ძალადობა, ძალის გადამეტება, მკვლელობა – ეს ის ქმედებებია, რომელიც სამეგრელოს პოლიციის მუშაობაში ბოლო დროს განსაკუთრებულად შეინიშნება. გასულ კვირას სამხარეო და ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოკლული ჯიმი მეგრელიძის საქმის გარშემო დასკვნების გაკეთება შესაძლოა დღეს ნაადრევი იყოს, რადგან არც სახელმწიფო და არც დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ამ დრომდე არ არსებობს.
მაგრამ ის, რაც 14 მაისს ზუგდიდიდან სამი არასრულწლოვანი გოგონას ძალის გამოყენებით დაკავებას უკავშირდება, შეიძლება უპრეცედენტოდ შეფასდეს და ადამიანების გატაცების კვალიფიკაცია მიეცეს.
ამ ინციდენტის არსებობას შს სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მეტად შემაშფოთებელ და ამაზრზენ ფაქტს მოწმეები, დამნაშავე თუ დაზარალებული არასრულწლოვნები ადასტურებენ.
12 წლის ანა ცანავა, 13 წლის ნატა ესართია და 15 წლის თეონა ფიფია სამხარეო პოლიციამ შსს მიერ მუხროვანის “მეამბოხე” ძებნილების ფოტოპლაკატების კედლიდან ჩამოხევაში დაადანაშაულა.
სამივე დაკავებულმა სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ “ბრალი” აღიარა. თუმცა, გათავისუფლებული ეჭვმიტანილები პოლიციის მხრიდან მათზე განხორციელებულ ძალადობაზე უკვე შინ დაბრუნებულები საუბრობდნენ.
გოგონები ქალაქის ცენტრში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან სახლში ცხოვრობენ. თეონა ფიფია იხსენებს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამმა პირმა გოგონები მაშინ დააკავა, როცა ისინი ეზოში თამაშობდნენ.
თეონა ფიფია: “გატაცებამდე რამდენიმე წუთით ადრე მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში ვსეირნობდით. სტადიონთან რომ გავიარეთ, ფასადზე რაღაც პლაკატი შევნიშნეთ, კაცები იყვნენ გამოსახული. რატომღაც უცებ მოგვინდა ჩამოხევა. არც ვიცოდით ვინ იყო. შინისკენ რომ ვბრუნდებოდით, შავი ფერის მანქანამ ჩაგვიარა და წინ გაჩერდა. სამი კაცი იჯდა. ჩაჯდომა გვიბრძანეს. უარი ვუთხარით, უცხოებს როგორ ჩავუჯდებოდით. მერე გვიყვირეს, ახლავე ჩასხედითო. ვერ წარმოგვედგინა, რომ პოლიციელები იყვნენ. ერთმა გვითხრა, თქვენ იცით, რა ქენითო? ჩვენი პასუხი ის იყო, რომ ეპატიებინათ, რომ მეტს აღარ ვიზამდით. არ მოგვისმინეს და მანქანაში სათითაოდ ჩაგვტენეს, წიხლებით შეგვაგდეს, თავში გვირტყამდნენ და გვაგინებდნენ”...
ანა ფიფია, რომელმაც საკუთარი დის და მისი მეგობრების მიმართ ძალადობა საკუთარი თვალით იხილა, ამბობს, რომ საშველებლად მისულს პოლიციელებმა ისიც სცემეს და ასფალტზე დაანარცხეს.
ანა ფიფია: “ყინულის სახლთან ვიდექი, როცა მოძალადეები შევნიშნე. ”როლიკებზე” ვიდექი და სწრაფად მიახლოება ვერ მოვახერხე, მაგრამ სანამ მანქანა დაიძრებოდა, მოვასწარი და ჩემს დას ჩავეჭიდე. თან ვყვიროდი, ხელი შეეშვათ თეონასთვის, რომელსაც ის კაცები ერთ მხარეს ექაჩებოდნენ, მე კი მეორეს. ერთ-ერთმა მიყვირა, ვინ ხარ და როგორ ბედავო, თმაში ხელი ჩამავლო, მომქაჩა, ცხვირპირში მუშტი ამაკრა და ძირს დამაგდო. მესმოდა ჩემი დის განწირული ხმა. წამოვდექი და მანქანას გავეკიდე”.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ბავშვების ახლობლები და მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ძალადობა თეონა ფიფიას უკავშირდებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ირწმუნებოდა, რომ “მისს სამეგრელოს” კონკურსანტი თაყვანისმცემელმა გაიტაცა. პოლიციის მიერ გოგონების დაკავების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვებმა მშობლებს ტელეფონით შეატყობინეს.
გოგონები სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩატარებული დაკითხვის შესახებაც ყვებიან. ისინი ამბობენ, რომ ახსნა-განმარტებებს პოლიციელი მედიკო კობახიძე ღებულობდა.
მთავარი კითხვა, რომელსაც დაკავებულ ბავშვებს ხშირად უსვამდნენ იყო ის, თუ ვისგან მიიღეს მათ პლაკატის ჩამოხევის შეკვეთა. სტრესულ მდგომარეობაში მყოფი გოგონები სამი საათის განმავლობაში არწმუნებდნენ პოლიციას, რომ დავალება არავისგან მიუღიათ.
არასრულწლოვანი გოგონების “აღიარებითი” ჩვენებების მიუხედავად მომხდარის შესახებ კომენტარი არც სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თენგიზ გუნავამ გააკეთა, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად იმ ტერიტორიას “აკონტროლებდა”, სადაც ბავშვებმა “ძვრადღირებული” ძებნილების – ოთანაძის, კრიალაშვილისა და ამირიძის ფოტოები ჩამოხიეს.
ჟურნალისტები შსს პრესცენტრში გადაამისამართა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, ლევან დარასელიამ კი დუმილი მხოლოდ იმით ახსნა, რომ პოლიციის, კუდ-ისა და საპყრობილის უფროსები “სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების” მომენტში არ იმყოფებოდნენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=7689