#35685111 · 20 Mar 2013, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცნობილია რომ 1720 წელს ირანიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ვახტანგ მეექვსემ პირველი რიგის ღონისძიებად ჭარ-ბელაქნის დალაშქვრა დასახა და 60-ათასიანი არმია შეაგროვა, რათა ლეკთა ეს საბუდარი ერთხელ და სამუდამოდ ამოეგდო. ამან ვიღაც-ვიღაცეებს ისფაჰანში გული გაუხეთქა და მანაც შაჰის სასწრაფო ბრძანება მიიღო - ხელი აეღო ამ ლაშქრობაზე და თბილისში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ, როგორც ცნობილია, ვახტანგმა ხმალზე დაიფიცა რომ ირანის შაჰს აღარასოდეს დაეხმარებოდა და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა: 1722 წელს როდესაც სპარსეთის სატახტო ქალაქს ავღანელები მიადგნენ, გადამწყვეტ მომენტში მან დახმარებაზე უარი უთხრა შაჰ სოლთან-ჰუსეინს და განსაცდელში მყოფი "ირანის ლომი" ბედის ანაბარა მიატოვა.
დღემდე ითვლება რომ ამით ვახტანგმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ისტორიკოსების აზრით მას რომ ბაქარ ბატონიშვილისთვის ნება დაერთო ირანში ლაშქრობაზე, ქართველებს შეეძლოთ თავიანთთვის სასურველი შაჰი აეყვანათ სპარსეთის ტახტზე და როგორც იმ დროში ამბობდნენ, "ერანი თავიანთთვის დაეჭირათ".
მაგრამ გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ყოფილა კიდევ ერთი ვარიანტიც. იმავე 1722 წელს თურქეთის სულთანმა რომელსაც კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შიში ჰქონდა, ვახტანგს შესთავაზა კავშირის შეკვრა და სანაცვლოდ მას ერთიანი საქართველოს მეფედ ცნობა აღუთქვა, რაზეც ვახტანგმა კატეგორიული უარი სტკიცა და სულთნის ეს წერილი იმპერატორ პეტრე პირველს გაუგზავნა. ეს შეთავაზება სულთნისგან ვახტანგმა მეორედაც მიიღო, მაგრამ კვლავაც უპასუხოდ დატოვა. რაც ამას მოჰყვა, ყველამ ვიცით.
მაგრამ იყო თუ არა სულთნის წინადადებაზე დათანხმება გამოსავალი? ან ბაქარისთვის ლაშქრობაზე ნების მიცემა თუ იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება? მე როგორც ერთში, ისე მეორეში ეჭვი მეპარება და ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს.
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
Nyet Moscow-Marjorie!
|