ეს თემა გუშინ მინდოდა გამეხსნა, მაგრამ ვიფიქრე, შევამოკლებ-მეთქი ამ პირველ პოსტს, თან უიქენდია წინ - მოკლედ, დამეზარა... დღეს კი ეს უკვე ბანალობადაც კი იქცა - იმდენად დაუფარავი მუქარა გაისმა რუსეთის მხრიდან. ასე რომ, პირველი პოსტის შემოკლების დროც არ მაქვს
ხშირად გვითქვამს, რომ ”არ ვიცით, პუტინს რა უდევს თავში”. ალბათ, მხოლოდ იმდენად გვიჭირს მისი ფიქრების ”ამოკითხვა”, რამდენადაც მის აზროვნებაში გარკვეული ზნეობრივი შეზღუდვების არსებობას ვვარაუდობთ. ტყუილად ვართულებთ საქმეს. პუტინი ”დამრტყმელი ტიპია.
ამიტომ ვამბობ: პუტინის ადგილას ომს დავიწყებდი.რა ლოგიკით? საკმარისია პუტინის პოზიციიდან შევხედოთ სიტუაციას:
ობამამ მის ფოლადისფერ თვალებში ჩახედვა არ ისურვა. ანუ, იმთავითვე სავაჭროდ არ იყო ჩამოსული მოსკოვში (ამას ბეიდენის ტურნე და WSJ-ს ინტერვიუც ადასტურებს). ეს პუტინს ბლეფის შესაძლებლობას არ უტოვებს - ე.ი. იმისთვის, რომ კვლავ სერიოზულად აღიქვან და სერიოზულად ესაუბრონ (ევაჭრონ), საჭიროა ქმედება, მდგომარეობის გამწვავება.
ევროპა ჩუმი ”საბოტაჟის” გზას დაადგა - ”ნაბუკოს” სტარტი მიეცა, სამაგიეროდ, ”ჩრდილოეთის” და ”სამხრეთის ნაკადს” (იხ. ბულგარეთის გადაწყვეტილება) ერხევა. შარშან ეს იქო სათუო პროექტი, დღეს - რეალობაა.
დსთ-ს ”ყმადნაფიცი” ქვეყნების მხრიდან ჩვეული მორჩილების მაგივრად გაუთავებელ ”გადაგდებებს” აქვს ადგილი.
ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ შარშან რუსეთმა ერთი მხრივ ნათლად გამოამჟღავნა თავისი აგრესიული სახე, მაგრამ ამავე დროს ვერ შეძლო საქართველოს დამარცხება. მსოფლიომ და რუსეთის ”ომის პარტიამ” დაინახეს, რომ პუტინი ყოვლისშემძლე არ არის; 2) ”მთავარი გამაღიზიანებილი” სააკაშვილის მთავრობის სახით თავის ადგილზეა; 3) საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია ვერ დაიბლოკა.
მაგრამ პუტინის რეჟიმისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მაინც რუსეთის მოსახლეობაა (რა ცუდი წარმოდგენაც არ უნდა გვქონდეს მასზე, მასაც უნდა ჭამა და არსებობა. მონების ერთი თვისება აქვთ - ისინი დროდადრო ჯანყდებიან).
ახლო მომავალში რუსეთს ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღა ელოდება, ზაფხულის შვებულებების შემდეგ ბევრი ვეღარ დაუბრუნდება სამუშაო ადგილებს. ამ დროისთვის მოსახლეობამ უკვე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ტოტალური კლეპტოკრატიისა და არაკომპეტენტურობის გამო კი არ იტანჯება, არამედ, როგორც ყოველთვის, ”დედა-რუსეთისთვის”, რომელსაც ”ვერაგი დასავლეთი” უტევს.
აქ უნდა გავითვალისწინოთ ურთიერთდამოკიდებულება შიდაპოლიტიკურ და საგარეო სფეროებს შორის:დღეს პუტინის რეჟიმი დგას ორმაგი გამოწვევის წინაშე - საერთშორისო თანამეგობრობის უნდობლობა, დისტანცირება რუსეთისგან, და საკუთარი მოსახლეობის მზარდი აპათია, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო სოციალურ პროტესტში შეიძლება გადაიზარდოს.
ასეთ ვაკუუმში რაიმე ქმედითი პოლიტიკის გატარება ძალიან რთულია. ეს უეცარი და სწრაფი კოლაფსით შეიძლება დასრულდეს.
ასეთ სიტუაციაში ან უნდა ყველაფერი დათმო, ან (იდეალურ სამყაროში) კარგი გამოსავალი იქნებოდა კურსის შეცვლა, რეფორმების გატარება, ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მაგრამ ამის არც სურვილი აქვთ, არც უნარი, და არც შესაძლებლობა - რეფორმები და პუტინის რეჟიმის შეუთავსებელია, ამ შემთხვევაში ის უნდა წავიდეს.
რჩება რეჟიმის თვითგადარჩენის საპირისპირო სტრატეგია - მდგომარეობის შეგნებული გამწვავება, ომი.
მსოფლიოს ”გულგრილობა” მაშინვე შეიცვლება უდიდესი ყურადღებით რუსეთის ყველა კაპრიზის მიმართ. რუსეთი კონსტრუქტივის მხრივ მოიკოჭლებს, თორემ ზიანი მიყენების მხრივ ჯერ კიდევ უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს.
ქვეყნის შიგნით კი გაძლიერდება ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის კომპლექსი - მთელმა საზოგადოებამ შეიძლება ეს არ განწყობა არ გაიზიაროს, მაგრამ რეჟიმის გარშემო მაშინვე გაჩნდება ”დამცავი კარდონი” ურა-პატრიოტული ბიდლოსა და იდეური ”ბასიჯების” სახით.
საზოგადოებსი ერთსულოვნება არაა აუცილებილი - რეჟიმის [რაღაც დროით] შენარჩუნებისთვის საკმარისია საზოგადოების გახლეჩვაც. ანუ, იგივე ომი.
აქ უკვე ”მძინარე ცხინვალი” არ კმარა - აწი ისე უნდა იქუხოს, რომ ”მძინარე ევროპასაც” გაეღვიძოს (და მიხვდეს, რომ ”გუნვორ”-”გაზპრომის” მაფიას ასე ადვილად ვერ ”გადააგდებს”, და კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს მისთვის ხარკის გადახდა) და ”მძინარე რუსეთსაც” (ის უნდა მიხვედეს, რომ ”დედა არ ჰყავს” - მხოლოდ padre patrone).
მაშ ასე: პუტინის ინტერესებშია ტოტალური ომი. არა გამარჯვება (ეს შეუძლებელი და მეორეხარისხოვანია), არამედ სწორედ ომი: ”ცივი” - დასავლეთთან, ”ცივი სამოქალაქო” - ქვეყნის შიგნით, მათ შორის ნაკლებად კონტროლირებადი შიდა-სახელისფლებო დაჯუფებების წინააღმდეგ.ყველა ზემოთჩამოთვლილი კონფლიქტის ტრიგერი, აუცილებელი წინაპირობა კი არის ერთი ნადვილი, "ცხელი" ომი საქართველოში - ეს არის თითქოს ლოკალური, მაგრამ საკვანძო, გადამწყვეტი გამოწვევა.საქართველოში რაიმე ახალი წესრიგის დამყარებისთვის რუსეთს არც ინტელექტუალური, არც ეკონომიკური შესაძლებლობები არ გააჩნია. ამიტომ პუტინს სულაც არ სჭირდება საქართველოზე გამარჯვება თბილისის თავზე რუსული დროშის აფრიალებით (უარს არ იტყოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი) - მთავარია, საქართველოში იყოს ომი. ანუ, ომი საკმარისია. რატომ?
- ომი დაბლოკავს კასპიის მიმართულებას. ევროპა, ცხადია, არ მოისურვებს სიცივეში ყურყუთს, და იძულებეული იქნება განაგრძოს ენერგეტიკული თანამშრომლობა რუსეთთნ. მაინცდამაინც ”ჩრდილოეთისა” და ”სამხრეთის ნაკადებს” რევიტალიზაცია თუ არ მოხდება, არსებული მილსადენების მნიშვნელობა მაინც გაიზრდება (ხოლო რაკი ისინი უკრაინა-ბელორუსიის ტერიტორიაზე გადის, იზრდება ამ ქვეყნებზე ზეწოლის შესაძლებლობები).
- რუსეთი განამტკიცებს ”შეურაცხადი” და საშიში მოთამაშის რეპუტაციას - ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას, მართალია, ზიზღით, მაგრამ დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან.
ცხადია, საბოლოო ჯამში, რუსეთი, როგორც ქვეყანა, ამით დამაცხდება და გამოიფიტება, მაგრამ ეს მოხდება არა ერთბაშად (პოლიტიკურ ვაკუუმში, სწრაფი კოლაფსისი გზით), არამედ ნელ-ნელა - რაც იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს საკმარისი დრო ექნება, რომ მაქსიმალური დივიდენდებით გამოძვრეს სიტუაციიდან, შანტაჟის გზით სასურველი გარანტიებიც მიიღოს.
ხშირად გვესმის (მეც ასე მწამს), რომ თუ საქართველოში ომი დაიწყო, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. საბოლოო, ისტორიულ პერსპექტივაში ეს მართალია. მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე პუტინისთვის საკმარიას უბრალოდ ომი, სისხლი, შისი, გაურკვევლობა და ამ ყველაფრის მაქსიმალურად გაწელვა აწყობს.
რაკი ტოტალური ომი ვახსენეთ, ბარემ ესეც ვთქვათ:
საქართველოს ომის შედეგად კასპიის მილსადენების გადახერგვის შემთხვევაში, საკუთარი და აფრიკული რესურსების გარდა, ევროპას რჩება კიდევ ერთი სერიოზული, ტრადიციული ენერგობაზა - სპარსეთის ყურე. აქ, ალბათ, რუსეთის ინტერესბსში იქნება მაქსიმალურად შეუჭყოს ხელი ირანისა და ისრაელი შეჯახებას.
ეგეც თქვენი ნოსტრადამუსი და რუსეთ-ირანის ალიანსი! ოღონდ მისტიკა, რელიგია, ცივილიზაციური სახლოვე, ცხადია არაფერ შუაშია - მხოლოდ ბიზნესი, არაფერი პირადული.
იტყვით, რომ რუსეთს ამხელა გავლენა აღარ აქვს? ცივილიზებული, დიპლომატიური ზეგავლენის მოხდენის, მყარი ალიანსების ფორმირების უნარი - არა, მაგრამ სიტუაციის პროვოცირების, წყლის ამღვრევის, ქაოსისთვის ხელშეწყობის შესაძლებლობები რჩება. რუსეთის კომერციული ინტერესების გულისთვის ირანი, ცხადია, არანაირ ომს არ დაიწყებდა, მაგრამ საკუთარი რეჟიმის გადარჩენისთვის (მიმდინარე პროტესტების ფონზე) აიათოლებს ეს ვარიანტი შეიძლება თვითონაც მოუვიდეთ თავში.
კიდევ ერთხელ: ცხადია, რუსეთი არ აპირებს უშუალოდ ევროპის (და მითუმედეს აშშ-ზე) სამხედრო პროვოცირებას. ის უბრალოდ ისარგებლემს იმით, რომ მასაც არავინ არ დაუწყებს ”ცხელ” ომს საქართველოს ან თუნდაც ”ნაბუკოს” გამო.
ცხადია, ეს პუტინის რეჟიმისთვის მხოლოდ დროებითი გამოსავალია (ხოლო რუსეთისთვის, როგორც ქვეყნისთვის, სულაც არ არის ”გამოსავალი” - დროში გაწელილი კატასტროფაა), მაგრამ ”დროებითში” იგულისხმება რაღაც პერიოდი, რომლის განმავლობაში პუტინს ექნება ვაჭრობის საშუალება - ქვეყნის შიგნით და გარეთ. რაც მთავარია, ნებისმიერი გადავადება ბოროტმოქმედსაც უტოვებს ილუზიას, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მისთვის სასურველი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს.
დროის გაწელვის საუკეთესო საშუალება კი ომია, რადგან სიწყნარე, ”სისუსტის” დემონსტრრირება, უფრო სწრაფ და გარდაუვალ კოლაფსს მოასწავებს.ეს ყველაფერი მხოლოდ სადისკუიო ვერსიაა. რას ფიქრობთ? მოხარული ვიქნები, თუ ვინმე არგუმენტირებულად დაამტკიცებს, რომ ეს სცენარი გამორიცხულია, იმიტომ რომ რისკები (პუტინისთვის) აღემატება შეასაძლებელ მოგებას. მაგალითად, თუ ვინმე ლოგიკურად დაასაბუთებს, რომ დასავლეთის რეაქცია იქნება მყისიერი, ცალსახა და უკომპრომისო. თორემ 15 წელიწადში რაც მოხდება, უკვე ვიცით
