ეს თემა მსურს მივუძღვნა სოლომონ I-ს- იმერეთის სამეფოს ყველაზე სახელგანთქმულ მეფეს, იმერეთის ბაგრატიონთა ყველაზე ღირსეულ წარმომადგენელს! ჩემი აზრით, ეს ისტორიული ფიგურა რატომღაც მივიწყებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, არადა ნადვილად დასანანია... თუ იმერეთის სხვა "მეფუკები " სჯერდებოდნენ ტიტულს "მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა", სოლომონ I-ს საფლავის ქვაზე ამოტვიფრეს ეპიტაფია: "ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლთ მჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონი". მართლაც გმირი მეფე იყო, მარტო ხრესილის ომი რად ღირდა! მაშ ასე, სოლომონ I : დაპოსტეთ ამ სახელოვანი მეფის შესახებ
* * *
სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი, 1784, ქუთაისი), იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ის ძე. სოლომონ I-ის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის მოსპობა და ოსმალთა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლება. მეფის ამ გეგმებს ვერ ურიგდებოდნენ დიდი თავადები, როსტომ რაჭის ერისთავმა და ლევან აბაშიძემ 1752 იგი იმერეთიდან გააძევეს, მაგრამ 1753 სოლომონ I-მა მოახერხა ტახტის დაბრუნება.
ოდიშის მთავრის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სოლომონ I გაეყარა თავის პირველ ცოლს და ოტია დადიანის ასულ მარიამზე იქორწინა. მეფემ შემოიკრიბა დიდი თავადების მიერ შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები. მას მხარს უჭერდა ეკლესია და წვრილი აზნაურობა. სოლომონ I-მა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლა სამეფო გადასახადისაგან და მისი მხარდაჭერაც მოიპოვა. სოლომონ I-მა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა, ამის გამო ოსმალებმა კავშირი შეკრეს ქართველ თავადთა ერთ ჯგუფთან და იმერეთზე გაილაშქრეს, 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში სოლომონ I-მა დაამარცხა მტერი და ამ ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის მამული სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. ამავე წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში სამხედრო დახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომ I-ის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. 1759 დეკემბერს სოლომონ I-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო და საერო კრებებზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. გაძლიერებული სოლომონ I-ის დასამორჩილებლად ოსმალებმა 1760-იდან არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს. 1760-1763 მეფემ სამჯერ დაამარცხა ოსმალები. 1765 კი ოსმალებმა გაიმარჯვეს. 1768, ჩხართან ბრძოლის შემდეგ სოლომონ I-მა დაიბრუნა ისევ ტახტი. 1769 სექტემბერს სოლომონ I-მა ფიცით მინდობილი როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად შეიპყრო; ერისთავსა და მის შვილებს თვალები დასთხარა, ყმა-მამული ჩამოართვა და რაჭის საერისთავო გააუქმა. რაჭის ერისთავების სამფლობელო სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. 1768 წლის 23 იანვარს სოლომონ I-მა პეტერბურგში ელჩად გაგზავნა მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე) და მფარველობა და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. რუსეთის მთავრობამ სოლომონ I-ს ერეკლე II-თან ერთად დახმარება აღუთქვა. 1769 სექტემბრის ბოლოს გენერალი გ.ტოტლებენი იმერეთში შევიდა. მისი დახმარებით სოლომონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქ. ქუთაისი, ამის შემდეგ სოლომონ I-მა 1771 თურქოფილი გიორგი V გურიელი გადააყენა და მთავრად მისი ძმა, მამია IV, დასვა.
1774 წლის 10 ნოემბერს სოლომონ I-მა იმპერატორ ეკატერინე II-ს იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამაზე უარით უპასუხა, რადგან ამ დროს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება უკვე დადებული იყო და რუსეთის მთავრობას ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა.
სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელი. სოლომონ I-ის ცენტრალისტურმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 1788 მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის — ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულება დაამარცხა და მკაცრად დასაჯა. 60-იან წლებში კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის სუვერენიტეტი აღიარა. სოლომონ I-გან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით ოსმალები 1779 მიწურულს თავს დაესხდნენ ოდიშს. სოლომონ I მიეშველა დადიანს. იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქარმა რუხის ბრძოლაში 1779 დაამარცხა მტერი. ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 მარტში მისმა დამარცხებამ ქვემო გურიის განთავისუფლების გეგმა ჩაშალა. ამის შემდეგ სოლომონ I მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
სოლომონ I ქართულ ზეპირსიტყვიერებაში [რედაქტირება]
შთამომავლობამ სოლომონ I-ს იმერთა მეორე აღმაშენებელი უწოდა. თამარ მეფისა და ერეკლე II-ის შემდეგ ხალხმა ყველაზე მეტი ლექსი და გადმოცემა მიუძღვნა მას. ხალხური გამონათქვამით, თუ სოლომონ I-ის გამეფების დროს "იმერეთი კოჭლიც იყო, ყრუც, ბრმაც და კბილჩაცვენილიც, მისი მეფობის წყალობით ყველაფერს კარგად ხედავს, ფეხებზე მაგრად დგას და კბილებიც ამოუვიდა, რომ მტერს უკბინოს... მთელი სამეფო გამობრუნდა და გაკეთდა". ხალხური ლექსი სოლომონ I-ს ათქმევინებდა:
"ამის ავი კაცი ვიყავ, ტყვე არავის ვაყიდვინეო,
მწყემსი ვასუქე, ვადიდე, ჩეროს ქვეშ დავაძინეო".
მოძიებულია "http://ka.wikipedia.orgwiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C_I"-დან