ტევტონთა ორდენის დაარსება
უცნობმა ავტორმა ნაშრომისა "De primordiis ordinis Theutonici narratio" („ტევტონთა ორდენის დაარსების ამბავი“) თავისი ნაწარმოები მიუძღვნა ტევტონთა ორდენის ადრინდელ პერიოდს. მონათხრობის დაწერის ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფიქრობენ, რომ იგი მიეკუთვნება XIII საუკუნის მწერლობას. ანონიმური ავტორმა არ დაიშურა ძალისხმევა და მართლაც მისი ნაშრომი ითვლება ორდენის განვითარების უნიკალურ ამსახველად.
ნაწარმოების მიხედვით 1190 წელს აკრას ალყის დროს ჯვაროსნების ჯგუფმა ბრემენიდან და ლიუბეკიდან დაარსა ჰოსპიტალური საძმო, დაჭრილების და ავადმყოფებისთვის მკურნალობის აღმოსაჩენად. სწორედ ეს საძმო გახლავთ მომავალი ძლევამოსილი ორდენის სათავე. მალე საძმო იქცა გერმანელი ჰოსპიტალიურ ორდენად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ძმები – კონრადი და ბურჰარდი. რომის იმპერატორის ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟის შვაბის ჰერცოგის, ფრიდრიხის დახმარებით მათ თხოვნა გაუგზავნეს ფრიდრიხის ძმას მეფე ჰენრიხ მეექვსეს, რათა ეღიარებინა სასულიერო ორდენი. ფრიდრიხმა ასევე თხოვა ძმას, რომ ეს საკითხი რომის პაპთან ერთად განეხილა. რომში პოზიტიურად განეწყვნენ ჯერ დაუმტკიცებელი ორდენისადმი. პაპმა აღიარა თავისი პროტექტორატი ახალი ჰოსპიტალიერების მიმართ.
1191–დან 1998 წლამდე ორდენი ასრულებდა ჰოსპიტალურ და სასულიერო ვალდებულებებს ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ქალაქ აკრაში. მისი დაპყრობის შემდეგ ძმებმა ქალაქში ააგეს ჰოსპიტალი, ტაძარი და რამდენიმე საკუთარი შენობა. სორედ მათ ტაძარში დაიმარხა შვაბის ჰერცოგი ფრიდრიხი 1191 წელს გარდაცვალების შემდეგ. 1198 წელს გერმანული სასულიერო ორდენი გადაკეთდა რაინდულ ორდენად, ჰოსპიტალური ფუნქციების მოუხსნელად. ასეთი ნაუცბადევი გარდაქმნა იწვევს ეჭვს თუ რა მიზეზით მოხდა ეს ცვლილება. რატომ მოხდა ორდენის მილიტარიზაცია და ვისი ხელი ერია მის განხორციელებაში. არსებობს მოსაზრება, რომ რომის იმპერატორს, ჰენრიხ VI-ს სჭირდებოდა წმინდა მიწაზე გავლენის გაძლიერება და რადგან იმ მომენტში ერთადერთი გერმანული ორდენი რეგიონში სწორედ ტევტონთა ორდენი გახლდათ, იმპერატორმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ორდენის გარდაქმნით ჰოგენშტაუფენების გავლენა გააძლიერა.
მონათხრობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორდენსა და ჰოგენშტაუფენებს შორის მართლაც იყო კავშირი, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ორდენის დაარსებისას, 1190 წელს იღებდა. ასევე არ დაგვავიწყდეს რომის გავლენა ორდენის მილიტარიზაციაში. როგორც აღნიშნავს მილიცერი რომის პაპი არ იყო ამ იდეის ინიციატორი, მაგრამ ამავდროულად არც ეწინააღმდეგებოდა მას. პაპის, ცელესტინ III–ის თანხმობით 1998 წელს მოხდა სასულიერო ორდენის ტრანსფორმაცია რაინდულ ორდენად. წყაროზე დაყრდნობით მომავალში ტევტონთა ორდენი არ ივიწყებს თავის ღირებულებებს და იერუსალიმის სამეფოს იდეოლოგიას.