გამიკვირდა, თემა რომ არ აქვს ამ კარგ პოეტს...
ვინც იცნობს მის შემოქმედებას, ნამდვილად ღირსი იყო ერთი კარგი თემის, ლიტერატურის განყოფილებაში

ვინც არ იცნობს, ხვალ შეუძლია დაესწროს მისი წიგნის პრეზენტაციას ამირანში, 3 საათზე და დიდ სიამოვნებას მიიღებს. მანამდე, მეც დავდებ რამდენიმე ლექსს:
(ამაში არვის არ ედო ბრალი...)
ზაზა ბიბილაშვილი
ამაში არვის არ ედო ბრალი
და ყველაფერი უბრალოდ მოხდა.
მე - ჩვეულებრივ - ვიყავი მთვრალი.
ხე - უჩვეულოდ - მოჩანდა კოხტა.
და, რა თქმა უნდა, ციებით ვთრთოდი,
როდესაც ჩრდილი დამეცა ხიდან.
დღეს მე, უბრალოდ, ვიპოვე ტოტი,
ვიპოვე ტოტი, რომელზეც ღირდა...
სიყვარულის ახსნა
ზაზა ბიბილაშვილი
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.
(უნდა დაგიბრალო...)
ზაზა ბიბილაშვილი
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
(ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი...)
ზაზა ბიბილაშვილი
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
და ზმანებების პირისფარეში.
ჯანდაბას ათასერთივე ღამის
სულის ამოხდა ღია თვალებში;
ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -
შენი მწარე და მწირი ხუმრობა.
ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,
ქარწაღებული კირითხურობა;
ურვის ურდოთა შემოწყობანი,
გახსენებული გემო ცრემლების.
ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის
მკითხველები და გამომცემლები;
გული - საშენოდ ძლივს მონაკრები
ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება
და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები
ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..
მაგრამ:
თუ ხსოვნა განგების დასებს
ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ
და ვით დამეცი ქარიან თავზე,
არ დამავიწყდი ისე უტიფრად;
კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,
ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;
თუ შემიგინე შემოსაყრელი
ქალწულიცა და ნაქალწულარიც
და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,
აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;
თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,
ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;
თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს
გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;
ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,
ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -
ნურც გაკვირდები:
ვეღარ გავქვავდე,
როგორც საცრემლე მესაფლავეთა;
ამომივიდეს ყელში
აქამდე
ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;
თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური
და ყულფში გავყო მთელი შეგნებით -
სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური
ამბოხებული მხედრის ჩექმების...
გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,
რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...
- ასე დაერქვას შენი სახელი
დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.
დიოფიზიტური ტირადა
ზაზა ბიბილაშვილი
(ბატის ფრთისა და დახლის თანხლებით)
თაკარა მზით და ღრიანცელით
თავი მევსება.
ბრიყვი ვყოფილვარ - ეს-ეს არის
შემატყობინეს.
ვდგავარ აქ, სადაც დახლებია
და ვილექსები
მე - პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
ვიცი, თქვენ მაინც არ იფიქრებთ,
გასულელდაო,
არ გადაგცდებათ ყელში შაქრის
მამალოები, -
უწყით: ბაზარი ბაზარია
და სულ ერთია,
სტამბულის არის,
ჩიტების თუ
ამაოების.
ასე რომ არა, ვახსენებდი
ფრანსუა-ფრანცუზს,
არ მოვყვებოდი უთავბოლო
ფიცილს და ჩიჩინს,
მხოლოდ დავძენდი:
მართალია,
ძალიან არც მსურს,
არც მომდევს-მეთქი ყაჩაღობის
საშური ნიჭი.
ხოლო ბაზარი? - თუ მიუდექ
ამ საქმეს ჭკუით
და შნო-ლაზათით, შეიძლება
არც იზარალო!
(მერე რა, თუკი ცოტა-ცოტას
სასწორი ტყუის,
როცა მართალი ქვეყანაზე
კაცი არ არი?!)
მაგრამ ბედისგან ძნელად ვინმეს
ნახავ დანდობილს
და თუ გაწყრება იღბალი და
მეც არ დამინდობს,
თავს მივანებებ უიმედოდ
იაფ კარტოფილს, -
უფრო სარფიანს გამოვიტან
კიტრს და პამიდორს.
ან რომანტიკულ-ეგზოტიკურ
ბანან-ანანასს
წონით ვიყიდი და გავყიდი
თითოდ, ორ-ორად
და თუკი მუქთად არ გავატან
ლამაზ მანანას,
კი გავაკეთებ ერთი კაი
წიგნის ჰონორარს...
მაგრამ “ჩეკისტი” ჩამოივლის
ბრძნული იერით,
კიდევ ათასი ჩინ-მაჩინი
და ეპოლეტი...
საბრალო ისევ შემომრჩება
ჯიბე მშიერი
და სევდიანად შემახსენებს,
რომ ვარ პოეტი.
თავგადაკლული დამიმოწმებს
ყველა თვისებაც:
შემომჩვევია აჯაგრული
ურვის ობობა
და აქაც, თუმცა ღრიანცელით
თავი ივსება,
ყელში გამჩრია უპატრონო
უთვისტომობა.
ან როცა ვუმზერ კლიენტურას,
აფოფრილ-მკივანს,
მათანასწორებს ვინც ჯალათთან
ანდა დებილთან,
გგონიათ, გული არა მტკივა?
პირიქით - მტკივა,
და უფრო მეტიც - გული მტკივა
დაბადებიდან.
ჰოდა, სანამდე აიტანოს
ყოფის ტაქტები
ამ უცნაურმა, საოცარმა
ჯადო-თილისმამ?! -
ვიცი, გასკდება და არ ვიცი,
რას შევასკდები -
საწერ მაგიდას თუ ტომარას
კარტოფილისას.
სრულყოფილებას თუ აკლია,
მხოლოდ ის - ბასრი
სამართებლით რომ მოცახცახე
ვენას მოზომავ...
ეგ რაა, დახლის რომ მეშოვა
მაგივრად კასრი -
განაღდებული მექნებოდა
გენიოსობა...
ვიცი, მიჯერებთ, მაგრამ ეჭვიც
მორბის ძუნძულით,
გაბეზრებული ჩემი ბოდვის
უთავბოლობით.
მაკვირვებთ, როგორ არ იკმარეთ
ასე უნდილი
სახეები და უღიმღამო
მეტაფორები!
აჰა, ინებეთ, სანამ გეტყვით
ღამეს მშვიდობის,
კიდევ საბუთი უტყუარი
და თვალსაჩინო:
თუმცა წააგავს დახლი ესე
ნოეს კიდობანს,
მეტი არ არის ჩემი მტერი -
გადამარჩინოს...
მაგრამ გავჩუმდე, თორემ ფიქრობთ,
ფუჭად ვიღლები
თეატრალური ორი ნიღბის
ფეთქვა-ფოფინით.
ერთი იწამეთ: მართლა მე ვარ,
რისი ნიღბები!
მე - პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy.
--♪♫♪♫♪♫♪♫--
ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)