კვირა, 03 მაისი 2009 22:47

რას ნიშნავს ერის მამის მოსმენა-მორჩილება და რა მიაჩნია ყველა პრობლემის სათავედ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორეს (გიგნაძეს)
ნინო ლურსმანაშვილი
ვნების კვირამ, ბზობამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა საქართველოში პოლიტიკური ბატალიების ფონზე ჩაიარა. სულის ცხონებაზე ფიქრის ნაცვლად, მთელი ეს პერიოდი იმაზე ვმსჯელობდით, სად, როდის, რამდენი საკანი დაგვედგა, სცენიდან თუ `სახელისუფლებო ტრიბუნიდან~ ერთმანეთი, რბილად რომ ვთქვათ, როგორ გვეკრიტიკებინა და `უფალო შეგვიწყალენ~-ის ნაცვლად, `გადადექი~ დღეში რამდენჯერ გვეყვირა. თუმცა, ჩვენი სიბნელის ზღვარს აქ არ გაუვლია. იქამდეც მივედით, `უცნობს~ მესია ვუწოდეთ, აქციებზე ბზებით დავხვდით და შევღაღადეთ _ `უდაბნოდან~ ისე გაგვიყვანე, როგორც მოსემ ებრაელებიო.
`უღმერთობაა ყველა პრობლემის სათავე~, _ ამბობს `ვერსიასთან~ საუბრისას ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, რომელიც მოვლენილი განსაცდელის მიზეზების გარდა, შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს და ჩიხიდან გამოსავალზეც.
_ დღეს შექმნილ ვითარებაში რომ გავერკვეთ, მინიმუმ, უახლესი ისტორიის გადახედვაა საჭირო. ერეკლე მეორიდან დაწყებული, რადგან ამ დროს დამყარდა მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ყველა პრობლემის სათავედ თვლიან. ჩვენ ყოველთვის ვიშვერთ თითს სხვისკენ. ვამბობთ, რა განსაცდელი და უბედურებაც ერს სჭირს, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. ჩვენ არც ბრძენები აღმოვჩნდით, რომ სხვის შეცდომებზე გვესწავლა და არც სულელები, რომ საკუთარი შეცდომების შემდეგ, მაინც გვეცხოვრა სწორად. ესაა ჩვენი პრობლემა.
_ ანუ, პრობლემების სათავე, უპირველესად, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ? პრობლემა ჩვენშია?
_ რა თქმა უნდა. იმპერიას ყოველთვის ერთი ხელწერა აქვს, მაგრამ შენ რა დაუპირისპირე მას? შენ რა გააკეთე? ყოველთვის მცდარ არჩევანს ვაკეთებთ. რამდენი წელია, მუდმივად ვფიქრობთ, ესDხელისუფლება თუ გამოვცვალე, ყველაფერი კარგად იქნება. რამდენჯერ შევცვალეთ ხელისუფლება და მაინც აირია ქვეყანა. იმიტომ, რომ არ გვაქვს სწორი ორიენტირი და ერთიდაიგივე შეცდომასაც ამიტომ ვუშვებთ.
_ ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, საკნების ქალაქის გაშენებაც შეცდომაა?
_ ეს არის შედეგი. შეცდომა არჩევანია, რომელიც ჩემს გულში ხდება. ცუდ მაგალითს მოვიყვან:
როცა უფალს უნდა, ცხოველების მაგალითი მოიყვანოს, ძალიან ხშირად სახარებაში ღორს ახსენებს. წარმოიდგინეთ საღორე, რომლის მოწესრიგებას მოვინდომებთ. გავარემონტებთ, სველ წერტილებს დავუდგამთ გოჭუნიებს. რამდენიმე საათში გარემონტებული მშვენიერი სამყოფელი კვლავ საღორედ გადაიქცევა და რამდენჯერაც უნდა მოაწესრიგო, იმდენჯერ საღორედ გადაიქცევა მანამ, სანამ იქ ღორი ცხოვრობს. ასე რომ, სანამ ერი შინაგანად არ განიწმინდება, გარედან ფასადურ ცვლილებებს შედეგი არ მოჰყვება. თორემ, ზედაპირულად რომ უსმინო, ლოგიკა ორივე მხარეს გხვდება.
პირადად მე ვფიქრობ, შეუძლებელია იმის მოთმენა, რომ ეკლესიას შეეხნენ, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა არ ვითარდება და ხალხიც გამოვიდა ქუჩაში. მათში მოხუცები სჭარბობს. ალბათ, სოციალურ პრობლემას, შეურაცხყოფაც ემატება, ამ ადამიანებს ხომ სამსახურები დაატოვებინეს. გარდა ამისა, ისინი ალბათ უზნეობას ვერ ეგუებიან. საბჭოთა დრო, რომელსაც მე ეროვნულ მოძრაობაში ყოფნით ვებრძოდი, უფრო ზნეობრივი იყო. დღეს ქართველი კაციცა და ქალიც შეცვლილია. ქართველი ბიჭი საკუთარ დედას იგინება და 10 კაცი სცემს ერთს. ამ ყველაფერმა წარმოშვა პროტესტი, მაგრამ მაქვს კითხვა _ როცა შეიცვლება ხელისუფლება, გამოსწორდება ყველაფერი? თუ სწორი ორიენტირი არ დაინახეს, თუ არ მივხვდით, ეს ყველაფერი რატომ გვემართება, არაფერი შეიცვლება.
იმაზე უნდა ვიფიქროთ, სასჯელს ვიმსახურებთ თუ არა? გავიხსენოთ, რა გავაკეთეთ _ მოვკალით ერის მამა, ილია. მაშინ უფალმა თავზე გადაგვისვა ხელი, არ დაგვსაჯა და მიუხედავად ამ საშინელი ცოდვისა, 3 წლით თავისუფლება გვაჩუქა. და ჩვენ რა გავაკეთეთ იმ 3 წელიწადში? _ დავეძგერეთ ყველაფერს ქართულს, ეროვნულს, მათ შორის, ჯარსა და ეკლესიას და... ჩვენ მოვკალით პატრიარქი! დავიწყეთ ეკლესიისთვის ქონების ჩამორთმევა. ამის შემდეგ, ცხადია, სასჯელი მოვა და შენ შეგიძლია ლანძღო ჯალათი, მაგრამ ეშაფოტზე ხომ თავად ახვედი? შინაგანი განწმენადაა უმთავრესი. ჩემი ხვედრი ჩემზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე.
როცა ვსაუბრობთ სამშობლოზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე, გვავიწყდება, რომ ის კონკრეტული ადამიანებისგან შედგება. ხელისუფალს უნდა უყვარდეს არა აბსტრაქტული ქვეყანა, არამედ თითოეული ადამიანი. ქვეყანაზე აბსტრაქტულად არ უნდა ზრუნავდეს.
_ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას აბსტრაქტულად მართავს?
_ დიახ და ესაა პრობლემა. სახელმწიფო უნდა გაძლიერდესო, ამბობენ. სტალინიც ზრუნავდა სახელმწიფოს ძლიერებაზე, მაგრამ ადამიანები მისთვის ნაფოტები იყვნენ. მაგრამ იქ სახელმწიფო მართლა გაძლიერდა, აქ კი, ამასაც ვერ ვხედავ. ომი წავაგეთ. მესმის, რომ რუსეთს ვერ მოვუგებდით, მაგრამ არ მივსულიყავით ომამდე. ამაშიც ორიგინალურები აღმოვჩნდით _ დედამიწაზე საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გაბედა და, ღიად დაუპირისპირდა რუსეთს. ერთი რამ ვიცი _ წლების მანძილზე, ვაშენებთ შენობას, რომელსაც საქართველო ჰქვია, ოღონდ რატომღაც, მშენებლობას, საძირკველის ნაცვლად, ყოველთვის სახურავიდან ვიწყებთ. არადა, საძირკველი და კედლები თითოეული ჩვენგანია. ამიტომ ვეუბნები ყველას _ გამოსავალი ერთია _ სული იცხონე! დიახ. მართლმადიდებლური დამოკიდებულება ადამიანთან ამგვარია: თითოეული ადამიანი ერთი დიდი ორგანიზმის ცოცხალი უჯრედია. თუ ნეკი მტკივა, მთელი ორგანიზმი იტანჯება. ანუ, თუ ყველა ღმერთისკენ სწორ ნაბიჯებს დგამს, ისინი ქმნიან ცოცხალი ორგანიზმის საოცარ ერთობას. და თუ ეს ერთობა იმაშიც ვლინდება, რომ ისინი ღმერთს ქართულ ენაზე ადიდებენ, ერი ერთ დიდ, ძლიერ ორგანიზმად იქცევა. მაშინ პრობლემებიც მოიხსნება, სწორ არჩევანსაც გავაკეთებთ და რაც მთავარია _ ღმერთი იქნება ჩვენთან! ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ჩიხური სიტუაციები აღარ იარსებებს.
_ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში როსტომ ხანი და თეიმურაზ მეფეა ნახსენები, რასაც დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას ვეღარ გაუგია, უწმინდესმა რომელ მეფეში რომელი მხარე იგულისხმა?
_ როსტომ ხანი შაჰ-აბასთან დაახლოებული იყო და მშვიდობა დაამყარა. პოლიტიკის, ეკონომიკის გაძლიერებას ცდილობდა. გზებიც იგებოდა, აღმშენებლობა დაიწყო, ხალხი მრავლდებოდა, ტაძრები შენდებოდა... მიუხედავად ამისა, როსტომ ხანის პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელია ისტორიაში, რადგან ზნეობრივად გაიხრწნა ერი და ეკლესიური ცხოვრება დასაცინი გახდა. ხელისუფლება ძალიან ჰგავს როსტომ ხანს. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამის თქმა, რადგან არ ვიცით, როგორ დაამთავრებს. დღევანდელი მდგომარეობით, ხელისუფლება როსტომ ხანია. მაგრამ, ოპოზიცია რამდენად არის თეიმურაზი, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში არ მოსულა.
_ სამაგიეროდ, მათგან თითქმის ყველა იყო ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
_ შეიძლება ადამიანმა შეინანოს. თუ ნამდვილი სინანული აქვს, მიეტევება. რამდენად ნანობს ადამიანი, ამას ასე ზოგადად ვერ იტყვი. სინანული არც მარტო სინდისის ქენჯნაა, არც აღიარება ცოდვებისა. სინანული ადამიანის შინაგანი მეტამორფოზაა, რომელიც `გაიძულებს~, უღმერთობას ზურგი შეაქციო, მიზნად უფალი დაისახო და საკუთარი სულის გამოქანდაკება დაიწყო. ტელევიზიით ძნელია ამის ზუსტად დანახვა. თუმცა, როცა ადამიანს სერიოზული შეცდომები აქვს ჩადენილი და ამას ხვდება, პოლიტიკოსი აღარ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ლიდერობას აღარ უნდა ცდილობდეს. დაუშვებელია, ხელისუფლება იყოს უზნეო, ერი გახრწნას, განათლების სისტემა მოშალოს... ისიც მოუთმენელია, როცა ხელისუფალი პირად არასწორ მაგალითს იძლევა და ხალხს მითქმა-მოთქმა აქვს მისი არასწორი ცხოვრების შესახებ, მის ოჯახურ ერთგულებას ვგულისხმობ, მაგრამ... სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მათ გვერდით თავისუფლების ინსტიტუტი იდგა. სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მახსოვრობა გვაქვს. თავისუფლების ინსტიტუტის წევრების გამოსვლები 20-იანი წლების საბჭოეთის პერიოდიკას რომ შევადარე, ეკლესიისადმი დამოკიდებულება ერთნაირია. ხალხი ამას ვერ ხედავს? არ იცოდა ბოკერიას, რამიშვილსა და დანარჩენებს ეროვნული სული რომ არ აქვთ?
_ შეცდომებს იმიტომ ხომ არ ვიმეორებთ, რომ მხსნელს ყოველთვის იქ ვეძებთ, სადაც არ უნდა ვეძებოთ. სიბნელეც ხელს გვიწყობს იმაში, `უცნობს~ ქართველების მოსე ვუწოდოთ, ვნების კვირაში საპროტესტო აქციები დავიწყოთ და რევოლუციები ეკლესიურ დღესასწაულებს დავამთხვიოთ?
_ უღმერთობაა ყველა ჩვენი პრობლემის სათავე. გიორგი გაჩეჩილაძეს თუ უთხრეს, მოსე ხარო, გულახდილად უნდა ეთქვა, ასე არაა, ეს არის შოუ, მე მსახიობი ვარ და ვცდილობ, რაღაც სიკეთე გავაკეთოო. საერთოდ არასწორი დამოკიდებულება გვაქვს. მარხვაშიც იმიტომ ვიწყებთ აქციებს, რომ ჩვენი ერი, ძალიან შორსაა სწორი სულიერი ხედვისგან. მან არ იცის, მარხვა რა არის. ორგანიზატორი ლიდერები კი, არ არიან ეკლესიური ადამიანები. არ ვიცი, ხელისუფლება შეიცვლება თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ღვთის რჩეული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ, სხვა მისია გვაქვს. ჩვენ არ გვეპატიება და არ შეგვრჩება ის, რაც სხვას ეპატიება და შერჩება. თუ გვინდა, ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდეთ, უფლის ხელი უნდა დავინახოთ და უფლის ხმას მოვუსმინოთ.
_ ოპოზიციის ლიდერები შენდობის დღეს სამებაში არ მივიდნენ. არგუმენტიც ჰქონდათ _ უწმინდესს ტაძარი არ დაუკონკრეტებიაო. გამოდის, მათ უწმინდესის ხმას არ მოუსმინეს?
დიახ. ეს ყველა ვარიანტში იყო არასწორი გადაწყვეტილება. მე შემიძლია მივიდე ჩემს მამასთან და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, მაგრამ რომ არ მივიდე, ყოვლად დაუშვებელია. პოლიტიკოსები, აუცილებლად სამებაში უნდა მისულიყვნენ. პატრიარქი არა მხოლოდ ზნეობრივი ავტორიტეტი, იგი ეკლესიის თავი, ეპისკოპოსი, მოციქულთა საყდარზე მჯდომია, რომლებზედაც უფალი ამბობს: `ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა~. ერის მამის მოსმენა და მორჩილება იცით, რას ნიშნავს? ქრისტე მოსულიყო, ეთქვა და მე დამეჯერებინა. და ამაზე თქვეს უარი.
_ მოგვიანებით, 26 აპრილსვე, უწმინდესთან პოლიტიკოსების შეხვედრა შედგა. ბევრს ეგონა, რომ მეორე დღეს საკნებს აიღებდნენ და ეროვნული თანხმობის მთავრობაზე ან რაიმე სხვა გამოსავალზე ერთად ისაუბრებდნენ. მითუმეტეს, უწმინდესმა ბრძანა: `ვინც მეტად სულიერია, იგი დაუთმობს სხვას~...
_ პატრიარქისთვის არ მიკითხავს, მაგრამ მე არ მჯეროდა მაგის. იმას ველოდი, რაც ახლა ხდება. იმიტომ, რომ არცერთი მხარე არ უსმენს პატრიარქს ბოლომდე.
პრობლემა ორივე მხარეს არის. არც ერთი დათმობს და არც _ მეორე, რადგან ეს მათი შინაგანი პროცესი არ არის. რაც შეეხება ხელისუფლებას, პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლება არის ღმერთისგან და ყოველი ხელისუფალი არის სარკე ერისა. შეხედე ქართველო შენს ხელისუფალს და დაინახავ საკუთარ თავს. თუნდაც ის რაღაც კარიკატურულ შტრიხებს იძენდეს, მაინც ეგეთი ხარ. ანუ ის ხელისუფლება გეყოლება, როგორის ღირსიც ხარ.
_ თქვენი აზრით, მოვლენები როგორ განვითარდება?
_ ღმერთმა სამყაროს საფუძვლად გარკვეული კანონები დაუდო. როცა კანონი ირღვევა, შედეგი ცუდია. მხოლოდ ღმერთს შეუძლია კანონი შეცვალოს. მე მინახავს მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი, რომელიც გადარჩა. კანონზომიერება აშკარადაა დარღვეული, იგი ყველა ლოგიკით უნდა მომკვდარიყო, მაგრამ გადარჩა, რადგან ღმერთი ჩაერია. თუ პროცესებში ღმერთი ჩაერია, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ვერც წარმოგვიდგენია. მთავარია, მიზანი სწორად დავსახოთ. გზა ხსნისა, სულის ცხონებაშია მხოლოდ და იმის გააზრებაში, რომ მიზანი ერთადერთია _ უფალი, რომელიც გვეუბნება _ სასუფეველი ეძებე და მე ხომ ვიცი რა გჭირდება, ყველაფერი მოგეცემა.
http://www.versia.ge/index.php/2009-03-16-...---q----q-.html This post has been edited by llaasshhaa on 24 Jun 2009, 18:39