monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1321
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09
|
#14454389 · 27 Jun 2009, 00:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
”ხელისუფლებაში მეხუთე კოლონაა” 29 ივნისს, ჩრდილო კავკასიაში იწყება რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნა: "კავკასია - 2009", რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნიკოლაი მაკაროვი უხელმძღვანელებს. წვრთნაში 8,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც გამოიყენებენ 200 ტანკს, 450 ერთეულ ჯავშანტექნიკას და სხვადასხვა დანიშნულების 250-მდე საარტილერიო დანადგარს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ამ წვრთნებს შიშით უყურებენ. რუსული საინფორმაციო ინტერნეტგამოცემები კი ლამის ერთხმად იუწყებიან, რომ ეს წვრთნები რუსეთმა შეიძლება საქართველოში ხელახალი შეჭრისთვის გამოიყენოს. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ - ხიფათი რეალურია.
- მოდი, ჩამოვთვალოთ, რა მიიღო რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ: დაამყარა სრული კონტროლი საქართველოს ორ რეგიონზე, ამასთანავე, კავკასიონის ქედზე, პრაქტიკულად, ყველა უღელტეხილსა და სიმაღლეს აკონტროლებს, ნელ-ნელა ახდენს საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების ანექსიას, ამის მაგალითია შიდა ქართლი, იმერეთის სოფელი პერევი. რუსი ჯარისკაცები დღესაც შემოდიან დუშეთის რაიონის იმ სოფლებში, სადაც ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. სოფელ ქვებისხევში ორი უბანია ოსური, დანარჩენი კი - ქართული, მაგრამ რუსები შედიან და ქართველ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ უნდა წავიდნენ სოფლიდან. ასეთივე პოლიტიკით რუსებმა აიძულეს ქართველი მესაზღვრეები, წამოსულიყვნენ მამისონის უღელტეხილიდან და დაეტოვებინათ დაახლოებით 50 კვადრატული კილომეტრი. როგორც ვიცი, იქ რუსები ჯერ არ გამოჩენილან და ტერიტორიას ქართველი პატრული აკონტროლებს, მაგრამ ფაქტია, რომ სასაზღვრო პოსტი დატოვეს. ამ ტერიტორიის ერთი მესამედი საბჭოთა რუკების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კუთვნილებაა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, დღეს თუ ხვალ, იქ რუსები აუცილებლად გამოჩნდებიან. მოგეხსენებათ, მათ დაიწყეს ჩრდილოეთ ოსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე გაივლის. ასეთივე რთული ვითარებაა თუშეთში, ის პალოები, რომელიც პირობითად აღნიშნავდა საზღვარს, რუსებმა ჩვენკენ გადმოსწიეს და დღეს უკვე სოფელ დიკლოს ქვემოთ არის დარჭობილი. ამის შედეგად კი ორი ქართული ნასოფლარი მიიტაცეს. ყაზბეგის რაიონი კიდევ სხვა თემაა. სერიოზული პროპაგანდაა გაჩაღებული ჩრდილოეთ ოსეთში იმაზე, რომ თურმე ყაზბეგი მათია. ეს ეხება თრუსოსა და უბის ხეობებსა და კობის ქვაბულს, სადაც ადრე ოსური სოფლები იყო. თუ გავითვალისწინებთ ყაზბეგის რაიონის უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რუსეთს გარკვეული შანსი აქვს. მოსახლეობის ნაწილი, მძიმე მდგომარეობის გამო, თანაც ვლადიკავკაზთან ისტორიულ-ტრადიციული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეფარულად ფიქრობს, იქნებ რუსეთთან შეერთებაც ჯობდესო. მოსახლეობის მცირე ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, პენსიას იქ იღებს. თუმცა ბევრია ისეთიც, ვინც განგაშის ზარებს არისხებს და ხელისუფლებისგან ითხოვს - მოგვხედეთო! მაგრამ ხელისუფლება ამ განგაშს არც იმჩნევს. არადა, ყაზბეგის რაიონი შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით უაღრესად მოგებიან რეგიონად იქცეს.
- ბატონო მამუკა, ბრძანეთ, რა მიიღო რუსეთმა, ალბათ, არის რაღაც, რის მიღწევაც სურდა და ვერ შეძლო... - რა თქმა უნდა, რუსეთს სურს საქართველოს სტაგნაცია და შუაზე გახლეჩა. მის ინტერესებშია იმ სავაჭრო და ეკონომიკური გზების გადაკეტვა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე გადის. ეს სჭირდება იმისთვის, რომ მოუსპოს აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას ყოველგვარი სურვილი იმისა, რომ დასავლეთს მის გარეშე დაუკავშირდნენ და ენერგომატარებლები სხვა გზით მიაწოდონ. მან ვერ მიაღწია იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაასრულოს ნატოზე ლაპარაკი და ვერც იმას, რომ ნატოსთვის მნიშვნელობა დაკარგოს ამიერკავკასიამ. დღეს აღარავინ ლაპარაკობს საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ სამაგიეროდ, დაიწყო აზერბაიჯანის გაწევრებაზე ლაპარაკი. რუსეთისთვის ორივე ერთნაირი პრობლემაა.
- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი, შესაძლოა, რუსეთს კიდევ ერთ ომად უღირდეს? - ომის საფრთხეს პროცენტულად შევაფასებდი როგორც ორმოცდაათს ორმოცდაათზე. ისმის კითხვა, რამ შეიძლება განაპირობოს ახალი კონფლიქტის დაწყება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთი სერიოზული მიზეზის გარეშე ომს ვერ დაიწყებს. დღეს აღარ არის 2008 წლის ზაფხულის სიტუაცია კონფლიქტის ზონებში, მას არც სამშვიდობო ძალები ჰყავს საქართველოში, რომ მათზე თავდასხმით გაამართლოს ომის დაწყება. შესაბამისად, მაქსიმალურად შეიკავებს თავს, მაგრამ შეეცდება პროვოკაცია მოაწყოს. ამ თვალსაზრისით, უპირველესად, სახიფათოა პანკისის ხეობა, შემდეგ კი ის პირობითი საზღვრები, რომელიც საქართველო-აფხაზეთსა და საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გადის. ეს ტერიტორიები ცუდად კონტროლდება, ერთმანეთის პირისპირ დგანან ადამიანები, რომლებიც გუშინ ერთმანეთს ესროდნენ და არ არის გამორიცხული, მათ შორის კონფლიქტი ისევ წარმოიშვას. არ დაგვავიწყდეს, რომ დასავლელი ექსპერტები ომის საშიშროებაზე აშკარად მიგვითითებენ. სამწუხაროდ, ომის ალბათობა მაღალია, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული მიზეზი, რომლის შექმნაზეც იზრუნებს რუსეთი და იზრუნებს მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მუშაობს.
- 29 ივნისს იწყება რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნა ჩრდილოეთ კავკასიაში, თუ იცით, საქართველოს საზღვრებთან კონკრეტულად სად იგეგმება ეს სამხედრო სწავლება? - წვრთნები დაგეგმილია ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში: დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში. ამ წვრთნებში, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მაღალი დონის სამხედრო შენაერთები მიიღებენ მონაწილეობას - სამთო-მსროლელები, მედესანტეები და სპეცდანიშნულების რაზმები. ამ წვრთნებში მონაწილეობენ არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილები ან მხოლოდ 58-ე არმიის ჯარისკაცები, არამედ რუსეთის სიღრმიდან ჩამოყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, მაგალითად, რიაზანის სადესანტო დივიზიის პოლკი. შესაბამისად, ტექნიკაც შეცვლილი და მრავალფეროვანია. უნდა გითხრათ, რომ შარშან რუსეთის არმიამ დიდი დარტყმა მიიღო სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს მარტო ქართველების დამსახურება არ არის, ეს მათი უთავობის ბრალიცაა. ზუსტად ამიტომ იყო, რომ ძალიან ბევრი ხელმძღვანელი რუსეთის არმიისა შარშანდელი ოპერაციის შემდეგ შეცვალეს. შეიცვალა რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კარაბელნიკოვიც, რომელიც პენსიაზე გაუშვეს. ამის მიზეზად კი აგვისტოს სამხედრო ოპერაციის დაბალი შედეგი დასახელდა. დღეს სად, რომელ ქართულ სოფლებთან არიან განლაგებულნი რუსული ნაწილები, ამის ჩამოთვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, პრაქტიკულად, ყველგან არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არ არიან მამისონთან. არ არის გამორიცხული, რომ ინგუშეთში შექმნილმა მდგომარეობამ ამ წვრთნების ჩატარების გეგმაში კორექტივი შეიტანოს. ინგუშეთში უმძიმესი ვითარებაა, შესაბამისად, გარკვეული სამხედრო ძალებია საჭირო იმისთვის, რომ იქ სიტუაცია აკონტროლონ. შემიძლია გითხრათ, ყველაზე მეტად ხიფათი საიდან გველის: პირველია დაღესტნის მიმართულება, სოფელი ბეშტა, აქ გადის ის გზა, რომლის შესახებაც ამ რამდენიმე ხნის წინ პუტინმა იკითხა, სად მიდისო. ახლა ეს გზა პირდაპირ ყვარლის რაიონამდე მოიყვანეს. მართალია, იმ უღელტეხილიდან ყვარლის რაიონში ჩამოსვლა რთულია, რადგან საქართველოს მხარეს გზა გასაკეთებელია, თუმცა თუ დასჭირდათ, ამასაც მოახერხებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ითუგყალედან შატილისკენ მიმავალი გზა, რომელიც ასევე გააკეთეს რუსებმა, ეს არის 48-კილომეტრიანი კარგად მოხრეშილი გზა, რომელიც მობჯენილია შატილზე. სამხედრო გზა, რომელიც ლარსზე გადმოდის, ლაპარაკადაც აღარ ღირს, არადა, ცალმხრივად აპირებენ ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ამუშავებას. შემდეგი არის მამისონი და რამდენიმე ასეთი ტიპის შედარებით დაბალი უღელტეხილი, რომელიც კავკასიის ქედის პერიმეტრზეა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებს უკავიათ ყველა იმ მდინარის ხევი, რომელიც საქართველოდან გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში: არღუნის, თერგის და ა.შ. ასე რომ, მიმართულება უამრავია, საიდანაც შეიძლება შემოჭრა საქართველოში. ეს გადმოსასვლელები ცუდად არის საქართველოს მხრიდან დაცული, მესაზღვრეები მხოლოდ ღვთის იმედზე არიან. თუმცა ამ ვითარებაში მესმის ხელისუფლებისაც, საკმარისია, იქ განალაგონ სამხედრო კონტინგენტი, რომ ამას მოჰყვება ისტერია რუსულ პრესაში - არიქა, საქართველო აქეთ აპირებს თავდასხმასო! აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ რეგიონებს, რომელთა შესახებაც რუსები ქმნიან პანიკას, ესენია: პანკისის ხეობა და ყაზბეგის რაიონი. რუსები პერმანენტულად წერენ, რომ პანკისში ტერორისტთა თავყრილობები იმართება და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსებმა თუშეთში საზღვარი ნელ-ნელა გადმოსწიეს, თუშეთის შემდეგ კი პანკისია, პოზიტიური დასკვნის გაკეთება ძალიან გაჭირდება.
- ამ საფრთხეების შესახებ რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება? - სწორედ ესაა უბედურება, რომ ამაზე ხელისუფლებაში ხმას არავინ იღებს, თითქოს არაფერი ხდება. ჩემთვის გასაგებია, რატომ არის ხელისუფლება ხელ-ფეხშეკრული და სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს აკეთებს. ნებისმიერი მათი სამხედრო მოქმედება არა მხოლოდ რუსეთში, ევროპულ პოლიტიკაშიც გარკვეულ აჟიოტაჟს იწვევს, რადგან ევროპაშიც ბევრი სწორედ რუსეთის თამაშს თამაშობს. ის, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი თავის დისკრედიტაცია თვითონ მოახდინა, ფაქტია. დღევანდელ სიტუაციაში მათი დელიკატური მოქმედება გასაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ უმალავს ამ პროცესებს საზოგადოებას ან რატომ არ იჩენენ იმ რეგიონების მოვლა-პატრონობის სურვილს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი კონტროლის ქვეშაა - მაგალითად, ყაზბეგის რაიონი და სვანეთი. სვანეთის ბოლო სოფლიდან ბალყარეთამდე სულ 9 კილომეტრია, მართალია, ეს ურთულესი გზაა და ტექნიკა ვერ გაივლის, მაგრამ ფეხოსანი თავისუფლად გადმოვა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მალავენ? - არ ვიცი. ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ვკითხე, "ენგურჰესის" გასხვისების სკანდალი რომ ატყდა, რატომ მალავთ ამ ამბავს, უმჯობესი არ არის ხალხს ყველაფერი აუხსნათ-მეთქი? რა მიპასუხა, იცით? - არ ვიციო. ანალოგიური ხდება ახლაც. მამისონის უღელტეხილზე, მდინარე ჭანჭახზე ახლა დაიწყეს ხიდის აღდგენა, მაგრამ რაც უნდა აღადგინონ, მთავარი მაინც ის არის, რაც მოხდა. ჩემთვის ნათელია, ვინ ააფეთქა ხიდი და რა პირობებში. შემიძლია გავიგო, თუ ვიღაცას შეეშინდა - რუსები შემოვლენო და ააფეთქა ხიდი, თუმცა ამის საგულდაგულოდ დამალვა მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რომ ხელისუფლებაში მეხუთე კოლონაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული რეგიონები დაუცველი იყოს.
ნათია დოლიძე ”ყველა სიახლე”
--------------------
თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული - ეს ეროვნულია!!!
სოჭი, საინგილო-ჰერეთი, ლორე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, შიდა ქართლი ქართული მიწებია და ოკუპირებულია მტრის მიერ!
XXI საუკუნეში ეს მიწები დედა სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ!!!!!!
|