მაგარი ინტერვიუა ვიხალისოთ ერთად
- უხერხულ სიტუაციებთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით. მეგობრებთან ერთად პარიზში ვიყავი, საშინელი რამ დამემართა. ვერსალის სასახლესთან კაფეში შევედით. ლუდი მიყვარს ძალიან, თანაც ბევრი. ერთი სიტყვით, ბევრი ლუდი დავლიე. ამ სასმლის ერთადერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მალევე ტუალეტს ეძებ. უცნაურ ტუალეტს მივადექით, სადაც ორი რიგი იყო, ქალების ცალკე და კაცების რიგი კიდევ ორ რიგად იყოფოდა. ერთნი დახურული ტუალეტის რიგში იდგნენ, მეორენი - ღია, ანუ მამაკაცებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნიჟარების რიგში. ეს ღია ტუალეტი იდგა იქ, სადაც ქალების რიგი იყო, შემოდიოდნენ ტიპები, მიადგებოდნენ ამ ნიჟარებს და... გავგიჟდი. ეს ჩემი მეგობარი დაიღალა დახურული ტუალეტის რიგში დგომით, მოტრიალდა და... რას შვები-მეთქი, გავოცდი. აბა, როდემდე ველოდოო, მიპასუხა. ერთი საათი უარზე ვიყავი, მე ქალების თვალწინ ამას ვერ ვიზამ-მეთქი, ბოლოს მეც შევრცხვი. რა მექნა, ცრემლები მომდიოდა უკვე, სადამდეც ჩემმა ქართველობამ გაქაჩა, ვითმენდი. რაც მთავარია, იმ ქალებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, პირიქით, იმას ვერ იგებდნენ, რაზე ვკამათობდით მე და ჩემი მეგობარი.
- თბილისში არ ვარდები უხერხულ სიტუაციებში?- როგორ არა, ახლაც მაღაზიიდან მოვდივარ. უამრავი რამ შევიძინე და ყველაფერზე დამიკლეს ფასი. საპარიკმახეროშიც არ მახდევინებენ ფულს. ტაქსები მიჩერებენ, მოგემსახურებითო, მაგრამ მე ფეხით ყველა ტაქსიზე სწრაფად დავდივარ.
- ადამიანების სახელები თუ გეშლება ხოლმე?- კი, მახსოვს, რადიოში "პიკის საათში" ვმუშაობდი, სადაც ჯამლეტ ხუხაშვილს მიჰყავდა სპორტული ბლოკი. სულ ორი ჯამლეტი ვიცი, ერთი ხუხაშვილი და მეორე ბაბილაშვილი, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორი იყო. რატომ გადავეკიდე, არ ვიცი, ახლა კი სპორტს წარმოგიდგენთ ჯამლეტ ბაბილაშვილი-მეთქი, ვთქვი. ერთხელ, მაშინდელი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კახა ჩიტაია კახაია ჩიტაიათი მოვიხსენიე.
- შენ გაქვს თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "თბილისის ამქარი". ერთ დღესაც რეკავენ ამ გაერთიანებაში და ითხოვენ გიგა ბოკერიას ძეგლის დადგმას. რას უპასუხებ?- აბა, თქვენა ყოფილხართ, მაგრად გყოლიათ-მეთქი, პირდაპირ ასე ვეტყვი. ძირითადად რასაც ვფიქრობ, იმასვე ვამბობ, ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი ვარ.
- მეუღლე გირეკავს და გეუბნება, რომ ვანო მერაბიშვილის პრესმდივანი ხდება... - გამორიცხულია, გადავაფიქრებინებ...
- თუ არ იშლის, უნდა ადამიანს ეს თანამდებობა და რატომ არღვევ მის უფლებებს?!- ჩემი ცოლის უფლებები დაცულია ჩემი მხრიდან, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. შარია, არ მინდა მისთვის ასეთი სამსახური.
- ერთ-ერთ გადაცემაში მოიწვიე დავით აქუბარდია. დებატების დროს ბატონ დავითს ჩაეძინა. რას იზამ? - რეებს მეკითხები (იცინის)? ჯერ ვუჯიკებ, თუ მაინც ვერ გავაღვიძებ, ალალად ვიტყვი, გადაღლილია კაცი და ჩათვლიმა-მეთქი. მის გარეშე განვაგრძობთ და რეჟისორს ვეტყვი, მაინცდამაინც ნუ მოახვედრებს კადრში დაღლილ ადამიანს. საერთოდ, გულახდილი ადამიანი ვარ, ვცდილობ, ეთერში არ მოვიტყუო და არა მარტო ეთერში.
- გამოუვალი სიტუაცია თუ გქონია ღია ეთერში?- კი, ეკა ბესელია რომ წავიდა გადაცემიდან, მერე ნიკო ორველაშვილი რომ მიჰყვა და დარბაზიც რომ წამოიშალა, მაშინ ვიფიქრე, ახლა რაღა უნდა ვქნა-მეთქი. დავრჩით მე, ნუგზარ წიკლაური და მურთაზ ზოდელავა. ბოლოს ნუგზარს ვუთხარი, ბოდიში მოუხადეთ ეკა ბესელიას, უზრდელი რომ უწოდეთ-მეთქი. არ მოვიხდიო, მითხრა. რამდენჯერმე გავუმეორე და რომ გაჯიუტდა, დავამთავრე გადაცემა. დღეს ტვინს მიბურღავენ, არაჟურნალისტურად მოიქეციო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დებატები იყო და თუ ერთი მხარე შეურაცხყოფილი წავიდა, რატომ უნდა მიმეცა საშუალება მეორე მხარისთვის, კიდევ მეტად მოეფხანა გული?!
- ნინო ჯანგირაშვილი გიბარებს და გეუბნება, რომ ცხვირის ოპერაცია უნდა გაიკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებ გადაცემას. რას უპასუხებ?- ცხვირი საოპერაციო მართლაც მაქვს, გამრუდებულია და ცალი ნესტოდან ვერ ვსუნთქავ კარგად, მაგრამ თუ ეს ოპერაცია მხოლოდ გარეგნობის გასაუმჯობესებლად უნდა გავიკეთო, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი. მთელი ჩემი მეობა ამ ცხვირშია, მერე როგორ მივიდე ბაბუაჩემის საფლავზე (იცინის)?! დავთმობ "კავკასიასაც" ისევე, როგორც დავთმე "მაესტრო".
- მამუკა ღლონტი გირეკავს და გთხოვს, რომ "საკანში" რამდენიმე დღით ნუგზარ წიკლაურთან ერთად ჩაჯდე. რას უპასუხებ?- გამორიცხულია, მაგრამ იმიტომ არა, რომ ნუგზარ წიკლაურთან ერთად უნდა ჩავჯდე. არანაირი ანტიპათია არ მაქვს მის მიმართ. მას ერთადერთი რამ შეეშალა ამ ცხოვრებაში, რომ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა. ეს მისი ხელობა არ არის და რაც მალე შეეშვება, მისთვისვე იქნება უკეთესი. უბრალოდ, "საკანში" ერთხელ ვიყავი და ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. რომ გავიაზრე, ღამეც იქ უნდა ვყოფილიყავი და დილით იქ უნდა გამეღვიძა, პანიკურმა შიშმა შემიპყრო, შუაღამისას დავტოვე საკანი. ციხისა და საკნის პანიკური შიში მაქვს, თან ეს საკანი ძალიან ჰგავს ნამდვილ საკანს. მამუკა ღლონტმა კი არა, ვინც უნდა მთხოვოს, ერთ ღამესაც ვერ გავათევ საკანში.
- ერთ-ერთი გამოცემის გარეკანზე შენი და ეკა ბესელიას პიკანტური ფოტოები აღმოაჩინე, რას გაიფიქრებ?- ხანდახან ვთვრები ხოლმე, მაგალითად, არაყსა და ლუდს თუ დავლევ ერთად, მაგრამ ისე არა, რომ პოლიტიკოსებთან პიკანტურ სიტუაციებში აღმოვჩნდე. პოლიტიკოსი მე ვიცი ეთერამდე, ეთერში და ეთერის მერე... და საერთოდ, ოჯახის კაცი ვარ, ორი შვილი მყავს, კიდევ ორი შვილი მინდა იმავე ცოლისგან, რომელიც მყავს და რას მერჩი?!
- ნაბახუსევზე ცოლი გიყვება, როგორ ცეკვავდი წინა ღამეს პარლამენტის წინ ეკა ხერხეულიძესთან ერთად...- ჩემს ცოლს სძულს, როცა ნაბახუსევი ვარ. მიყვება კი არა, არანაირი თანაგრძნობა არ აქვს ჩემ მიმართ ამ დროს. შესაბამისად, არაფერს არ მომიყვებოდა დილით. და თუ მომიყვა, ე.ი. მართლა ცუდად ყოფილა საქმე. თავზარი დამეცემა, ჩემი ცოლი არ მატყუებს ხოლმე, მით უფრო ასეთ რამეებს. სასტიკად შევიძულებ იმ დღეს საკუთარ თავს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █