კვლავ “რუსი მოდის”?[გურამ სანადირაძე]
ა.წ. 15 მაისს, მოსკოვის კარნეგის ცენტრში გამოსვლისას, ცნობილმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა პავლე ფელგენგაუერმა სენსაციური განცხადება გააკეთა. იგი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ ამ ზაფხულს რუსეთიგანაახლებს ომს საქართველოსთან
ფელგენგაუერის განცხადებით რუსეთის მიზნებია: (1) საქართველოს შეიარაღებული ძალების, აგრეთვე სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ძირითადი ცენტრების განადგურება და ქვეყნის იძულებითი დემილიტარიზაცია; (2) საიმედო სახმელეთო დერეფნის შექმნა რუსეთსა და სომხეთს შორის; (3) საქართველოს გარდაქმნა რამდენიმე დაპირისპირებულ რეგიონისგან შემდგარ კონფედერაციად, ანუ მისი ისეთი პოლიტიკური დეზინტეგრაცია, რომ მან საბოლოოდ დაკარგოს გეოპოლიტიკური მომხიბვლელობა მსოფლიოს თვალში.
შეიძლება გვეფიქრა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დეზინფორმაციასთან, რომლის მიზანია სააკაშვილის გადარჩენა (მისი დამხობა იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში არ არსებობს სერიოზული პრორუსული ძალა, მოსკოვს არ აწყობს. მაგრამ რამოდენიმე გარემოება გვაიძულებს სერიოზულად მოვეკიდოთ აღნიშნულ ინფორმაციას.
პირველი, ფელგენგაუერმა შარშანაც გაგვაფრთხილა, რომ რუსეთი აპირებდა ომის დაწყებას, რაც ძირითადად გამართლდა კიდეც (თუმცა ვერ გამოიცნო აგრესიის მიმართულება და ვადა). გარდა ამისა, ამგვარი ინფორმაციები გაჩნდა დასავლეთის პრესაშიც. სამმა ყოფილმა დიპლომატმა, კორტნიმ, იალოვიცმა და კორბოიმ, 18 მაისის “ნიუ იორკ ტაიმსისა” და 10 ივნისის “ქრისჩენ საიენს მონიტორის” ფურცლებიდან მოუწოდეს თეთრ სახლს ყველა ღონე იხმაროს რუსეთის შესაკავებლად. ანალოგიური შეშფოთება გამოთქვა 3 ივნისის “ვაშინგტონ პოსტმაც”.
მეორე, რუსეთმა უკიდურესად არაადეკვატური რეაქცია მისცა ნატოს მანევრებს საქართველოში, აქაოდა კავკასიაში დამყარებულ მშვიდობას არღვევსო. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თავად განსაჯეთ: ნატოს მანევრები ვაზიანში, რომელიც 28 დღე გრძელდებოდა, ჩატარდა ბრიგადის დონეზე, მძიმე ტექნიკის გარეშე და იგი ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი და გაცხადებული. მაშინ, როცა რუსეთი 29 ივნისს იწყებს მანევრებს კავკასიაში (შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე), წინასწარი შეტყობინების გარეშე, სადაც ამოქმედებული იქნება 8500 კაცი და მძიმე ტექნიკა. თანაც, მანევრების არეალი სავარაუდო მოწინააღმდეგის დედაქალაქიდან 40 კმ-ით არის დაშორებული.
ამ ინფორმაციდან ნათლად ჩანს, რომ ნატოს მანევრები საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის ტერიტორიას. აი რუსეთის მანევრები კი, აშკარად წააგავს სერიოზული ომისათვის მზადებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა შარშან ზაფხულშიც ანალოგიური მანევრები ჩაატარა, რაც ომით დაასრულა, გასაგები გახდება, რომ ვითარება საკმაოდ სერიოზულია.
მესამე და მთავარი. დღეისათვის რუსეთი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც მძიმე ვითარებაშია ჩავარდნილი. ამიტომ მოსკოვი შეიძლება წავიდეს რისკზე. მაგიდას ხომ, როგორც წესი, წაგებული მოთამაშე აყირავებს. აქ კი წაგებული რუსეთია, რომელიც, როგორც ცნობილია “умом не понять”.
რუსეთის გასაჭირი
პუტინის რეჟიმის (პუტინია ჯერ კიდევ ფაქტიური მმართველი) უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მან ვერაფრით მოახერხა მოჭარბებული ამბიციების (რუსეთისათვის ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა), უზრუნველყოფა შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსებით. ნედლეულის იმპერიისაკენ აღებული კურსი მცდარი აღმოჩნდა.
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ნედლეულის უმდიდრესი მარაგები თურმე სრულიადაც არ არის საკმარისი ქვეყნის ზესახელმწიფოდ ქცევისათვის (ბირთვული იარაღი უღატაკეს ჩრდილოეთ კორეასაც კი აქვს). ამისათვის საჭიროა თანამედროვე (მაღალტექნოლოგიური და მეცნიერებატევადი) მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. რაც მთავარია, ქვეყანაში უნდა იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო ინოვაციური შემოქმედებისათვის. ამის უზრუნველყოფა კი, ჩეკისტურ “სუვერენული დემოკრატიის” პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა.
სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა კრემლმა ქვეყნის მოდერნიზაცია -- ბოლო წლებში მიღებული უზარმაზარი მუქთა შემოსავალი წყალში აღმოჩნდა გადაყრილი. ამავე მიზეზით, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე გამანადგურებლად რუსეთზე იმოქმედა. ფართოდ რეკლამირებული “ფეხზედ წამოდგომის” ნაცვლად რუსეთი სულ უფრო ეფლობა კრიზისის ჭაობში.
სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მოსკოვის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა რელობას მოწყვეტილი აღმოჩნდა. შედეგმაც არ დაახანა: ომმა საქართველოსთან, გაზის კონფლიქტმა უკრაინასთან და ნახშირწყალბადებით ევროპის დაშანტაჟებამ რუსეთს მხოლოდ პოლიტიკური მარცხი მოუტანა.
მოსკოვის მეცადინეობებმა ყველგან საწინააღმდეგო ეფექტი მოიტანა. ევროპა, რომლის დანაწევრებისათვის ასე დიდი ჯაფა გასწია და, ერთხანს წარმატებასაც მიაღწია, ეხლა ერთიანია როგორც არასდროს. მილსადენებზე მონოპოლური კონტროლის დაწესების მაგივრად რეალურ კონტურებს იძენს ენერგოსატრანსპორტო მაგისტრალის პროექტი, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს (ნაბუკო). ცენტრალურ აზიისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში რუსეთს უწევს პოზიციების დათმობა (მარცხი თურქმენეთთან, უზბეკეთთან, ტაჯიკეთთან). უკრაინაში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლაში გართულს ხელიდან ეცლება ბელორუსია. კარგავს ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში -- სომხეთს.
ფაქტიურად რუსეთს ყველა აზიმუტით მოუწევს უკანდახევა. მოვლენების ამგვარი განვითარებისადმი შეგუება რუსეთის პოლიტელიტას, რომლისთვისაც “რუსეთი ან იმპერია იქნება, ან გაქრება”, ძალიან გაუჭირდება. განსაკუთრებით მიუღებელი იქნება უკანდახევა პუტინისათვის, რომელმაც კარგად იცის, რომ მარცხს მისთვის არ ექნება მხოლოდ პოლიტიკური ღირებულება. ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მოსკოვმა მართლაც გარისკოს მაგიდის აყირავება.
რატომ მაინც და მაინც საქართველო?
მართლაც და, რატომ საქართველო? ვეებერთელა რუსეთს თუ მთელს პერიმეტრზე უწევს თავის დაცვა, რაღა მაინც და მაინც ჩვენთან მოუწევს ომი?
პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს გააჩნია უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა: (1) რუსეთ-საქართველოს საკმაოდ გრძელი საზღვარი (500 კმ-ზე მეტი), ალმოდებულ ჩრდილოეთ კავკასიას ემიჯნება; (2) რუსეთის გვერდის ავლით გამავალი თითქმის ყველა მილსადენი, რომელიც კასპიისპირეთიდან ევროპისაკენ მიედინება, საქართველოზე გადის; (3) საქართველოში მდებარეობენ შავი ზღვის უნიკალური პორტები, ბათუმი და ფოთი.
შუა აზიისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში საქართველო წარმოადგენს ამ რეგიონში დასავლეთის შეღწევის უმნიშვნელოვანეს დერეფანს. სწორედ ადგილმდებარეობის გამო იქცა ჩვენი ქვეყანა რუსეთ-ამერიკის განხეთქილების მთავარ მიზეზად. არა გვგონია მედვედევ-ობამას 6-8 ივლისის შეხვედრამ ეს განხეთქილება რამდენადმე შეარბილოს.
მაგრამ საქმე მხოლოდ შუა აზიის იზოლირებაში არ არის. კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში დომინირება აუცილებელია რუსეთის არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი მთლიანობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. ამგვარი ლოგიკით გასაგები ხდება, რომ რუსეთს ყველაზე მეტად კავკასიის დათმობა ეძნელება, რაც ასე კარგად გამოჩნდა უშიშროების საბჭოს 15 ივნისის სხდომაზე.
გარდა ამისა, მოსკოვის აზრით, დასავლეთისათვის (ამერიკა, ნატო), საქართველო იმითაც არის მომხიბვლელი, რომ მისი გართულებული ურთიერთობა რუსეთთან შეუძლებელს ხდის რუსეთ-სომხეთის სახმელეთო კავშირს.
და ბოლოს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივ მდგომარეობას. ისედაც ვერშემდგარი სახელმწიფო ვიყავით და აგვისტოს ომის შემდეგ საერთოდ დავიქეცით. დასამალი არ არის, რომ რუსეთის მეზობლებს შორის ჩვენი ქვეყანა ყველაზე სუსტია. მას ფაქტიურად აღარ გააჩნია ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები, მოშლილია მისი ეკონომიკა, გახლეჩილია საზოგადოება და ჰყავს არაადექვატური პრეზიდენტი. ნამდვილად მომხიბლავი ლუკმაა ნებისმიერი აგრესორისათვის.
ასე, რომ რუსეთის ახალი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ რეალურ პერსპექტივას წარმოადგენს. ეჭვებს აძლიერებს ინფორმაცია, რომ რუსეთი თურმე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, საქართველოს ტერიტორიის გადანაწილების თაობაზე. მოკლედ, საქმე მეტად სერიოზულია.
Casus belli
როგორც ვხედავთ, რუსეთს საკმარისი არგუმენტები აქვს აგრესიის გასაახლებლად. მითუმეტეს, რომ თურმე პუტინი არ თვლის საქართველოსთან ომს დამთავრებულად - 12 ივნისის ილარიონოვის ინტერვიუ “ამერიკის ხმასთან”. მაგრამ მხოლოდ სურვილი და მზადყოფნა ამისათვის არ კმარა. ომის დაწყებას დამაჯერებელი საბაბი სჭირდება. რაიმე ინციდენტი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან, ასეთად ვერ გამოდგება.
სერიოზულ საბაბად შეიძლება გამოდგეს არეულობა და ქაოსი საქართველოში. ასეთ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება შემოიყვანოს ჯარები წესრიგის დასამყარებლად და, რა საოცარიც არ უნდა იყოს, დემოკრატიის დასაცავადაც კი (იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი გამოიყენებს იარაღს მომიტინგეების წინააღმდეგ).
სწორედ ამიტომ ეშინიათ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში, რომ კრიზისი არ გადაიზარდოს შინააშლილობაში. მწვავე რეაქციას აძლევენ დაძაბულობის ესკალაციის ნებისმიერ გამოვლინებას. დიალოგისკენ დაჟინებული მოთხოვნაც ამ მიზეზით გაისმის. კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის აუცილებელი პირობად მათ კონსტიტუციურ ფარგლებში რეფორმების გატარება მიაჩნიათ.
ამავე დროს, დასავლეთის მრჩეველებს აშკარად ეშლებათ, როცა ფიქრობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გამყარება დაიცავს ქვეყანას რუსეთის აგრესიისაგან. პირიქით, საფრთხეს სწორედ სააკაშვილი და მისი გარემოცვა წარმოადგენს. შარშან მან კარგად შეასრულა გაპონის როლი. შეურაცხადობით მოუვიდა თუ აშკარა ღალატი ჩაიდინა, ამას შედეგის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. არც წელს არის გამორიცხული მისგან სიურპრიზები.
ასეა თუ ისე, თუ მოსკოვი გადაწყვეტს აგრესიას, მას საბაბის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება.
საფრთხის აცილების გზები
საფრთხე მეტად სერიოზულია. საქართველოს ნამდვილად ემუქრება დესუვერენიზაცია. საფრთხის აცილების მთელი იმედი გარე სამყაროს ფაქტორზეა (აშშ და ევროპა). თუმცა არც ჩვენ გვმართებს გულხელდაკრეფილი ყოფნა. გვახსოვდეს, რუსეთს იშვიათად თუ გაუწევია ანგარიში გარე სამყაროსთვის.
აგრესიისაგან დაცვის საინტერესო ფორმულა მოგვაწოდა 4 ივნისის ვაშინგტონ პოსტმა – საქართველოს გარანტირებულად ექნება აშშ-ის პოლიტიკური (მხოლოდ პოლიტიკური!) მხარდაჭერა, ოღონდ თბილისი არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მედვედევ-ობამას შეხვედრას. გამორიცხულია ვაშინგტონმა საქართველო რუსეთს დაუთმოს. საქართველოს დერეფანს ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ენერგო-უსაფრთხოებისათვის. იმედია, ობამა გამოიჩენს სიმტკიცეს და გააგებინებს მოსკოვს, რომ საქართველოში შეჭრის მორიგი მცდელობა დაასამარებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამერიკა ხელს ააღებინებს თურქეთს მოსკოვის ავანტიურაში მონაწილეობისაგან (თუ კი ამგვარი განზრახვა ანკარას მართლაც აქვს). ობამას ამასწინანდელ ვიზიტს ანკარაში წესით უნდა მოეხსნა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები. აგრეთვე, რამდენადმე უნდა შეერბილებინა დამოკიდებულება თურქეთსა და ევროპას შორის. ყველაფერმა ამან, წესით, გამაფხიზლებლად უნდა იმოქმედოს რუსეთზე.
საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეიგნონ, რომ ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა. ძალიან კარგია, რომ საპროტესტო აქციები არ გადაიზარდა შიდააშლილობაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზაფხულში უფრო მეტი განსაცდელი გველის. მოსკოვის აგენტურა, რომელიც მრავლად არის ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც და მოსახლეობაშიც, ყველანაირად შეეცდება დაძაბულობის ესკალაციას. ამიტომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად უნდა გაიმსჭვალონ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
სააკაშვილი გონივრულად მოიქცევა, თუ ოპერატულად გაატარებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და უკვე შემოდგომაზე დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო კანონითა და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით. მართალია ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს ხელისუფლების დატოვება, მაგრამ შეინარჩუნებს პოლიტიკურ სახეს და, რაც მთავარია, ქვეყანას ააცილებს დიდ განსაცდელს.
ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ქვეყანაში 9 აპრილამდელ ვითარებას ვეღარ დააბრუნებს. როგორც იტყვიან, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. პასუხისმგებელი კი, ყველაფერზე ხელისუფლება იქნება. ამიტომ, სხვა გზა არა აქვს, უნდა იფიქროს ფუნდამენტურ რეფორმებზე. ამასვე ურჩევენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. დროის გაჭიანურება საქმეს არ უშველის.
ოპოზიციასაც მართებს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. მრავალრიცხოვანი მიტინგები და დემონსტრაციები არ უნდა იმართებოდეს ოდენ პოლიტიკური ლიდერების პოპულარიზაციისათვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერთა ორთვიანი აქტიურობის მთავარი მიზანი ყოფილა ტრიბუნაზე და ტელეკამერებთან თავმოწონება. სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ დღემდე არ არის შექმნილი ოპოზიციურ ძალთა გამაერთიანებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაზე.
უთავბოლო მოქმედებებიც ამით აიხსნება: ზოგს თბილისში მოყავს ხალხი, ზოგი პირიქით, ქალაქიდან გადის, ერთი რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მომხრეა, მეორე პრინციპული მოწინააღმდეგეა, ჯერ 9 აპრილს აპირებდნენ გამარჯვებას, ეხლა ვადა ახალ წლამდე გადაწიეს, თავის დროზე ეროვნული კრების იდეა დაიწუნეს, ეხლა “სოლიდარნოსტ”-ის მაგვარ ორგანიზაციის შექმნასEაპირებენ და ა.შ. და ა.შ.
ვერ შეთანხმდნენ ვერც ბრძოლის მიზანზე და ვერც მიზნის მიღწევის გზებზე. სააკაშვილის გადაყენება არის საშუალება და არა მიზანი. მიზანი არის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც ოცი წელია ვაშენებთ და ვერაფრით გავცდით საბჭოურ მოდელს. ვერც მმართველობის ტიპზე შეთანხმდნენ: საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ფრანგული ტიპის (საპრეზიდენტო-საპარლამენტო). არადა, ასეთი თავმოუბმელობა აბნევს ჩვენს მეგობრებს დასავლეთში და პირდაპირ მისწრებაა სხვადასხვა ჯურის პროვოკატორისათვის.
მოკლედ, ან ხელისუფლება და ოპოზიცია გონს მოეგებიან და იმოქმედებენ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, ან ხელმეორედ ვიხილავთ რუსის ტანკებს გორში.
მოხდება ზუსტად ისე, როგორც ვანგამ გვიწინასწარმეტყველა: საქართველო აღარ იქნება რუკაზე.http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8298ვინმემ ხომ არ იცით, კაკულია რას ამბობს?
This post has been edited by ვეშაპო on 19 Jun 2009, 13:50