giganti
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1715
წევრი No.: 53948
რეგისტრ.: 20-February 08
|
#13876025 · 17 May 2009, 09:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირაკლი ალასანია - მოლაპარაკებების პროცესს რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს, ხელისუფლებას კონკრეტულ ვადებში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს
საქართველოში თვეზე მეტია, რაც საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღის შენარჩუნების საჭიროებაზე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე, „ინტერპრესნიუსს“ ~ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერი ირაკლი ალასანია ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, დავით ბაქრაძემ დღეს დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. აპირებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაუროს და გაქვთ თუ არა მზად საკუთარი წინადადებები?
- ოპოზიცია მორიგი შეხვედრისთვის მზადაა, რაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან და დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ნათლად განვაცხადეთ. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ შემოთავაზეზებში, რაც პრეზიდენტმა გააკეთა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისგან შედგება, აღნიშნული არ არის მთავარი. ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რომელიც დაგვანახებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას აღიარებს. ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ თანამშრომლობის ის ფორმა, რომელიც მოსახლეობას კონკრეტულ ცვლილებებს დაანახებს. მაგალითისთვის: გათავისუფლდეს მედია, გადაიდგას ნაბიჯები რეპრესიული მანქანის დემონტაჟისთვის... ეს და სხვა საკითხები არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოლაპარაკებების პროცესისადმი ნდობას გააჩენს. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ჩვენი შეთავაზებებით მივმართოთ ხელისუფლებას.
- კონკრეტულად რა წინადადებები აქვს ოპოზიციას ხელისუფლებისადმი?
- ჯერ მხოლოდ ძირითადი პრინციპები შემიძლია გითხრათ, ესენია: საპეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; საკონსტიტუციო ცვლილებებთან ჩვენი დამოკიდებულება, კონკრეტული წინადადებები საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის; რა გვინდა რომ გაკეთდეს სამარათალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის კუთხით; იმ მოქლაქეების უსაფრთხოების საკითხი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ხელისუფლებისადმი და რომლებზეც ანგარიშსწორება ღიად განხორციელდა... და ა.შ. თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, რაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ, არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება და ასეთ მოლაპარაკებას არც საზოგადოება დაუჭერს მხარს. ეს ის თემებია, რომლებიც გვინდა ხელისუფლებასთან განვიხილოთ, თუმცა, აქვე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ორ და სამ შეხვედრაში შეუძლებელია. ამიტომ მოთმინებით უნდა მივუდგეთ მოლაპარაკებების პროცესს და ამავე დროს ჩვენი გზით ვიაროთ - ვგულისხმობ საპროტესტო აქციებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში ასეთი ძირფესვიანი ცვლილება იოლად ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე და თანმიმდევრულად მივყვეთ მიზანს. რაც მთავარია, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული არა ემოციების კარნახით, არამედ ცივი გონებით.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს... თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სხვადასხვა მოცემულობაში განიხილავს, დიალოგი როგორ, ან რის შესახებ უნდა გაგრძელდეს? - ჯერ ერთი შედგა სულ ორი შეხვედრა, აქედან მხოლოდ ერთი იყო პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, რომ მორიგი შეხვედრების შემთხვევაში მეტ საერთოს აღმოვაჩენთ. სწორედ ეს არის მოლაპარაკების ლოგიკა. შეიძლება ვერ მოხერხდეს შეთანხმება, რასაც საზოგადოებას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ და იმასაც ავუხსნით, რატომაც ვერ მოხერხდა ეს, მაგრამ დღეს მე ჯერ არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ პრეზიდენტთან საკითხების საგნობრივი განხილვის შესაძლებლობა ამოწურულია. რაც მთავარია ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა. ვემზადებით საპროტესტო აქციებისთვის, რომელიც შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი იქნება. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია რეგიონებში ლიდერების მუშაობის გააქტიურება. რეგიონების მოსახლეობასთან ქვეყნისთვის უმინიშვნელოვანეს საკითხებზე პირდაპირი დიალოგი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ამავე დროს ვინარჩუნებთ ღია კარს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისასვლელად.
- როდის შეიძლება შედგეს მორიგი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
- არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა მომავალ კვირას შედგეს - შესაძლოა თავად პრეზიდენტთანაც. საკითხების შეჯერება უკეთესია სწორედ ქვეყნის პირველ პირთან. მე პირადად ასეთი შეხვედრის ორგანიზებას მხარს ვუჭერ.
- პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისევ ის ლიდერები იქნებიან, რომლებიც პირველ შეხვედრას დაესწრნენ?
- სავარაუდოდ კი, რადგან როგორც ვხედავთ, ბევრს არ აქვს სურვილი ჩემს ადგილას იყოს. თუმცა შემადგენლობა შესაძლოა შეიცვალოს კიდეც. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
- ხომ არ შეიძლება, ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ბოლოს მხოლოდ თქვენ აღმოჩნდეთ, რადგან მართლაც ბევრ ლიდერს არ აქვს სურვილი პრეზიდენტს ესაუბროს?
- ეს არის ყველა პოლიტიკური ლიდერის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა ისხდნენ - დასხდებიან, თუ არა და არა. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება არავის ეკრძალება. როდესაც გწამს, რომ სჭირო საქმეს აკეთებ და ეს საქმე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, უნდა მიიღო გადაწყვეტილება იმის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა პოპულარული.
- ანუ არაპოპულარული გადაწყვეტილებების არ გეშინიათ?
- არავითარ შემთხვევაში!
- ხომ არ მოხდება ისე, რომ გასული წლის მსგავსად ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებიდან ვერაფერს მიიღებს და მხოლოდ ბუტაფორიული ცვლილებები განხორციელდება?
- ჩვენ იგივე შეცდომების განმეორებას არ ვაპირებთ. როდესაც მივდივართ მოლაპარაკების მაგიდასთან, ზუსტად გვაქვს წრმოდგენილი რისი მიღწევა გვინდა: ეს არის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ასეთი შედეგისთვის საჭიროა ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლა. როდესაც მიზანი გაქვს ნათელი, მაგრამ მუშაობ ისეთი მექანიზმების შემუშავებისთვისაც, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარება, ეს გაძლევს შანსს მოლაპარაკებაში წარმატებას მიაღწიო. ჩვენ არ ვაჩერებთ საპროტესტო ტალღას. ეს არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ორ ფრონტზე გამარჯვების მიღწევის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ჩემი აზრით, უკვე საგრძნობლად იცვლება შეხედულება, რომელიც სამწუხაროდ, დასავლეთში ოპოზიციის მიმართ აქამდე იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნის გარშემო ვართ გაერთიანებულნი და არ შეგვიძლია ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გავმართოთ დიალოგი. მიმაჩნია, რომ ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
- თუ მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ხელისუფლებამ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის საპარალამენტო არჩევნების ჩატარებასაც დათანხმდა, თქვენ როგორ უპასუხებთ ამ შემოთავაზებას?
- მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. ჩვენი მოთხოვნა ნათელია – საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ყველაფერი გაირკვევა მაშინ, როცა საგნობრივი საკითხების განხილვა დაიწყება. დღემდე ასეთი რამ არ მომხდარა. იყო მხოლოდ ორი შეხვედრა, რომელიც პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა.
- საზოგადოების ნაწილს ნეგატიური განწყობა აქვს ძალოვანი სტრუქტურების კონკრეტული ხელმძღვანელებისადმი. ითვლება, რომ მათი ხელდასმით ჩატარებული არჩევნები ერთი შედეგით სრულდება. შესაძლებელია თუ არა, რომ მოლაპარაკებები სწორედ ამ პერსონების გადაყენებით დასრულდეს?
- რა თქმა უნდა შესაძლებელია. ეს არის სწორედ ის ძირითადი საკითხი, რაც მოსახლეობაში უნდობლობის განცდას იწვევს და რომლის გადაუწყვეტელობის შემთხვევაშიც არანაირი არჩევნების ჩატარებას აზრი არ ექნება. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. მოლაპარაკებების პროცესს რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს, ხელისუფლებას კონკრეტულ ვადებში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ქვეყანაში ძალადობრივი სახელისუფლებო ვერტიკალია, რომლის განაწილების სურვილიც შესაძლოა არ ჰქონდეთ, მაგრამ დღეს ხელისუფლებას რეალურად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფრის შენარჩუნება მოახერხოს. დღეს ქვეყანაში ისეთი კრიზისია, რომ მათი მხრიდან დათმობა აუცილებელია.
- თქვენი შეფასებით, ხელისუფლება ამას რამდენად აცნობიერებს?
- არიან ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ. არის ნაწილი, რომელიც იმდენად ჩართული იყო ნეგატიურ პროცესებში და მონაწილეობდა დანაშაულებრივ ქმედებებში, რომ მათ უკან დასახევი არ აქვთ. მოლაპარაკებების პროცესში ამიტომაც გვაქვს მძიმე ამოცანა, მაგრამ ჩვენ თუ მოვახერხეთ საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება და საპროტესტო მუხტი, რომელიც თვენახევარია გრძელდება, ხელისუფლებას სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
- საზოგადოება რომ დაიღალოს პროტესტის ასეთი რადიკალური ფორმისგან? - ეს თუ მოხდა, იმის მიმანიშნებელი არ იქნება, რომ ქვეყანაში კრიზისი დასრულდა, თუმცა მე საზოგადოებას ასეთ ნიშნებს ვერ ვამჩნევ. ასეთი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები საქართველოში არასდროს ყოფილა. ამის მიზეზი კი ხელისუფლებისადმი ღრმა უნდობლობაა.
- ეს იმას ნიშნავს, რომ უცნობია აქციები როდემდე და რა ფორმით გაგრძელდება? - აქციამ შესაძლოა ფორმა შეიცვალოს და მაისის ბოლოდან კიდევ უფრო განახლებული ტაქტიკით დაიწყოს. იმედი მაქვს, მანამდე მოლაპარაკებების ფორმატშიც რაღაც კონტურები გამოიკვეთება. ამიტომ დაველოდოთ.
- ბატონო ირაკლი, აქვე უნდა გკითხოთ ოპოზიციის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელსაც საზოგადოება ნეგატიურად აღიქვამს...
- რეალურად ოპოზიციაში ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. გვაქვს ჯანსაღი დისკუსია და ამ გზით მივდივართ გადაწყვეტილებამდე. ჩემი აზრით, სწორედ ეს პროცესი აკლია ხელისუფლებას და იმიტომაც შევიდა ქვეყანა ჩიხში. ისინი არ ისმენენ ერთმანეთის აზრს და მხოლოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენთან სხვა სიტუაციაა. გვაქვს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ვიღებთ ერთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მას ვასრულებთ კიდეც. ამის მაგალითია ტელევიზიასთან ქუჩის გახსნა. თუმცა ის ყურადღება, რაც გუშინდელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს მედიამ დაუთმო, ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ სხვა დროს უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოებისთვის მხოლოდ ოპოზიციის ჯანსაღი კამათის შედეგი გახდეს ცნობილი და არა კამათის შინაარსი.
- როდის დასრულდება თქვენი პარტიის ჩამოყალიბების პროცესი?
- აქტიურად ვმუშაობთ საორგანიზაციო საკითხებზე, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. უბრალოდ, ახლა მთლიანად საპროტესტო აქციების რეჟიმში ვიმყოფებით. თუმცა, ალბათ ერთი თვის ვადაში პარტია უკვე ჩამოყალიბდება.
მარიამ სხილაძე ~ინტერპრესნიუსი~
--------------------
F.R.E. FUCK RUSSIA EVERYWHERE
სრული დეოკუპაცია!!!!!!
ქართველებო ოდნავ აზრზე მოდით.. სულ ოდნავ თორემ ერთად ვიხილავთ "ახლად გაღვიძებულ თბილისსაც"... (C) uzul
|