ასიდი
Eagle Nebula

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21323
წევრი No.: 41409
რეგისტრ.: 7-September 07
|
#14502414 · 30 Jun 2009, 21:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგერ ქართული ვერსია,მეც დავდე და ჩაძირეს არადა საინტერესოა.. ყველას ვურჩევ წაკითხოს!
მთავარი დებულებები
ეს ანგარიში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობის ცნობის იურიდიულ ასპექტებს განიხილავს. ანგარიშში შესულია საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისი ასპექტების ანალიზი და ასევე რუსეთის მიერ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად მოყვანლი სამართლებრივი არგუმენტების შეფასებაც. ანგარიშში ასევე განხილულია კონფლიქტის ისტორია და კომენტარები იმ საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ განთავსებას
შესავალი
2008 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა. საქართველო რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებს “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევასა და სეპარატისტულ შეირაღებულ რაზმებსა და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ძალადობრივი დისკრიმინაციული ქმედებების აღსრულებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ან ყოფილი საბჭოთა კავშირი, ქვეყანა რომელმაც არსებობა 1991 წელს შეწყვიტა და რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთია, გაერთიანებული ორგანიზაციის მთავარი სასამართლო ორგანოს წინაშე წარსდგება. სარჩელი შეტანილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის, ამ დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და საქართველოს პროვინციაში, სამხრეთ-ოსეთში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ყოფნის განმტკიცების შემდეგ.
კონფლიქტის ისტორია
ოსებმა, რომლებიც ინდოევროპულ ენათა ირანული წარმომავლობის ჯგუფს განეკუთვნებიან, ქრისტიანობა ქართული და ბიზანტიური გავლენით ადრე შუა საუკუნეებში მიიღეს. გაერთიანებული ოსური სამეფო, ჩვენი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა მიერ გამოძევებულმა ოსებმა ჩრდილოეთიდან გადმოინაცვლეს სივრცეებში, რომელშიც ახლაც სახლობენ და საქართველოში მსხვილი ოსური ჯგუფები შექმნეს. 1921 წელს საბჭოთა ჯარებმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს და ის რესპუბლიკის სტატუსში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანეს. 1922 წელს საქართველოს ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა დაფუძნდა. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ავტონომია ოსებს ბოლშევიკებმა მათ მიერ დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს დახმარების საპასუხოდ და ადგილობრივი სეპარატისტების სასარგებლოდ გააკეთეს, რადგან მანამდე ეს ტერიტორია არასდროს არ წარმოადგენდა ცალკე სამეფოს. ასეთივე ჩრდოლო-ოსეთის ავტონომიური ერთეული ჩამოყალიბდა რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, რამაც არსებული ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფო საზღვრით გაყო. საბჭოთა კავშირის დროს, ეთნიკურ ჯგუფებს აქტიური ურთიერთკავშირი ჰქონდათ, სამხრეთ-ოსეთში ბევრი ქართული სოფელი არსებობდა, ხოლო ოსური პოპულაცია ძირითადად ქალაქებში, ცხინვალსა და ჯავაში იყო თავმოყრილი. 1990-იანი წლების დასაწყისში (ბოლოდროინდელ კონფლიქტებამდე), რეგიონის მოსახლეობის ორ/მესამედს ოსები შეადგენდნენ, ხოლო ერთ/მესამედს ქართველები, მაგრამ ამავე დროს, დაახლოებით 100 000 ეთნიკური ოსი საქართველოში, სამხრეთ-ოსეთის რეგიონის ფარგლებში ცხოვრობდა.
1990-იან წლებში, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, სამხრეთ-ოსეთში სეპარატისტული მოძრაობა დაიწყო. მოძრაობის მიზანი რუსეთში შემავალ ჩრდილო-ოსეთთან სამხრეთ-ოსეთის გაერთიანება იყო. საქართველოს ქმედებებმა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელახალ დაქვემდებარებას თბილისის კონტროლისთვის, კონფლიქტი გამოიწვია, რომელშიც 2000-დან 4000-კაცამდე დაიღუპა. 1992 წლის ივნისში, რუსეთის შუამავლობით დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალთან ამოქმედდა სამშვიდობო შენაერთები, რომლებშიც სულ 11000 სამხედრო მსახურობდა და რომელშიც რუსი, ქართველი და ოსი სამშვიდობო ძალები შედიოდნენ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სცადა განემტკიცებინა სასაზღვრო კონტროლი და რეგიონში შეემცირებინა კონტრაბანდული ოპოერაციები. მან რეგიონში პოლიცია, ჯარი და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები გააგზავნა. საპასუხოდ რუსეთმა რეგიონში ასობით გასამხედროებული ელემენტი შეიყვანა და სამხრეთ-ოსეთის ხელისუფალთა ძალაუფლება, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი რანგის ჩინოვნიკების დახმარებით განამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა სახის სამშვიდობო გეგმების ინიცირებას ახდენდა, 2006 წლის ნოემბერში, სამხრეთ-ოსეთში რეგიონის დამოუკიდებლობის დასადასტურებლად რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმს ამომრჩეველთა 99%-მა დაუჭირა მხარი და რუსეთის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება და მათთვის რუსული პასპორტების გადაცემა.
2008 წლის 16 აპრილს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც მის კაბინეტს დაევალა “განსაკუთრებული ურთიერთობები ” დაემყარებინა სამხრეთ-ოსეთის მთავრობასთან და ცხინვალში გაეხსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა. ამ აქტით დე-ფაქტო აღიარებულ იქნა სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო რუსეთის შეირაღებული ძალების მფარველობის ქვეშ მყოფმა ხელისუფლებამ, ეს ფაქტი ისე გამოიყენა, როგორც სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების განდევნის ნებართვა. 2008 წლის 1 და 2 აგვისტოს, სამხრეთ-ოსეთის არაფორმალური შეიარაღებული ძალების მიერ, სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები დაიბომბა. 2008 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ-ოსეთში თავისი მოსახლეობის დაცვის, წესრიგისა და კანონიერების აღდგენის მიზნით, საქართველოს ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს ჯარი შევიდა. მეორე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედი შენაერთები შეიჭრნენ საქართველოში, გაანადგურეს მისი ჯარები, სატრანსპორტო საშუალებები და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ქმედებების გასამართლებელ საბუთად, ქართული სამხედრო შეტევისაგან სამხრეთ-ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვა დასახელდა. საქართველოს პროვინციის, სამხრეთ-ოსეთის სამხედრო ოკუპაციის დასრულების, ქართველებისა და ქართული ხელისუფლების რეგიონიდან გამოძევების და პრო-რუსული მთავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გამოსცა დეკრეტი, სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, რამაც მომავალში ამ ქართული ტერიტორიის ანექსიის შესაძლებლობის შესახებ კითხვები გააჩინა.
კანონმდებლობა ქვეყნის გარეთ რუსული შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზედენტი მთავარსარდალია, მაგრამ ომის გამოცხადების და პრეზიდენტის მიერ რუსეთის ტერიტორიის მიღმა შეიარაღებული ძალების გამოყენების კონტროლის უფლება, საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა. რუსეთის კონსტიტუციის 81-ე მუხლში ნათქვამია, რომ - ”ომი შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ან აგრესიის უშუალო საფრთხის არსებობის პირობებში. ეყრდნობა რა გაერთიანებული ერების ქარტიის 51-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ანიჭებს თავდაცვის უფლებას, რუსეთის კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ განსაზღვრავს, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ძალის შემოჭრას ან ამ ტეროტორიაზე შეტევის განხორციელებას, ოკუპაციას ან ანექსიას; პორტებისა და სასაზღვრო ზოლის ბლოკადას, ტერიტორიის დაბომბვას, ან სხვა საომარი ქმედებების გამოყენებას რუსეთის, ან მისი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ, მისი დისლოკაციის ადგილის მიუხედავად ან უცხო ქვეყნის მიერ შეიარაღებული და დაქირავებული სამხედროების გამოყენებას და მესამე მხარისთვის, რუსეთზე თავდასასხმელად, საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უზრუნველყოფას. ასეთი აგრესიის შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, შეირაღებულ ძალებს უბრძანოს საბრძოლო ქმედებების განხორციელება და შექმნილი ვითარების შესახებ, სასწრაფოდ აცნობოს ფედერალურ ასამბლეის (რუსეთი პარლამენტი) ორივე პალატას, რომელმაც შესაბამისი კანონი 48 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. თუ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტი საომარი მდგომარეობის შესახებ დამტკიცებული არ იქნა, ფედერაციის საბჭომ (პარლამენტის ზედა პალატამ), უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს დეკრეტს, რომელიც აღარ ჩაითვლება იურიდიული ძალის მატარებლად.
უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების უფლება ასეთსავე წესებს ექვემდებარება. კონსტიტუცია, პრეზიდენტის მოთხოვნით, ქვეყნის გარეთ შეიარაღებული ძალების განთავსებისა და გამოყენების უფლებამოსილებას ფედერაციის საბჭოს ანიჭებს. უცხო ქვეყნებში შეიარაღებული ძალების გაგზავნისას, ყოველი შემთხვევისთვის აუციელებლია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცება და ამ მოთხოვნას თან უნდა ახლდეს უცხოეთიდან რუსეთის ჯარის დაბრუნების ზუსტად გაწერილი ვადები. თუ ოპერაციას ვადა გაუგრძელდა, ან თუ დათქმულ ვადებში შეუძლებელი გახდება ჯარის დაბრუნება, აუცილებელია პრეზიდენტის მიერ დამატებითი მოთხოვნის წარდგენა და პარლამენტის მიერ ამ დამატებითი მოთხოვნის კიდევ ერთხელ დამტკიცება.
2006 წლის 7 ივლისს, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ერთხმად მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - “საერთაშორისო ტერორიზმის აღსაკვეთად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ფორმირებებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენების შესახებ.” ამ რეზოლუციის მიღება ერთის შეხედვით შეესაბამებოდა კონსტიტუციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებას, უცხო ტერიტორიაზე გამოიყენოს შეირაღებული ძალები პარლამენტი აკონტროლებს. რეზოლუციამ კონსტიტუციის შეიარაღებული ძალების დეფინიცია მიუყენა მთელ რუსულ სამხედრო პერსონალს და პრეზიდენტს ნება დართო უცხოეთში გააგზავნოს უნიფორმით ნებისმიერი პიროვნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პიროვნება ოფიციალურად არ განიხილება რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრად და მას ანტი-ტერორიზმის შესახებ ფედერალური კანონის შესაბამისად ეკრძალება მონაწილეობა უცხოურ ოპერაციებში.
რუსეთის რეგულარული არმია შედგება შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის, მაგრამ კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული სამსახურები, მათ შორის ფედერალური უშიშროების სამსახური (ყოფილი სუკი), შინაგანი ჯარები (აშშ-ს ნაციონალური გვარდიის ანალოგი) და საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ჯარები პრეზიდენტს ექვემდებარებიან. ამ ჯარებში მომსახურე პირები ემორჩილებიან რუსეთის ყველა კანონსა და დადგენილებას შეიარაღებული ძალების შესახებ. კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერი სახის სამხედრო პერსონალის გამოყენება ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მოითხოვს პარლამენტის თანხმობასა და კონტროლს, ისევე როგორც ეს უცხოეთში რეგულარული შეიარაღებული ძალების გამოყენების შემთხვევაში ხდება.
პრეზიდენტის მოთხოვნის საპასუხოდ, პარლამენტმა დამატებით განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით მანამდე, სანამ არ განხორციელდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული იმ ტერორისტული საფრთხის ლიკვიდაცია, რომელიც ემუქრება რუსეთს, ან მის მოქალაქეებს, ან რუსეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ნებისმიერ პირს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოველი გამოყენება რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ექსკლუზიური იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, 2006 წლის რეზოლუციამ საზღვარგარეთ წარმოებული ოპერაციები გაათავისუფლა საპარლამენტო კონტროლისგან და პრეზიდენტის ყოველგვარი დროითი შეზღუდვის გარეშე. უცხოეთში რუსული არმიის დამოუკიდებლად გამოყენების უფლება დართო მანამდე, სანამ ეს ქმედებები ანტი-ტერორისტული მიზნების განხორციელებას ემსახურება.
1995 წლის ფედერალური კანონი #93, “საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისათვის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფის შესახებ,” არეგულირებს რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. კანონი განმარტავს საერთო საკითხებს, დაკავშირებულს საპარლამენტო კონტროლთან, რომელიც უნდა განხორციელდეს რუსული სამშვიდობო შენაერთების მივლინებისას საერთაშორისო ოპერაციებში. პარლამენტი ასევე ადგენს სამშვიდობო პერსონალის რეკრუტირების, წვრთნის და მისი აქტივობის შენარჩუნების წესებს. სპეციალური დადგენილება კრძალავს ქვეყნის საზღვრებს მიღმა ახალწვეულების გამოყენებას, ისევე როგორც მათ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის სამშვიდობო ოპერაციებში და ამ ვალდებულების აღსრულების უფლებას, მხოლოდ პროფესიონალ ოფიცრებსა და მოხალისეებს უტოვებს.
საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსების ლეგალური საფუძვლები
სამხედრო ბაზები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ იქცა და საბჭოთა კავშირის ყოფილი შეიარაღებული ძალები მის მფლობელობაში დარჩა. სამხედრო შენაერთები, რომლებიც რუსეთის საზღვრებს მიღმა, დამოუკიდებელი რესპუბლიკების ტერიტორიებზე დარჩა, ამ რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე გაიყო. ბევრი სამხედრო შენაერთი, რომელიც რუსეთის იურისდიქციაში გადავიდა, თავისი დისლოცირების ადგილას დარჩა და რუსეთის სამხედრო ბაზად გარდაიქმნა. რუსეთს საქართველოში ოთხი სამხედრო ბაზა ჰქონდა. შეთანხმებას რუსული ბაზების გაუქმების, მათი საქართველოს იურისდიქციაში გადაცემის და საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის ვადების შესახებ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ რატიფიცირება 2006 წლის 13 ოქტომბერს გაუკეთა. ბოლო რუსული სამხედრო ბაზა, 2007 წელს დაიხურა და ჯარი გაყვანილ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველოში მხოლოდ ის შენაერთები დარჩა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.
რუსული ჯარი აფხაზეთში
ცალკეული პირები და გასამხედროებული შენაერთები რუსეთიდან საწყის ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები აფხაზეთის კონფლიქტში. მოხალისეები ჩეჩნეთიდან და რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სხვა პროვინციებიდან, აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში და საქართველოს რეგულარული ჯარის წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო ქმედებებში. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსული ჯარის ოფიციალურად შეყვანა გადაწყდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, რომელმაც 1994 წლის 9 ივნისს გამოსცა შესაბამისი დეკრეტი. ამ დეკრეტის მიზანი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირის (დსთ) ქვეყნების მეთაურთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმპლიმენტაცია, ანუ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის არ არსებობდა პარლამენტის თანხმობის მიღების აუციელებლობა, პრეზიდენტმა დეკრეტი განსახილველად გადასცა ფედერაციის საბჭოს. დეკრეტი არ იქნა მიღებული, მაგრამ პარლამენტის საგანგებო რეზოლუციით ნებადართული გახდა სამშვიდო ჯარების ფორმირება. პრეზიდენტ ელცინის მიერ სამშვიდობო ძალების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დეკრეტების მთელი სერიის გამოქვეყნების შემდეგ, ფედერაციის საბჭომ, კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში და სამშვიდობო ოპერაციების საბოლოოდ დასრულებამდე, აფხაზეთში რუსული ჯარის დატოვებაზე თანხმობა განაცხადა.
სამხედრო მონაწილეობა სამხრეთ-ოსეთში
თავდაპირველად სამხრეთ-ოსეთში სამხედრო კონტიგენტი შედგებოდა ორი საბჭოთა პოლკისგან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის იურისდიქციაში გადავიდა. ეს ჯარი 1992 წლის 24 ივნისს, სამხრეთ-ოსეთიდან გაიყვანეს და ისინი რუსმა სამშვიდო ძალებმა შეცვალა. ცვლილება განხორციელდა 1994 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმებით - “ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პრინციპების შესახებ.” შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა და საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ-ოსეთის ლიდერებმა. შეთანხმების მიზანი რეგიონში შეეჩერებინა სამხედრო დაპირისპირება და შეექმნა სამმხრივი სამშვიდობო ძალები, რომლებიც შედგებოდა ქართული, რუსული და ოსური კომპონენტისგან. რუსეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტში ჩართვის აღსაკვეთად, შეთანხმების მე-2 მუხლით დათქმულ იქნა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია და 20 დღის ვადაში სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიიდან ყველა იმ რუსული სამხედრო შენაერთის გაყვანა, რომელიც არ მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა დაშლილიყო, ყველა ოსური გასამხედროებული შენაერთი.
შეთანხმებაში ხაზგასმული იყო საბრძოლო მოქმედებების გაუქმების აუცილებლობა და გაცხადებული იყო, რომ სამშვიდობო ძალებმა უნდა შეაჩერონ შეთანხმებაში მონაწილე მხარეების მიერ არაკონტროლირებადი ყველა სამხედრო ფორმირების აქტივობა, რათა აღკვეთილიყო ყველა შესაძლო, მათ შორის სამხედრო კონფლიქტები. სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა სამხედრო სარდლობა და სამშვიდობო შენაერთებს მხოლოდ საკუთარი აღჭურვილობის გამოყენებით უნდა მოეხდინათ ლიკვიდირება ყველა იმ სამხედრო დაჯგუფებისა, რომელიც არღვევდა კონფლიქტის ზონაში დადგენილ რეჟიმს. სამშვიდობო შენაერთებს კონფლიქტის ზონის მიღმა ოპერირება ეკრძალებოდათ, მაგრამ მათ შეეძლოთ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის დახმარების გაწევა უკანონო მებრძოლების დაპატიმრებისას. არ არსებობდა კანონი, რომელიც ნებადართულად მიიჩნევდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებს, ან თუნდაც ყოფნას სამშვიდობო ოპერაციების, ან სხვა აქტივობების ფარგლებში კონფლიქტის მიღმა არსებულ ქართულ ტერიტორიაზე.
შეთანხმებაში დენონსირებულ იქნა სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური სანქციები და ბლოკადა, მასში გაცხადებულ იქნა საქონლის მომსახურების, ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება და სამხრეთ-ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრებისა და საბაჟო კონტროლის გაუქმების ფაქტი. შეიქმნა საკონტროლო კომისია, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა სამშვიდობო ძალების აქტივობა. 1994 წლის ოქტომბერში, საკონტროლო კომისიის ახლად მიღებული წესდებით, კომისიის წევრების შემადგენლობაში ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანმშრობლობის ორგანიზაციის) სამეთვალყურეო მისია შევიდა და კომისიის ვალდებულებები გაფართოვდა შემდეგი პუნქტებით:
სამშვიდობო ძალების აქტივობების კოორდინაცია; პოლიტიკური, სამხედრო, სამართალდამცავი, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, საინფორმაციო და სხვა სახის პრობლემების დაზუსტება და გადაწყვეტის გზების მოძიება; კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა; ლტოლვილთა და სხვა გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესში დახმარება და მონაწილეობა; კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია;
კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ეროვნული უმცირესობების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიზანი კონფლიქტში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩართვის აღკვეთა იყო, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შესახებ საჯარო განცხადებისას, კონფლიქტში რუსული სამხედრო მონაწილეობის კანონიერ საფუძვლად, სწორედ ეს შეთანხმება დაასახელა. როგორც სჩანს, არგუმენტი გაზვიადებული იყო, რადგან შეთანხმება არ ითვალისწინებდა სამშვიდობო ჯარების გადაუდებელ ცალმხრივ განმტკიცებას და დასაშვებად არ მიიჩნევდა სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო მიზნებისთვის რეგულარული სამხედრო შენაერთების გამოყენებას. სამხრეთ-ოსეთში სამშვიდობო ძალების ოპერირება სანქცირებული იყო დსთ-ს ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მაგრამ დსთ-ს არ მიუღია არავითარი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს სხვა სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებას დართავდა. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც საქართველო 2008 წლის 13 აგვისტოს დსთ-დან გამოვიდა და დენონსირება გაუკეთა დსთ-ს შეთანხმებებით განსაზღვრულ ყველა მრავალმხრივ ვალდებულებას, რუსეთი მაინც განაგრძობს დსთ-ს სქემის გამოყენებას სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, რაც საეჭვოდ გამოიყურება, ხოლო სამშვიდობო ძალების სტატუსი გადახედვას მოითხოვს. სამხრეთ- ოსეთის ტერიტორიიდან და სამშვიდო ძალებიდან ქართული კონტინგენტის გაძევება და საქართველოს გამორიცხვა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესიდან, როგორც სჩანს, 1992 წლის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევა იყო.
სამხრეთ-ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება, ასევე წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის კანონმდებლობასთანაც. ქვეყნის პრეზიდენტმა არ აცნობა საკანონმდებლო ორგანოს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ოპერაცია პარლამენტის მიერ არ იყო დამტკიცებული, როგორც ამას კონსტიტუცია და სხვა ფედერალური კანონები ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა განმარტა, რომ 2006 წლის ივლისის #219 რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყნის საზღვრებს მიღმა ნებისმიერ დროს შეუძლია ტერორისტების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება, მაგრამ ეს რეზოლუცია არ შეესაბამება მოცემულ სიტუციას, რადგან სამხრეთ-ოსეთში განხორციელებული ოპერაცია არ ისახავდა მიზნად საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას.
საკანონმდებლო ბუნდოვანება, რომელიც სამშვიდობო ოპერაციის რეჟიმის დარღვევას უკავშირდება და ის ფაქტი, რომ არ არსებობს ომთან დაკავშირებული საპარლამენტო რეზოლუცია, სხვა კანონიერ კითხვებსაც აჩენს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა სამხედრო ტყვეების სტატუსი, ან ახალწვეულების გამოყენების პრობლემა ქვეყნის საზღვრებს მიღმა მიმდინარე ოპერაციებში, რაც რუსული კანონმდებლობით იკრძალება.
საერთაშორისო კანონმდებლობა და ოპერაციები სამხრეთ-ოსეთში
2008 წლის 8 აგვიტოს, რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ-ოსეთის ქალაქ ცხინვალსა და გარემომცველ სივრცეებზე ქართულ შეტევას “აგრესიის აქტი” უწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესებში რუსეთის ჩართვა წარმოადგენდა თავდაცვის პროცესში დახმარების აქტს მოიერიშე ქართული ჯარების წინააღმდეგ, მაგრამ აგრესიის აქტი შეიძლება აღიარებული იყოს მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ და მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის ყველა გარემოებების შეფასების საფუძველზე. გარდა ამისა, აგრესიის აქტი მოითხოვს შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ასევე, სამხედრო დახმარება თავდაცვისთვის შეიძლება გაეწიოს სხვა ქვეყანას მხოლოდ ამ საკითხზე ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე. 2008 წლის 8 აგვისტოს, არც ერთი ეს პირობა არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-ოსეთმა განაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ, მას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოების აღიარება არ მიუღია. 2008 წლის 8 აგვისტოს, სამხრეთ- ოსეთი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად რჩებოდა, ეს კი გამორიცხავს საქართველოს მიერ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შესაძლებლობას, რაც რუსეთის ქმედებების გამართლებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით შეუძლებელს ხდის.
საერთაშორისო სამართალმა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით, შესაძლოა კანონიერად მიიჩნიოს შეიარაღებული ძალების გამოყენება, თუმცა შესაძლოა სხვა გარემოებებში მსგავსი ქმედებები არაკანონიერადაც მიიჩნიოს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს თანახმად, დაინტერესებული სახელმწიფო ვერ იქნება ერთადერთი მხარე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ასეთი აუცილებლობა. თუ რუსეთს ამ არგუმენტის გამოყენება უნდა, მან საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ სამხრეთ-ოსეთისა და დანარჩენი ქართული ტერიტორიის ოკუპაცია, რუსეთის, მისი მოქალაქეების, მათი ქონებისათვის მიყენებული ზარალისათვის მიზანშეწონილი, პროპორციული, და ერთადერთი შესაძლო პასუხი იყო, რაც განსაზღვრულია 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის კონვენციით (Convention Respecting the Laws and Customs of War on Land). ამ შემთხვევაში რუსეთმა უნდა დაასაბუთოს, რომ მისი ჯარი ებრძოდა არა ცალკეულ ქართველებს, არამედ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ რუსული შეტევის ობიექტი იყო საქართველოს სამხედრო და არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მან მიზანში ამოღო საომარი და არა საჯარო და კერძო სატრანსპორტო საშუალებები, ის ცდილობდა აღეკვეთა მტრის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა, მაგრამ არ კლავდა განურჩევლად ქართველ სამხედროებს და მან უზრუნველყო დაჭრილი და ტყვედ აყვანილი ადამიანების ჰუმანური მოპყრობა.
იმის გამო, რომ ომის დაწყების დღეს, სეპარატისტული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არავის მიერ არ იყო აღიარებული, რუსეთი ვერ აღწერს თავის ქმედებას, როგორც სამხედრო დახმარებას თავდაცვის პროცესში. ერთადერთ გამართლებად შეიძლება მოყვანილ იქნას საერთაშორისო სამართლის მოძველებული საბჭოური ინტერპრეტაცია, რომელიც აღიარებს იარაღის გამოყენებას ეროვნულ-განმანთავისუფლებელ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სხვა არჩევანი აღარ დარჩენიათ. საბჭოთა კონცეფციის თანახმად, ასეთი ადამიანები საჯარო საერთაშორისო სამართალის სუბიექტს წარმოადგენდნენ და მათ მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო თავდაცვის უფლება.
რუსეთის მიერ გამოყენებული არგუმენტი - “მოქალაქეების დაცვა”
სამხედო ძალის გამოყენება
როდესაც რუსეთმა საქართველოზე შეტევა განახორციელა, რუსეთის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები ოპერაციის გასამართლებლად, სამხრეთ-ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, დაცვის აუცილებლობაზე იმის წინააღმდეგ, რასაც მოსკოველი ლიდერები ქართული არმიის მიერ სამხრეთ-ოსეთში ჩატარებულ “გენოციდს” უწოდებდნენ. ამ განცხადებების მიზანი იყო გამოეყენებინათ საყოველთაოდ მიღებული ქცევის ის მოდელი, როდესაც მთავრობა საჭიროების შემთხვევაში, თავის მოქალაქეებს სამხედრო ძალის გამოყენებით იცავს.
თავის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით, რუსეთის სამხედრო აქციების გამართლების და ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამხედრო ოპერაციების კანონიერების განმარტების პირველი მცდელობა, 2008 წლის 13 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინს ეკუთვნის. მან სამთავრობო გაზეთ “როსიისკაია გაზეტა”-ში რუსეთის კონსტიტუციის 61-ე მუხლის მისეული ინტერპრეტაცია გამოაქვეყნა. ეს მუხლი უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების დაცვას მის საზღვრებს გარეთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზორკინის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის მსვლელობისას, იქ მუდმივად მცხოვრები თანამემამულეების დაცვის მიზნით, სუვერენული ქვეყნისთვის თავისი შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი გამოყენება და უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განადგურება, აბსულუტურად კანონიერ
|