გილაურმა ჟვანია გაათავისუფლა
21 აგვისტო 2009, 11:39
როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც პრემიერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ეკონომიკის მინისტრის და სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს.
"ეკონომიკის სამინისტრო არაკოორდინირებულად მუშაობდა სხვა სამინისტროებთან, ამასთან ბევრი პრობლემა დაგროვდა საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინების კუთხით, პრივატიზაციის სფეროში და ა.შ. ჯამში, ეკონომიკის მინისტრის და სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო ვარ. ამ საკითხზე უკვე ვესაუბრე თავად ჟვანიასაც და პრეზიდენტ სააკაშვილსაც. ასე რომ ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს", - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტს დაახლოებით 2 კვირაში წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჟვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად 2008 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე ის საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2005-2008 წლებში ჟვანია ისრაელში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა. 2003-2005 წლებში კი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
http://www.news.info.ge/Category.aspx?Id=15411&&Tema=1