Presa.ge
რუსი ”დიპლომატი-მზვერავები” ამჯერად ჩეხეთმა გამოაძევა[გოჩა ჯელია]
ოფიციალური პრაღის მოთხოვნით, რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილემ ჩეხეთი დატოვა, მეორე რუს დიპლომატს მიეცა რეკომენდაცია - ის შვებულებიდან პრაღაში აღარ უნდა დაბრუნდეს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, იან ფიშერის განცხადებით, რუსეთის ეს წარმომადგენლები დიპლომატიურ ეთიკასთან შეუფერებელი დაზვერვითი საქმიანობის გამო გამოცხადდნენ ”ნონ გრატა” პერსონებად.
მთავარმა რუსმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა პრაღის ამ ნაბიჯს ”არამეგობრული და პროვოკაციული” უწოდა. კრემლის რეაგირება ზუსტად ისეთივე იყო, როგორც თბილისიდან, ლიტვიდან და სულ ახლახანს უკრაინიდან გაშიფრული ”დიპლომატი-აგენტების” გაძევებისას.
მოსკოვმა ამჯერადაც, სუფთა არითმეტიკული პროპორციით, იმავე რანგისა და იმდენივე ჩეხ დიპლომატს მოსთხოვა რუსეთის დატოვება, ისე, რომ მათი ბრალეულობის დამტკიცებაზე თავი არ შეუწუხებია.
რუსეთის ლოგიკა აშკარად იკითხება, მას სურს თავისი სპეცსამსახურების მსტოვრების გამოდევნა ანტირუსულ დემარშად გაასაღოს და არა ამ ქვეყნების მიერ უსაფრთხოებისათვის გადადგმულ ნაბიჯებად.
საგულისხმოა, რომ ჩეხეთის მთავრობას საქართველოსა და უკრაინისაგან განსხვავებით, საერთაშორისო სკანდალი და მით უმეტეს, პიარ-კამპანია აგენტების აღმოჩენის გამო არ წამოუწყია.
უფრო მეტიც, ჩეხეთის მთავრობამ და სამხედრო დაზვერვამ განაცხადეს, რომ ”იცავენ რა, ქვეყნის ინტერესებს, კანონის შესაბამისად, საჯაროდ არ განაცხადებენ ოპერატიულ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ზიანი მიაყენეს ამ პირებმა ჩეხეთის რესპუბლიკას”.
პრაღაში, ბრნოსა და კარლოვი ვარში, რუსეთის საელჩოს 200 - მდე თანამშრომელია. ”ინტერფაქსი” ვერაფრით ეწინააღმდეგება ოფიციალურ პრაღას და უშვებს იმ ფაქტს, რომ აქედან ორ მესამედზე მეტი რუსული სპეცსამსახურების მზვერავია.
საბჭოური ტრადიციით, რუსეთში საგარეო პოლიტიკურ-საქმიანობას და მით უფრო საზღვარგარეთ, სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირის გარეშე ძნელად თუ ვინმე განახორციელებს.
რუსული ლოგიკით, ის რომ ზოგჯერ, რომელიმე მის დიპლომატს ქვეყნიდან აძევებენ, ანტირუსულ პროვოკაციაა, რადგან სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო თითქმის მთელი რუსული დიპლომატიური კორპუსის დადანაშაულდება შეიძლება.
მოსკოვს არ უნდა იმის აღიარება, რომ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნები უცხოეთის მოქალაქეებს იმ მიზეზით კი არ აცხადებენ ”პერსონა ნონ გრატად”, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენენ, ან როგორი ბიოგრაფია აქვთ, არამედ კონკრეტული დარღვევებისა და დანაშაულობებისათვის.
აღსანიშნავია, რომ რუსი მზვერავების გამოძევებიდან საპასუხო გაძევებამდე სამი დღე გავიდა. სწორედ ამდენი დრო დასჭირდა იმას, რომ რუსი აგენტების ლუსტრაციის შესახებ ინფორმაციას მასმედიაში გაეჟონა.
- ”გასაკვირია, რომ ამ ინფორმაციამ საზოგადოებამდე მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის მხარე შეგვპირდა, რომ ინფორმაციის გაჟონვას არ დაუშვებდა”, - მოჰყავს სააგენტო ”ინტერფაქსს” რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის სიტყვები.
რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა, რომ ამ ეტაპზე, პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან მსგავსი ინციდენტების რიგს ნატოს წევრი ჩეხეთიც დამატებოდა. ძნელია მსოფლიო დააჯერო, რომ ჩეხეთიც რუსოფობიითაა შეპყრობილი და მოსალოდნელ საფრთხეს ანტირუსულ პროვოკაციას უპირიპირებს. ეს ამ ქვეყნის მესვეურთა მშვიდი კომენტარებიდანაც გამოჩნდა.
მოსკოვმა კი შპიონაჟის აღიარებას, ისევ პროვოკაციასა და არამეგობრულ დამოკიდებულებაში პრაღის დადანაშაულება ამჯობინა. ბოლოს და ბოლოს, ჩეხეთიც ხომ პოსტკომუნისტური, რუსეთის ყოფილი სატელიტი ქვეყანაა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=9287 13:52 19.08.2009