მამუკა არეშიძე: ინგუშები გვეხვეწებოდნენ, 10 -15 დღე გაძელითო... ვერ გავძელითრუსეთ-საქართველოს შარშანდელი ომიდან ერთი წელი სრულდება. აგვისტოს მოვლენებმა გავლენა იქონია არამარტო უშუალო მოქმედ გმირებზე, არამედ, მთლიანად რეგიონზეც. ჯერ კიდევ ომის დღეებში, ნათელი იყო, რომ რეგიონის ქვეყნების პოლიტიკა გააქტიურდა. რა პროცესებს მისცა ბიძგი აგვისტოს ომმა და როგორია მათში, საქართველოს როლი? ”პრესა.გე’’ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
შარშანდელი ომის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერთა და ექსპერტთა ნაწილი ამბობდა, რომ აგვისტოს მოვლენებმა კინაღამ მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა. ბატონო მამუკა, თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- არა, არ მგონია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს იმისათვის, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ჯერ ერთი, მსოფლიო ომის დაწყებისთვის წინასწარ ემზადებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში ასე არ იყო. არავინ ემზადებოდა რაიმე მსგავსისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ამას არავინ ელოდა. ზოგმა ჩაუთვალა, რომ მათი მხრიდან ეს ავანტურა იყო, ზოგმა იფიქრა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაგებულ მახეში გაება. ასე იყო თუ ისე, დღემდე ყველა ცდილობს ახსნას საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი, მაგრამ საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივიდნენ.
თქვენი აზრით, რომელი იყო: საქართველოს ხელისუფლების ავანტურა თუ ისინი, უბრალოდ, დაგებულ მახეში გაებნენ?
- ვფიქრობ, ორივეს შეზავებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ჯერ კიდევ მაისში ვიცოდი იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც პრეზიდენტს ეუბნებოდნენ გავამწვავოთ ვითარება და დასავლეთი ფაქტის წინაშე დავაყენოთო. თუმცა, პრეზიდენტი მაშინ ამაზე არ დათანხმდა. ასე რომ, თუ იმ ადამიანებს მაისში ჰქონდათ ასეთი პოზიცია, რატომ არ შეიძლებოდა, რომ აგვისტოშიც ასეთივე აზრის ყოფილიყვნენ? სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ორივე ფაქტორის თანხვედრა მოხდა. ერთის მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ხაფანგში გაება, მეორეს მხრივ კი, გარკვეულწილად, ჰქონდათ შინაგანი განწყობა იმისათვის, რომ ვითარება გაემწვავებინათ. მგონია, რომ დასავლეთისგან ისინი უფრო მწვავე რეაქციას ელოდნენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ: თეთრი სახლი არაფერ შუაშია. თუმცა, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ პენტაგონიც არაფერ შუაშია. ხშირ შემთხვევაში, ჩეინის გუნდი ზოგიერთ ოპერაციას უმაღლეს ხელმძღვანელობასთან არც ათანხმებდა. ცხადია, საიდუმლო ოპერაციებს ვგულისხმობ და არა, სამხედროს.
იყო მომენტი, როდესაც თურქეთს არ სურდა საკუთარ ტერიტორიულ წ###ბში გაეტარებინა ის ამერიკული სამხედრო გემები რომელთაც, საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარება მოჰქონდათ. რას ნიშნავდა თურქეთის ეს ნაბიჯები და საერთოდ, რა პროცესებს მისცა ბიძგი რუსეთ-საქართველოს ომმა რეგიონში?
- როდესაც ქვეყანა სუსტდება, როგორც წესი, მის მეზობლებში იღვიძებს ხოლმე სურვილი, რომ შექმნილი ვითარებით თვითონაც ისარგებლონ. აგვისტოს ომამდე საქართველოს რეგიონალური ლიდერის იმიჯი ჰქონდა - სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ. ცხადია, თურქეთთან ჩვენი შედარებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ რეგიონში ლიდერის იმიჯი მაინც გვქონდა.
ბაქოშიც და ერევანშიც, ადგილობრივი ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც ერთი და იგივეს ამბობდნენ: თქვენ ხართ ლოკომოტივი, რომელმაც ჩვენ დასავლეთში უნდა მიგვიყვანოს. თურქეთთან დაკავშირებით ასეთი ვითარება იყო: მათთვის მიუღებელი გახლდათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რადგან მაშინ მასა და რუსეთს შორის გაჩნდებოდა კიდევ ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობდნენ და მეტსაც მიიღებდა. ანუ, საქართველო განსაკუთრებულ რეჟიმში მოექცეოდა.
უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ამის გათვალისწინებით, თურქეთის, როგორც ნატოს ფორპოსტის როლი შემცირდებოდა. ცხადია, მათ ეს არ აწყობდათ. თუმცა, საქართველოსთან სტრატეგიული მოკავშირეობის გამო, ცდილობდნენ, მათი პოზიციის აფიშირება არ მომხდარიყო და კულუარულად ემოქმედათ. ნატოს არც ერთ თავყრილობაზე, თურქეთი საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ ღიად არ გამოსულა, მაგრამ ნატოს ხელმძღვანელობისთვის მათი პოზიცია მაინც ცნობილი იყო.
რაც შეეხება კავკასიაში არსებულ ვითარებას: სომხეთი, გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, ფაქტობრივად, ამოვარდნილი იყო ყველა ტრანსკავკასიური პროექტებიდან - ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული და მხოლოდ რუსულ სამხედრო თუ ეკონომიკურ პროგრამებში. შესაბამისად, ის ვერ გრძნობდა თავს კავკასიის სრულუფლებიან წევრად.
რაც შეეხება აზერბაიჯანს... ეს ქვეყანა თავისი ნედლეულის ხარჯზე ცხოვრობს და უნდოდათ თუ არა, მათ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რადგან ჩვენ მათთვის ნედლეულის გატანის ერთადერთი გზა ვართ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანსა და ირანს არცთუ თბილი ურთიერთობა აქვთ. ასეთი იყო სიტუაცია აგვისტოს ომამდე. აგვისტოს დღეებში კი, საქართველო დაეცა. შესაბამისად, სამივე ქვეყანა გააქტიურდა - სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ ყველა შეეცადა რაღაც სარგებელი ენახა.
მაგალითად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სცადეს, რეგიონში საქართველოს ფუნქცია გადაენაწილებინათ - რეგიონალური ლიდერისა. სომხეთის შემთხვევაში ეს უფრო თვალშისაცემი იყო. აზერბაიჯანის მხრიდან შედარებით ნაკლებად ჩანდა, მაგრამ ასეთი მცდელობები მათაც ჰქონდათ. შექმნილი ვითარების გამოყენება სცადა თურქეთმაც. სწორედ ამით იყო განპირობებული ერდოღანის ასეთი სწრაფი ვიზიტი რუსეთში. იქ მან პუტინს ყარსის ხელშეკრულება შეახსენა, მორიდებით თითიც დაუქნია რუსეთს, მაგრამ იმავდროულად, ისიც შესთავაზა, რომ კავკასია ერთად გაეკონტროლებინათ.
რას იგებდა ამით თურქეთი?
- მათ სცადეს ის ფუნქცია დაებრუნებინათ, რომელიც ჯერ კიდევ მე - 19 საუკუნეში ჰქონდათ.თან, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსულ-თურქული ერთობლივი ენერგოპროექტები. მაგალითად, ”ცისფერი ნაკადი’’. სხვათაშორის, რომ არა აზერბაიჯანის საკმაოდ მკვახე პოზიცია, შესაძლოა, თურქეთს მიეღწია კიდეც თავისი მიზნისთვის. თუმცა, მერე რუსეთმაც აღარ მოინდომა, რომ თავისი ”გამარჯვების’’ შედეგები თურქეთისთვის გაენაწილებინა. ამ ვითარებაში, აზერბაიჯანმა ჩათვალა, რომ თურქეთმა ისევ ისე შეატოვა რუსეთს როგორც ეს 1918 წელს მოხდა. ამით იყო განპირობებული აზერბაიჯანის პოზიცია თურქეთის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
ასეა თუ ისე, ეს ინიციატივა ჩაიშალა და სამხრეთ კავკასიაზე ერთობლივი, რუსულ-თურქული კონტროლის დამყარება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თურქეთმა, რომ სომხეთთან გააქტიურებული ურთიერთობით ერთგვარი, სამხრეთ კავკასიური ღერძი შეექმნა: სომხეთი, თურქეთი, რუსეთი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შემოდგომაზე საზღვარი უნდა გახსნილიყო და ეკონომიკური ურთიერთობები აღმდგარიყო. სხვათაშორის, ამას მხარს ამერიკელებიც უჭერდნენ. მაგალითად, პრეზიდენტ ობამას თურქეთში ვიზიტის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო. მაშინ ჰილარი ქლინთონმა რამდენიმეჯერ დაურეკა ალიევს და თურქთში ჩასვლა სთხოვა. აზერბაიჯანული წყაროებიდან დანამდვილებით ვიცი, რომ ალიევმა ასე უპასუხა: ჩემი ფეხი არ იქნება სტამბულში სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდებაო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რომ საზღვარი არ გაიხსნებოდა - იქამდე, სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდებაო. ახლა, ყარაბაღის პრობლემის ფსევდო-მოგვარების პროცესი მიმდინარეობს.
იყო პერიოდი, როდესაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აგვისტოს მოვლენების გამო აზერბაიჯანი საქართველოს ხელისუფლებაზე საკმაოდ გაღიზიანებული იყო...
- სხვათაშორის, აგვისტოს დღეებში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ძალიან კორექტული იყო. არადა, მათ საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრებოდათ - შეიძლებოდა, რომ საქართველოს მსგავსი მოვლენები მათთანაც მომხდარიყო. ჩვენთან ცოტამ თუ იცის, რომ აგვისტოს დღეებში, ბაქოს ცენტრში, აბუ ბაქარის ვაჰაბიტურ მეჩეთში აფეთქბები მოხდა. იმავე დღეებში, აზერბაიჯანის ჩრდილოეთში დაიწყო სპეცოპერაცია ისლამისტების წინააღმდეგ. ანუ, საქართველოში სამხედრო მოქმედებების პარალელურად, აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც შეექმნა პრობლემები. ეს, ილჰამ ალიევისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო იმის შესახებ, რომ თუ ის მხარს დაუჭერდა საქართველოს, მაშინ, მსგავსი მოვლენები აზერბაიჯანში განმეორდებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, რუსეთს ამის შნო არ ჰქონდა. სხვათაშორის, არც თბილისის აღება შეეძლოთ. განადგურება შეეძლო, აღება - არა. მით უფრო, ბაქოში შეჭრის შნო ნამდვილად არ ჰქონდათ. თუმცა, მაშინ, საფრთხე ბევრად უფრო რეალური და დიდი ჩანდა ვიდრე სინამდვილეში იყო. გარდა ამისა, საფრთხე დაემუქრა ნავთობის ტრანზიტს. იყო სხვა ფაქტორებიც. ამიტომ, ჩემთვის აზერბაიჯანის გაღიზიანება ადვილად გასაგებია.
აგვისტოს ომის შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე, იქმნეობოდა შთაბეჭდილება, რომ სომხეთმა გადაწყვიტა, უფრო მეტად პროდასავლური გამხდარიყო. ახლა თუ გრძელდება ეს პროცესი და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
- სომხებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გონიერი ხალხია და კარგად ეხერხებათ მათთვის სასარგებლო პოლიტიკური ვაჭრობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია მათი ქცევა საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით. სომხეთმა მათში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში თქვა უარი. ის ბოლომდე ევაჭრებოდა ორივე მხარეს. საბოლოოდ, სომხეთის უარი რუსეთს 200 მილიონი დაუჯდა. მათი მხრიდან საკითხი ასე იყო დასმული: ჩვენ ამ წვრთნებში მონაწილეობის სანაცვლოდ 200 მილიონი დოლარის იარაღს ვიღებთ. რა დარჩენოდა რუსულ მხარეს? ან უნდა გადაეხადათ ეს თანხა ან სომხეთი ნატოს წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას. რუსულმა მხარემ ფულის გადახდა არჩია.
მიუხედავად ამისა, ჩემი ინფორმაციით, ნატოს წვრთნებში, დამკვირვებლის სტატუსით, სომხეთის წარმომადგენელი მაინც მონაწილეობდა. ეს ეპიზოდი კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად წარმატებულად თამაშობს სომხეთი ორივე ფრონტზე. ამიტომაცაა, რომ ამა წლის მაისში, სომხეთში ძალიან მაღალი რანგის ამერიკული დელეგაცია იმყოფებოდა. ისინი მთელი ორი კვირა ცხოვრობდნენ ერევნის ”მარიოტში’’ და სიტუაციას სწავლობდნენ. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ და ისიც, ნახევარი საათით შეხვდნენ პრეზიდენტს.
პირად საუბრებში, სომეხი ექსპერტები მეუბნებიან, რომ ამერიკა სომხეთს 10 წლის განმავლობაში 25 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა. პირობები უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკა მსგავს დაპირებებს ტყუილად არ იძლევა ხოლმე. უნდა ითქვას, რომ ასეთ ორმაგ ურთიერთობებს, დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, სომხური პოლიტიკური სტებლიშმენტიც ემხრობა. აღსანიშნავია, რომ მთელ ამ პროცესებზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ ამერიკისა და საფრანგეთის სომხურ დიასპორებს. საერთოდ, ბოლო პერიოდში დსთ-ს ბევრი ქვეყანა ძალიან წარმატებულად ვაჭრობს. ამის მაგალითია სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი... ჩვენ ეს ვერ ვისწავლეთ.
როგორია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში საქართველოს როლი დღეისათვის?
- აგვისტოს მოვლენებიდან ბოლო პერიოდამდე, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან საერთოდ ამოვარდნილები ვიყავით. ახლა, ისევ და ისევ სატრანზიტო ფუნქციის წყალობით, ჩვენი მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა - ”ნაბუკოს’’ ვგულისხმობ. მით უფრო, რომ ამ პროექტის ინიციატორი და წარმმართველი საქართველო არ არის. ჩვენ მხოლოდ ტრანზიტორი ვართ. ამან ცოტა გაანეიტრალა რუსეთის გაღიზიანება საქართველოს მიმართ. ახლა მათი მთავარი პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია. განსაკუთრებით, უნგრეთი და ბულგარეთი.
მოკლედ, ”ნაბუკოს’’ წყალობით საქართველოს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. სხვა თვალსაზრისით კი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავიბრუნეთ რეგიონალური ლიდერის იმიჯი და ვითარება არ გამოსწორდება იქამდე, სანამ სწორად პოლიტიკურ ვაჭრობას არ ვისწავლით. ამას კი იქმადე ვერ შევძლებთ, სანამ გამოცდილი, პროფესიონალი კადრები ქუჩაში იქნებიან გამოყრილი. ამას ისიც ემატება, რომ საერთოდ არ გვაქვს რეგიონალური პოლიტიკა - ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვიცით რა უნდათ ჩვენს მეზობლებს და რა შეიძლება ამ თვალსაზრისით შევთავაზოთ მათ.
რეალურად, პუტინის რუსეთმა არ იცის რა უყოს კავკასიას. ნავთობის ფასი დავარდნილია და რუსეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩრდილო კავკასიისკენ დიდი რაოდენობით ფინანსები მიმართოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა იქონია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებმა ჩრდილოეთ კავკასიაზე... იქ მშვენივრად იციან, რომ ვერაფრით გაიმარჯვებენ, თუ სამხრეთ კავკასია პრორუსული იქნება. ამიტომაც იყო, რომ აგვისტოს დღეებში, თურქეთში ემიგრირებული ინგუშები გვეხვეწებოდნენ, 10-15 დღე გაძელითო. ვერ გავძელით!
წყარო:
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9108 This post has been edited by დეკო on 6 Aug 2009, 16:35
ეს ის საქართველო არ არის.