი შედეგი :
ეკონომიკური ზეგავლენა
• სოფლის მეურნეობაში გვალვები და ამინდის არასტაბილურობა ამცირებს მოსავლიანობას და მოითხოვს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩანაცვლებას;
სუფთა, მტკნარი წყლის რესურსებზე წვდომის შემცირება;
• ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება — მოწყვლადი ჯგუფები (ღარიბი მოსახლეობა, სოფლის მცხოვრებლები) ყველაზე მეტად ზარალდებიან.
ბუნებრივი კატასტროფები და საცხოვრებელი გარემო
• გახშირებული წყალდიდობები, მეწყერები და გვალვები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.
• მყინვარების დნობა და ზღვის დონის მატება იწვევს სანაპირო ზოლების ცვლილებას და შედეგად წარმოიქმნება მოსახლეობის იძულებით გადაადგილების საჭიროება.
ჯანმრთელობაზე ზეგავლენა
• ექსტრემალური სიცხე ზრდის გულისა და სუნთქვის პრობლემების რისკს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
• ინფექციური დაავადებების გავრცელება — მაგალითად, მალარია და დენგეს ცხელება უფრო ფართოდ ვრცელდება, რადგან მათი მატარებელი მწერები ახალ რეგიონებში აღწევენ.
• ჰაერის დაბინძურება და ალერგენების მატება იწვევს ასთმასა და სხვა რესპირატორულ დაავადებებს.
შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი ნაწარმოები უნდა ეხებოდეს შემდეგი თემატიკიდან ერთს ან რამოდენიმეს:
* ბუნებრივი გარემოსთვის უსაფრთხო ენერგორესურსებისა და ტექნოლოგიების (განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა), როგორც კლიმატის ცვლილების პროცესის შენელების/შეჩერების საშუალებების გამოყენებას;
* კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი (გვალვა, წყალდიდობა, მეწყერები და ა.შ.) გამკლავებას, ანდა მოსალოდნელი ზიანის შემცირებას;
* ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევას, თანამოქალაქეთათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგორესურსებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შექმნას.
კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
( თუკი, რომელიმე მონაწილეს ექნება პრეტენზია, იმაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა მისი ნაწარმოები გადარჩეულებს შორის, ორგანიზატორები პირადად აუხსნიან არგუმენტებს და საჭიროების ან შეცდომის შემთხვევაში, საჯაროდ ბოდიშსაც მოიხდიან.)
II ეტაპი – ნაწარმოებების მიღების შეწყვეტისთანავე ცნობილი გახდება ჟიურის ვინაობა,
რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს საუკეთესო ათეულს.
ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება 5 ან 7 წევრით.
III ეტაპი – 10 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 8000 ასონიშნამდე ( დაახლოებით ერთიდან ხუთ გვერდამდე ).
ნაწარმოების ზომაში გამონაკლისები განიხილება და შესაძლებელია დაშვებულ იქნას ზოგიერთ შემთხვევებში. მათი კონკურსზე დაშვების საკითხი ცალკე გადაწყდება. ამის დასაზუსტებლად მოგვწერეთ საკონკურსო მეილზე.
თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე ან კონკურსის მიმდინარეობისას,
სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.
კონკურსის საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2025“.
პირველ სამ ადგილზე გასული ნაწარმოებები ითარგმნება ინგლისურად და ორივე ენაზე იქნება შეტანილი კრებულში.
ნამუშევრების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება წარდგენის ბოლო თარიღიდან 7-10 დღის ვადაში
2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს.
საპრიზო ფონდი :
- პირველი ადგილის მფლობელი - 500 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით;
- მეორე ადგილის მფლობელი - 300 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით;
- მესამე ადგილი - 200 ევროს ექვივალენტი ლარში, გადაცემის მომენტისთვის ეროვნული ბანკის კურსით.
ასევე, იქნება წამახალისებელი პრიზ(ებ)ი.
საპრიზო ფონდი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და მოსაკრებელს. შესაბამისად, გამარჯვებულები მიიღებენ გადასახადებითა და მოსაკრებელის ოდენობით შემცირებულ პრიზს, რაც დაიქვითება გადახდის მომენტისთვის.
ნებისმიერ ეტაპზე, კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის ( მათ შორის ჟიურის წევრებისთვისაც ), გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.
15 სექტემბერს დილიდან გამოცხადდება ჟიურის შემადგენლობა
15 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება საიტზე ამავე თემაში და შეტყობინებები გაეგზავნებათ პრიზების მფლობელებსაც.
გამარჯვებული ( პირველ სამ ადგილზე გასულ ) ნაწარმოებების ავტორებს ეკრძალებათ
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე, კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში, ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოქვეყნდეს ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონული ფოსტით ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან, ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.
გ) ფინალურ ათეულში გასული ყველა მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება „ურაკპარაკის“ ფორუმზე.
კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ „ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.
შეფასებების სისტემა:
ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა 4(6) წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში, ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა,
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში - ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა.
შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება და თუ თავისსავე ნაწარმოებზე შეფასება იქნება ჟიურის დანარჩენი წევრების შეფასებების საშუალოზე მეტი 1-ით ან მეტით, მაშინ ის კორქტირდება ჟიურის დანარჩენი წევრების საშუალო შეფასებას +1 მდე ( 10-ის შემთხვევაში იქნება ისევ 10 ) ან დაბალი შეფასების შემთხვევაში, ზუსტად ის შეფასება, რასაც თავად დაუწერს საკუთარ ნაწარმოებს.
გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯამური ქულებით.
მეორე ეტაპზე ჟიური 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეაფასებს საკონკურსოდ მიღებულ ნაწარმოებებს.
ამ ეტაპზე შეფასების ქულებში ჟიური შეზღუდული არ არის.
ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.
მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნასთან,
რომელიც მოცემულია ამავე წესებში. შესაბამისად, თუკი ნაწარმოები ოდნავადაც არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას, შეიძლება საერთოდაც ვერ გადავიდეს მომდევნო ეტაპზე.
მესამე ეტაპზე ქულების მაქსიმუმით გადასულ 10 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს ისევ 10 ქულიანი სისტემით.
მესამე ეტაპზე ფასდება მხოლოდ ლიტერატურული ღირებულება,
ოღონდ ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია: ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი 9 ქულიანი შეფასება.
სხვა შეფასებები შეუზღუდავად.
მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები.
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს, მეორე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი თანაბრად გაიყოფა.
გისურვებთ წარმატებებს!
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
საიტზე უკვე დარეგისტრირებულმა წევრებმა - ურაკპარაკის ადმინზე , ან აქვე, ფორუმზე, ამავე თემაში.
ხოლო, ჯერ დაურეგისტრირებელმა წევრებმა - კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com
ელ-ფოსტაზე მოწერის შემთხვევაში, პასუხები გადაამოწმეთ “სპამებში“-ც.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის საიტის წევრობა აუცილებელი პირობაა!
https://urakparaki.com/?m=13&Theme=1576