Metamorfoz
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1034
წევრი No.: 134586
რეგისტრ.: 8-August 11
|
#27879739 · 17 Oct 2011, 09:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეძღვნება, მადლმოსილ თანაფორუმელ აგაპეს, სიყვარულით ჩემგან.
გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ შინ დამხვდით... იეღოველთა ინსტრუქციები ადამიანთა გადაბირებისათვის
ბოლო დროს, რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემად იქცა. მათი სკანდალური პოპულარობის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის იმ დახვეწილი მეთოდებისა და ხერხების შესახებ, რომლებსაც რასელისტი აგიტატორები ადამიანთა გადასაბირებლად იყენებენ. ამჯერად გაგაცნობთ მათი საქმიანობის ზოგიერთ ასპექტს და ერთ-ერთ საიდუმლო და ფრიად საინტერესო შინაარსის სახელმძღვანელოს, სახელწოდებით „როგორ დავამყაროთ კავშირი და გავაგრძელოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე“. იეღოვას მოწმეები აქტიურად ეწევიან პროზელიტიზმს
მოტყუებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მატერიალური დაინტერესებითა თუ სხვა მიუღებელი მეთოდებით ისინი გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს თავიანთ ორგანიზაციაში ითრევენ. რასელისტები უზარმაზარი ტირაჟით ბეჭდავენ პერიოდულ ჟურნალებს: „საგუშაგო კოშკს“, „გამოიღვიძეთ“ და „ჩვენი სამეფო მსახურება“ (ეს უკანასკნელი შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი), ცალკეულ ერთჯერად გამოცემებს. რასელისტები მოსახლეობის აღრიცხვას აწარმოებენ
ახალი მიმდევრების გადასაბირებლად ორგანიზაციის აქტივისტები (მათ „მაუწყებლები“ ან „პიონერები“ ეწოდებათ) დაჟინებით ეჭრებიან მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში, დადიან სამსახურებში, ქუჩებში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. რასელისტები უცნობთა ბინებში რეკავენ კიდევაც და ცდილობენ, შეხვედრაზე დაითანხმონ თანამოსაუბრენი. ახალი წევრების გადაბირების მიზნით სექტა დამხმარე სახელმძღვანელოებს ქმნის, ბეჭდავს ჟურნალებს, ამუშავებს ადამიანებთან ურთიერთობის საგანგებო ენასა და კულტურას, „განმარტავს“ ბიბლიას, ამავე დროს კი ცვლის მის შინაარსს და შეგნებულ ფალსიფიკაციას მიმართავს.
გარდა ამისა, იეღოველები იმ რაონის მცხოვრებლების საყოველთაო აღრიცხვას აწარმოებენ, რომელშიც მოქმედებენ. აღნუსხავენ ბინაში ცხოვრების ხანგრძლივობას, მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინტერესებს, სექტის მოძღვრებისადმი დამოკიდებულებას და ა.შ.
რასელისტური ორგანიზაცია თავისი წევრების სულიერ მდგომარეობას უპირველეს ყოვლისა მათი აქტიურობის, მონახულებული ბინების, გადაბირებულთა რაოდენობისა და ქადაგების ხანგრძლივობის მიხედვით აფასებს. ამიტომ სექტის წევრები თავიანთი „მოღვაწეობის“ შესახებ დეტალურ ანგარიშს აბარებენ, ავსებენ გადაბირების ბლანკებს, სადაც აღნიშნავენ, როდის და რამდენ ბინაში იყვნენ, როგორი რეაქცია ჰქონდათ მობინადრეებს, წერენ მათ ეროვნებას, აღმსარებლობას და სხვა. „მუდამ მზად იყავი გამოლაპარაკებისთვის“
საკმაოდ მრავლისმეტყველ ინფორმაციას გვაძლევს რასელისტთა შესახებ სექტის შიდა მასალები. მაგალითად, ჟურნალში „ჩვენი სამეფო მსახურება“ (IX, 1996 წ.) ხუთ გვერდზე ჩამოყალიბებულია გადაბირების დაწვრილებითი ინსტრუქციები ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის: „ზოგ ადგილას სადაგ დღეებში კარდაკარ ქადაგება მცირედ ეფექტურია. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მაღაზიებსა და ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და ავტოსადგურებთან, ბაზრებში იქადაგო“. გაცემულია ამგვარი ინსტრუქციებიც: „ეშურე, ყველგან იქადაგო“, „მუდამ მზად იყავი გამოლაპარაკებისთვის“, „როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ინტერესს იჩენს, ეცადე, მისი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი შეიტყო“. ამავე ჟურნალის 2003 წლის №4 წერს: „აუცილებლად მიაკითხე მათ, ვისაც ლიტერატურა დაუტოვე, ან მათ, ვინც მცირე ინტერესი მაინც გამოავლინა. გამოცდილი მაუწყებლები (რასელისტი აგიტატორები - ს.კ.) იწერენ, რა აინტერესებს მობინადრეს და ამას მომავალი მსჯელობის საფუძვლად იყენებენ... პირველი მონახულების დასასრულს ეფექტურია მობინადრისათვის დამაფიქრებელი კითხვის დასმა, რაც მას შემდეგი მონახულებისადმი ინტერესს გაუღვივებს... ეცადე, მობინადრე მოინახულო მანამ, სანამ ინტერესი არ განელებია - შეიძლეაბ ერთ-ორ დღეშიც კი“.
საქართველოში „იეღოვას მოწმეების არარეგისტრირებული კავშირის“ 2002 წლის 25 მარტის წერილში იეღოველ-რასელისტთა ყველა კრების სამსახურებრივი კომიტეტისადმი ნათქვამია: „სარაიონო ზედამხედველებმა შენიშნეს, რომ მაუწყებელთა უმრავლესობა უმეტეს დროს ქუჩებში მსახურებას უთმობს. მსახურების ეს ფორმა მრავალ ქვეყანაში მართლაც წარმატებულია, რადგან ხალხის სახლებში ნახვა სულ უფრო ძნელდება. ნაცვლად ამისა ჩვენს ტერიტორიებზე (იგულისხმება საქართველო - ს.კ.) იეღოვას მოწმეებთან ქუჩებში საუბრის სურვილის აშკარად შემცირება შეინიშნება. მრავალმა მაუწყებელმა და პიონერმა შენიშნა, რომ ქუჩებში მსახურებას ამჟამად ძალიან მცირე შედეგი მოაქვს, ადამიანებს ეშინიათ მისამართების ან ტელეფონის ნომრების მოცემა. ამის გამო იმ მაუწყებლებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ქუჩებში მსახურებას, განმეორებითი მონახულებები აღარ აქვთ... ჩვენ გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს გამოწვეულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაჩაღებული ცილისწამებებით იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ (როგორც ხედავთ, მასმედიას სექტების მხილებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია - ს.კ.), თუმცა ჩვენ ისიც გვესმის, რომ საჭიროა, მსახურება ადამიანთა მოთხოვნილებებსა და ადგილობრივ პირობებს მივუსადაგოთ. ჩვენ მივიღეთ მრავალი შეტყობინება იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავი შედეგი მოაქვს კარდაკარ მსახურებას, ამიტომ განსაკუთრებით ვთხოვთ ყველა მაუწყებელს საგანგებო ყურადღება გადაიტანოს უშუალოდ კარდაკარ მსახურებაზე. სრულიად დასაშვებია, მომავალში აქცენტი კვლავ ქუჩაში მსახურებაზე გადავიტანოთ“.
აღსანიშნავია, რომ „იეღოვას მოწმეთა“ დსთ-ის რეგიონული მმართველი ცენტრიდან (იგი სანკტ-პეტერბურგთან, სოლნიჩნოეში მდებარეობს) გამოგზავნილ ინსტრუქციებს ხშირად ახლავს გრიფი „კონფიდენციალური“, ხოლო დოკუმენტის ბოლოს ხაზგასმითაა აღნიშნული: „ამ წერილის ასლი უხუცესებმა უნდა გაუგზვნონ რელიგიურ ორგანიზაციას, სპეციალური ცისფერი კონვერტით... უხუცესთა საბჭოს: ეს წერილი კონფიდენციალურია, იგი კრების კონფიდენციალურ დოკუმენტებთან ერთად უნდა ინახებოდეს. ასლის გადაღება არ შეიძლება. უხუცესებმა ეს ინფორმაცია სხვებთან არ უნდა განიხილონ“ (როგორც ხედავთ, სექტის მუშაობის მეთოდები სპეცსამსახურებისას ჰგავს - ს.კ.). როგორ დავიწყოთ საუბარი
საგანგებო ყურადღების ღირსია სექტის გასაიდუმლოებული სახელმძღვანელო „როგორ დავამყაროთ კავშირი და გავაგრძელოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე“ (1994 წ.), რომელიც იეღოველ აგიტატორებს სთავაზობს ვარიანტებს, თუ როგორ გააბან საუბარი მობინადრეებთან და როგორ მოაქციონ, თუ ასეთ პასუხს მიიღებენ: „მე არ მაინტერესებს იეღოვას მოწმეები“, „დაკავებული ვარ“, „რატომ გვაწუხებთ მუდმივად?“ და ა.შ. გადამბირებლისთვის ამ „ინსტრუქტაჟის“ წინასიტყვაობაში ჩართულია შენიშვნა: „მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სტუმრებმა (სახლებში მოსიარულე აგიტატორებმა - ს.კ.), სანამ თავიანთი მისვლის მიზეზს გააცნობენ, ზოგიერთი ფორმალობა უნდა დაიცვან. სხვაგან კი მობინადრეები, შესაძლოა, დაუპატიჟებელი სტუმრებისგან საქმეზე დაუყოვნებლივ გადასვლას მოელიან. მომდევნო შესავლები გიჩვენებს, თუ როგორ უნდა დაიწყო საუბარი“.
აი, ზოგიერთი ნიმუში რასელისტთი გადამბირებლის შესავალი სიტყვისა:
● „გამარჯობათ, მე მხოლოდ მცირე დროს წაგართმევთ, რომ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ცნობა... მოხარული ვარ, რომ სახლში დამხვდით. მე ვუზიარებ ჩემს მეზობლებს გამამხნევებელ აზრს ბიბლიიდან. დაინტერესებულხართ როდესმე? (დაუსვი შეკითხვა, რომელიც მიიყვანს შენს მიერ შერჩეულ თემამდე)“.
● „ჩემი სახელია... მე თქვენს მეზობლად ვცხოვრობ. ამ დილით შევნიშნე, რომ ყველა საუბრობდა (აღნიშნე სამეზობლოში მომხდარი დანაშაული ან სხვა უსიამოვნო შემთხვევა, რამაც წუხილი გამოიწვია). რას ფიქრობთ ამის შესახებ? როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე საშუალება, რომ ჩვენი სიცოცხლე უფრო უსაფრთხო გახდეს?“
● „გამარჯობათ. ჩვენ ადამიანებთან პირადი უსაფრთხოების შესახებ ვსაუბრობთ. დღეს ჩვენს ირგვლივ გავრცელებულია დამნაშავეობა და ეს ზეგავლენას ახდენს თითოეულის ცხოვრებაზე. როგორ ფიქრობთ, დადგება დრო, როდესაც ღამით ქუჩაში უშიშრად სიარულს შევძლებთ? (ან: ფიქრობთ, რომ ვინმე რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას?)...“
მიმდინარე მოვლენები - „საღამო მშვიდობისა. ჩემი სახელია... თქვენი მეზობელი ვარ (დავასახელე ქუჩა ან ტეროტორია). წუხელ ხომ არ უყურეთ „ახალ ამბებს“? გადმოსცეს, რომ (აღნიშნე რომელიმე უკანასკნელი ცნობა, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია)... რას ფიქრობთ ამის შესახებ? (შემდგომში საუბარი ააწყვე იმაზე აქცენტირებით, რაც ყველაზე მეტად აღელვებს მობინადრეს)...“
● „წაიკითხეთ ეს ამ კვირის გაზეთში? (აჩვენე შესაბამისი გაზეთის ამონაჭერი). რას ფიქრობთ ამის თაობაზე?“...
● „მსურს, ერთი კითხვა დაგისვათ. არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, ქვეყანაში არსებული მრავალი პრობლემიდან უპირველეს ყოვლისა რომლის გამოსწორებას ისურვებდით? (როდესაც გაიგებ, რა პრობლემა აწუხებს მობინადრეს, საუბრის საფუძვლად ის გამოიყენე)“.
როდესაც პასუხობენ - „დაკავებული ვარ“: „გამარჯობათ. ჩვენ ყველასთან მივდივართ მნიშვნელოვანი ცნობით ამ სამეზობლოში. უეჭველია, დაკავებული ბრძანდებით, ასე რომ, მე მხოლოდ მცირე ხნით შეგაყოვნებთ“.
● „გამარჯობათ. მე მქვია... ჩემი მოსვლის მიზანია, გიამბოთ ღმერთის სამეფოს კურთხევებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მათში. მაგრამ ვხედავ, რომ თქვენ დაკავებული ხართ (ან გასვლას აპირებთ). ამიტომ ნება მიბოძეთ, მოკლედ გაგიზიაროთ მხოლოდ მცირე აზრი“.
როდესაც პასუხობენ - „მე მაქვს ჩემი რელიგია“: „დილა მშვიდობისა. ჩვენ მივდივართ ყველა ოჯახთან ამ უბანში და აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობას საკუთარი რელიგია აქვს. თქვენც უეჭველად გექნებათ თქვენი რელიგია... მაგრამ მიუხედავად ჩვენი რელიგიების სხვადასხვაობისა, მრავალი ერთი და იგივე პრობლემა გვაწუხებს, მაგალითად, სიძვირე, დამნაშავეობა, ავადმყოფობა... ასე არ არის? როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე რეალური გამოსავალი?“
მთავრობა - „ჩემს მეზობლებთან საუბრისას დავუკვირდი, რომ მრავალ ადამიანს სურს, იმ მთავრობის ქვეშევრდომი იყოს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ისეთი ყოველდღიური პრობლემებსი გადაჭრა, როგორებიცაა დამნაშავეობა და სიძვირე (ან ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ბევრს აწუხებს). ასეთი მთავრობა მართლაც სასურველი იქნებოდა, არ მეთანხმებით? მაგრამ არსებობს კი ასეთი მთავარობა დღეს?“
● „მე ვესაუბრები მეზობლებს საკითხზე, რომელიც ყველას წინაშე დგას: მხარს ვუჭერთ ღმერთის მთავრობას (იგულისხმება იეღოველ-რასელისტთა „თეოკრატიული მმართველობა“ - ს.კ.) თუ ადამიანთა მმართველობას ვამჯობინებთ? თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში დღეს არსებულ პირობებს, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვჭირდება, რაღაც განსხვავებული, ვიდრე ის, რაც ადამიანებმა განახორციელეს?“
ხშირად „დამუშავებულ“ (ანუ რასელისტი პროპაგანდისტების მიერ ხშირად ნაქადაგებ - ს.კ.) ტერიტორიაზე: „მოხარული ვარ, რომ შინ დამხვდით. ჩვენ ყოველკვირეულად ვეწვევით ხოლმე ამ სამეზობლოს და შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტი რამ გაგიზიაროთ იმ დიდებულ კურთხევებზე, რომლებასც ღმერთის სამეფო უზრუნველყოფს კაცობრიობისთვის“.
● „გამარჯობათ. სასიამოვნოა, რომ კვლავ შეგხვდით. ხომ ყველანი ჯანმრთელად ბრძანდებით? მე შევჩერდი, რათა გაგიზიაროთ აზრი...“
● „დილა მშვიდობისა. როგორ ბრძანდებით?.. მსურდა, თქვენთან კიდევ ერთხელ მესაუბრა (შემდეგ დაასახელე ის საკითხი, რომელზეც გსურს ლაპარაკი)“.
ამ „შესავლებიდან“ (და ეს მხოლოდ ნაწილია რასელისტთა სააგიტაციო მასალებისა) ნათლად ჩანს, თუ როგორ მოხერხებულად ახდენენ აგიტატორები მოსახლეობის სოციალური თუ სხვა სახის პრობლემებით მანიპულირებას. ამ და სხვა მრავალი გაზეპირებული ფრაზითა და ინსტრუქციით ისინი უცნობებთან ჯერ კონტაქტში შედიან და შემდგომ ამისა ფსიქოლოგიური ზეწოლისა თუ სხვა მეთოდების გამოყენებით გულუბრყვილო, მიმნდობ ადამიანებს თავისკენ იბირებენ. * * * სექტანტთა მორიგი მკრეხელობა იეღოველი აგიტატორები თბილისში ახალ ბროშურას ავრცელებენ!
ბოლო დღეებში რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ 2 ფურცლიან პროპაგანდისტულ ბროშურას სათაურით: „ცნობა მთელი მსოფლიოსთვის: ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“
სექტანტური ბროშურის შესავალში ნათქვამია: რა არის ცრუ რელიგია? გაღელვებთ ის ფაქტი, რომ რელიგიის სახელით უამრავი ბოროტება ხდება? უსამართლობად არ მიიჩნევთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებად აცხადებენ თავს, მხარს უჭერენ ომებს, ტერორიზმსა და კორუფციას? როგორც ჩანს, ბევრი პრობლემის სათავე სწორედ რელიგიაა... ცრუ რელიგიას ბოროტება გამოაქვს ნაყოფად, ისევე როგორც ცუდ ხეს - უვარგისი ნაყოფი“.
შესავლიდანვე ჩანს, რომ რასელისტები ცდილობენ, გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს უარყოფითი წარმოდგენა შეუქმნან ტრადიციულ რელიგიებზე და ისინი ტერორიზმის, კორუფციის მხარდაჭერაში და ომის პროპაგანდაში დაადანაშაულონ. სინამდვილეში არც ერთი ტრადიციული მსოფლიო რელიგია (მათ შორის მართლმადიდებლობაც) არათუ მხარს უჭერს, არამედ, პირიქით - გმობს ტერორიზმს, სისხლისმღვრელ ომებს და კორუფციას.
ამ ბროშურას რასელისტები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ
შესავლის შემდეგ იეღოველთა ბროშურის ანონიმი ავტორები აცხადებენ, რომ „ცრუ რელიგია ომსა და პოლიტიკაში ერევა, ცრუ სწავლებებს ავრცელებს და უზნეობას იწყნარებს“. „საუკუნეების მანძილზე ეკლესიები თანამშრომლობდნენ ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკურ ძალებთან“, - ნათქვამია იეღოველთა ჟურნალში „რა არის სიცოცხლის აზრი?“, ხოლო ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „პოლიტიკურ ლიდერებთან დღესაც ბევრი რელიგიის წინამძღოლი ამყარებს ურთიერთობას“ (01.03.2003 წ.). ამ ციტატებიდან ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან ნორმალური ურთიერთობა ბრალდება ან დანაშაული იყოს. მაგრამ თუ სექტანტები თავიანთ პოზიციას „უკომპრომისოდ“ იცავენ და ე.წ. „ამქვეყნიურ სატანურ მთავრობებთან“ ურთიერთობას კრძალავენ, მაშინ საინტერესოა, თავად იეღოველთა „ხელმძღვანელი კორპორაციის“ (აშშ) ლიდერებს რატომ არ ეკრძალებათ კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წერილებისა და ბიბლიების გაგზავნა მათივე ხელმოწერით (იხ. „საგუშაგო კოშკი“, 15.05.1999 წ.) ან იეღოველთა ხელმძღვანელი კორპორაციის წევრებისათვის რატომ არ იკრძალებოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მიწერ-მოწერა (ჟურნალი „გამოიღვიძეთ 08.02.2002 წ.). თუკი იეღოველთა რელიგიურ ლიდერებს უფლება აქვთ, საჭიროებისამებრ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაამყარონ კავშირი, რატომ არა აქვთ იგივეს უფლება იმავე ქვეყნის რელიგიათა წინამძღოლებს?! როგორც ჩანს, საკუთარი სექტის ინტერესებისთვის ასეთ „რელიგიურ კომპრომისზე“ წასვლა მათთვის მისაღებია, ხოლო სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის - მიუტევებელი ცოდვა!
რელიგიათა „ცრუ სწავლებების“ მაგალითად სექტანტური პუბლიკაცია სულის უკვდავების შესახებ მოძღვრებას ასახელებს (იეღოველები სხვა მრავალ ერესთან ერთად სულის უკვდავებასაც უარყოფენ). „მრავალი რელიგია ამ სწავლებას იყენებს, რომ თავის მრევლს გარდაცვლილთა სულების ლოცვებში მოსახსენიებლად ფული გამოსტყუოს“, - ვკითხულობთ ბროშურაში. ეკლესია და სამღვდელოება კი იეღოველთა გამოცემაში ასეა დახასიათებული: „ეკლესიები ჰომოსექსუალისტებსა და ლესბოსელებს მღვდლებად ნიშნავენ და მთავრობას მოუწოდებენ, ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინების უფლება მისცეს. მართალია, ზოგიერთი ეკლესია უზნეობას განსჯის, მაგრამ ამავე დროს ისეთ რელიგიურ წინამძღოლებს იწყნარებს, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ“ (!). აქვე ნათქვამია, რომ „ცრუ რელიგიას „მოჭრიან“ და გაანადგურებენ!“ ხოლო აპოკალიფსის მე-17 თავში მოხსენიებული მეძავი მთელი მსოფლიოს ყველა რელიგიის სიმბოლოა (!) - რაღა თქმა უნდა, თავად „იეღოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის გარდა. იმავე გვერდზე დაბეჭდილია მკრეხელური სურათი, სადაც აპოკალიფსში მოხსენიებული მეძავი და შვიდთავიანი, ათრქიანი მხეცია გამოსახული, რომელსაც ბრჭყალებიანი თათები ეკლესიების გუმბათებზე აქვს დადებული (!).
განა ეს არ არის განსხვავებული რწმენის მიმდევართა მიმართ ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის გამოვლენა იეღოვას მოწმეთა მხრიდან? „ბელგიაში მცხოვრები 24 961 სამეფოს შესახებ მაუწყებელი (იგულისხმება „იეღოვას მოწმეები“) განუწყვეტლივ განიცდის გარეშეების მხრიდან შეუწყნარებლობას, წინასწარშექმნილი აზრის გამო წარმოქმნილი პრობლემების შედეგებსა და დისკრიმინაცია“ - წერს „იეღოვას მოწმეთა“ ოფიციალური ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ (01.01.2003 წ.), თუმცა იეღოველები ალბათ ვერ ამჩნევენ იმ შეუწყნარებლობასა და წინასწარშექმნილი აზრის გამო სხვადასხვა კონფესიების მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, რაც მუდმივად იღვრება თავად იეღოველთა გამოცემებიდან. ნათქვამის საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე ციტატას მოვიყვანთ რასელისტთა ჟურნალებიდან: „სამღვდელოება უარყოფს ღმერთს, უარყოფს რა მოიქცეს ზნეობრივი ნორმების თანახმად“ („საგუშაგო კოშკი“, 01.02.1994 წ.), რელიგიური წინამძღოლები „ნამდვილი ბოროტი, ცუდი ადამიანები არიან“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“, 1996 წ. 13 თ.), „სამღვდელოებას გენოციდში ედება ბრალი. მღვდლები ბავშვებს ხრწნიან, ეკლესია კი ხელს აფარებს მათ“ („იფხიზლეთ!“ 2004 წ.), „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები... დაავადებულნი არიან სქესობრივი უზნეობით“ („საგუშაგო კოშკი“, 01.04.1991 წ.), „ქრისტიანული სამყარო და სხვა ცრუ რელიგიები იქნებიან სრულიად განადგურებულნი“ („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1997 წ.). ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.
„მე-20 საუკუნის განმავლობაში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთხელ შეულახავთ იეღოვას უამრავი მოწმის უფლებები“ - წერს „საგუშაგო კოშკი“ (01.03.2003 წ.). მაშინ, როდესაც იეღოველები ხშირად საუბრობენ საქართველოში რელიგიურ დევნა-შევიწროვებასა და შეუწყნარებლობაზე, საინტერესოა - განა შეუწყნარებლობის ნიშანი არ არის, როდესაც იეღოველთა ჟურნალში: „სასიხარულო სიცოცხლე მუდმივად დედამიწაზე“ (1992 წ.) - ღვთისმშობლის გამოსახულება წითელი ხაზითაა გადახაზული? განა შეუწყნარებლობისა და მეტიც - შეურაცხყოფის ნიშანი არ არის, როდესაც მათ ჟურნალში: „საგუშაგო კოშკი“ (01.05.1999 წ.) ქრისტიანულ ეკლესიებს, სხვა რელიგიებთან ერთად „მეძავთა დედა“ ეწოდება? განა მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ არის, როდესაც იეღოველები თავიანთ ჟურნალებში ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ქრისტიანული სამყარო და სამღვდელოება ღმერთისა და ბიბლიის მტერია („რა არის სიცოცხლის აზრი?“ 1995 წ.) ან როდესაც იეღოველთა ჟურნალში „რას მოითხოვს ღმერთი თქვენგან?“ (1996 წ.) ყოვლადწმიდა სამების მკრეხელური კარიკატურა ქვეყნდება წარწერით: „ღმერთი არ არის სამება“ (!) და ა.შ.
ზემოაღნიშნული ბროშურა ასევე აცხადებს, რომ „სწორედ ახლაა ცრუ რელიგიიდან გამოსვლის დრო!“ ამიტომაც „ახლა მოქმედების დროს! არ დააყოვნოთ, ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ - ასე გვმოძღვრავს სექტანტური გამოცემა.
სინამდვილეში მათი სიტყვები ცრუწინასწარმეტყველური და ამაოა, რადგან რასელისტები თავიანთ გამოცემებში „ცრუ რელიგიის განადგურებისა“ და „ქვეყნიერების აღსასრულის“ თარიღებად 1914, 1918, 1920, 1925, 1960, 1975 წლებს ასახელებდნენ, თუმცა როგორც ყველამ ვიცით, მსგავსი არაფერი მომხდარა და იმედგაცრუების შემდეგ მრავალმა იეღოველმა სექტა დატოვა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რასელისტები არ ცნობენ და უარყოფენ ნებისმიერ მიწიერ ხელისუფლებას და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული. მაგ. ჯარში სამსახურს, არჩევნებს, ფიცს, სახელმწიფო დაწესებულებებს, ეროვნული დროშის მიმართ პატივის მიგებას და ა.შ. ისინი ასწავლიან, რომ „მთელი მსოფლიოს მთავრობები ეშმაკის საკუთრებაა“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“ 1996 წ.) და „სატანა-ეშმაკი მართავს ყველა ამქვეყნიურ მთავრობას“ („სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“), მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი უარს არ ამბობენ ამ „სატანური მთავრობებისგან“ რეგისტრაციასა და აღიარებაზე შეუზღუდავი საქმიანობისა და საგადასახადო შეღავათებისთვის. საყურადღებოა, რომ 1999 წლის დასაწყისში საფრანგეთში ამ სექტას ჩამოერთვა რელიგიური სტატუსი. საფრანგეთის ხელისუფლებამ დაავალდებულა სექტა გადაეხადათ გადასახადი, რომელიც დაერიცხათ უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, რამაც 50 მლნ დოლარი შეადგინა. მანამდე სექტის საფრანგეთში არსებული მთელი ქონება დააყადაღეს. 2001 წლის ოქტომბრამდე რასელისტთა სექტა გაეროში რეგისტრირებული იყო, როგორც არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „საგუშაგო კოშკი“. „იეღოვას მოწმეთა“ სექტა წლების მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გამუდმებით ბრალს სდებდა და მას „მსოფლიო ცრურელიგიის იმპერიად“ აცხადებდა (!). სექტის გამოცემებში გაერო მოიხსენიება, როგორც სიბილწე და ათრქიანი შავ-წითელი მხეცი, რომელიც სატანის ნების შემსრულებელია („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1999 წ.). 2001 წლის 12 ოქტომბერს სექტასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მათ მოეხსნათ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. გაეროს წარმომადგენელმა კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „როგორც ჩანს, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით „იეღოვას მოწმეების“ დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ, რაც საკმაოდ უცნაურია“.
ამგვარად, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ რასელისტთა სექტის ასეთი დამოკიდებულება მის დესტრუქციულ ბუნებაზე მეტყველებს.
P.S. დაბოლოს, ტერმინი „რასელისტები“ არ გახლავთ მართლმადიდებელთა მიერ მათთვის შერქმეული სახელწოდება. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.).
|