რატომ დატოვა ქართულმა ჯარმა კოდორში საბრძოლო ტექნიკა?17.09.2008


საუკუნეების მანძილზე, უკან დახევისას, მტერს არ უტოვებდნენ არანაირ საჭურვილს. იხილეთ ხედვითი მასალა:
ქართული მიტოვებული საჭურვილი კოდორის ხეობაში რა მოხდა კოდორის ხეობაში? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში. კოდორის უბრძოლველად დათმობა, მოსახლეობის ევაკუაცია და შემდგომ ჯარის მიერ ხეობის დატოვება, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაში მოხდა. არადა, კოდორის ხეობა იყო აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.
არაოფიციალურად ვრცელდება ცნობა, რომ კოდორის ხეობის დატოვებისას ქართულმა შეანერთებმა არ გაანადგურეს საბრძოლო ტექნიკა. სააკაშვილის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ და უცნობია მათი დუმილი სადამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯარის მიერ ხეობის დატოვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუდასტურებელი ცნობა არსებობს. მავანის აზრით, აფხაზებმა ქართულ შენაერთებს ხეობიდან კორიდორი გაუკეთეს და ამიტომ არ გაანადგურეს ტექნიკა;
მეორე აზრით, თითქოს, თბილისის ხელშეუხებლობის საწინდრად ნაც-ხელისუფლებამ კოდორი დათმო. ნამდვილად რა მოხდა ხეობაში, ამ კითხვას ალბათ მალე გაეცემა პასუხი, ისევე როგორც იმ უამრავ კითხვებს, რაც ომის შემდგომ გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში.
თუმცა, კოდორიდან გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ჯარს საბრძოლო ტექნიკა არ გაუნადგურებია:
“ჩვენი ჯარი ისე გამოვიდა ხეობიდან, რომ მათ არც ერთი შეიარაღება არ გაუნადგურებიათ.”-ამბობს კოდორელი ა. ს.
როგორ აფასებენ ხეობაში განვითარებულ მოვლენებ მოდნეები? კოდორთან დაკავშირებულ ამბებს “განსაკუთრებულს” უწოდებს კავკასიის საკითხები მცოდნე, მამუკა არეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხეობაში განვითარებული მოვლენების გარკვევას დრო სჭირდება.
- “ჩემთვის ამოუცნობია და პასუხს ვერავინ მცემს, თუ რატომ დატოვეს ფოთის პორტში, სენაკისა და გორის სამხედრო ბანაკებში იარაღი. ეს იყო ღალატი. კოდორთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო ჯამში ღალატი რომ იყო, ეს იგრძნობა. ღალატი შეიძლება იყოს კონკრეტული ოფიცრების მხრიდან ან უფრო მაღალი დონის გენერალიტეტიდან.
- “ეს ომია და მეთაური, რომელიც ასე იქცევა, მოღალატე ჰქვია. ასევე, ტექნიკის შენახვის თვალსაზრისით; ვიღაცამ თავისი საბრძოლო ტექნიკა გადაარჩინა; მაგალითად, როგორც გადარჩა ავიაცია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი შეიარაღების სახეობა. ზოგმა კიდევ თავისი შეიარაღება მიატოვა. თუ ეს არ იყო გამიზნული ღალატი, მაშინ ეს იყო უტვინობა და შიში, რასაც ასევე ღალატი ჰქვია.” - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, კოდორთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს:
“არის მოსაზრება, რომ ხეობა თბილისში გაიცვალა, კიდევ ის, რომ, ვიღაცამ იქიდან გამოსვლის ბრძანება გასცა. გზა, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები გამოვიდნენ, რუსეთს თავისუფლად შეეძლო დაებომბა. შეიძლება ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ასეთ პირობასაც ჰქონოდა ადგილი - თქვენ გადით და ხელს არ გახლებთ. ამის დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია”.
- “ის, რომ გორის სამხედრო ბანაკებში ჩარჩა ამდენი იარაღი - ამის პატიება არ შეიძლება. ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე თვითმავალი მძიმე საარტილერიო საშუალება, რომელიც დიდი ფული ღირს; ავტომატებს კიდევ არა უშავს, მაგრამ ის იარაღი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა. საპოლიციო “კობრა”, რომელიც რუსებმა ცხინვალიდან წაიღეს, ბრძოლით არის მოპოვებული. ის დაზიანდა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. რუსებმა ეს იარაღები სხვადასხვანაირად მიიტაცეს, ზოგი ბრძოლის ველიდან, ზოგი საწყობიდან წამოიღეს. იარაღი, რომელიც საწყობიდან წამოიღეს, მასზე პასუხისმგებელ ადამიანებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ნაც-ხელისუფლება ცდილობს ეს არ გაახმაუროს”. - ამბობს არეშიძე.
სამხედრო საქმის მცოდნე ირაკლი სესიაშვილს უჭირს დაბეჯითებით საუბარი, იგი თვლის, რომ უკან დახევის დროს საბრძოლო ტექნიკის განადგურება აუცილებელია.
- “საუკუნეების მანძილზე, უკან დახევისას, მტერს არ უტოვებდნენ არანაირ რესურსს - არც საკვებს, არც ტყვია-წამალს და სხვა სამხედრო მეურნეობას. მათი განადგურება ხდება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ვერ გამოიყენოს. თუმცა, აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ თვალსაზრისით, ნაც-ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი იყო; არ არსებობდა არანაირი გეგმა, ამ მიმართულებით არ იყო შეთანხმებული და ა.შ. იარაღის განადგურება, გამოტანა, შესაძლებელი იყო და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ნაც- ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე”.
- “ჩვენ ვნახეთ, რუსებმა სენაკიდან და ფოთიდან სწრაფმავალი სადესანტო კატერები როგორ გაიტანეს. არადა, სულ მარტივად შეიძლებოდა მათი წყლიდან ამოყვანა და თუნდაც მოსახლეობაში გადამალვა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დანშაულზე. როდესაც ქვეყანაში თავდაცვის სფეროსკენ ამხელა თანხებია მიმართული და მერე ყველა ვხედავთ, როგორ ხდება ამ თანხების არამიზნობრივად გახარჯვა; რაც ნაყიდი გვაქვს იმასაც მტერს და დამპყრობლებს ასე მარტივად ვატანთ, ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ მთავრსარდლისგან, ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამ ვითარებაში შესაბამისი რეაგირება რატომ არ მოახდინა ნაც-ხელისუფლებამ.” - ამბობს სესიაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ამით“პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ კოდორში განლაგებულ ჩვენს პოლიციურ თუ სამხედრო ძალებს, ჩვენი ხელისუფლება დახმარებას არ აღმოუჩენდა”. - “თუ იმის სურვილი გაგვიჩნდებოდა, რომ ჩვენი თანამოქალაქენი ჩახოცილიყვნენ, მაშინ რა მიზნით, რისთვის? მთავარსარდალი სააკაშვილი ცეცხლის შეწვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ დროს, როდესაც კოდორში თავდაცვითი ღონისძიება მიმდინარეობს. ნაც-ხელისუფლებამ არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა კოდორში განლაგებული სამხედრო ძალებს. ელემენტარული კავშირი არ არსებობდა. მათ არც კი იცოდნენ სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.” - ამბობს სესიაშვილი.
კოდორში განვითარებულ მოვლენებს “გასაიდუმლოებულს” უწოდებს სამხედრო საქმის მცოდნე, გიორგი მელითაური. როგორც იგი ამბობს, მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ აფხაზებმა გზა გაუხსნეს და ამგვარად ქართულ ჯარს იქაურობის დატოვების საშუალება მისცეს.
- “რეალურად კოდორში ბრძოლები არ დაფიქსირებულა, რასაც ნაც- ხელისუფლება არც უარყოფს და არც ადასტურებს. არანაირი სახელისუფლო მონაცემები კოდორის შესახებ აქამდე არ გამიგია. 1993-შიც კი, საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მწყობრში იყო, კოდორის გარეთ გამოიყვანეს, ანუ იქ ტექნიკა არ დაგვიტოვებია. ახლა რა მოხდა, თუ მართლა დატოვეს, მაშინ რის საფუძველზე დატოვეს?”
- “საკითხავია, როგორ გამოვიდნენ ქართული ჯარები? რუსებმა და აფხაზებმა მართლა მისცეს გზა თუ არა კორიდორში?
იყო თუ არა მოლაპარაკება, რომ ჯარი გამოსულიყო და მძიმე ტექნიკა დაეტოვებინათ?
შეიძლება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა კოდორიდან ჩვენი ჯარის გამოსვლა. არანაირი სახელისუფლო ცნობა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მძიმე ტექნიკის გაუნადგურებლად დატოვება დანაშაულია.” - ამბობს მელითაური.
ცნობა ”რეზონანსიდან”