მნათეუსი
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
|
#14904315 · 30 Jul 2009, 15:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეამბულა
ამ მანიფესტის ხელმომწერნი სხვადასხვა პროფესიის, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი მრწამსის, განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე მდგომ ადამიანებს წარმოვადგენთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთის მხრივ წუხილი საქართველოში დღეს არსებული ვითარების – შიშის, უკანონობისა და ინდიფერენტულობის ატმოსფეროს, შოვინიზმის, ქსენოფობიის, ფსევდორელიგიურობისა და ფუნდამენტალიზმის – იმ პირობათა გამო, რომლების საზოგადოების განვითარებას აფერხებენ, ხშირად ხალხის ინტერესების უზენაესობის სახელით ქმნიან ფონს კანონის იგნორირების, განსხვავებული აზრისა და უმცირესობათა უფლებების უგულებელყოფისათვის, და მეორეს მხრივ – რწმენა, რომ უკეთესი საზოგადოებისაკენ სვლა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, და რომ ამგვარი პერსპექტივა მხოლოდ ჩვენი უკიდურესი ძალისხმევის, ცნობიერების რადიკალური განახლების, ზოგჯერ – დრამატული ტრანსფორმაციების პირობითაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება
დღევანდელ ვითარებაში ამგვარი რელობისაკენ სვლის, ჩვენი განვითარების ინტერესების, საკუთარი მიზნებისა და სურვილების შესაბამისად ცხოვრების უმთავრეს ამოცანად მივიჩნევთ სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ფორმორებისათვის მოქმედებას. ამ ტექსტის ხელმოწერით ვადასტურებთ სურვილს, ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან ამ მიზნის მისაღწევად.
თავისუფლება
ამგვარი საზოგადოების უმთავრეს ნიშნად მიგვაჩნია თავისუფალი, ღია და საჯარო განსჯისა და ქმედების სივრცის არსებობა, სადაც ადამიანები არა მხოლოდ აზრის გამოთქმისა თუ ქმედების შიშისა და შეზღუდვებისაგან იქნებიან თავისუფალნი, არამედ – რელურად უზრუნველყოფილნი გამოხატვის, ქცევისა და განვითარების პირობებით.
პლურალიზმი
ვაცხადებთ, რომ ძალისხმევას მივმართავთ იმგვარი ვითარების ჩამოსაყალიბებლად, სადაც განსხვავებული მსოფლმხედველობის, პოლიტიკური პოზიციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არა მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობას შეძლებენ, არამედ უზრუნველყოფილნი იქნებიან საკუთარი სინდისის, მიზნებისა და სურვილების შესაბამისად ცხოვრების და განვითარების პირობებით.
სოლიდარობა
მანიფესტის ხელმოწერით პასუხისმგელობას ვიღებთ პოლიტიკური, რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი პოზიციების მიუხედავად, ერთად დავდგეთ თითოეული ჩვენგანის, ან სხვათა იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.
არაძალადობა
ვაცხადებთ, რომ ამგვარი ბრძოლის არსენალიდან ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მათ შორის – თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენებას. ამასთან, საჯარო სივრცეში ჩვენს ქმედებათა შემზღუდველ ერთადერთ გარე ინსტანციად ვაღიარებთ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. არც ერთ სხვა ინსტანციას – სახელისუფლებო, კომერციულ, რელიგიურ თუ სხვა ორგანიზაციებს არ აქვს უფლება ვინმეს რაიმე სახით აუკრძალონ საქმიანობა, ან მოუწოდოს შეწყვიტოს ქმედება, ან დააწესოს რაიმე სახის ცენზურა, თუკი ეს ქმედება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს.
ხელისუფლების პასუხისმგებლობა
აღსანიშნავია, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ძალადობრივი შეზღუდვის მრავალი შემთხვევა სახელმწიფოს მიერ სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.
მიგვაჩნია, რომ ძალადობის გავრცელებას სწორედ მოძალადეთა დაუსჯელობა და ამდენად – განუკითხაობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება უწყობს ხელს. სახელმწიფოსაგან ვითხოვთ კონსტიტუციის ერთგულებას და აღსრულებას კონიუნქტურის მიუხედავად, საზოგადოების ყველა წევრის დაცვას ნებისმიერი კანონგარეშე ძალადობისა და შეზღუდვისაგან, რომელიც მოქალაქის სურვილის და/ან კანონის საწინააღმდეგოდ ხორციელდება. და როგორც პირველ ნაბიჯს - აქამდე არსებული მსგავსი უკანონობის ყველა პრეცედენტის გამოძიებას და დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯას.
*
მანიფესტზე ხელმომწერნი მიზნად არ ვისახავთ პოლიტიკური პარტიის, ან რაიმე სახის ფორმალური გაერთიანების ჩამოყალიბებას.
ჩვენ გვჯერა, რომ ძალა სიმართლეში უნდა ვეძიოთ და არა – მრავალრიცხოვნებაში, მაგრამ ასევე ვიცით, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ჩვენ ტექსტში ჩამოყალიბებულ იდეებს და პრინციპებს იზიარებს, გაცილებით დიდია, ვიდრე მასზე ხელმომწერთა რაოდენობა. ჩვენ ვთხოვთ მათ, შეუერთდნენ ამ მანიფესტს.
თეკლა ასლანიშვილი, გიორგი გაგოშიძე, ნიკა გლუტიძე, შოთა დიღმელაშვილი, გიორგი კევლიშვილი, ბასილ კობახიძე, დათო კუხალაშვილი, ქეთო გულუა, ბექა მინდიაშვილი, ნატალია ნებიერიძე, მელანო სოხაძე, პაატა შამუგია, თორნიკე ჭაფოძე, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ალექსა ჩიღვინაძე, ლეონ სუთიძე, ლევან ძნელაძე
This post has been edited by მნათეუსი on 31 Jul 2009, 16:52
|