ვინ დაუკვეთა ლევან კალაძის გატაცება-მკვლელობა
საუკუნის დასაწყისში მომხდარი ყველაზე გახმაურებული დანაშაული შემზარავი ფინალით დასრულდა. 2001 წლის მაისის 23-ში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და "მილანის" მცველმა, კახა კალაძემ უმცროსი ძმა დაკარგა - ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, ლევან კალაძე იმ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. ამ ფაქტის ირგვლივ უამრავი ვერსია გაჩნდა... ხუთი წლის შემდეგ საქმე საბოლოოდ გახსნილად გამოცხადდა და კალაძეებს ლევანის ნახვის იმედი გადაეწურათ. შვილის ნაცვლად, ოჯახს ლევანის რამდენიმე ძვალი დაუბრუნდა... როგორც საქმეში ჩახედულები იუწყებიან, გატაცება-მკვლელობის საქმე არც გახსნილია და არც გამოძიებული. სიმართლის გარკვევას ისინი მომავალ დროში განიხილავენ.
2001 წლის 23 მაისს, დილით ლევან კალაძე მამიდის სახლიდან გამოვიდა, გამტაცებლები მას რკინიგზის #2 საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან დახვდნენ და ძალის გამოყენებით ჩასვეს თეთრი ფერის უნომრო "ნივაში". მათ ლევანის თავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს 600 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ, ამ საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მერაბ ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, ხოლო მოგვიანებით, საფრანგეთიდან - თემურ გაგნიძე. სასამართლომ ამ ადამიანების ბრალეულობა დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანს და ლევან ცინცაძეს 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მან ამისულაშვილის ანალოგიურად, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაული).
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გამტაცებლებმა ლევან კალაძე თავდაპირველად ვერაზე, დავით ასათიანის ბინაში მიიყვანეს და მოსთხოვეს, ძმასთან - კახასთან და მამასთან, კარლო კალაძესთან დაერეკა. ვინაიდან მსხვერპლი მათ ვერ დაუკავშირდა, მას ოჯახის წევრების სახელზე წერილი დააწერინეს, რათა გამოსასყიდი გადაეხადათ. მეორე დღეს ამ ჯგუფს შეუერთდა თემურ გაგნიძეც. მისივე დახმარებით, გატაცებული ლევან კალაძე კვალის არევის მიზნით ვაზისუბნის დასახლებაში, ამისულაშვილის ბინაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ დაურეკეს კარლო კალაძეს და 65 ათასი დოლარის გადახდაზე დაითანხმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კარლო კალაძემ განცხადებით პროკურატურას მიმართა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის გახდა ცნობილი. პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს, გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს.
ლევან კალაძის ადგილსამყოფელს სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებდნენ...
2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია სწორედ ლევან კალაძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ევგენი აფრასიძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიებამ ეყრდნობოდა რა აფრასიძეების მოსამსახურის, ვოვა მურავიოვის ჩვენებას, საქმე გახსნილად გამოაცხადა. მურავიოვმა ოპერატიული დამუშავების შედეგად დაწერა, რომ აფრასიძეების სახლში ნახა გატაცებული კალაძე. ეს ადამიანი იმასაც ირწმუნებოდა, რომ ზუსტად იცოდა, სად იყო დასაფლავებული მისი გვამი. თუმცა აფრასიძეების სასამართლო პროცესზე მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ლევან კალაძე აფრასიძეებთან არასოდეს უნახავს და ძველი ჩვენება მას სამართალდამცველებმა იძულებით დააწერინეს. როგორც შემდგომ გაირკვა, სოფელ ეცერში გათხრილი სამარხიდან ამოღებული ძვლები არა ლევან კალაძეს, არამედ XIX საუკუნეში გარდაცვლილებს ეკუთვნოდათ. შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ, ლევან გვაზავამ, რომელიც ეცერში განხორციელებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და გათხრებს ხელმძღვანელობდა, პირველი პირების მადლობა დაიმსახურა. რაც შეეხება პოლკოვნიკ ბათუ საღინაძეს, რომელიც იმხანად შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსად მუშაობდა და ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა, მან თავისი ვერსიები გაახმაურა, კერძოდ, ის, რომ ლევან კალაძის გატაცებას კავშირი მისი ძმის, კახა კალაძის ტრანსფერთან (გატაცებამდე 4 თვით ადრე, კახა "მილანმა" იყიდა) და სვანურ დაჯგუფებასთან ჰქონდა. მისივე მტკიცებით, გატაცებაში ძალოვანი ჩინოსნები მონაწილეობდნენ და იგი საზოგადოებას მათი ვინაობის გამხელას დაჰპირდა.
2005 წელს ლევან კალაძის საქმე მეორედ "გაიხსნა", როდესაც მუხათგვერდში აღმოაჩინეს გვამი, თუმცა არ დადასტურდა, რომ ის კალაძეს ეკუთვნოდა. 2006 წლის იანვარში ვაზისუბნის ხევში ნაპოვნი გვამი (სამარხზე ამისულაშვილმა მიუთითა) სამართალდამცველთა მტკიცებით, ლევან კალაძის იყო. ეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტის პასუხმაც დაადასტურა.
შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის და გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ლევანის გვამი პირველად 2001 წლის ივლისში იპოვეს, მაგრამ სამართალდამცველთა დაუდევრობის გამო, მისი იდენტიფიკაცია არ მომხდარა.
ლევან კალაძის საქმეზე ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა და ამ თემაზე შექმნილ ფილმს "გახმაურებული გატაცების პოლიტიკური მეტასტაზები" უწოდა, სადაც შსს-ს მაღალჩინოსნების გატაცებასთან კავშირზე მიანიშნებდა. ფილმის მიხედვით, კახა კალაძეს ტრანსფერიდან შესული თანხიდან 600 ათასი დოლარი, საშუამავლო, შსს-სთვის უნდა გადაეხადა. კალაძეს ეს თანხა არ გადაუხდია, რის შემდეგაც გაიტაცეს მისი ძმა ლევანი. გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით ზუსტად ეს თანხა მოითხოვეს...
ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”
http://www.ambebi.ge/samartali/8425-vin-da...-mkvleloba.html