პრაიმერის იდეა ქვეყანაში, რომლის პოლიტიკოსთა უმრავლესობას თავი დამფუძნებელი მამა ჰგონია
კონსერვატორებმა თქვეს - პრაიმერი ჩავატაროთ, ოპოზიციის ლიდერი გამოვკვეთოთ, ერთიანი სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ, მონოლითური ძალა შევქმნათო.
იდეას ალბათ ღიად დაუჭერს მხარს ეკა ბესელია, რომელიც ტყვიაველ უფროსს, პოზიციას, ცხადია, შეუთანხმებს... პარიზში.
პრაიმერს ალბათ მიემხრობიან ქუთათური ქ-ნი ნინო მეუღლითურთ და პარიზელი ქ-ნი სალომე, ასევე მეუღლითურთ.
... და არ მიემხრობიან შატბერაშვილი, გუნავა, კირთაძე... ლეიბორისტები ამბობენ, რაც არ უნდა შიდა არჩევნები ჩატარდეს, ოპოზიციის უპირობო ლიდერი მაინც საკუთრივ მათი ლიდერი, მათი შალვა ნათელაშვილია.
რომ არ დაგვავიწყდეს - პრაიმერი ხიბლავს კობა დავითაშვილს და არ ხიბლავს კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც, სხვათა შორის, პარლამენტში აპირებს დაბრუნებას.
კვლავინდებურად დიპლომატიურად დუმს „ალასანიას ალიანსი“,ხოლო ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი „საქართველოს დამცველებით“ ... უბრალოდ დუმს!
დუმს „ფორუმიც“- ამბობს, რომ დროებით.
***
პრაიმერი...
კონსერვატორი ძიძიგური ამბობს, აშშ-ში ეს აპრობირებული სისტემაა... არც ცდება, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ რესპუბლიკელები და დემოკრატები ცალ-ცალკე ატარებენ შიდა არჩევნებს, ჰკვეთენ ლიდერებს, ცხრილავენ, ბოლოს ერთს ტოვებენ და ისე ეპაექრებიან ოპონენტს ნოემბერში.
ეს კარგი და უალტერნატივო სისტემაა იქ, სადაც მხოლოდ ორი პარტიაა უკანასკნელი 200 წელიწადია და მხოლოდ ამ ორი პარტიის ლიდერს, გამოკვეთილ კანდიდატს, წარმომადგენელს შეუძლია შეაბიჯოს ოვალურ კაბინეტში.
ჩვენთან კი... ჩვენთან...
აღდგენილი სახელმწიფოებრიობა 20 წელიწადსაც არ ითვლის და ამ ოც წელიწადში შექმნილი და გაუქმებულია დაახლოებით 200 პარტია, ახლა კი მოქმედებს დაახლოებით 40 პოლიტიკური სუბიექტი - შესაბამისად, 40 ლიდერით და ამდენივე ამბიციით... სხვადასხვა ღირებულებებით, ტაქტიკით, სტრატეგიით, ცხოვრებისა თუ პოლიტიკური ცხოვრების რიტმით...
ორმოციდან დაახლოებით ოცდაათ ლიდერს სურს, იყოს ხელახლა დაფუძნებული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა...
ჩვენ გვყავს (თუ კარგად დავითვალე) 5-6 დე-ფაქტო (მათ შორის ოთხი თვითგამოცხადებული, სეპარატისტადწოდებული)... 2-3 ყოფილი და 1-2 მარადი პრეზიდენტი... ერთი - პრეზიდენტის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელი, და ერთიც ის, ვისაც პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეესრულებინა...
პრაიმერი...
აშშ-ში სწორედ ნახსენებ ოვალურ კაბინეტში შესვლისთვის ატარებენ პრაიმერს... ანუ არჩევნებისთვის, ხელისუფლების მოპოვებისთვის... ჩვენთან კი, ჩვენთან... ნახსენები ორმოცი და აქედან ათი ძირითადი პარტიიდან უმრავლესობა ყოველგვარი არჩევნების წინააღმდეგია... პოლიტიკოსთა უმრავლესობას, საპრეზიდენტოს გარდა, ყველა პოსტი სისულელე ჰგონია... ხოლო თუ არჩევნები მათი თანამონაწილეობით ან მათ გარეშე მაინც ჩატარდა, მისი შედეგები, როგორც წესი, გაყალბებულია დამოუკიდებლად იმისა, ვინ არის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მათემატიკოსი კიღურაძე, ფიზიკოსი ლომინაძე, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი, თუ... სოციოლოგი თარხნიშვილი...
პრაიმერი...
არა, საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს ესოდენ დემოკრატიული ქმედების მიმართ... თუმცა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია მაგალითად ქ-ნი ბურჯანაძე მეუღლითურთ იმ შემთხვევაში, თუ არათუ არჩევნებში, არამედ, რაღაც, „უაზრო“ და „სულელურ“ შიდა არჩევნებშიც დამარცხდება... ასევე ძნელი წარმოსადგენია ქ-ნი ზურაბიშვილიც, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, ვერც შიდა და ვერც რეალურ არჩევნებში კანდიდატად ვერც მონაწილეობს, კანონმდებლობის გამო და, შესაბამისად, ვერც გაიმარჯვებს.
პრაიმერი...
მეჩვენება, რომ ეს, თავისთავად „კარგი“ იდეა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსებმა მოილაპარაკონ, არამედ იმას, რომ - ვერაფერზე მოილაპარაკონ... რადგან, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ის ვერც საყოველთაო იქნება და ვერც ყველასგან მოწონებული.
მეჩვენება, რომ ამგვარი და ამ დროს პრაიმერის ჩატარების იდეა არათუ ერთ ლიდერს არ გამოჰკვეთს, არამედ, პირიქით - დააშორიშორებს ისედაც დაშორიშორებულ ლიდერებს.
... და მეჩვენება, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვცდები, ანუ, თუ მართლაც ჩატარდება შიდა არჩევნები... გამოიკვეთება ერთი იმგვარი ლიდერი, რომელიც ხალხს არა არჩევნებზე წასვლისაკენ, არამედ ისევ ქუჩისა და დემონსტრაციებისაკენ მოუწოდებს... იმ ქუჩისაკენ, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა...
და დროდადრო იმასაც ვფიქრობ, რომ იდეის ავტორ კონსერვატორებს სწორედ ამგვარი ლიდერის გამოკვეთა უფრო სურთ ამ „პრაიმერით“... ანუ, არ სურთ ახლოს ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ქუჩის ალტერნატივად მოლაპარაკებებს, ერთბაშად ხელისუფლების მოპოვების ალტერნატივად კი ეტაპ-ეტაპ მოპოვებას განიხილავენ.
პირდაპირ ვთქვათ - კონსერვატორებსა და დავითაშვილს, აგრეთვე - ბურჯანაძე-ბესელია-ზურაბიშვილის „სამაიას“ არ სურს იდენტიფიცირება ალასანია-უსუფაშვილ-გამყრელიძესთან, რომლებიც გრძელვადიან მარათონს არჩევენ, სპრინტმა ხომ ისინიც დააზარალა და ... ქვეყანაც.
პრაიმერი...
თავისთავად კარგი იდეა, მოცემულ ეტაპზე აშკარად უდროო, უფრო ზუსტად ნაადრევი, ნაჩქარევია... რადგან, ჩვენი, ამგვარი პოლიტიკოსების ერთობა ეს პრაიმერი რომც შედგეს, წარმოუდგენელია.
ჩვენს სინამდვილეში, სადაც ათი თუ ოცი პარტია და მეტი თავმომწონე ლიდერია, „ამგვარი დემოკრატია“ აშკარად ზედმეტია... ყველას ხომ ისედაც თავისი გზა აქვს - ინდივიდუალური და „უალტერნატივო“.
კერძოდ - ბურჯანაძე და ზურაბიშვილი მეუღლებითურთ, აგრეთვე ბესელია „ოქროსთან“ შეთანხმებით და კონსერვატორები ყველასთან შეუთანხმებლად, პრაიმერით თუ უპრაიმეროდ კვლავ ქუჩაში დადგებიან და ეს, ალბათ, მათი უკანასკნელი ბრძოლა იქნება... ხოლო ალასანია, უსუფაშვილი და გამყრელიძე არჩევნებისათვის მოემზადებიან... საკრებულოსა და მერის არჩევნებისათვის.
„სამაიას“ და მის რეალურ ლიდერ ბურჯანაძეს (და კონსერვატორებს, დავითაშვილს) სურვილი აქვთ - „საქართველოს დამცველი“ გაჩეჩილაძე მიიმხრონ - რეიტინგი აუმაღლდებათ, თუმცა, ამ უკანასკნელს მისივე მეხსიერება უშლის ხელს - მიტინგების იდეა მოსწონს, ხოლო მიტინგები პრეზიდენტის სავარძელში ორჯერ ნაჯდომ ბურჯანაძესთან ერთად - არა!
ფორუმი კი დუმს... ამბობს, დროებითო...
თუმცა, მასზე მეტად დუმს ნახსენები ალასანია...
პრაიმერი... კი ბატონო, ჩავატაროთ ეს პრაიმერი, მხოლოდ წინასწარვე ვთქვათ - ირაკლი წერეთელმაც რომ გაიმარჯვოს მასში, ისიც კი არჩევნების გზას უნდა დაადგეს... ისევე როგორც დღეს „დამარცხებული“რესპუბლიკელები ადგანან აშშ-ში არჩევნების გზას... ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ (აქვე, სასხვათაშორისოდ გავიხსენებ, რომ ჯორჯ ბუშსაც „არ მოუგია“ არჩევნები სამართლიანად ალ გორთან 2000 წელს, მაგრამ დემოკრატებს ბროდვეი არ გადაუკეტავთ)
პრაიმერი... პრაიმერი...
დაბოლოს, ეს წერილი ოპოზიციას ეხებოდა... შემდეგი ხელისუფლებას შეეხება - მის საკადრო და არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკას... ხოლო წერილს ასე დავასათაურებ - „ყველაფერი რაც ბზინავს, ოქრო არ არის - არა“ .
ირაკლი ტაბლიაშვილი
http://gevision.tv/index.php?option=com_co...yout=blog&id=28