საქართველო ერთი წლის შემდეგმარკ ლენცი, ლინკოლნ მიტჩელი
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ბუნდოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მკაფიო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთან და რუსეთის პერიფერიაზე არსებულ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და უარი სთქვას პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებთან ორმხრივი კავშირების პრიმიტიულ პრაქტიკაზე, რომელიც მოსკოვის ამ ქვეყნებთან დამოკიდებულებითაა ნაკარნახევი. ამ ახალ მიდგომაში უნდა აისახოს რუსული საფრთხის რეალურობა, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე მოთხოვნაც, რაც რეგიონალური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია
ჯერ-ჯერობით ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ძალიან ჰგავს ბუშის ეპოქის თეთრი სახლის კურსს. განცხადებებით ის თბილისის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს და როგორც სჩანს იმედოვნებს, რომ ამით რეგიონზე რუსეთის მზარდ გავლენას შეასუსტებს. სამწუხაროდ, მისი წინამორბედის მსგავსად, ობამას ადმინისტრაცია ხშირად ბუნდოვან სურათს ქმნის და საქართველოზე საუბრისას ერთმანეთში ურევს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა “მეგობრობა” და “დემოკრატია.” ეს კი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს მიღმა დემოკრატიის განვითარებას ზიანს აყენებს, რადგან საქართველოს დემოკრატიისადმი სერიოზული დამოკიდებულება ცოტას თუ აქვს.
ჩვენ ორივე ვმუშაობდით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ქართველ მმართველებთან “ვარდების რევოლუცი”-ის დროს და მას შემდეგაც. ჩვენ პირველწყაროდან ვიცით თუ რა სირთულეებს აწყდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორი გავლენა მოახდინა ამერიკის და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების პირადულმა ხასიათმა. ორივე ამერიკული პარტიის სურვილზე არ გააკრიტიკონ საქართველო იმის გამო, რომ ის ბოლო წლებში დემოკრატიას დაშორდა.
მართალია საქართველო ამერიკის მეგობარია, რაც მან ერაყსა და ავღანეთში არმიის გაგზავნით დაადასტურა, თუმცა მას ვერ ექნება პრეტენზია უზადო დემოკრატიად იწოდებოდეს, მაგრამ სწორედ ასე უყურებდნენ და უყურებენ მას დღესაც ბუშის და ობამას ადმინისტრაციები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსეთთან ომის დროს, როდესაც საქართველოს ხმამაღლა აქებდნენ და დემოკრატიულ დავითს ეძახდნენ, რომელიც ავტორიტარულ რუსულ გოლიათს შეერკინა.
სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, მაგრამ პოლიციის ზედმეტად სასტიკმა ქმედებებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, პრობლემებმა სასამართლო ხელისუფლებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვის მცდელობებმა სააკაშვილის მიმართ ნდობა სერიოზულად შეარყია. ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რამაც იგი აიძულა საკუთარი პოზიციის აღდგენისთვის ერთი წლის წინ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები წამოეწყო, რაც სამხედრო კატასტროფით დასრულდა.
უდაოა რომ რუსეთი საკუთარ უბანში ადგილობრივი ხულიგნის როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა ამ რეგიონში თავის მოკავშირე-სახელმწიფოებს დემოკრატიული ნორმების თამასა ქვემოთ დაუწიოს, თუმცა სწორედ ასე მოხდა.
ომს ხშირად მოსკოვისა და მისი მეზობლების ურთიერთობებში წყალგამყოფ ხაზს უწოდებენ, მაგრამ ცოტას თუ ესმის რომ დემოკრატიისგან გადახვევით, თბილისმა ანალოგიური გავლენა იქონია სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე მოსკოვთან და ვაშინგტონთან მათი ურთიერთობების თვალსაზრისით. მალევე მას შემდეგ, რაც ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა”-ს იარლიყი მიაწება, ქვეყანამ დემოკრატიული ნორმებიდან უკუსვლა დაიწყო, ვაშინგტონს კი ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ეს სხვებმაც შეამჩნიეს, კავკასიისა და შუა აზიის უფრო ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც კვლავინდებურად ახშობენ მათ ჯერ კიდევ გამოუცდელ ოპოზიციას.
თბილისმა ომი მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაიწყო, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ამის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი რეალურად დემოკრატიული და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმარისად ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბდება, რომ თავისი გამოყოფილი რეგიონები დაიბრუნოს. ომით მიყენებულმა ზიანმა, ამ მიზნის მიღწევა არსებითად გაართულა.
რეგიონში დემოკრატიული ინიციატივის დაბრუნებისა და მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თბილისს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს რა რუსეთთან მეზობლობის სირთულეებს, მისი მეზობლებისთვის დემოკრატიული სტანდარტების თამასას ზრდის და ამიერიდან აღარაა თანახმა ცარიელი დაპირებები მოისმინოს დემოკრატიის განვითარებაზე.
ვაშინგტონი ამის მიღწევას შესძლებს, თუკი თბილისს უარს ეტყვის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ასე სწყურია საქართველოს და ამ სახსრებს დემოკრატიის განმტკიცების, ქართული მედია-საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ასევე საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისკენ მიმართავს. ამ კურსის ნებისმიერი შესუსტება ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნების საფრთხეს ქმნის და აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე სხვა არამყარ დემოკრატიებს მსოფლიოში არასწორ სიგნალებს უგზავნის.
მარკ ლენცი - ფულბრაიტის პროგრამის ყოფილი სტიპენდიანტი. დღეს ის საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორია. ლინკოლნ მიტჩელი - კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დოცენტი და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.
ქართულად.
25.05.2013.
--
13.07.2014.
--
23.08.2020.
--
“I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”