პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სექტემბრიდან თანაბრად გამწვავდება როგორც სოციალური ფონი, ასევე პოლიტიკური ვითარება. მართლაც, უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უახლოეს თვეებში და საერთოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ”პრესა.გე” პოლიტკურ ექსპერტს, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.
- ის, რომ საპროტესტო აქციები აღარ მიმდინარეობს და საპროტესტო მუხტი თითქოს ჩაცხრა, პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს. თეორიულად სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობაც არსებობს და საფუძველიც. პრაქტიკულად კი... აქციების პერიოდში საპროტესტო ელექტორატმა დიდი მორალურ - ფსიქოლოგიური ენერგია დახარჯა. მას აღდგენა სჭირდება. ცხადია, საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატს ამ ხელისუფლებაზე თავისი აზრი არ შესცვლია, მაგრამ ახლა, შესაძლოა, პროტესტის გამოხატვისთვის იმდენი მოტივაცია აღარ ჰქონდეს რამდენიც, აპრილ - ივლისში ჰქონდა. ასე, რომ თუ იქნება კიდეც აქციები, ისინი არ იქნება ისეთი ხალხმრავალი როგორიც, გაზაფხულზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი შედეგი ჯერ მოკრძალებულია - ციხიდან მხოლოდ 10 ადამიანია გამოშვებული, მაგრამ ეს, მაინც შედეგია. თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გათავისუფლდება ხოლო პარალელურად, რეპრესიები შემცირდება, მაშინ, ხალხის ქუჩაში გამოყვანა კიდევ უფრო გაძნელდება.
მთავარი მაინც ის არის, რომ გაზაფხულზე ადამიანები ქუჩაში იმისთვის გამოვიდნენ რათა ხელისუფლებისთვის პასუხი მოეთხოვათ წაგებული ომის გამო. ამას, ქვეყნის განვითარების დემოკრატიული გზიდან გადახვევაც ემატებოდა. ომის გამო პასუხის მოთხოვნის ამბავმა ჩაიარა - იდგა ხალხი თვეობით ქუჩაში და ეძახდა ხელისუფლებას: ტერიტორიები რატომ დაკარგეო - უშედეგოდ. იგივეს ძახილით მეორედ აღრ გამოვლენ. რაღაც სხვა, ახალი საპრეტენზიო თემაა საჭირო.
ხალხი ქუჩაში დიდი რაოდენობით მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვა. პირველი: თუ შემოდგომაზე ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ მკვეთრად უარყოფითად აისახა მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. და მეორე: თუ ხელისუფლებამ ხელახლა მიმართა რეპრესიებს და არათუ არ შეწყვიტა დაჭერები არამედ, პროცესი უფრო ინტენსიური გახდა. აი, ამ ორ შემთხვევაში შეიძლება, რომ საპროტესტო მუხტმა ხელახლა დაიწყოს დაგროვება რაც, საბოლოოდ, ხელახალი საპროტესტო გამოსვლებით დასრულდება. ეს, რაც შეეხებოდა უფრო ახლო პერსპექტივას. არის შედარებით შორეულიც.
თუ შემოდგომამ მართლაც ისე ჩაიარა როგორც მგონია, ანუ მხოლოდ მცირემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებით, არ არის გამორიცხული, ვითარება უკვე მომავალ გაზაფხულზე გამწვავდეს.
მაისში ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების არჩევნებია დანიშნული. ახლა, მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე. თუ არჩევნების მომენტისთვის ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მასში მაინც დარჩა ნიუანსები, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას აძლევს და პარალელურად, მმართველმა გუნდმა არ თქვა უარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო გამოსვლები ისევ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს უკვე შედარებით შორეული, საგაზაფხულო პერსპექტივაა.
თუმცა, ხალხის გარდა არის პოლიტიკური პროცესის მეორე შემადგენელიც - ოპოზიციური პარტიები. - ”ზომიერები” ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ამით, აქტიურ პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართულები, მაგრამ ე.წ. ”რადიკალები” მთლიანად პროცესებს მიღმა დარჩნენ. როგორ ფიქრობთ, მათი ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ასე ადვილდ დათმობს საკუთარ პოზიციებს და არაფერს მოიმოქმედებს?
- არ დათმობს და არც უნდა დათმოს. ერთი მხრივ ამ ე.წ. ”რადიკალებმა” ქუჩიდან და ”ზომიერებმა” მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუნდაც შეუთანხმებლად, მაგრამ მაინც ერთობლივი მოქმედებებით, ხელისუფლებას შეიძლება ბევრად მეტი დაათმობინონ. ასე რომ აუცილებელია ამ ორივე ფრთის შეთანხმებული საქმიანობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ე.წ. ”რადიკალებსა” და ”ზომიერებს” შორის კოორდინაციასა და ურთიერთ შეთანხმებულ ქმედებებს ვერ ვხედავ. პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტად იკვეთებიან ერთმანეთის კონკურენტებად. არადა, ჯერ არჩევნებიც კი არ დანიშნულა.
წინასაარჩევნო პერიოდი რომ იყოს, ეს კონკურენცია გასაგები იქნებოდა. ისინი კი ერთმანეთს კრიჭაში ყოველგვარი არჩევნების გარეშე უდგანან. ამ კონკურენციით ერთმანეთს ასუსტებენ და საბოლოოდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. ეს მმართველ გუნდს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში ზუსტად ის შედეგი დადოს რაც თვითონ ენდომება. ახლა ერთიანობაა საჭირო, ოპოზიცია კი ერთიანი არ არის.
რატომ? რადიკალებად წოდებულები ხომ ერთად არიან: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი...
- კი, მაგრამ 9 აპრილის აქციების პერიოდში მთლიანად ოპოზიციური სპექტრი იყო ერთად და მაინც ვერ მაიღწიეს დასახულ მიზანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამასობაში - ზომიერები” ხელისუფლებასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. სწორედ ამისკენ მოუწოდებდა დასავლეთი ოპოზიციას თავიდანვე. ანუ, ”ზომიერთა” ქმედებებს დასავლეთშიც მოიწონებენ. ”რადიკალები” კი, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოექცევიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.
თუმცა, მეორეს მხრივ, მათი ქმედებები როგორც გითხარით, აუცილებელია იმისათვის, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ცალკ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე ამას ვერც ”რადიკალები” შესძლებენ მხოლოდ ქუჩიდან და ვერც, ”ზომიერები” - მხოლოდ მოლაპარკებათა მაგიდასთან. ამიტომაც ვამბობ, რომ მათ ერთმანეთთან კონკურენციას თავი უნდა ანებონ და შეთანხმებული მოქმედებები დაიწყონ. ამ მომენტისთვის კი ისინი უფრო იმაზე ფიქრობენ თუ რამდენად მოსაწონია მათი ნაბიჯები საზოგადოებისთვის.
თუმცა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ”ზომიერებს” უფრო თავის მართლებაზე უწევთ ზრუნვა ვიდრე, რეიტინგზე.
- ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, ”ზომიერები” მყისიერ მოგებაზე არ არიან ორიენტირებულები. კი, მათ არ უთქვამთ უარი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნაზე, მაგრამ იმავდროულად, ისინი გრძელვადიან, პერსპექტივაზე გათვლილ თამაშს თამაშობენ. ე.წ. ”რადიკალები” კი, მოკლევადიან სტრატეგიას იჩევენ - ყველაფერი ახლა და დღესვე. ეს არ ამართლებს. გაზაფხულზეც კი არ გაამართლა, როდესაც ყველა ერთად იყვნენ და მით უფრო ახლა, როდესაც ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამით, თავიანთი პოლიტიკური ძალისთვის დასავლეთის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
მოსწონს თუ არა ეს ხალხს, ფაქტია: დასავლეთი სააკაშვილს პოსტის ვადამდე დატოვებას არ სთხოვს. ცხადია იმ პირობით, რომ იგი დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს. თუმცა, არც გეოპოლიტიკა უნდა დავივიწყოთ. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმ დიდ პოლიტიკურ თამაშებში, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიდის. ამ ეტაპზე დასავლეთს აქ უფრო სტაბილურობა აინტერესებს ვიდრე, დემოკრატიის შესაბამისი ხარისხი. აქ მათ ისეთი რეჟიმი სჭირდებათ, რომელიც, თუნდაც პაიკის დონეზე, მაგრამ დასავლურ თამაშს ითამაშებს. სააკაშვილი კი, ხუთიანზე თამაშობს. ამიტომაც არ ”აწვებიან” სააკაშვილს და ყველა დეტალზე არ უჩხიკინებენ.
ამ ფონზე, ”ზომიერები” არ ჩქარობენ, გრძელვადიან თამაშს თამაშობენ და ნელ - ნელა კრეფენ რეიტინგს - როგორც დასავლეთში, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების მომხრეთა შორისაც. და როდესაც არჩევნები მოვა, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების დღევანდელმა მომხრეებმა მხარი არა ”ნაცმოძრაობის” კანდიდატს დაუჭირონ არამედ, ალასანიას რადგან ის ზომიერი, ტოლერანტული, არაკონფრონტაციული ლიდერია; არავის ემუქრება დაჭერა - შეჭმით. ასე რომ, ამ ეტაპზე ჯერ რთული სათქმელია ვინ კარგავს ქულებს და ვინ - იძენს.
არის საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნაწილი, რომელიც თანაბრად უკმაყოფილოა ”ზომიერთა” კურსითაც და ”რადიკალების” ქმედებებითაც. შეიძლება, რომ ამ ფონზე, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდეს ახალი, მაგრამ ამჯერად უკვე, პრორუსული პოლიტიკური ძალა? ფაქტია, რომ აქამდე ოპოზიციური სპექტრი მთლიანად პროდასავლური იყო.
- გამორიცხულია! საქართველოში ვერასოდეს გაჩნდება სერიოზული პრორუსული ძალა. გარდა იმისა, რომ ამას საქართველო - რუსეთის ურთიერთობების ისტორიული გამოცდილება განაპირობებს, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებითაც შეუძლებელია ეს. რუსეთს საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული და ამაზე ყველა შეთანხმებულია: მოსახლეობაც, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. რომც მოუნდეს რუსეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ბიზნესმენს აქ ჩამოსვლა, ის ვერავის დააჯერებს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება არ მოუხდენია. ასე რომ ეგ საფრთხე ფაქტობრივად გამორიცხულია.
თუ მკვეთრად გაუარესდა სოციალური ფონი, ან ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, შეიძლება, რომ საზოგადოებამ თავად ”დაუძახოს ქუჩაში” ე.წ. ”რადიკალებს”?
- კი, თუ აქამდე მივიდა საქმე, თეორიულად ეს მართლაც შესაძლებელია. ანუ, თუ მოხდა ე.წ. ”მშიერი ბუნტი” ან, ხელისუფლებამ მართლაც მეტისმეტად ფართომაშტაბიანი რეპრესიები დაიწყო. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საზოგადოების რადიკალიზაცია არ მოხდება.
ხელისუფლებამ ბევრი რამ კარგად ისწავლა საკუთარი შეცდომების შედეგად. ასე რომ ისინი აღარფერს გააკეთებენ ისეთს რაც საზოგადოების ერთსულოვან რისხვას გამოიწვევს. რაც შეეხება ”მშიერ ბუნტს”...წეღანაც გითხარით, რომ დასავლეთს სტაბილური საქართველო სჭირდება და ამიტომ ისინი ბოლო კაპიკს გაიღებენ იმისათვის რათა აქ ”მშიერი ბუნტი”არ მოხდეს.http://presa.ge/index.php?text=news&i=9382რას ფიქრობთ უზერებო> მე მგონი ძალზე რეალისტური დასკვნაა. სამაგიეროდ დასავლეთს ეს ძალიან აწყობს ღრუსეთში. ასე რომ 2-3 წელი მოცდა მოგვიწევს