გვერდით განყოფილებაში ბალზაკის ასაკის ქალები ცოტა უდიერად მოიხსენიეს
„ჩაწოლილი საქონელი“, ანუ 30 წლის ქალების ბედი საქართველოშიჰოდა, აქ დავდებ "30 წლის ქალი"-დან ამონარიდს, იქეთ აზრი არ აქვს.
გადავიკითხოთ კლასიკოსები(ან წავიკითხოთ)

"ახალგაზრდა კაცისთვის არის რაღაც დაუძლეველი მიმზიდველობა ოცდაათი წლის ქალში. და არაფერია იმაზე უფრო ბუნებრივი, უფრო მყარი, უფრო წინასწარ გადაწყვეტილი, ვიდრე ის უღრმესი გულმიდრეკილება, რომელიც ჩვეულებრივ მარკიზის მეუღლეს ყაიდის ქალსა და ვანდენესის ყაიდის ყმაწვილ კაცს შორის იჩენს ხოლმე თავს. განა ამის უამრავ მაგალითს არ ვხედავთ მაღალ საზოგადოებაში? და მართლაც ქალიშვილს მეტისმეტად დიდი ილუზიები აქვს, მეტისმეტად გამოუცდელია, და მის სიყვარულს იმდენად ხელს უწყობს სქესი, რომ თავმოყვარე ახალგაზრდა კაცს დიდად არ ესალბუნება მასზე გამარჯვება. ქალები კი მოფიქრებულად მიდიან დიდ მსხვერპლზე. პირველთ იტაცებს ცნობისმოყვარეობა, სიყვარულისთვის უცხო ცთუნებანი, მეორენი გრძნობას ემორჩილებიან შეგნებულად. ერთი თმობს, მეორე - ირჩევს. თვით ეს არჩევანიც ხომ დიდად საამური რამ არის თავისთავად. ქალი, შეიარაღებული ცხოვრების ცოდნით, რაშიც მას თითქმის ყოველთვის ძვირი გამოსაღები გადაუხდია უბედურებებით, დანებებისას თითქოს რაღაცას თავის თავზე მეტს იძლევა. ხოლო გამოუცნობსა და გულმიმნდობ ქალიშვილს არაფერი უნახავს და არაფერი უგემია, ამიტომ მას არც ძალა შესწევს რაიმე შეადაროს, რაიმე შეაფასოს. ის პირდაპირ იღებს სიყვარულს და სწავლობს მას. ქალი ჩვენ ჭკუას გვარიგებს, რჩევას გვაძლევს იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ მოგვწონს სხვისი ჭკუის დარიგება, როცა ჩვენთვის ჯერ ისევ სასიამოვნოა სხვას დავემორჩილოთ. ქალიშვილს კი უნდა, რომ ყველაფერი შეიცნოს და მიამიტია იმ შემთხვევებშიც, როცა ქალი ცდილობს ნაზი იყოს. პირველი აღგითქვამს მხოლოდ ერთადერთ გამარჯვებას, მეორესთან კი იძულებული ხართ განუწყვეტელი ბრძოლა აწარმოოთ. პირველს აქვს ცრემლები და სიხარული, მეორე ნეტარებაშია და სინდისის ქენჯნაში. თუ ქალიშვილი მამაკაცის საყვარელი გახდა, უსათუოდ ძალიან გარყვნილია და მაშინ მას ზიზღით სტოვებენ, იმ დროს, როცა ქალს ათასი საშუალება აქვს, რომ თავისი უფლებებიც და ღირსებაც დაიცვას. ერთი მეტისმეტად მორჩილია და მისი ერთგულება თქვენთვის მეტისმეტად მოსაწყენი ხდება, მეორე კი ბევრს კარგავს, რათა სიყვარულს ყველა მისი სახეცვლილებანი არ მოსთხოვოს. ერთი მხოლოდ თავის შერცხვენას დასჯერდება, მეორე თქვენი გულისთვის ოჯახსაც დაანგრევს. ქალიშვილს კეკლუცობის ერთადერთი საიდუმლოება გააჩნია და ფიქრობს, თუ ტანისამოსი გაიძრო, ამით ყველაფერი თქვა, ქალს კი მრავალი საიდუმლო აქვს კეკლუცობისა და მათ ათასი საბურველის ქვეშ მალავს. ერთი სიტყვით, მისი სიყვარული ჩვენს ყოველნაირ თავმოყვარეობას ესალბუნება, მიამიტი ქალიშვილისა კი ჩვენი თავმოყვარეობის მხოლოდ ერთადერთ მხარეს ეხება. ოცდაათი წლის ქალს ტანჯავს მერყეობა, შიში, ეჭვები, ღელვა და შფოთვა, რაც არ არის დამახასიათებელი შეყვარებული ქალიშვილისთვის. ამ ასაკს მიღწეული ქალი მამაკაცისგან მოითხოვს პატივისცემას, რითაც მან ქალს მისთვის გაღებული მსხვერპლი უნდა აუნაზღაუროს. ის მხოლოდ ამ კაცით სუნთქავს, მის მომავალზე ზრუნავს, მისთვის კარგი ცხოვრება სურს, ურჩევს სახელიც მოიხვეჭოს. ქალი ემორჩილება, ის თხოვს და მბრძანებლობს კიდეც. ის თავსაც იმცირებს და მაღლაც უჭირავს თავი და ნუგეშისცემაც შეუძლია იმ ათას შემთხვევაში, როცა ქალიშვილი მხოლოდ წუწუნებს. დაბოლოს, ოცდაათი წლის ქალს, გარდა სხვა მრავალი ღირსებისა, შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ქალიშვილი იქცევა, შეასრულოს მრავალი როლი, იყოს კდემამოსილი, თვით თავისი უბედურებაც კი შელამაზებულად წარმოგვიდგინოს. მათ შორის განუზომელი განსხვავებაა, განსხვავება გათვალისწინებულსა და გაუთვალისწინებელს შორის, სიძლიერესა და სისუსტეს შორის. ოცდაათი წლის ქალი ყველაფერს ბედავს, ქალიშვილი კი იმის შიშით, ქალიშვილობა არ დავკარგოო, ყოველგვარ სიამოვნებაზე ამბობს უარს.
ის სწრაფად აღიჭურვა იმ გულითადობის იერით, რაც ქალს ყოველგვარი პატივმოყვარული ზრახვებისგან იცავს. ასეთი ქცევა ყოველგვარ ქვენა აზრებს გამორიცხავს. ისინი, ასე ვთქვათ, მონაწილეობენ გრძნობებში და ზომიერად ანაწილებენ მათ. ქალები ასეთ შემთხვევაში იმდენად აჭიანურებენ ამ ორაზროვან პოზიციას, რამდენიც მოესურვებათ, თითქოს იმ გზაჯვარედინზე არიან შეჩერებულნი, საიდანაც გზებს ერთნაირად მივყავართ პატივისცემასა, გულგრილობასა, გაოცებასა თუ ვნებებისკენ. მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკში შეუძლია ქალს ისარგებლოს ასეთი მომგებიანი მდგომარეობით. მან გაცინებაც, გახუმრებაც და მოფერებაც ისე იცის, რომ სახელს არ შეირცხვენს. იმ დროს უკვე აქვს აუცილებელი ტაქტი, რათა შეეხოს მამაკაცის გულის ყველა მგრძნობიარე სიმს და ყური მიუგდოს მათ მიერ გამოცემულ ჟღერას. მისი დუმილი ისევე საშიშია, როგორც მისი ლაპარაკი. თქვენ ვერასოდეს მიხვდებით ამ ასაკში ქალი გულწრფელია თუ ფარისეველი, დამცინავია თუ გულმართალი თავის აღიარებებში. ის გაძლევთ ბრძოლის უფლებას, მაგრამ საკმარისია ერთი სიტყვა, შემოხედვა ანდა ხელის ის მოძრაობა, რომლის სიძლიერე მისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სწყვეტს ბრძოლას, თქვენ გტოვებთ და თქვენი საიდუმლოს მეუფე ხდება: მას თავისუფლად შეუძლია აბუჩად აგიგდოთ, ასევე თავისუფლად შეუძლია თქვენდამი ყურადღება გამოიჩინოს. ასეთ შემთხვევაში მას ერთნაირად იცავს მისი სისუსტე და თქვენი სიძლიერე."