[სოფო ანდღულაძე]
ბოლო დღეებში, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას ნამდვილი ისტერია აქვს ატეხილი გერმანელ ექსპერტთან, ოტო ლუფტერჰანდტთან დაკავშირებით, რომელიც ტალიავინის კომისიისთვის მუშაობს. ამ საკითხზე პრესა.გე დავით უსუფაშვილს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარესა და ალიანსი საქართველოსთვის ერთ–ერთ ლიდერს ესაუბრა.
რატომ ცდილობს ხელისუფლება საზოგადოებაში იმ აზრის დანერგვას, რომ კომისიის ყველა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი წევრები მაინც, მიკერძოებულნი არიან?
– ჩვენს პარტიას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც ევროკავშირი ამხელა კომისიას ქმნის, ამდენ დროს და რესურსს – მათ შორის, ფინანსურსაც – გამოყოფს ერთი, კონკრეტული საკითხის შესაწავლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მერე, ამ კომისიის მუშაობის შედეგების მიფუჩეჩება არ ხდება ხოლმე.
ჩვენში კომისიები დროის გაწელვისთვის იქმნება ხოლმე. იმისთვის, რომ მერე ამ კომისიამ არაფერი გააკეთოს. დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე, ამ მოვლენების ვითომ შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ ქნა. ტალიავინის კომისიის დასკვნა კომპეტენტური და კომპლექსური იქნება.
ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, გამოაშკარავდება, ბევრი, რბილად რომ ვთქვათ შეცდომა, რომლებიც, ხელისუფლებამ დაუშვა. მათ შორის, არამარტო 7 და 8 აგვისტოს არამედ, უფრო წინა პერიოდშიც.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება და კიდევ ერთხელ დადასტურდება პუტინისა და კრემლის, როგორც აგრესორის, ქმედებები და ზრახვები. ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ აგვისტოს ომის ეს ნაწილი ისედაც კარგად არის ცნობილი – საქართველოშიც და მთლიანად, მსოფლიოშიც.
არამარტო ჩვენთან, არამედ დასავლეთშიც, ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია ჩაიდინა და ჩვენი ქვეყნის დანაწევრება სურდა. ეს ყველაფერი ამ კომისიის დასკვნაში კიდევ ერთხელ იქნება ნათქვამი.
გარდა რუსეთის აგრესიისა, ვფიქრობ, ამ დასკვნაში იქნება მეორე ნაწილიც, რომლის დამალვასაც, საგულდაგულოდ შეეცდება სააკაშვილი და მისი გუნდი. დამალვას, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის, თორემ გარე სამყაროსთვის, სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომები, თუ დანაშაულები ისედაც ცნობილია.
უბრალოდ, ახლა იქნება ძალიან ავტორიტეტული კომისიის დასკვნა, რომელიც ყველა დანარჩენი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დასავლური ქვეყნების მთავრობების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტად იქცევა. ამ დასკვნაში ჩადებულ საკითხებსა თუ ფორმულირებებს, მერე ძალიან დიდი ხანი ვეღარავინ გაექცევა.
ეს იქნება ერთგვარი, ფუძემდებლური შეხედულებები იმის შესახებ თუ როგორია ამ ყველაფერში კრემლისა და პუტინის წვლილი და როგორი, სააკაშვილისა და მისი გუნდის. ამიტომაც აღელვებს ეს ყველაფერი სააკაშვილს – მას თავისი ტყავი აქვს გადასარჩენი.
სამწუხაროდ, მაღელვებს მეც, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რადგანაც დღევანდელი მსოფლიო, ქვეყნის ხელისუფლებასა და მის ხალხს, მთლიანად სახელმწიფოს, ერთმანეთისგან არ განასხვავებს. სამწუხაროდ, არავინ იტყვის: სააკაშვილი ცუდი კაცია, მაგრამ იმ ქვეყანაში კიდევ კარგი მოქალაქეებიც არიან, ამიტომ არ გვინდა სააკაშვილთან ურთიერთობა, მოდით, მხოლოდ ქვეყანასთან ვიქონიოთ ურთიერთობაო.
თანამედროვე მსოფლიო ორგანიზებულია სახელმწიფოებად, მათ კი მთავრობები ჰყავთ და ამ უკანასკნელთა საქციელზე – ცუდზეც და კარგზეც – პასუხს მთლიანდ ქვეყანა, ხალხი აგებს. პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ, მაგრამ რაც ვთქვი, ამის ნათელი მაგალითია იუგოსლავია. უბრალოდ, ამით მინდა მივანიშნო, თუ რა ტიპის პროცესები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ეწერება, რომ ომზე პასუხს აგებს საქართველოს ხელისუფლებაც.
არ მგონია, რომ სააკაშვილის გუნდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და საქმე რაღაც საერთაშორისო ტრიბუნალებამდე მივიდეს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არანაკლებ მტკივნეულია ხოლმე.
ქვეყნები, რომლებმაც ომის შემდეგ, საქართველოს დახმარება აღუთქვეს და მათი ნაწილი უკვე გაწეულია. ისინიც პოლიტიკოსები არიან და ჩვენი ქვეყნის დადანაშაულების შემთხვევაში, მათ თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან თუ ვის და რატომ ეხმარებიან.
არადა, საერთაშორისო დახმარების – პოლიტიკური, მორალური, ფინანსური – დაკარგვის შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გახორციელდება პუტინის და კრემლის ამოცანა, არამარტო ტერიტორიები მიიტაცოს, არამედ, აქციოს საქართველო გარიყულ ქვეყნად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან გაგვჭირდება რუსეთთან გამკლავება.
ასეთ ვითარებაში, ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა იყოს სრულყოფილი, ობიექტური და არც ერთ მხარეს არ იყოს თუნდაც უმნიშვნელო გადახრაც კი. ამიტომ, ობიექტურობა ექსპერტებისაც და კომისიის ნებისმიერი სხვა წევრებისაც, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხელისუფლების მიერ ატეხილი ხმაური რა თქმა უნდა, წმნიდა წყლის ”პიარ – აქციაა“.
ცხადია, რომ არც ტალიავინი, არც მისი კომისიის წევრები და არც ის ადამიანები ვინც მომავალში ეს დასკვნა უნდა წაიკითხოს, არ არიან სააკაშვილის და მისი გუნდის მსგავსნი, რომლებიც შავზე იტყვიან, თეთრიაო... ამ ხალხს დამოუკიდებელი განსჯის უნარი აქვს. თუმცა, იმავდროულად, არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ ადამიანებს მართლაც ჰქონდეს გარკვეული მიკერძოებულობა; სუბიექტური მიდგომა რაღაც საკითხებისადმი.
თვითონ პროცესი – ევროკავშირის მიერ კომისიის შექმნა და გარემო, რომელშიც მუშაობენ, შეუძლებელს ხდის ნებისმიერი ექსპერტის, თუ ვინმე სხვა წევრის მხრიდან თავისი სურვილითა და თავის ჭკუაზე საკითხის გადაწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რა უნდა ამ ოტო ლუფტერჰანდტს, თუ ნებისმიერ სხვა წევრს?
– თუნდაც სიმართლე იყოს ის, რასაც ხელისუფლება გაჰკივის ამ გერმანელი ექსპერტის შესახებ, თავად კომისია, მთლიანი შემადგენლობით, არ დაუშვებს, რომ ერთი ადამიანის მიკერძოებულობამ გავლენა მოახდინოს დასკვნის შინაარსზე. მეტისმეტად მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელზეც ტალიავინის კომისია მუსაობს. ბევრად უფრო მაღალი დონის, ვიდრე, თუნდაც, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები – ის რუტინა იყო, ევროსტრუქტურების ყოველდღიურობა...
ტალიავინის კომისიის დასკვნა იმდენნაირ მონიტორინგს გაივლის – დაწყებული საერთაშორისო მედიით და დამთავრებული უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებით – რომ გამორიცხულია ხელისუფლების მიერ თუნდაც სწორად გამოვლენილმა, თუნდაც მართლა მიკერძოებულმა ადამიანებმა რაიმე გავლენა მოახდინონ დასკვნის შინაარსზე.
ხელისუფლებას სურს, ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის რაც შეიძლება მეტ ნაწილს, წინასწარ შეექმნას წარმოდგენა, რომ რაც კი ეწერება იმ დასკვნაში საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაფერი პუტინის, კრემლის და მთლიანდ რუსეთის გავლენითაა. თუმცა, რაც პუტინზე წერია ცუდი, ის სწორია, რადგან ის კარგმა ხალხმა დაწერა. ეს ამ ხელისუფლებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი სვლაა.
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო და ამ ნიუანსებით თამაშით, სააკაშვილს ბევრჯერ ბევრი რამ გაუვიდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ახლა ამას ვეღარ შესძლებს. ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყნისთვის, აგვისტოს მოვლენების შეფასება ყველა შემთხვევაში სახიფათოა. თუ შერბილებულად იტყვიან, სააკაშვილი გააგრძელებს ამ ქვეყნის დაღუპვას; სრულ სიმართლეს იტყვიან და მოსკოვს შეეძლება, ომის თავისი ვერსია კიდევ უფრო განავითაროს...
ამიტომ, მე პირადად დიდი სიფრთხილით ველოდები ამ დასკვნას, რადგან ცუდი ამბები სააკაშვილისთვის, ქვეყნისთვისაც ცუდი ამბები იქნება. არ არის საქმე ისე მარტივად, რომ აი, რაც უფრო ცუდი ეწერება სააკაშვილისთვის, მით უკეთესი...
ტალიავინის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე აქცენტების შემთხვევაში, ეს დოკუმენტი გახდეს ერთგვარი საფუძველი სპონტანური ქუჩის აქციების?
– რა თქმა უნდა, ტალიავინის კომისიის დასკვნა შიდა პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს. შარშან, 12 აგვისტოდან დაწყებული, სააკაშვილის სიცრუის მანქანა ჩართულია და ამტკიცებენ, რომ წაგებული ომი თურმე მოვიგეთ, რომ ეს გარდაუვალი იყო და ა.შ...ასე რომ, ევროკავშირის ეს დოკუმენტი ერთგვარი, „მოსახვევი“ იქნება და ის, ხელისუფლებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდება.
არ გამოვრიცხავ, რომ ის ბოლო, ფაქტობრივად, ავანტურისტული საკადრო გადაწყვეტილებები – ვგულისხმობ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას და ა.შ... – სწორედ ამას უკავშირდებოდა. ამით სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოს აღარ ჰყავს თავდაცვის სისტემა და ის გარდაიქმნა პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების სისტემად. მან თავდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად, თავისი პირადი დაცვის სამსახურს შეუერთა.
ნათელია, რომ სააკაშვილი ცდილობს გაიმაგროს თავისი პირადი, სახელისუფლებო შეიარაღებული საყრდენები და ჩათვალა, რომ მხოლოდ მერაბიშვილის იმედად ყოფნა არ არის საკმარისად უსაფრთხო. მან კარგად იცის, რომ ყოველგვარი ტალიავინის კომისიის გარეშეც, მოსახლეობა, საზოგადოება სერიოზულ ცვლილებებს ითხოვს. ყველაზე მძაფრად კი, მისი პერსონალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე ახალი საპროტესტო მოძრაობის დაწყება გარდაუვალია და ემზადება. ერთი მხრივ, სრული დატვირთვით მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა, მეორეს მხრივ კი, ძალისმიერ სტრუქტურებს მთლიანად იმორჩილებს.
გარდა ამისა, ახალაიას დანიშვნა მიუთითებს იმაზეც, რომ აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, სააკაშვილმა არამარტო ჩაიდინა რაღაცეები, არამედ, ჩადენილის ოდნავ მაინც გამოსწორების უნარიც აღარ აქვს.
რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა საქართველოსთვის რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს?
– ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც, ხელისუფლება და მოსახლეობა ერთიანია. ასეთ დროს, საგარეო საფრთხეებთან გამკლავება უფრო მარტივია ხოლმე. ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ყველაზე სწორი და ქვეყნისთვის სასარგებლო ის იქნებოდა თუ სააკაშვილი და მისი გუნდი აიღებდა პასუხისმგებლობას იმაზე რაც მოხდა.
ხელისუფლებას რომ ეღიარებინა საკუთარი შეცდომები არამარტო ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს გასაგონადაც და გადამდგარიყო, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკლები პრობლემები შეექმნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება და მოსახლეობა ერთიანია.
შეცდომების გამო გადადგომა მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა. მათ, ვინც დღეს თანამდებობა დატოვეს, კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა პირველივე არჩევნებზე აქვთ. დემოკრატიის ხიბლიც სწორედ ეს არის. სამწუხაროდ, მმართველი გუნდის საქმე სხვაგვარად არის.
მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ გარედან შეძახილების გარეშე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. პოლიტიკაში ყოფნისას და ზოგადად პოლიტიკური წარმატებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გქონდეს წინსვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, დაკავებული პოსტიდან წამოსვლის უნარი. სააკაშვილი და მისი გუნდი კი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ უნდათ თუ არა, უნდა დარჩნენ ბოლომდე, სადამდეც გაუვათ და შეძლებენ.
მოკლედ, ხელისუფლება არ მიიღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას. ხოლო სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე ზომები.
დღევანდელი მმართველობის პირობებში, ქვეყანას არ აქვს უნარი, გაუმკლავდეს საგარეო საფრთხეებს. ისინი ტალიავინის დასკვნაში არასასურველი პუნქტების შესაძლო არსებობით კი არ იქმნება, არამედ, ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ ამ საგარეო საფრთხეებს. ამასთან გამკლავების უნარი ხელისუფლებას არ აქვს.
ხელისუფლების დღევანდელი პიარ – ტაქტიკა, რომ რაღაც გადაწყვეტილებები ორკესტრირებულია კრემლიდან და ა.შ... – არასასურველ ასპექტებს გადაფარავს მხოლოდ ორი – სამი კვირით. მერე კი, ტრადიციულად, პრობლემები მთელი სიმძაფრით წამოყოფს თავს.
და ბოლო კითხვა, რომელიც ტალიავინის კომისიიის დასკვნას არ ეხება... თუ კარგად იცით, რომ ხელისუფლება მაინც არაფერს დათმობს, მაშინ რატომ თანხმდება თქვენი ალიანსი მასთან მოლაპარაკებებს? ამ დიალოგით ხომ თქვენი დისკრედიტირება ხდება.
– ვერ დაგეთანხმებით. შესაძლოა ვიღაც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მართლაც არ უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობაა ამ მოსაზრების. ბევრი არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ყველა ხერხი და საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ერთის მხრივ ხელისუფლების შეცვლას ანუ, ქვეყნის სწორე გზაზე დაყენებას მივაღწიოთ, ხოლო მეორეს მხრივ, მოვაგვაროთ კონკრეტული, შედარებით უფრო მცირე მასშტაბის პრობლემები.
ჩვენი აზრით და ჩვენი დაკვირვებით, ბევრად უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. თანაც, რა ვუყოთ იმ კონკრეტულ პრობლემებს, რომლებიც, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გარეშე არ გვარდება.
ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოსახლეობის ის საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც ჩვენი მხარდამჭერია, მიიჩნევს, რომ ჩვენ არ უნდა შევცვალოთ გეზი და ჩვენი ამოცანისკენ მიმავალ გზაზე გავაკეთოთ ყველაფერი. გარდა ამისა, მოლაპარაკებებზე დათანხმებით, ხელისუფლებას, „პიარის“ თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემებს ვუქმნით.
დიალოგის დაწყებამდე, მათ სრული კომფორტი ჰქონდათ. დასავლეთის დასანახად, ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობდნენ, ჩვენ უარს ვამბობდით და ისინი ამით, დასავლეთის თვალში, იმ ეტაპზე ძალიან იგებდნენ. როგორც კი ოპოზიციამ იქით შესთავაზა ექვს პუნქტიანი გეგმა და ვთქვით, რომ თანახმა ვართ, მათ ირგვლივ მოლაპარაკებები ნებისმიერი თანამიმდევრობით ვაწარმოოთ, ხელისუფლებამ ძალიან ძლიერი ბერკეტი დაკარგა. შესაბამისად, ვეღარ შეძლო ამით სპეკულირება.
რაც შეეხება ძალოვანებთან იმ შეხვედრის შემდეგ გამოშვებულებს...ჯერ ერთი, ვერ დავადასტურებ ციფრებს. გარდა ამისა, „რესპუბლიკური პარტიის“ ცხრა აქტივისტიდან ხუთს მიესაჯა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა – ორიდან ექვს წლამდე – და სამს, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა გირაოთი.
ასე რომ ამ შეხვედრის შედეგებს ცოტა სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. მაგალითად, იმ შეხვედრიდან მოყოლებული, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავენ ხან ევროპელი ელჩები თუ სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცდილობენ გაარკვიონ, რას აკეთებს ხელისუფლება ამ შეხვედრის შემდეგ.
რა ხდება? ის, რომ ხუთ კაცს სწორედ ამის შემდეგ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ანუ, მოლაპარაკებებზე დათანხმებამ, ხელისუფლებაზე გარედან ზეწოლის ბერკეტის გაძლიერების შესაძლებლობა მოგვცა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=9575