ლეონ სუთიძე - მნათეუსი
ინტერნეტში გამოჩნდნენ ადამიანები,რომლებიც საიტებს გაურკვეველი კანონიკურ-პატრისტიკული თემატიკით "ალამაზებენ", კოსმიური "წმიდა მამების" ბუნდოვანი ცნებებითა თუ კონტექსტამოგლეჯილი მცნებებით ტვირთავენ და შემდეგ არაცნობიერად შარავანდედსაც იდგამენ თავზე, რომელიმე მოდური სააგენტოს საფირმო მარკით დამშვენებულს (ქარაგმები და კანონიკა აქ მნიშვნელოვანია, ღმერთი ხომ მხოლოდ ბიზანტიელ იკონოგრაფებს სწყალობს!). ძალიან კონკრეტული საიტები, ღრმა სულიერ კრიზისზე მეტყველებენ, პრინციპში უკვე ღაღადებენ კიდეც, სწორედ ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ ჩემი აზრი მოგახსენოთ.... თუ მოთმინება გეყოთ და ხსენებულ გვერდებზე შვიდ სანტიმეტრს კურსორით ვერტიკალურად ჩაივლით (რასაც მე უკვე ინსტინქტურად ვაკეთებ), შესაძლოა ყოვლადწმიდა ქალწულის მართლაც ნატიფი, ბიზანტიური სახისა და მისდამი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ტროპარის ქვევით, პამელა ანდერსონის დედიშობილა სხეულსაც გადააწყდეთ, რასაც მავანის ასოციაცია დამეთანხმება, ჩვეულებრივ იმაზე დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე რომელიმე ლოცვასა თუ ხატწერის ტრადიციას, აქ მეოხებაზე ბგერათა დახარჯვა არ მოგიწევთ; "უხხხხხხხხხხხხხ"-იც საკმარისი იქნება, რომ მიუწვდომელი ღვთაებისადმი ერთობ ვნებიანი განატრება, სათნოებად შეგირაცხონ... ვულგარულობა უცვლელ პოზას ინარჩუნებს. სიწმიდეს, რომელსაც ასეთ თვითშემოქმედებით ინტერნეტ მიდამოებში გადააწყდებით, უფრო დანამატის ფუნქცია აქვს, სხვა დანარჩენთან ერთად კი ქმნის ავტორის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და თუ ვირტუალური ასეთი სიურეალისტურია, წარმომიდგენია რეალური!
რა განაპირობებს ყოველივე ამას? ცხადია თანამედროვე ქართველი ადამიანის ორიენტირი და უკვე თვითმიზნად ქცეული ეკლესიურობა, საზოგადოებას ერთის მხრივ ღვთისმოსაობით რომ უნდა მოაწონოს თავი და მეორეს მხრივ, ტრადიციული, ვაჟკაცურ-დონ-ჟუანური მოტივებიც არ დაივიწყოს - რაც დიდი ხანია თვითდამკვიდრებისა და მარაქაში გარევის დიდოსტატების პრინციპული გამოცდილებაა, განსაკუთრებით მამაკაცების.
საქმე მეორე ძალიან უხეირო რამეშიც გახლავთ, საზოგადოებამ, უკვე კარგად გაუგო სექსისა და ღვთისმოსაობის ჰიბრიდს, რამდენადაც ერთის მხრივ მათ იდეოლოგიას, რომელიც ძირითადად ნეოორთოდოქსალური ეგზოტიკით გატაცების შედეგია, არ შეუძლია მოწყდეს "სარწმუნოებრივ ფესვებს", რომელიც დღეს თითქმის ეთნიკური გენეტიკის მთავარ კოდად ითვლება და მეორეს მხრივ "ნაღდქართველობის" გარეშე შენზე ცალმხრივი აფერისტობით, მაგრამ მაინც იტყვიან უარს. ასეთი დამოკიდებულება, არის რა გაუცნობიერებელი რწმენის სისუსტე, უკანა პლანზე ინაცვლებს, იმ პირობებში, როცა ადამიანებს სულ უფრო მეტად და მეტად ესმით საკუთარი ეროგენული არის, ის ხომ შეუჩერებლივ მოითხოვს დაკმაყოფილებას და თუ ადრე მშიერი ერთს დასჯერდებოდა, ახლა სამი და ოთხი ვეღარ აძღობს...
არ მსურს ამ მეტად რთულ თემატიკას კიდევ შევმატო მკვეთრი ფრაზები და ცოტა არ იყოს, უხერხულობაც, მაგრამ ალბათ მაგალითის გარეშე ამჯერადაც არ გამომივა. დიდ ბოდიშს მოგახსენებთ იმისთვის, რომ ქვევითა წინადადების წაკითხვა მოგიწევთ, მაგრამ რასაც ყოველდღე ვხედავთ, არც ტექსტში გაგვაკვირვებს დიდად. ოთხშაბათს საღამოს დამირეკა მეგობარმა, რომელმაც შემდეგი კითხვა დამისვა (ციტატა): "ლეონ, ქალი მყავს სახლში აყვანილი, ვიცი რომ ახლა მარხვაა, 12 საათს დაველოდო?" ხვდებით რისი თქმა მსურს? ოთხშაბათი მარხვისაა, ხუთშაბათი ქალების! საროსკიპოებმა მალე ამ განრიგზე მუშაობა რომ დაიწყონ, არ გამაკვირვებს "კაცია და უნდა იგულაოს" აბა რა!
პრობლემა იწყება იქ, სადაც სარწმუნოება განიხილება ოკულტურ, - ჯადქრულ სიბრძნედ, აქ ის აღარ არის პიროვნებათა შორის არსებული ურთიერთობის განაწესი! ის მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალებაა, ანუ რეალური კუბოს რეალური მოქალაქე.
იმედია მავანი მიხვდება რომ ვიღაცის ცოდვებში კი არ მსურს ჩხრეკვა, არამედ ტენდენციების სავალალოობის გამოვლენა.
http://jvarosnebi.com/index.php?option=com...44-10&Itemid=54