ამ თემის ცალკე გახსნა გადამაწყვეტინა ამ ბოლო დროს ინტერნეტში სხვადასხვა ქართულენოვან საიტებსა და ამავე ფორუმზე ატეხილმა ვიშვიშმა, რომლის მოთავეები უმეტეს წილად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილნი, განკვეთილნი და სასულიერო ხარისხ შეჩერებულნი პირნი არიან.
განსაკუთრებით ე.წ. "დიდგორის" საიტის და ამ საიტზე მოღვაწე სქიზმატი მღვდლების, ძმების, გელასი და ზურაბ აროშვილების, გიორგი სხილაძის პოზიციები და მათი დაუშრობელი ლანძღვა-გინებაა საქართველოს ეკლესიისა, პატრიარქისა, მსოფლიო პატრიარქისა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესებისა.
ცნობილია რომ ეს ხალხი, არ სცნობს არც ერთ ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მეთაურს, ამ ეკლესიათა მადლმოსილებას, სამოციქულო მემკვიდრეობას და მწვალებლობასა და ერეტიკოსობაში სდებს ბრალს.
ეს ხალხი თავს იწონებს დიდი სჯულის კანონისა და წმინდა მამათა სწავლებების ზუსტი დაცვით, მაგრამ ეს ერთი შეხედვით სჩანს, სინამდვილეში კი ეს ხალხი ჰყოფს ეკლესიას, არღვევს მოციქულთა კანონებს.
ყველა მათგანი, აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი რომელიც განუდგა თუ ეკლესიიდან განკვეთეს, წარმოადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეს, ანუ ესენი არიან ე.წ. ზვიადისტები, რომელნიც პრეზიდენტ გამსახურდიასთან ერთად გეგმავდნენ საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში ჩარევას, პატრიარქის ილია II გადაყენებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მართალია ამათგან ბევრს მაშინ სასულიერო ხარისხი არ გააჩნდა, თუმცა მისი იდეური მომხრეები და თაყვანისმცემლები იყვნენ.
ამისათვის თუნდაც რამდენიმე დღის წინ სქიზმატი მღვდლის, ზურაბ აროშვილის სიტყვებიც საკმარისია "ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა ხელისულებაში, მან კატეგორიულად მოითხოვა რამდენიმე ეპისკოპოსის განკვეთა, თუმცა პატრიარქი კლდესავით გადაეფარა მათ"-ო, და შემდეგ დაამატა "არ დასცალდა ზვიადს, თორემ მიხედავდა სინოდში არსებულ პრობლემებსო". ეს სიტყვები მაშინ დაიწერა, როდესაც პატივცემული აროშვილი, რომელიც ხელდასხმულია მღვდლად, ასევე სქიზმაში მყოფი ეპისკოპოსის მიერ ბოსტონში, იქ ერთ-ერთი მონასტრის სკანდალური ფაქტების გამოყვეყნებისას, როდესაც რამდენიმე სქიზმატ ბერს, მამათმავლობაში ედებოდათ ბრალი.
ხოლო ამის შემდეგ აროშვილი აცხადებს, რომ ეს საქმე გამოიძია "საბერძნეთის ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ეკლესიის სინოდმაო" - ეს ის სინოდია, რომელსაც განდგომილი კვიპრიანე მართავს, ხოლო ამ კვიპრიანემ ჯერ გაკვეთილ ბასილ მკალავიშვილს აღუდიგნა მღვდლობა და გააუქმა საქართველოს საპატრიარქოს სინოდის განჩინება (!!!), ხოლო შემდეგ არა მხოლოდ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია დაიკიდა ფეხებზე, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც და ცხინვალის ეპისკოპოსად ვინმე გიორგი ფუხაევი აკურთხა. ეს ფუხაევი და მკალავიშვილი დღეს ევქარისტიულ კავშირში არიან, ხოლო ამათ ზურაბ აროშვილი საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს!!!
ეს ზოგადი მიმოხილვა თუ რას წამოადგენს ეს ხალხი, რომელიც მიიჩნევს რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მწვალებლობაშია, მადლმოსილი არაა, ხოლო ამ დროს, პირფერობით, მოტყუებით, თავად საკუთარ თავს, ანუ ძმები აროშვილების სქიზმატურ წარმონაქმს უწოდეს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, ეს მათივე საიტიდანაც ცხადად ჩანს:
http://www.orthodoxchurch.ge/ამჯერად, მინდა მცირედი ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილო, რომელიც ამ სქიზმატ აროშვილთა და არა მხოლოდ მათ დამოკიდებულებას ეხება კათოლიკური ეკლესიისადმი და როგორც მათ სჩვევიათ, წმინდა მამების სწავლება, აზრები და ნაწერები აქვთ მოშველიებული, იმისათვის რათა კათოლიკეთა მწვალებლობა და ერესი ამხილონ, სინამდვილეში კი ძალიან დახელოვნებულ აფიორასთან გვაქვს საქმე და ამ აფიორას ძალიან მარტივი და კონკრეტული პასუხი აქვს!
წმინდა მამა გიორგი მთაწმინდელი:
"ჰოი მეუფეო, ვინაითაგან ბერძენთა შორის მრავალი წვალება შემოვიდა. მრავალგზის მიდრკეს ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ, ამისათვის წინარე თქვენებრ ღმრთისმსახურმა კეისრებმა და ბასილევსმა შეკრიბეს წმინდანი საეკლესიო კრებანი, წვრილად გამიოძიეს განგებულებაი ქრისტესი, ღმერთისა ჩვენისა, და გამოძიებით დააწესეს, რათა ქრისტეს ხორცის განსახებად მივიღებდეთ მფუვანსა პურსა, ხოლო ქრისტეს გონების განსახიერებად-მარილსა, და კიდევ, ზედაშე ღვინოში წყლის შერევა დაწესდა იმად, რომ ქრისტეს ჯვარცმულსა ლახვარნაკრავი გვერდიდან სისხლიც გარდამოსდინდა და წყალიც. რაც შეეხება ჰრომაელთა, იმათ დასაბამიდან რომ ღმერთი ერთხელვე იცნეს, მას შემდგომ აღარასოდეს აღარც მწვალებლობა, აღარც რაიმე მიდრეკა და გადახვევა სარწმუნოებაში აღარ ჰქონიათ. ყელამ იცით განშვენებულად- ღამესა მას სერობისასა უფალმა ჩვენმა იესომ უსისხლო მსხვერპლი მისცა თავის მოწაფეებს და, აგრეთვე მიბაძვითა უფლისაითა, მოციქულმა პეტრემ, თავადმან ჰრომის ეკლესიისამან, პირველმა შესწირა მსხვერპლი უსისხლოდ. და მას შემდგომ ასევე უცვლელად მისდევენ ჰრომაელნი პეტრეს წესთა და სარწმუნოებას. ასე ესე, და არარაი არს ამას შინა განყოფილებაი, ოდენ სარწმუნოებაი მართალი იყოს”ეს სიტყვები წარმოთქმულია გიორგი მთაწმინდელის მიერ 1065 წელს, კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დუკასთან, რომელიც თავადაც განსწავლული იყო საღვთო წერილში და ასევე ბიზანტიისა და კონსტანტინეპოლის სწავლული თეოლოგებიც ჰყავდა მოწვეული, სადაც ირჩეოდა საკითხი ბერძნეთა სარწმუნოების შესახებ, ხოლო მთავარ მომხსენებლად იმ დროს უკვე სახელგანთქმული წმინდა მამა გიორგი მთაწმინდელი იყო მოწვეული, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში იყო ავტორიტეტი და პირველი თეოლოგი, არამედ მაშინდელს ბიზანტიის იმპერიაში და მის სიტყვებს წინ ვერ აღუდგა ვერც ერთი ბერძენი სწავლული თეოლოგი.
ეს ის პერიოდია, როდესაც კონსტანტინეპოლსა და რომს შორის განხეთქილება უკვე მომხდარია (1054 წ.) და ამავე დროს გიორგი მთაწმინდელი სწორედ კონსტანტინეპოლში აღიზარდა 11 წლიდან, სრულიად პატარა და მას მიღებული ჰქონდა საუკეთესო ბიზანტიური განათლება და სრულად ფლობდა მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციასა და წმინდა მამების, ეკლესიათა განჩინებებისა თუ პატრიარქთა და პაპთა დამოკიდებულებას, შესაბამისად შეუძლებელია თქმა იმისა, რომ წმინდა მამა გარკვეული არ იყო რომსა და კონსტანტინეპოლს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც 1054 წელს არ დაწყებულა, უფრო დიდი პერიოდი აქვს, რომ წმინდა მამამ არ იცოდა ტრადციების განსხვავება და აღნიშნა კიდეც უფუარი პურის შესახებ, ხოლო ფილიოქვეს საკითხი მისთვის არც ყოფილა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც მიღებული განმარტება იყო, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ დაინდობდა კათოლიკებს და ამხელდა მათ, ისევე როგორც სომხები ამხილა.
თუმცა შეუძლებელია მხოლოდ გიორგი მთაწმინდელზე დაყრდნობა, ვინაიდან თუნდაც მხოლოდ ფილიოქვეს საკითხზე უამრავ წმინდა მამას აქვს დაწერილი, მათ შორის მაქსიმე აღმსარებელს, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელს, რომელნიც ეთანხმებოდნენ სულიწმინდის ძისა მიერ გამომავლობასა და სულიწმინდის მამისაგან და ძჲსაგან მომდინარობას.
რაც შეეხება თავად კათოლიკური ეკლესიის ერესში ყოფნას და მათ მწვალებლებად შერაცხვას, ესეც ფრიად სერიოზული საკითხია და აროშვილები ან კვიპრიანეს სინოდი არაა კომპენტენტური ან მსოფლიო საეკლესიო კრება, რომ გადაწყვიტონ ვისიმე მწვალებლობა და ან ერესში ყოფნა, როდესაც თავად უამრავ დარღვევას ეწევიან, უამრავ ლაფუსებზე ხუჭავენ თვალს და რაც ყველაზე მთავარია, თავიანთი მქედებებით ყოფენ ქრისტეს ეკლესიას. სულიწმინდა აერთიანებს, ეშმაკი ჰყოფს!
არ ვიცი აქ დააინტერესებს თუ არა ვინმეს, რომ სხვა წმინდა მამათა თუ ავტორიტეტთა დამოკიდებულება გამოვაქვეყნო კათოლიკეთა შესახებ, ვინაიდან მთელი ამდენი საუკუნის მანძილზე უამრავია ასეთი. მეტიც, ამ სქიზმატთა ლოგიკას რომ მივყვეთ მაშინ გამოდის რომ დღეს მსოფლიოში დარჩენილი არაა მართლმადიდებელი ეკლესია, ვინაიდან მათი ხელდამსხმელი ეპისკოპოსნიც კი თავად არიან მემკვიდრეები იმ ეპისკოპოსებისა, ვინც მოღვაწეობდნენ საბერძნეთის, რუსეთის, და სხვა აღმოსავლეთის საქრისტიანოს მართლმადიდებელ ეკლესიებში, ხოლო ყველასათვის ცნობილია, რომ ევქარისტიული კავშირები და საიდუმლოებებში თანამონაწილეობა კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის 1752 წლიდან შეწყდა, როდესაც ჯერ რომის ეკლესიამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, ხოლო მოგვიანებით კი აღმოსავლეთის ბერძნულმა საპატრიარქოებმა, როდესაც დაადგინეს ერთობლივ საუდუმლოებებში თანამონწილეობის აკრძალვა, რაც სხვათაშორის რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო და მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტის მოწოდებით ეკლესია არ შეურთდა ამ გადაწყვეტილებას, ხოლო 1994 წელს ფილარეტი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, აი რა დამოკიდებულება გააჩნდა მას:
"უწყოდე, ვერც ერთ ეკლესიას, რომელსაც სჯერა, რომ იესო არის ქრისტე, ვერ შევბედავ ვუწოდო ცრუ. ქრისტიანული ეკლესია შეიძლება იყოს მხოლოდ წმიდად ჭეშმარიტი, მაღიარებელი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი ღვთაებრივი ცოდნისა, ცრუ და მავნე ადამიანური შეხედულებების შერევის გარეშე, ანდა იყოს არა-ბოლომდე ჭეშმარიტი, ქრისტეს ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი რწმენის აღმრეველი ადამიანური აზრის მავნე და ცრუ შეხედულებებთან". "ახლა შენ მოელი, თუ როგორ განვსჯი ახლანდელი ქრისტიანობის მეორე ნახევარს, _ ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი დასკვნით საუბარში, _ მაგრამ მას, უბრალოდ, მხოლოდ შევცქერი. ზოგჯერ ვამჩნევ, თუ როგორ კურნავს უფალი და ეკლესიის მეთაური ეკლესიის სხეულის ყოველ ნაწილზე გაჩენილ "ძველი გველის" უამრავ და ღრმა ნაკბენს, როგორ ადებს წყლულზე ხან მსუბუქ, ხან ძლიერ მალამოს, ზოგჯერ კი ცეცხლსა და რკინასაც, ოღონდ შეასუსტოს სიმწვავე, ამოიღოს შხამი, ოღონდ გაწმინდოს წყლულები, ოღონდ ამოძირკვოს ღვარძლი, ოღონდ განაახლოს სული და ცხოვრება ნახევრად მკვდარ და გახევებულ კიდურებში".უამრავი ასეთი წერილისა თუ აზრის მოტანა შეიძლება, იმის დასამტკიცებლად, რომ ასე ხელაღებით, ფანატიკურად, სიძულვილით დაუშვებელია ცალკეულ პირთა მიერ ეკლესიებისა თუ საეკლესიო იერარქთა შეჩვენება და ლანძღვა-გინება, მაგრამ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როდესაც გავაკეთებთ ცხად მინიშნებას, ეს ხალხი, სქიზმატი აროშვილები, მკალავიშვილი, სხილაძე და კიდევ სხვანი, რომელნიც ინტერნეტ-სივრცეში არ ჩანან, ზვიადისტები არიან, და დღემდე ვერ პატიობენ საქართველოს პატრიარქს რომ დაუშვა გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდება, თითქოს პატრიარქი ღმერთი იყოს და მისი უფლებამოსილება ყოფილიყოს ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლის საკითხი. თურმე რატომ არ გამოვიდა პატრიარქი 1991 წლის იანვარში და რუსთაველზე არ გადაეღობა კიტოვანის, იოსელიანისა და სიგუას ბანდებს რომელნიც ესროდნენ მთავრობის სასახლეს, რატომ არ შესწირა თავი ზვიად გამსახურიდას პრეზიდენტობას.
აი ესაა ნამდვილი სახე ამ ხალხის, რომელთა უგუნურებამ შვა სქიზმა და დაყოფა ქართულ ეკლესიაში.
და ბოლოს თხოვნა მაქვს მკითხველთან, აროშვილთა იდეები მათსავე საიტზე დევს, შეუძლია ნებისმიერს გაეცნოს, ხოლო შემდეგ გააკეთოს შეფასება, ვინ უფრო დიდი ავტორიტეტია საქართველოსა და მართლმადიდებლობაში, წმინდა მამა გიორგი მთაწმინდელი თუ სქიზმატი მღვდელი ზურაბ აროშვილი.
ივერიელი
მაისი, 2009 წელი