რამდენიმე დღის წინ, ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დროს, შატბერდის მონასტრის ტერიტორიაზე უძველეს წარწერებიანი ქვა აღმოაჩინეს. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი წარწერიანი არტეფაქტი შატბერდის მონასტრიდან და ამრიგად, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
შატბერდის მონასტრის ექსპედიციაში სამი მკვლევარი - ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი და ანა იმედაშვილი მონაწილეობდა.
ეს წარწერა უმნიშვნელოვანესია, რადგან შატბერდის მონასტრიდან არ გვქონდა არცერთი არტეფაქტი, გარდა მოჩუქურთმებული ქვის კვადრისა - მონასტრის მორთულობის ერთადერთი ფრაგმენტი, რომელიც იქვე, სოფელში, ადგილობრივი მცხოვრების სახლის კედელშია ჩაშენებული და 2015 წელს მივაკვლიეთ.
მეორე და უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი არის სწორედ ეს უახლესი აღმოჩენა. ჩვენი ექსპედიციის შატბერდის მონასტერში ყოფნისას, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ბებურ გოზალიშვილმა შემთხვევით მიაკვლია მონასტრის ტერიტორიაზე ლაპიდარული წარწერის ორ ფრაგმენტს" - გვეუბნება მკვლევარი.
წარწერას სწავლობს პალეოგრაფი თემო ჯოჯუა. მეცნიერმა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ წარწერა მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება და მისი საფუძვლიანი შესწავლა, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მკვლევარებს შატბერდის მონასტერთან დაკავშირებით.
"წარწერის გაბმული ტექსტის წაკითხვა ჯერჯერობით შეუძლებებლია, რადგან აკლია ფრაგმენტები და სავარაუდოდ, ეხება რაღაცის აშენებას. ასომთავრულით არის დაწერილი. ეს არის შატბერდის მონასტრის ერთადერთი წერილობითი არტეფაქტი. ვიცით, რომ შატბერდი იყო უმნიშვნელოვანესი სამწიგნობრე ცენტრი და დღემდე არ იყო არცერთი წარწერა ცნობილი და აღმოჩენილი.
არსებობდა კიდევ ერთი წარწერა შატბერდის მონასტრიდან, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილს ჰქონდა ინფორმაცია. მეცხრამეტე საუკუნეში ნახეს ეს წარწერა, გადმოწერეს, თუმცა არტეფაქტი დაკარგულია. ამ ახალ აღმოჩენაზე მიმდინარეობს მუშაობა და იგი მოგვცემს საინტერესო ინფორმაციას, გარკვეულ ამბავს შატბერდის შესახებ და ეს ამბავი იქნება მეთერთმეტე საუკუნის ფარგლებში" - ამბობს პალეოგრაფი.
კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი იხსენებს ამბავს, თუ როგორ მიაკვლია მან, პირველმა ქართველმა მეცნიერმა ქართული მწიგნობრობის უდიდეს ისტორიულ კერას - შატბერდის მონასტერს.
"შატბერდის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ ყველაზე სწორი ვარაუდი თავის დროზე გამოთქვა პავლე ინგოროყვამ, ის ნამყოფი არ იყო იქ, თუმცა რეგიონი განსაზღვრა.
90-იან წლებში თურქმა მკვლევარმა მინე ქადიროღლუმ იპოვა ეს ტაძარი და ჟურნალ „გეორგიკაში“ გამოაქვეყნა სტატია. მან პირველმა თქვა ოფიციალურად, რომ აღმოჩენილი იყო შატბერდის მონასტერი და რაც მთავარია, აღნიშნავდა, რომ ეს იყო ქართული ძეგლი. ეს გერმანულენოვანი ჟურნალია და ძალიან მცირე ტირაჟით გამოდიოდა, ამიტომ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ქართველ ხელოვნებათმცოდნეებში იყო გავრცელებული აზრი, რომ შატბერდი არის ენირაბათში, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები სუსტი იყო, მაინც ინერგებოდა ეს აზრი. 2004 წელს მე პავლე ინგოროყვაზე დაყრდნობით ვეძებე და მივაკვლიე შატბერდის მონასტერს. ეს რომ შატბერდია, დღეს უკვე აღიარებულია. შატბერდში, როგორც ერთ-ერთ დიდ სამწიგნობრო კერაში, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში, ისეთი უნიკალური ხელნაწერებია გადაწერილი, დღემდე რომ ოქროს საგანძურში შედის" - უყვება AMBEBI.GE-ს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
თემურ ხუციშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს თურქებს ქართული კულტურის და ისტორიის ძეგლების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. "წარწერებიც კი დადეს ტაძრებში, რომ ისინი ქართული ტაძრებია. აღიარებენ, რომ ოდესღაც ეს ტერიტორია იყო ქართული და ახლა მათ შემადგენლობაშია მოქცეული" - დასძენს თემურ ხუციშვილი.
This post has been edited by kardinali100 on 30 Oct 2019, 17:08