ეს გახლავთ ვატიკანის მეორეს კრების ერთ-ერთი დეკრეტი, აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შესახებ, ანუ იმ ეკლესიათა, რომლებსაც ტრადიციები და ლიტურღია ბიზანტიური აქვთ, მაგრამ ემორჩილებიან პაპს.
http://jvarosnebi.com/index.php?option=com...45-09&Itemid=57
პავლე ეპისკოპოსი, ღმრთის მსახურთა მსახური, წმიდა კრების მამებთან ერთად, სამუდამო სახსოვრად დეკრეტი აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შესახებ შესავალი
1. კათოლიკე ეკლესია დიდად აფასებს აღმოსავლეთის ეკლესიათა დაწესებულებებს, ლიტურგიულ წესებს, საეკლესიო ტრადიციებსა და ქრისტიანული ცხოვრების წყობას (disciplinam). პატივსადები სიძველის გამო, მათში ის ტრადიცია ბრწინავს, რომელიც მოციქულებისგან მამებს გადაეცა. ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის საღმრთოდ გამოცხადებული და განუყოფელი მემკვიდრეობის ნაწილს. აღმოსავლური ეკლესიები ამ ტრადიციის ცოცხალი მოწმენი არიან. მოცემული წმიდა მსოფლიო კრება (Sancta et Oecumenica Synodus) ამ ეკლესიებისთვის ზრუნავს, მას სურს მათი განვითარება, რათა მათ ახალი სამოციქულო სიმტკიცით თავისი ფუნქცია შეასრულონ. ამიტომ კრებამ გადაწყვიტა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მთელს ეკლესიას ეხება, დაედგინა ზოგიერთი საგანგებო პრინციპი, ხოლო დანარჩენი განსახილველად აღმოსავლური სინოდებისა და არასამოციქულო საყდრებისთვის (non Sedis Apostolicae) მიენდო.
ცალკეული ეკლესიები ანუ წესები (ritus)
2. წმიდა კათოლიკე ეკლესია არის ქრისტეს საიდუმლო სხეული. ის ერთგულებისგან შედგება, რომლებიც სული წმიდაში ორგანულად ერთიანდებიან ერთი სარწმუნოების, ერთი და იმავე საიდუმლოთა, ერთი და იგივე მმართველობის ძალით. ისინი იერარქიულად ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჯგუფებად იკრიბებიან და ქმნიან ცალკეულ ეკლესიებს ანუ წესებს. მათ შორის განსაცვიფრებელი ურთიერთობა სუფევს. მრავალფეროვნება ეკლესიაში არა თუ არ უშლის ხელს მის ერთიანობას, არამედ მას უფრო ცხადს ხდის. კათოლიკე ეკლესიის განზრახვაც ხომ ეს არის: ხელუხლებლად დაცულ იქნას ყოველი ცალკეული ეკლესიის ტრადიციები ანუ წესები. ამასთანავე, კათოლიკე ეკლესიას სურს, საკუთარი ცხოვრება სხვადასხვა დროისა თუ ადგილის მოთხოვნილებებს შეუსაბამოს.
3. ცალკეული ეკლესიები, როგორც აღმოსავლეთისა ასევე დასავლეთის, ერთმანეთისგან ნაწილობრივ განსხვავდება წესებით, ანუ ლიტურგიით, საეკლესიო დისციპლინითა და სულიერი მემკვიდრეობით. ამასთანავე, ისინი თანაბრად მინდობილნი არიან რომის პონტიფექსის სამღვდლო მმართველობას (pastorali gubernio Romani Pontificis), რომელიც, საღმრთო ნებით, როგორც ნეტარი პეტრეს მემკვიდრე, მთელს ეკლესიას უდგას სათავეში. ამიტომ ეს ეკლესიები თანასწორნი არიან ღირსებით, არცერთი მათგან არ აღემატება სხვას წესის თვალსაზრისით, ისინი ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ და მათ ერთნაირი მოვალეობები აქვთ, რომლებსაც განეკუთვნება სახარების ქადაგებაც მთელს მსოფლიოში (შდრ. მარკ. 16, 15), რომის პონტიფექსის ხელმძღვანელობით.
4. ამიტომ მთელს დედამიწაზე საჭიროა ყველა ცალკეული ეკლესიისთვის ხელშეწყობა და მათი დაცვა. ამისთვის უნდა დაარსდეს საკრებულოები და საკუთარი იერარქია, იქ, სადაც ამას ერთგულთა სულიერი კეთილდღეობა მოითხოვს. ხოლო სხვადასხვა ცალკეული ეკლესიების იერარქიებმა, რომლებსაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აქვს იურისდიქცია, პერიოდულ კრებებზე თავმოყრისას უნდა იზრუნოს ქმედების ერთიანობისათვის და, ერთობლივი ძალებით, საერთო საქმის კეთებისათვის, რათა უფრო მეტად შეეწყოს ხელი რელიგიის კეთილდღეობას და უფრო წარმატებით იქნას დაცული სამღვდელოთა დისციპლინა. ყველა სამღვდელო და წმიდა ხარისხში აღსაყვანი პირი კარგად უნდა იქნას განსწავლული წესებში, უპირველეს ყოვლისა კი, იმ პრაქტიკული ნორმების სფეროში, რომლებიც წესთა ურთიერთმიმართებას გულისხმობს. საერო პირებმაც, კატეხეტური სწავლებისას, დარიგებები უნდა მიიღონ წესებისა და მათი ნორმების შესახებ. დაე, ყველა კათოლიკემ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე, აგრეთვე ნებისმიერ არაკათოლიკე ეკლესიაში თუ საკრებულოში მონათლულებმა, რომლებიც კათოლიკური ურთიერთობის სისრულისკენ მიემართებიან, ყველგან შეინახონ საკუთარი წესი, თაყვანი სცენ მას და შეძლებისდაგვარად დაიცვან. ამასთანავე, ძალაში რჩება უფლება, რომლის თანახმად განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლებიც ეხება პიროვნებებს, საკრებულოებს ან რეგიონებს, შეიძლება მიჰმართონ სამოციქულო საყდარს, რომელიც, როგორც უმაღლესი მსაჯული ეკლესიათა შორის ურთიერთობებში, მსოფლიო სულისკვეთებით იზრუნებს მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამას ის ან თვითონ გააკეთებს, ან სხვა ხელისუფალთა მეშვეობით, სათანადო წესების, დეკრეტებისა თუ პასუხების (rescriptis) გაცემის საფუძველზე.
აღმოსავლეთის ეკლესიათა სულიერი მემკვიდრეობი დაცვა
5. ისტორია, ტრადიციები და მრავალი საეკლესიო დაწესებულება უცხადესად მოწმობს იმას, თუ რა დიდი დამსახურება მიუძღვის აღმოსავლეთის ეკლესიებს მსოფლიო ეკლესიის წინაშე. ამიტომ წმიდა კრება ამ საეკლესიო და სულიერ მემკვიდრეობას არა მარტო სათანადო პატივისცემითა და სამართლიანი ქებით მოიხსენიებს, არამედ მტკიცედ მიიჩნევს, რომ ის არის ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის მემკვიდრეობა. ამის გამო კრება საზეიმოდ განაცხადებს, რომ ეკლესიებს, – როგორც აღმოსავლურს, ასევე დასავლურს, _ აქვს უფლება და მოვალეობა, იხელმძღვანელოს თავისი საგანგებო განწესებებით (disciplinas). ეს უკანასკნელები გამოირჩევა საპატიო სიძველით, განსაკუთრებით კარგად ეწყობა თავის ერთგულთა ზნე-ჩვეულებებს და, ცხადია, კარგად შეეფერება მოღვაწეობას სულიერი კეთილდღეობისათვის.
6. დაე, ყველა აღმოსავლურმა [ეკლესიამ] იცოდეს და დარწმუნებული იყოს, რომ მუდამ შეუძლია და კიდეც უნდა შეინარჩუნოს თავისი კანონიერი ლიტურგიული წესები და თავისი დისციპლინა: მათი ცვლილება არ უნდა მოხდეს, თუ არა საკუთრივ მათივე ორგანული განვითარებისთვის. ამგვარად, აღმოსავლურმა [ეკლესიებმა] თავად უნდა დაიცვან ისინი მაქსიმალური ერთგულებით. ამისათვის [ამ ეკლესიების წარმომადგენლებმა] სულ უფრო მეტად უნდა გაიღრმავონ ცოდნა საკუთარ წესთა შესახებ და დახვეწონ მათი გამოყენების პრაქტიკა. და თუ მაინც, სამწუხაროდ, დროისა თუ პიროვნებათა ზეგავლენით, ისინი წინაპართაAტრადიციას მოსწყდნენ, დაე, შეეცადონ, მას კვლავ დაუბრუნდნენ. ხოლო ვინც საკუთარი მოვალეობისა თუ სამოციქულო მსახურების გამო ხშირად არის კონტაქტში აღმოსავლეთის ეკლესიებსა თუ მათ ერთგულებთან, თავისი სამსახურის მნიშვნელოვანების გამო, საფუძვლიანად უნდა განისწავლოს აღმოსავლური [ეკლესიების] წესების, დისციპლინის, მოძღვრების, ისტორიისა და თავისებურებათა სფეროში. ხოლო ლათინური წესის მოწესეებსა და ასოციაციებს, რომლებიც აღმოსავლეთის რეგიონებში ან აღმოსავლეთი ერთგულთა შორის მოღვაწეობენ, დაბეჯითებით ვურჩევთ, მოციქულობის მეტი ქმედითობისთვის, შეძლებისდაგვარად დაარსონ აღმოსავლური წესის სახლები და პროვინიციებიც კი. ^^
აღმოსავლეთის პატრიარქები
7. ეკლესიაში უძველესი დროიდან არსებობს საპატრიარქო დაწესებულება, რომელიც უკვე პირველმა მსოფლიო კრებებმა სცნო. აღმოსავლეთის პატრიარქად იგულისხმება ეპისკოპოსი, რომელსაც აქვს იურისდიქცია ყველა ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტების ჩათვლით, აგრეთვე სამღვდელოებასა და მოცემული ტერიტორიისა თუ წესის ხალხზე, სამართლის ნორმის თანახმად და რომის პონტიფექსის პირველობის დაცვის პირობებში. ყველგან, სადაც ამა თუ იმ წესის იერარქი დაინიშნება საპატრიარქო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, ის კვლავ განეკუთვნება, სამართლის ნორმის თანახმად, მოცემული წესის საპატრიარქოს.
8. აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქთა შორის ზოგიერთი, სხვებთან შედარებით, დროით უფრო ახალია, თუმცა საპატრიარქო ღირსების თვალსაზრისით ყველა თანასწორია. ამასთან ერთად, ძალაში რჩება კანონიერად დადგენილი საპატიო უფროსობა (praecedentia honoris).
9. უძველესი საეკლესიო ტრადიციის თანახმად, საგანგებო პატივი მიეგება აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქებს, რადგან თითოეული მათგანი, როგორც მამა და მეთაური, თავის საპატრიარქოს ხელმძღვანელობს. ამიტომ წმიდა კრებამ დაადგინა, რომ უნდა აღდგეს მათი უფლებები და პრივილეგიები ცალკეული ეკლესიის ძველი ტრადიციებისა და მსოფლიო კრებათა დეკრეტების შესაბამისად. ეს ის უფლებები და პრივილეგიებია, რომლებიც არსებობდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთიანობის პერიოდში, თუმცა, შესაძლებელია, საჭირო გახდეს დღევანდელი ვითარებისადმი მათი მისადაგება. პატრიარქები თავიანთი სინოდებით წარმოადგენენ უმაღლეს ინსტანციას საპატრიარქოს ნებისმიერი საქმისთვის. ეს გულისხმობს, სხვათა და სხვათა შორის, ახალი ეპარქიების დაარსებასა და მოცემული წესის ეპისკოპოსების დანიშნვას საპატრიარქოს ტერიტორიის საზღვრებში. ამასთანავე, ძალაში რჩება რომის პონტიფექსის განუხრელი უფლება, ჩაერიოს ცალკეულ შემთხვევებში.
10. ის, რაც პატრიარქების შესახებ ითქვა, ეხება, სამართლის ნორმის თანახმად, უმაღლეს მთავარეპისკოპოსებსაც, რომლებიც სათავეში უდგანან მთელს ცალკეულ ეკლესიას ანუ წესს.
11. საპატრიარქო დაწესებულება აღმოსავლეთის ეკლესიებში ტრადიციული მმართველობის ფორმას წარმოადგენს. ამიტომ წმიდა მსოფლიო კრებას სურს, რომ იქ, სადაც საჭიროა, შეიქმნას ახალი საპატრიარქოები, რომელთა შექმნის უფლება მსოფლიო კრების ან რომის პონტიფექსის პრეროგატივაა.
საიდუმლოთა დისციპლინა
12. წმიდა მსოფლიო კრება ადასტურებს და მხარს უჭერს აღმოსავლეთის ეკლესიებში არსებულ საიდუმლოთა ძველ დისციპლინას და სურვილს გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის აღდგენილ იქნას.
13. სრულად უნდა აღდგეს უძველესი დროიდან აღმოსავლურ [ეკლესიებში] არსებული დისციპლინა წმ. ცხების (Chrismatis) მსახურის შესახებ. ამ საიდუმლოს აღსრულება მღვდლებს (presbyteri) შეუძლიათ, პატრიარქისა თუ ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი საცხებლის (Chrismate) გამოყენებით.
14. ყველა აღმოსავლელ მღვდელს (პრესბყტერი) შეუძლია ქმედითად აღასრულოს ეს საიდუმლო, ან ნათლობასთან ერთად ან ცალკე, ნებისმიერი _ მათ შორის ლათინური _ წესის ერთგულებისთვის. ამასთანავე, უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად (ad liceitatem), უნდა დაცულ იქნას საზოგადო და კერძო სამართლის განწესებები. ლათინური წესის მღვდლებსაც (presbyteri), იმ შესაძლებლობათა მიხედვით, რომლებიც მათ საიდუმლოს აღსრულების (ministrare) სფეროში გააჩნიათ, შეუძლიათ ის აღმოსავლური ეკლესიების ერთგულებისთვისაც აღასრულონ, მიუხედავად განსხვავებული წესისა. ამასთანავე, უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად (ad liceitatem), უნდა დაცულ იქნას საზოგადო და კერძო სამართლის განწესებები.
15. ერთგულები მოვალენი არიან, კვირა დღეობით და დღესასწაულებზე მონაწილეობა მიიღონ საღმრთო ლიტურგიაში, ან, საკუთარი წესის მითითებებისა თუ ჩვეულების თანახმად, საღმრთო ქებათა აღსრულებაში. იმისათვის, რომ ერთგულებმა ეს მოვალეობა ადვილად შეასრულონ, დადგენილია, რომ ხელსაყრელი დრო ამ მითითების შესასრულებლად გრძელდება წინა დღის საღამოდან (a vesperis vigiliae) კვირა დღის ან დღესასწაულის ბოლომდე. ერთგულებისთვის დაბეჯითებით რეკომენდირებულია, რომ ამ დღეებში – ან უფრო ხშირად, თუნდაც ყოველდღე, მიიღონ წმიდა ევქარისტია.
16. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ცალკეული ეკლესიის ერთგულები ერთსა და იმავე აღმოსავლურ რეგიონსა თუ ტერიტორიაზე სისტემატურად შერეულად ცხოვრობენ. ასეთ დროს ნებისმიერი წესის მღვდელთა უფლებამოსილება _ მიიღონ აღსარება, მათი იერარქების მიერ წესისამებრ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაშვებული _ ვრცელდება ამ უფლებამოსილების დამშვები პირის მიერ მთელს ტერიტორიაზე, აგრეთვე მოცემული წესის ყველა ადგილსა და ერთგულზე, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე იმყოფება, თუკი ადგილობრივმა იერარქმა ეს აშკარად არ უარყო თავისი წესის შესაბამისი ადგილებისთვის.
17. იმისათვის, რათა აღმოსავლეთის ეკელესიებში კვლავ ძალაში შევიდეს ხარისხის (Ordinis) საიდუმლოს ძველი დისციპლინა, მოცემულ წმიდა კრებას სურს, რომ მუდმივი დიაკონობის (diconatus) ინსტიტუტი აღდგეს იქ, სადაც ის მოიშალა. რაც შეეხება სუბდიაკონობას და ქვედა ხარისხებს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ეს უკვე თითოეული ცალკეული ეკლესიის კანონიერი ხელისუფლების გადასაწყვეტია.
18. იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ქორწინებები, რომლებიც ძალაში არ არის (იგულისხმება აღმოსავლეთის კათოლიკეთა ქორწინება აღმოსავლეთის მონათლულ არაკათოლიკეებთან), აგრეთვე ქორწინების სიმტკიცის, სიწმიდისა და ოჯახური სიმშვიდისათვის, წმიდა კრება ადგენს, რომ ამ ქორწინებათა აღსრულების კანონიკური ფორმა სავალდებულოა მხოლოდ მისი უფლებამოსილებისთვის (ad liceitatem), ხოლო იმისათვის, რომ ქორწინებები ძალაში იყოს, საკმარისია მღვდელმსახურის (ministri sacri) თანდასწრება, თუკი დაცულია სამართლის სხვა წესები.
საღმრთო კულტმსახურება
19. ამიერიდან მხოლოდ მსოფლიო კრების ან სამოციქულო საყდრის საქმეა, ყველა აღმოსავლეთის ეკლესიებისთვის საერთო დღესასწაულების დადგენა, გადატანა ან მოხსნა. რაც შეეხება ცალკეული ეკლესიისთვის დღესასწაულების დადგენას, გადატანას ან მოხსნას, ეს ეხება არა მხოლოდ სამოციქულო საყდარს, არამედ საპატრიარქო და სამთავარეპისკოპოსო სინოდებსაც. ასეთ შემთხვევაში სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული მთელი რეგიონი და სხვა ცალკეული ეკლესიები.
20. სასურველია, ყველა ქრისტიანმა შეთანხმების შედეგად აღდგომის დღესასწაული ერთსა და იმავე დღეს იზეიმოს. ხოლო სანამ ეს მოხდება, პატრიარქები თუ უზენაესი ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფალნი, ერთსა და იმავე რეგიონსა თუ ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანთა შორის ერთობის განსამტკიცებლად, აზრთა ერთსულოვნებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თათბირის საფუძველზე, უნდა შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ აღდგომის დღესასწაული ერთსა და იმავე კვირადღეს იზეიმონ.
21. რაც შეეხება წმიდა ჟამთა კანონს, აქ ცალკეულ ერთგულებს, რომლებიც მათი საკუთარი წესის რეგიონისა თუ ტერიტორიის გარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ მთლიანად შეეწყონ იმ ადგილის დისციპლინას წეს-ჩვეულებებს, სადაც ცხოვრობენ. შერეული წესის ოჯახებში ეს კანონი შეიძლება ერთ-ერთი წესის მიხედვით იქნას დაცული.
22. დაე, აღმოსავლეთის სამღვდელო პირებმა და მოწესეებმა საკუთარი დისციპლინის განწესებათა და ტრადიციათა მიხედვით საღმრთო ქებანი (Laudes Divinas) იზეიმონ, რომლებიც ძველი დროიდან ყველა აღმოსავლურ ეკლესიაში დიდ პატივში იყო. დაე, ერთგულებმაც, წინაპართა მაგალითის მიხედვით, მოწიწებით, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ საღმრთო ქებებში.
23. პატრიარქს სინოდთან ერთად ან ყოველი ეკლესიის უზენაეს ხელისუფალს იერარქთა კრებასთან ერთად აქვს უფლება, განსაზღვროს ენათა გამოყენება წმიდა ლიტურგიულ ქმედებებში. მათ აგრეთვე შეუძლიათ, სამოციქულო საყდრისთვის მოხსენების შედეგად, ადგილობრივ ენაზე ტექსტების თარგმანების დამტკიცება.
ურთიერთობა გამიჯნული ეკლესიების ძმებთან
24. აღმოსავლეთის ეკლესიებს, რომლებიც ურთიერთობაში არიან რომის სამოციქულო საყდართან, განსაკუთრებული მოვალეობა აკისრია: მოცემული წმიდა კრების ეკუმენიზმის შესახებ დეკრეტის თანახმად, მათ ხელი უნდა შეუწყონ ყველა ქრისტიანის, განსაკუთრებით, აღმოსავლელ ქრისტიანთა ერთობას. ეს, უპიველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს ლოცვებით, ცხოვრების მაგალითით, ძველი აღმოსავლური ტრადიციების მიმართ ღმრთისმოსავი (religiosa) ერთგულებით, ღრმა ურთიერთგაგებით, თანამშრომლობითა და ძმური პატივისცემით საგანთა და ადამიანთა მიმართ.
25. გამიჯნული აღმოსავლელი [ქრისტიანებისგან], რომლებიც სული წმიდის მადლის ზემოქმედებით კათოლიკური ერთიანობისაკენ მიდიან, იმაზე მეტი არ უნდა მოვითხოვოთ, რასაც კათოლიკური სარწმუნოების უბრალო აღმსარებლობა (professio) მოითხოვს. მათ ნამდვილი მღვდელმსახურება შემოინახეს, ამიტომ აღმოსავლურ სამღვდელო პირებს, რომლებიც კათოლიკური ერთიანობისკენ მიდიან, შეუძლიათ საკუთარი ხარისხი აწარმოონ (excercendi), უფლებამოსილი სელისუფლების მიერ დადგენილი ნორმების თანახმად.
26. ერთობა საიდუმლოებებში, რომელიც ზიანს აყენებს ეკლესიის ერთობას ან განაპირობებს ფორმალური შეცდომის დაშვებას, იწვევს სარწმუნოებაში გზის აბნევას, ხიბლსა და ინდიფერენტულობას, საღმრთო კანონით იკრძალება. რაც შეეხება აღმოსავლელ ძმებს, სამღვდლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ შესაძლებელია და საჭიროც არის ცალკეულ პირთა ვითარების გათვალისწინება, თუკი ეკლესიის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება და ხიფათის წინაშე არა ვდგევართ, და როცა ამას მოითხოვს გამოხსნის აუცილებლობა და სულთა სულიერი კეთილდღეობა. ამიტომ, დროის, ადგილისა და პიროვნებათა კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, კათოლიკე ეკლესია ხშირად მიმართავდა და მიმართავს ქმედების უფრო რბილ ფორმას, ყველას სთავაზობს გამოხსნის საშუალებებსა და ქრისტიანთა შორის სიყვარულის მოწმობას საიდუმლოებში, სხვა ქმედებებსა და წმიდა საქმეებში. „იმისათვის, რათა შეხედულების სიმკაცრის გამო არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც უნდა გამოხსნილ იქნას“, აგრეთვე იმისათვის, რათა განმტკიცდეს ერთობა ჩვენგან გამიჯნულ აღმოსავლეთის ეკლესიებთან, წმიდა კრება მოქმედების შემდეგ წესს ადგენს.
27. ზემოაღნიშნულ პრინციპთა საფუძველზე, შესაძლებელია, რომ კეთილი რწმენით გამსჭვალულ აღმოსავლელ [ქრისტიანებს], კათოლიკე ეკლესიისაგან გამიჯნულთ, მივაწოდოთ სინანულის, ევქარისტიისა და სნეულთა ცხების საიდუმლონი, თუკი ისინი ამას თავად მოითხოვენ და სათანადოდ იქნებიან განწყობილნი. მეტიც: კათოლიკეებმაც შეიძლება სთხოვონ საიდუმლონი იმ არაკათოლიკე მსახურებს, რომელთა ეკლესიაში მოიპოვება ნამდვილი საიდუმლონი. ეს შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას აუცილებლობა ან ჭეშმარიტი სულიერი საჭიროება მოითხოვს, ხოლო კათოლიკე მღვდელმსახური ფიზიკურად ან მორალურად მიუწვდომელი არის.
28. ამავე პრინციპების საფუძველზე, გარკვეულ ვითარებაში, დასაშვებია ურთიერთობა წმიდა ქმედებებში, საგნებსა და ადგილებში კათოლიკეებსა და გამიჯნულ აღმოსავლელ ძმებს შორის.
ეს საქმე _ უფრო შერბილებული ერთობა საიდუმლოებებში აღმოსავლეთის გამიჯნული ეკლესიების ძმებთან – მინდობილ იქნა ადგილობრივ იერარქთა ბრძნულ სიფხიზლესა და ხელმძღვანელობას. ერთმანეთთან თათბირისა და, საჭიროების შემთხვევაში, გამიჯნულ ეკლესიათა იერარქების მოსმენის შედეგად, მათ, სათანადო ქმედითი მითითებებითა და ნორმებით, ქრისტიანთა შორის ურთიერთობები უნდა მოაწესრიგონ.
დასკვნა
30. წმიდა კრება დიდად მოხარულია აღმოსავლეთის და დასავლეთის კათოლიკე ეკლესიათა შორის არსებული ნაყოფიერი და ქმედითი თანამშრომლობის გამო. ამასთან დაკავშირებით ის განაცხადებს: ყველა ეს სამართლებრივი მითითებები (dispositiones) დგინდება ამჟამინდელი ვითარებისთვის, იმ დრომდე, სანამ კათოლიკე ეკლესია და გამიჯნული აღმოსავლური ეკლესიები ურთიერთობის სისრულემდე მივლენ. ამავე დროს კი, ყველა ქრისტიანს, როგორც აღმოსავლელს, ასევე დასავლელს, კრება დაბეჯითებით მოუწოდებს, ღმერთს მიმართონ მხურვალე და გულმოდგინე _ ყოველდღიური ლოცვებითაც კი, რათა უწმიდესი ღმრთისმშობლის შემწეობით, ყველა ერთ იქმნას. დაე, ილოცონ, რომ ნებისმიერი ეკლესიის ყველა ქრისტიანზე, რომლებიც განუხრელად ქრისტეს სახელის აღმსარებლები (profitentes) არიან, იგვემებიან და იტანჯებიან, გარდამოვიდეს წმიდა ნუგეშინისმცემელი სული, სავსე თანადგომითა და სიმშვიდით. „ძმათ მოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთას უსწრობდით“ (რომ. 12, 10).
ყოველივე ერთად და ცალ-ცალკე, რაც ამ დეკრეტში გამოცხადდა, წმიდა კრების მამებმა მოიწონეს. და ჩვენც, იმ სამოციქულო უფლებამოსილებით, რომელიც ქრისტესგან გადმოგვეცა, ამას პატივდებულ მამებთან ერთად სული წმიდაში ვეთანხმებით, ვადგენთ, ვაწესებთ და ვბრძანებთ, რომ ის, რაც კრებაზე დადგინდა, გამოქვეყნდეს სადიდებლად ღმრთისა.
რომი, წმ. პეტრესთან, 1964 წლის 21 ნოემბერი
მე, პავლე, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი
(მოჰყვება მამათა ხელმოწერები)