დღევანდელი ლადარიას სტატია მომეწონა.
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...8&info_id=48182განსაკუთრებით კი - საზოგადოების "ნეიტრალური" ნაწილის, ე.წ. ნახევრად მიშმაკაკების, იგივე პეროიანებისა და ა.შ. ტიპების - მისეული შეფასებაა საინტერესო:
"საზოგადოება" — ოჰ, ეს კი რთულია. უნდა გავამარტივოთ. აქ ბუნებრივი იქნება, თუ გამოვყოფთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩამოთვლილ მხარეთაგან ერთგვარ დამოუკიდებლობას აცხადებს...
რა თქმა უნდა, ამ დამოუკიდებლობის ხასიათი სხვადასხვანაირია: მაგალითად, არიან ადამიანები, რომელთა არგუმენტი, ასე ვთქვათ, სნობურია — მათ, უბრალოდ, "უტყდებათ" რომელიმე მხარეს აშკარად დადგომა. ქცევის ეს წესი, რა თქმა უნდა, წარსულიდან არის გამოყოლილი: მოქალაქეობრივი პოზიციის ღიად განცხადება ისევე სათაკილოა, როგორც ავტომობილში ან თვითმფრინავში უსაფრთხოების ღვედის შემოკვრა. ამ კლასში შემავალი სუბიექტები, ძირითადად, სიმპათიით მოიხსენიებენ ირაკლი ალასანიას, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ მხოლოდ ნაცრისფერობისა და უსახურობისათვის — ამ ფონზე ხომ განსაკუთრებით აყვავდება ჩვენი შესაძლებლობები (თვითირონია ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს).
ესენი ჯერ კოალიციურ მთავრობას ითხოვდნენ (თუმცა კი არც ძალიან ხმამაღლა), მერე კი დიალოგს (აქ ხმას აუწიეს). დიალოგის დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ეს წამოწყება სრულიად უპერსპექტივოა. მაგრამ უპერსპექტივობას ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, რადგან მთლიანად "მესამე" თვალსაზრისია უპერსპექტივო...
რამდენიმე ხნის წინათ კახა ბენდუქიძემ თქვა რაღაც ამგვარი: დროა მოვეშვათ კეკლუცობას და ვაღიაროთ, რომ შუალედური პოზიცია უბრალოდ არ არსებობს, რომ ეს მხოლოდ რეტროგრადობის თუ რევანშიზმის შერბილებული ვარიანტია. ამ აზრს სავსებით ვიზიარებ. ეს რევანშიზმი და რეტროგრადობა ძალიან მკაფიოდ მჟღავნდება ყველა დონეზე — მაგალითად, მეთოდებში.
"მესამეთა" საყვარელი ჟანრია პეტიციები და მიმართვები. მართალია, მკითხველთა ფართო და არაკომპიუტერიზებული მასებისათვის ამ ჟანრის შედევრები მიუწვდომელი რჩება, მაგრამ მათი თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და, ამავე დროს, მგრძნობიარეა მიმდინარე პოლიტიკური ვითარების მიმართ: დაიწყო საკრამენტული მოწოდებებით ("ძირს ძალადობა!") და სრულდება ზომიერად აღშფოთებული წამოძახილით (აილაგმოს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" აგრესია). იგივე შეიძლება ითქვას ადრესატზე, აქაც იგრძნობა ერთგვარი დავიწროება: მთელი ქართველი ერი, მთელი პოლიტიკური სპექტრი, საქართველოს პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და ა. შ.
მეთოდის ანაქრონიზმი და ამაოება თავისთავად ცხადია: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა ჯერ კიდევ "გრეხია", მაგრამ ხელისუფლების სახელზე საჯარო "დანოსის" დაწერა "მოსული პონტია".
მაგრამ თავისთავად ცხად მომენტებზე დიდხანს შეჩერება არ გვეკადრება. არის გაცილებით უფრო ღრმა საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ეს "მესამე პოზიცია" თუ "ნეიტრალიტეტი" სრულიად უნაყოფოა. ამას ორი მიზეზი აქვს.
პირველზე უკვე მივანიშნეთ, როცა ვალაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ ირჩევს საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებათა კომისიის თავმჯდომარეს და რა კანდიდატურები ჰყავს ამისათვის. ახლახან გიგი თევზაძემაც გამოაქვეყნა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" სტატია, სადაც უკვე რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენა ის, რასაც ყველანი ვგრძნობდით ინტუიციურად: საქართველოში მყოფ მეცნიერთა არსებული რაოდენობითა და ხარისხით მხოლოდ ერთი საშუალო ზომის (5000 სტუდენტი) უნივერსიტეტი თუ იარსებებს. მაშ რომელ რესურსზე უნდა დაამყაროს თავისი მომავალი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც "სადღაც შუაში" მოიაზრებს საკუთარ თავს?
მეორე მიზეზი პირველიდან გამომდინარეობს: გაუგებარია, საკუთრივ რას ემიჯნებიან, რისი გამორიცხვა სურთ "მესამე" პოზიციაზე მდგომთ. თავის დროზე ქრისტიანებმა სასტიკად დაგმეს რომის იმპერატორი დიოკლეტიანე, მაგრამ როცა თვითონ მოუხდათ ვითარების კონტროლი და მართვა, სწორედ დიოკლეტიანეს მიერ შექმნილი ინსტიტუციებით ისარგებლეს და საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ამ ინსტრუმენტს. ქრისტიანებს ამისათვის რესურსი აღმოაჩნდათ. ჩვენ?
თუ ვემიჯნებით რადიკალურ ოპოზიციას, ეს არავითარ პრობლემას არ იწვევს. მაგრამ თუ ამავე დროს ვემიჯნებით ხელისუფლებას, საკუთრივ რას ვემიჯნებით? მიხეილ სააკაშვილს? — ეს ხომ თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ არ უკავშირდება სისტემას, რომელიც შეიქმნა, მუშაობს და ავად თუ კარგად შედეგსაც იძლევა. სისტემის შემავსებელ ადამიანებს? — მაგრამ თუ ადამიანები შეიცვლება, მათ ადგილზე მოსულნიც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან და იმავე მოქმედებების გაგრძელება მოუხდებათ.
სწორედ რესურსების სიმწირე და მიზნის ჩამოყალიბების უუნარობა განაპირობებს იმას, რომ "ნეიტრალურები" და "ზომიერები" დღეს საზოგადოების ყველაზე ადვილად უგულებელსაყოფ ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო ფრაზა — "არა, სააკაშვილი კი არ მომწონს, მაგრამ ეს გრეჩიხაც რა უბედურებაა" — არა მარტო მათი მიკუთვნების გარეგანი ნიშანია, არამედ სრულად და ადეკვატურად ასახავს მათ შინაარსსა და შესაძლებლობებს.
ამით საქმე არ დამთავრებულა.
თუმცა არსებობს "მესამეთა" კიდევ ერთი სახეობა: ისინი, ვინც ხელისუფლებას რეფორმების შენელებას თუ სულაც შეჩერებას საყვედურობს, და მათ რიცხვში, გარკვეული აზრით, მეც შევდივარ. პუშკინისა არ იყოს, მეც მიჭირს ჩემი ამქრის შესახებ რაიმე ობიექტური თვალსაზრისის გამოცხობა. მხოლოდ იმავეს გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი: დასკვნის გამოსატანად საჭიროა ინფორმაციის სისრულე. ეს სისრულე კი არავის გააჩნია — ალბათ არც მათ, ვისზედაც უშუალოდ არის დამოკიდებული პოლიტიკის წარმართვა... ამიტომაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ნდობის კრედიტის ხარჯვის პროცესში ვართ და ველით, რა უფრო მალე ამოიწურება: ეს კრედიტი, თუ 9 აპრილის შემდეგ უზომოდ გაწელილი ინციდენტი.
სამწუხაროდ, როგორც უკვე მივანიშნე, დღეს იმედგაცრუება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ოდესმე: დღეს ის შეიძლება სრული და საბოლოო აღმოჩნდეს. არა, პოლიტიკური კრიზისი ჯერ არ არსებობს. არის სხვა, არანაკლები საფრთხე: როცა ქალაქიდან ჭუჭყის მოსაშორებლად ამდენი ხნის განმავლობაში მოკლული ბაყაყის იმედზე ვართ, მე გაცილებით უფრო ადვილად წარმოვიდგენ, რომ რეალური ძალაუფლების მქონე ბიჭუნებს ჟანრის კრიზისი სტანჯავთ, ვიდრე იმას, რომ სადღაც მაია წყნეთელის უბეში თუ ბაზალეთის ტბის ფსკერზე იმალება რჩეულ ვაჟკაცთა ლაშქარი, რომელიც სწრაფად და ადვილად ჩაენაცვლება ქანცგაწყვეტილებს.