რაში ემთხვევა ბაიდენისა და ლევან გაჩეჩილაძის აზრები
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ ორიგინალური ნივთი აჩუქა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ბაიდენისა და ოპოზიციის შეხვედრაზე რეკომანდაციები არ მოუსმენია. თუმცა, შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ითქვა, რომ თუ საქართველოში არ გადაიდგა ნაბიჯები თავისუფლებისკენ, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიისკენ, ამერიკის დახმარება არ იქნება.
ბატონო ლევან, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პირადად თქვენ როგორ შეგხვდათ და რა გითხრათ?
- ერთი წინადადებით დამემშვიდობა. მაგრამ რა მითხრა, ამის თქმა არ მინდა. მართლაც, ძალიან თბილი დამშვიდობება მქონდა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ, რომ არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.
ამ შეხვედრაზე თუ იგრძენით მისგან მხარდაჭერა?
- პირველი, რაც მან ღიად გვითხრა, ისაა, რომ მხოლოდამხოლოდ ქართველი ხალხისა და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და როდის იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ის, რომ ჩვენ არ მივდივართ და არც მივდიოდით ფიზიკურ და სისხლიან დაპირისპირებაზე, ცხადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი.
ბაიდენის მხრიდან თუ იყო იმაზე საუბარი, რომ ოპოზიცია არ მიდის ძალადობაზე?
- რა თქმა უნდა. მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონდა შანსი, რომელიმე კონკრეტულ შენობაში შევვარდნილიყავით. მაგრამ პირადად ჩვენი რეიტინგის კლების ხარჯზე არ მოვაწერეთ ხელი ქართველებს შორის დაპირისპირებას, საქარველოში ახალი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას. ამას ისინი სწორად აღიქვამენ. უფრო მეტიც, მე ვუთხარი ბატონ ბაიდენს, რომ მე ვარ კაცი, ვინც აგვისტოს მოვლენების დროს ვთქვი, რომ არც ერთი ქვეყნის საქმე არაა, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
რა გიპასუხათ ამაზე ბაიდენმა?
- მან თქვა, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევაო. თვითონ შეხვედრაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ, რომ არა მგონია, სადმე რომელიმე ქვეყანაში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი და ასეთი აქტიური პოლიტიკური ფიგურა ხვდებოდეს ე.წ. ქუჩის ოპოზიციას.
ისე, საინტერესოა, არ გკითხათ, რატომ გეძახით ხელისუფლება რადიკალებს?
- რადიკალი არ ვიქნები მაშინ, როდესაც იმპიჩმენტის სწორი პროცედურა იქნება კანონში ჩადებული, პარლამენტი თავისუფალ გარემოში იქნება არჩეული და არა - მერაბიშვილისა და სააკაშვილის დანიშნული. მაშინ, როდესაც სააკაშვილი იმ დონის აგრესორი და რადიკალია, რომ ყველაფერზე მიდის იმისთვის, რათა მედია, პარლამენტი და პოლიცია გააკონტროლოს თავისი სავარძლის შესანარჩუნებლად, სხვა რა დაგრჩენია? სასამართლო შენ არა გაქვს, ვერსად ვერ გაიტან შენს სიმართლეს, ვერსად ვერ დაუმტკიცებ მის დანაშაულებრივ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, გრჩება ქუჩა.
ქუჩაში რომ გადიხარ, შეუძლიათ, რადიკალური გიწოდნენ, რა პრობლემაა? მაგრამ ეს ზუსტად იმ გარემოს ბრალია, რა გარემოც არ არსებობს. იმისათვის, რომ ეს გარემო იყოს, სწორედ ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი აზრი იყო დაფიქსირებული, რომელიც ეხება ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულს. იმ ფულს, რომლითაც ამერიკა საქართველოს ეხმარება. ხაზგასმით ითქვა, რომ თუ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ არ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები თავისუფლებისაკენ, ადამიანის უფლებებისაკენ, დემოკრატიისაკენ, სამართლიანობისაკენ, მედია-თავისუფლებისკენ, დახმარება პარაქტიკულად არ იქნება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრად დააყენებს აშშ იმ ფასეულობების დაცვის სისტემას, იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხარდაჭერას, რომლის გამოც ჩვენ ვიბრძვით. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ პიროვნებას არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით სისტემას და ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა გარდავქმნათ. გამოდის, რომ ვებრძვით პიროვნებას, იმიტომ, რომ ისაა დღეს არსებული სისტემის ავტორი. პროდუქტს ვერანაირად ვერ ვცვლით მისი შემოქმედის გარეშე. ამიტომ არის ამხელა რიცხვი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა, თუმცა ნამდვილად არ მინდა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ვუწოდო. ესენი არიან დემოკრატიული ძალები, თავისუფლებისა და ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან სამშობლოს უფლებებისთვის.
როგორ ფიქრობთ, ბატონი ბაიდენი დეტალურად არის ინფორმირებული, თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებას?
- მინდა, გითხრა, რომ დეტალურად არის საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ახალი ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად მოკიდებს ხელს უფლებების დაცვას და იმ თავისუფალი, დემოკრატიული პროცესების დაწყებას საქართველოში, რომელსაც ის ატარებს მთელს მსოფლიოში და რომლითაც ის ფასობს. ეს ღირებულებებია დემოკრატია, თავისუფლება და ადამინის უფლებები. სააკაშვილს და მის გარემოცვას ძალიან გაუჭირდება ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობა ისეთივე ფორმით, როგორც ეს იყო ძველ ადამინისტრაციასთან. მათ დასათმობი ექნებათ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაზედაც მათი ძალაუფლება დგას. როგორც კი ამას დათმობენ, მათი ხელისუფლებაც დამთავრდება.
ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის ტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გზით გადაცემისთვის უნდა მოემზადოს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით, მან 2013 წელი იგულისხმა?
- ჩვენზეა დამოკიდებული, რას და როგორ მივაღწევთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ბრძოლით ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მივაღწევთ.
მაგრამ, სააკაშვილმა თვითმმართველობისა და მერის პირდაპირი წესით არჩევნები შემოგთავაზათ. როგორ ფიქრობთ, ეს განმუხტავს სიტუაციას?
- მერის პირდაპირი არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის არ იმუშავებს. კრიზისს განმუხტავს ერთად-ერთი რამ - უნდა შეიცვალოს პოლიციური სისტემა, ზონდერ-სისტემა, ზონდერ-მედია და ზონდერ-პოლიცია. ეს თუ არ შეიცვალა, მითხარით, რომელ არჩევნებს აქვს აზრი?
დააყენეთ ეს საკითხი ბაიდენთან შეხვედრაზე?
- როგორ არა. სწორედ ეს საკითხი დავაყენეთ და მან თქვა, რომ თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა, დახმარებაც არ იქნებაო. ასეთი პასუხი მივიღეთ. ზონდერ სისტემა თუ არ გადაკეთდა, არანაირ არჩევნებს ამ ქვეყანაში აზრი არა აქვს. არჩევნები არაა გამოსავალი. გამოსავალია ის, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიციური სისტემა და ყველა უწყებამ და, მათ შორის, მედიამ იმუშავოს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. თვითონ პრეზიდენტი უნდა ფუნქციონირებდეს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა კონკრეტული სავარძლის ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ რატომ ვიძახით, რომ არის პოლიტიკური პოლიცია? იმიტომ, რომ პოლიცია ემსახურება ”ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის ინტერესებს. რატომ ვიძახით, რომ პარლამენტი არის უსამართლო და არადემოკრატიული? იმიტომ, რომ იქ ზის მორჩილი უმრავლესობა, არავის ხმა არ ამოუღია კონკრეტულად იმ კანონზეც კი, რომელიც დაიწერა ხალხის დასასჯელად.
მაგრამ ამ კანონზე საპარლამენტო ოპოზიციამ მოითხოვა ვეტოს დადება...
- მე გახლდით ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1999 პარლამენტს ნამდვილად ვერ შევადარებ 2003 წლის პარლამენტს. 2003 წლის მოწვევის პარლამენტში მუშაობას აზრი არ ?ქონდა ისევე, როგორც ახლა. ახლა კიდევ უარესი სიტუაციაა. მარტო მოთხოვნა საქმეს არ შველის. ველოდები იმ დროს, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილი იმაზე ალაპარაკდება, რომ არაფერი გაკეთებულა.
ძალიან კარგად მახსოვს უმცირესობის მიერ დაყენებული 7 თუ 11-პუნქტიანი მოთხოვნები. თქვან, რა შესრულდა და რა - არა. აზრი რომ არ ?ქონდა ასეთ პარლამენტში ყოფნას, იმიტომ ვთქვით უარი მანდატებზე. ახლა თუ მარტო იმას აქვს აზრი, რომ სახელმწიფო მანქანაში ვიჯდე, ეს სხვა ამბავია. საპარლამენტო ოპოზიციაშიც არის რამდენიმე ადამიანი, ვინც აკრიტიკებს ხმამაღლა ხელისუფლებას, არის რამდენიმე ადამიანი, ვინც საერთოდ არ აკრიტიკებს და პირიქით, იცავს. ხელისუფლების გაკრიტიკება ქუჩიდანაც შეიძლება და ბრიფინგიდანაც. მაგრამ, ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაპირებები შესრულდა.
ექსპერტების ნაწილმა ბაიდენის ვიზიტი და მისი განცხადებები შეაფასა, როგორც ხელისუფლების მხარდასაჭერი...
- მაგარი ექსპერტები ჰყავთ მაგათ, რა. ერთი ექსპერტი დამისახელეთ. ნოდიამ შეაფასა ასე?
მიიღებს ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? უმრავლესობა აცხადებს, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევით შესაძლოა ქალაქის მმართველობის ეფექტურობა შემცირდეს, მაგრამ ეს იყო გამოწვევა ოპოზიციის მხრიდან და ეს გამოწვევა ხელისუფლებამ მიიღო...
- ეგენი თბილად ზიან სააკაშვილისა და მერაბიშვილის კალთას ამოფარებულები და იმიტომ იძახიან ასე. ჩვენ ვთვლით, რომ არანაირ ისეთ არჩევნებს აზრი არა აქვს, როგორიც ჩატარდა.
რატომ? ხელისუფლება პირობას დებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შევცვლაზე დაიწყებს მუშაობას...
- რა კანონმდებლობაზეა საუბარი, სამი-ოთხი კაცის სურვილით იმართება მთელი ქვეყანა. არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს ქვეყანაში. მუშაობს ორი კაცი - ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. დღითიდღე უფრო აძლიერებენ ძალადობას ქვეყანაში. ხალხს შვარდებიან ოჯახებში, ძალით ხმას მიაცემინებენ, დაბეჭდავენ ასი ათასობით პირადობის მოწმობას, პატიმრებს და ჰპირდებიან, გამოგიშვებთ, ოღონდ ხმა მოგვეცითო და ა.შ. ეს ხომ არაა არჩევნები? ეს არის ფასადი და ანტურაჟი. მე ეს გავიარე. აღარ ვტყუვდები ამისთანა რაღაცეებზე. როდესაც დავინახავ, რომ იმედი დაუბრუნდება ოჯახს, როდესაც დავინახავ, რომ დეციმეტრული ლიცენზიები მიეცემათ დამოუკიდებელ ტელევიზიებს, როდესაც დავინახავ, რომ დაიწყება სახელების დარქმევა ადამიანებისათვის, რომლებიც პოლიციაში მუშაობენ და ამ დროს არიან კრიმინალები, ახალაიები, კოდუები, სანოძეები და ა.შ, მაშინ დავიჯერებ, რომ თავისუფალი არჩევნები შესაძლებელია.
სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემ გაიხსენა, სააკაშვილმა მითხრა, ახალაიები გმირები არიანო...
- ზუსტად ეს არის ჩვენში განსხვავება.
ანუ თქვენ არ იღებთ ამ გამოწვევას და არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას?
- დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არა. თუ სასწაული მოხდა და აშშ-ის ზეწოლით მოხდა იმ საძირკვლის შეცვლა, რაზეც სააკაშვილი და მერაბიშვილი დგანან, არჩევნებში მონაწილეობა ეროვნული კონსენსუსის საკითხია და არა პირადად ჩემი გადასაწყვეტი.
ამ შემთხვევაში თუ დააყენებთ თქვენს კანდიდატურას მერის არჩევნებზე?
- როგორც გითხარით, ეს შეთანხმების საგანია. არ შეიძლება, ისეთივე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორიც აქამდე ტარდებოდა. უნდა იყოს თავისუფალი გარემო, თავისი სასამართლოთი, ტელევიზიითა და კანონმდებლობით. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც ოპოზიცია ლიდერად განიხილავს, უნდა იყოს ეროვნული და საერთო სახალხო შეთანხმების პროდუქტი. დღეს-დღეობით ასეთი რაღაცა არ ჩანს და ვერ გეტყვით, რომ ეს რეალურია. მე ამის არ მჯერა. ბრძოლას გავაგრძელებ იმისთვის, რომ სააკაშვილმა არჩევნები არ ჩაატაროს.
თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობთ?
- ნებისმიერ არჩევნებს.
ყველა ასე ფიქრობს ოპოზიციაში? მაგალითად, ალასანიას გუნდი უარს არ ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე...
- მე არავისი პოზიციის გამკრიტიკებელი არა ვარ. ყველას თავისი გზა და თავისი პოლიტიკური ხედვები აქვს. ვნახოთ, დრო გვაჩვენებს ყველაფერს. მაგრამ, დღეს ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმისთვის, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ვეღარ მოახერხონ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება.
როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? საკნები აიღეთ. ეს რაუნდი წააგო ოპოზიციამ თუ ბრძოლის სხვა მეთოდს ირჩევთ?
- საკნები ჩვენ არ აგვიღია. აუცილებელია, რომ ამ დიდი მოძრაობიდან გამოვიტანოთ გაკვეთილები. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ოპოზიციამ წააგო. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ვამზადებთ ძალიან სერიოზულ მასალებს და კლიპებს, თუ რა გამარჯვება მოიტანა ამ დიდმა ერთსულოვნებამ ამ თვეების განმავლობაში.
რა გამარჯვება მოიტანა?
- სააკაშვილი თავიდან ბოლომდე გაშიშვლებულია. მატყუარას სახელი აქვს და არა მარტო აქ, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს მოიტანა ამ აქციებმა.
რატომ გგონიათ, რომ მთელს მსოფლიოში მატყუარას სახელი აქვს სააკაშვილს?
- რატომ და ჩამოდის ბაიდენი, მხვდება, მელაპარაკება, მისმენს და ვუსმენ. ინფორმაციის მიწოდება შევძელით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, რომელიც შესაბამისად საქმის კურსში ჩააყენებს ამერიკის პრეზიდენტს. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქართველი ხალხი ვეღარ ეგუება სააკაშვილის რეჟიმს. ეს არის გამარჯვება. ის, რომ სააკაშვილი იძულებულია, მერის პირდაპირი არჩევნები დანიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიღებთ მასში მონაწილოებას, ხალხის ერთობამ და პროტესტმა არ მოიტანა?
რა თქმა უნდა, იყო უარყოფითი მხარეც. უფრო მეტი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა გვჭირდება. ამას ვაკეთებ ახლა ”დაიცავი საქართველოს” ეგიდით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში. აქ არის ერთი რამ - მე ვარ შენი ერთგული, შენ ხარ ჩემი ერთგული და ჩვენ ვართ საქართველოს ერთგულები. ამას ?ქვია სოლიდარობა. როცა მე მიჭირს, შენ მოდიხარ, როცა შენ გიჭირს, მე მოვდივარ და როცა საქართველოს უჭირს, ერთად მივდივართ ერთი მიზნისკენ.ახალი სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა უნდა შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას. მაგრამ, უფრო ორგანიზებული და მასშტაბური. ამაზე ვმუშაობთ.
მე ვამბობ, რომ ვერ ვეგუები სააკაშვილის რეჟიმს. არ შემიძლია საქართველოში ნორმალურად ცხოვრება, სანამ ეს კაცი იქნება ქვეყნის სათავეში. ადამიანურად ვერ ვეგუები. მიმაჩნია, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე დაღუპვაა ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილთან ერთად ვერ ვხედავ საქართველოს მომავალს. ლოგიკურია, რომ ბრძოლა გაგრძელდება. არ მინდა, საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ეს მოძრაობა დამარცხდა. ეს მოძრაობა არასდროს არ დამარცხდება, რადგანაც არის სამართლიანი, მშვიდობიანი და საქართველოს ერთგული. გამორიცხულია, ამხელა ენერგია სადმე დაიკარგოს.
როგორ ფიქრობთ, მიაღწევთ იმას, რომ შემოდგომაზე დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?
- მე ვრჩები სააკაშვილის გადადგომის იდეის ერთგული. ვერ ხედავ, რომ სააკაშვილს შეუძლია რომელიმე არჩევნების მშვიდობიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარება. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მერის პირდაპირი არჩევნები ან თუნდაც საპარლამენტო არჩევნები გამოიყვანს ქვეყანას ამ კრიზისიდან. არსებობს თეორიული შანსი, საპარლამენტო არჩევნები ისე მოიგო, რომ მეორე დღეს იმპიჩმენტი გამოუცხადო სააკაშვილს, თუმცა ასეთი საპრალამენტო არჩევნებიც გავლილი გვაქვს და თავს ლაფი დაგვასხეს თავისი გაყალბებით.
გასულ ორშაბათს ის პარლამენტში გამოვიდა სიტყვით. მის გამოსვლაში დაინახეთ თუ არა მზადყოფნა პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგისათვის?
- მისი განცხადებებისა და არეულ-დარეული რიტორიკის მერე, მგონია, რომ უკეთესი იქნება, სააკაშვილმა ცოტა დრო გამოყოს, ექიმებთან მივიდეს და გაესინჯოს. ადამიანს, რომელიც იტყვის, მეორე მსოფლიო ომის მერე პირველმა 58-ე არმია გავაქციეო, ვერ შევაფასებ. ეს უკვე აღარ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემი უდიდესი გულისტკივილი და საქართველოს უდიდესი უბედურებაა, რომ ასეთი ადამიანის გამოსვლებს პასუხები უნდა გასცე. თქვენც გირჩევთ, ამ თემაზე ძალიან კვალიფიციური ექიმი აირჩიოთ და მას აკეთებინოთ კომენტარები. სახურავზე რომ ზიხარ პაპანაქება სიცხეში... თქვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ ვპოულობ სათანადო პასუხებს. ყველა მისი განცხადება და აქცია მის სავარძელს ემსახურება. არ ვიცი, რა სინდისით და ნამუსით შეიძლება დღეს ის აგრძელებდეს ქვეყნის მართვას, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=8943
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...